არსებითი სახელის მართლწერასთან დაკავშირებული საკითხები და სავარჯიშოები მეცადინეობისათვის
არსებითი სახელის მართლწერასთან დაკავშირებული საკითხები
ავტორი: ქეთევან გოჩიტაშვილი
1. ორი ერთნაირი ბგერის თავმოყრა ბრუნებისას
ა. ხმოვნების თავმოყრა
ორი ე იწერება ე ხმოვანით ფუძედაბოლოებულ სახელებთან ებ-იან მრავლობითში:
თვეე + ებ -ი → თვეები
დღე + ებ -ი → დღეები
შრე + ებ -ი → შრეები
ორი ი იწერება ია-ზე დაბოლოებულ სახელებში ნათესაობითსა და მოქმედებით ბრუნვებში:
ია + -ის → იის
გეოგრაფია + -ის → გეოგრაფიის
ფილოსოფია + -ის → ფილოსოფიის
ია + -ით →იით
გეოგრაფია + -ით → გეოგრაფიით
ფილოსოფია + -ით → ფილოსოფიით
ე ხმოვანი არ იკვეცება (არ იკარგება) უცხოური წარმოშობის სახელებში:
კაფე – კაფე-სი/კაფე-თი და არა კაფ-ის/კაფ-ით
ბლომანჟე – ბლომანჟე-სი/ბლომანჟე-თი
და არა ბლომანჟ-ის/ბლომანჟ-ით
რაღაცა, ვიღაცა ნაცვალსახელების მრავლობითის ფორმებია: ვიღაც-ები, რაღაც-ები… ეს ნაცვალსახელები – ა ხმოვნით ბოლოვდება და ორი – ე-ს თავმოყრა არ არის სწორი: ვიღაცეები, რაღაცეები…
სავარჯიშოები
I. დაწერეთ სწორი ფორმით ფრჩხილებში ჩასმული სიტყვები:
1. ——————– მასწავლებელმა საინტერესო საკითხი აგვიხსნა (ბიოლოგია).
2. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი —————- (ისტორია).
3. ————- სილამაზით ყველა მოიხიბლა (ლალი).
4. ————- ნახტომმა ყველა გაგვაოცა (კალია).
5. ——————– გაკვეთილს მხოლოდ ორი ბავშვი ესწრებოდა (გეოგრაფია).
6. ეგვიპტის პირამიდები უძველესი ——————- ნაშთია (ცივილიზაცია).
7. მე-5 კლასში ნინო ——————– დაინტერესდა (ბიოლოგია).
II. ფრჩხილებში ჩასმული სიტყვები ჩასვით მრავლობით რიცხვში.
1. ნაწვიმარი ქალაქი ——————– აივსო. (გუბე)
2. შენობის წინ მაღალი ——————– დგას. (ხე)
3. ეს ——————– წელს ალპინისტებმა დალაშქრეს. (კლდე)
4. ჩემს აივანზე მერცხლებმა ——————– გაიკეთეს. (ბუდე)
5. ——————– შესანიშნავად იცეკვეს. (მოცეკვავე)
6. ——————– ვალის დაბრუნებას ითხოვენ. (მევალე)
III. გაასწორეთ შეცდომები:
1. სამსახურიდან მაღაზიაში შევიარე და რაღაცეები ვიყიდე.
2. რაღაც-რაღაცეებში უცებ გავერკვიეთ.
3. ვიღაცეებმა ამ უნივერსიტეტის მოდერნიზაცია განიზრახეს.
4. კვირეებისა და თვეების განმავლობაში გრძელდებოდა ეს უბედურება.
ბ. თანხმოვნების თავმოყრა
მოთხრობით ბრუნვაში ორი მ იწერება, თუ სახელის ფუძე მ თანხმოვანზე ბოლოვდება:
კალამ- მა, მარიამ-მა, გურამ-მა, გემ-მა…
მიცემით ბრუნვაში ორი ს იწერება, თუ სახელის ფუძე ს თანხმოვანზე ბოლოვდება:
უელს-ს, ლექს-ს, ეპისკოპოს-ს, სინდის-ს, კლას-ს…
-ზე თანდებულის დართვისას ორი ზ იწერება, თუ სახელის ფუძე ზ თანხმოვანზე ბოლოვდება:
ასპარეზ-ზე, ხაზ-ზე, კოვზ-ზე…
თუ სახელის ფუძე შ-ზე ბოლოვდება და -ში თანდებული დაერთვის, ორი შ დაიწერება:
თეფშ-ში, ბალიშ-ში, ქარქაშ-ში, ულვაშ-ში…
-თან თანდებულის დართვის შემდეგ გვექნება ორი თ, თუ სახელის ფუძე თ თანხმოვანზე ბოლოვდება:
ხალათ-თან, გუმბათ-თან…
თუ სახელის ფუძე ბოლოვდება ნ თანხმოვანზე, ნარიან მრავლობითში (სახელობითსა და წოდებითში) დაიწერება ორი ნ:
ბრძენ-ნი, ბრძენ-ნო, ხელოსან-ნი, ხელოსან-ნო
თანიან მრავლობითში იწერება ორი თ, თუ სახელის ფუძე ბოლოვდება თ თანხმოვანზე:
ბარათ-თა, სურათ-თა.
სავარჯიშოები:
I. ჩასვით სიტყვები სათანადო ფორმაში:
1. წყალწაღებული ———– ეჭიდებაო. (ხავსი)
2. მწერალმა მრავალი მოთხრობა მიუძღვნა ————– და —————–. (თბილისი; ქუთაისი)
3. ———- და ქაოსმა ქვეყანა განადგურებამდე მიიყვანა. (ომი)
4. ამ ————– სასიამოვნო მოგონებები მაკავშირებს. (ნივთი)
5. ———– ყველა მსურველი ვერ დაიტია. (გემი)
6. საბალეტო ————– ხანგრძლივი შესვენება ჰქონდა. (დასი)
7. ———– მეტად როკი მიყვარს. (ჯაზი)
8. ————– კავშირი სკოლის მერე აღარ მქონია. (იმერეთი)
9. წამალი ————– დაასხი და ისე დაალევინე ბავშვს. (კოვზი)
10. ————– ბევრი ვიტამინი და სასარგებლო ნივთიერებაა. (ქიშმიში)
11. ————– ვაჟმა სახლის აშენება გადაწყვიტა. (სამი)
II. შეარჩიეთ სათანადო სიტყვები და ჩასვით წინადადებაში სწორი ფორმით:
ზეიმი, ვალსი, ატამი, გრადუსი, ლომი, ტანსაცმელი
1. ——————– თუ არ გაუფრთხილდები, მალე გაგიფუჭდება.
2. ————– წელს კარგად მოისხა.
3. ზოოპარკის ახალმა ბინადარმა – ——————– ბევრი მნახველი მიიზიდა.
4. სიყვარულის დღეს გამართულმა ——————- ყველა კმაყოფილი დატოვა.
5. ამ ზაფხულს ჰაერის ტემპერატურამ ორმოც —————- გადააჭარბა.
6. ნინო ———– ნიკასთან ცეკვავს.
III. გაასწორეთ შეცდომები:
1. ნოდარს თამაში დიდი დრო დაეკარგა.
2. ექიმა წამალი გამომიწერა.
3. ამ კალამა ძალიან გაგვაწვალა.
4. ყველა უფროს ელოდებოდა.
5. სამზადის დღეიდანვე უნდა შევუდგეთ.
6. ხუთ ივნის გიორგი ჩამოვა.
7. ის ხუთი წლის წინ გამოვიდა ასპარეზე.
IV. გახაზეთ ის სიტყვები, რომლებსაც თანიან მრავლობითში ორი თ ექნება:
ლოგინი, ყუთი, ბურთი, ხელი, ნაშთი, ყური, ხალათი, ლოთი, კალამი, სავარძელი, ფაქსი, ხლართი, ზვირთი, ტელეფონი, ნივთი, ყვრიმალი, ქურთი, ხმალი, წარმართი, აღმართი, კარგი, დენთი, ზეთი, ასანთი, ექიმი, ნავთი.
V. გახაზეთ სიტყვები, რომლებსაც ნარიან მრავლობითში ორი ნ ექნება:
დღე, ბალი, ბერლინი, ნახში¬რი, კარი, კიდობანი, ბერძენი, კვერცხი, მხცოვანი, ცხენი, ზღვა, ქარავანი, ოსტატი, ბატონი, ყვავი, ბრძენი, ბატკანი, გერმანია, გეგმა, ყორანი, თხა, მარანი, პირსაბანი, ხელოსანი, მარცვალი, ბარგი, საბანი, ვარსკვლავი, ქვეყანა, ველი, ხე, მეზობელი, წიგნი, ფანქარი, თეატრი, ანბანი.
არსებით სახელთა მართლწერასთან დაკავშირებული სხვა საკითხები
ვითარებითი ბრუნვის ნიშანია -დ (ხმოვანფუძიან სახელებში), -ად (თანხმოვანფუძიანებში) და არა – თ:
ნოველად, წიგნად, ლექსად, სასწავლებლად, სანახავად…
არასწორია: ნოველათ, წიგნათ, ლექსათ, სასწავლებლათ, სანახავათ…
* * *
და კავშირით შეერთებულ სახელთაგან კავშირის წინ მდგომი სახელი დაირთავს ბრუნვის ნიშანს და გავრცობილია ა-თი:
დასა და ძმას (და არა: დას და ძმას).
* * *
მიცემითსა და ნათესაობითში და კავშირით შეერთებულ სახელთაგან თანდებული მომდევნოს დაერთვის:
ზღვასა და ხმელეთზე (და არა: ზღვაზე და ხმელეთზე), ან ოჯახისა და საზოგადოებისათვის (და არა: ოჯახისათვის და საზოგადოებისათვის).
ხოლო თუ და-ს წინ რამდენიმე სახელია, ყველა დაირთავს თანდებულს, გარდა და კავშირის წინ მდგომისა:
დეკანი ზრუნავდა პროფესორებზე, სტუდენტებზე, წარმატებასა და მომავალზე.
ზოგჯერ გვხვდება შემდეგი სახის შესიტყვება: სიყვარულის გულისთვის, სამშობლოს გულისთვის… სწორი იქნება, თუ სიტყვა “გულს” ამოვიღებთ და დავწერთ / ვიტყვით: სიყვარულისათვის, სამშობლოსათვის..
* * *
ხშირად წინ და უკან სიტყვების თანდებულებად გამოყენებისას შეცდომებს ვუშვებთ. ეს შეცდომები რუსულიდან სიტყვასიტყვით თარგმნის შედეგია. სწორია:
ორი წლის წინ, ან ათასი წლის წინ – და არა: ორი წლის უკან, ათასი წლის უკან.
კანცელარიულ მეტყველებაში არსებობს ასეთი გამოთქმა – ამა თუ იმ დოკუმენტის უკანა რიცხვით გაფორმება, რაც არასწორია. უნდა ვთქვათ: წინა (ან გასული) რიცხვით // თარიღით გაფორმება…
* * *
დაიმახსოვრეთ: არასწორია: კენჭისყრები, შიშები, წნევები, შუქები, პრაქტიკები, მუსიკები… ისინი მხოლობით რიცხვში უნდა ვიხმაროთ: კენჭისყრა, შიში, წნევა, შუქი, პრაქტიკა, მუსიკა…
სავარჯიშოები:
I. შეარჩიეთ სწორი ფორმა მოცემული ნიმუშებიდან და ჩას-ვით სათანადო ადგილას:
ჭირში და ლხინში, ჭირსა და ლხინში
ისინი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ერთად არიან.
II. გახაზეთ სწორი ფორმები:
1. დედას და მამას – დედასა და მამას
2. პრეზიდენტსა და მინისტრებს – პრეზიდენტს და მინისტრებს
3. მინისტრებსა და პარლამენტს – მინისტრებს და პარლამენტს
4. რეგიონისათვის და ქალაქისათვის – რეგიონისა და ქალაქისათვის
5. ცენტრისთვის და პერიფერიებისათვის – ცენტრისა და პერიფერიებისთვის
6. ხალხზე და ქვეყანაზე – ხალხსა და ქვეყანაზე
7. სოფელზე და ქალაქზე – სოფელსა და ქალაქზე
8. შვილებისა და შვილიშვილებისათვის – შვილებისათვის და შვილიშვილებისათვის.
III. გაასწორეთ შეცდომები:
1. სახლი თეთრათ შეღება.
2. დავალებათ ამოცანები გვაქვს.
2. წიგნის გამოსაცემათ სტამბას უნდა დაუკავშირდეთ.
3. გამოცდების ჩასაბარებლათ მზად ვარ.
4. სოფლის გამგებლათ ახალგაზრდა კაცი აირჩიეს.
5. მწერალი ასპარეზე ორი ათეული წლის წინ გამოვიდა.
6. ის მოსამართლეთ მუშაობს.
7. თამადათ ნიკა აირჩიეს.
8. მასწავლებლათ ვმუშაობდი.
წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას
- ზედსართავი და რიცხვითი სახელების მართლწერა – სავარჯიშოები მეცადინეობისათვის by განათლებული ბლოგი
- სახელთა კუმშვასა და კვეცასთან დაკავშირებული მართლწერის საკითხები და სავარჯიშოები მეცადინეობისათვის by გრამატიკული ცნობარი
- სასვენი ნიშნები პირდაპირ ნათქვამთან და სხვათა სიტყვის ნაწილაკების მართლწერა – წესი და სავარჯიშოები მეცადინეობისთვის by გრამატიკული ცნობარი