GE

პრაქტიკოსი სპეცმასწავლებლების მიერ კომპეტენციის დადასტურების ვალდებულების დრო ისევ გახანგრძლივდა

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა დღეს, 13 დეკემბერს, გამარტივებული წესით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

სხდომაზე გაირკვა, რომ პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებლებს ისევ ერთი გაუხანგრძლივდებათ კომპეტენციის დადასტურების ვადა. კომპეტენციის დადასტურება კი „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გამოცდის ჩაბარებას გულისხმობს.

აღსანიშნავია, რომ პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებლებს ჯერ კიდევ 2023 წლის 1-ლ იანვრამდე ჰქონდათ დაწესებული ვადა, რომ დაედასტურებინათ კომპეტენცია, თუმცა ეს დრო მუდმივად ხანგრძლივდება.

აი, რა თქვა 13 დეკემბრის კომიტეტის სხდომაზე საკითხის წარმდგენმა, განათლების მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა:

“ცვლილების თანახმად, პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებლებს, კომპეტენციის დადასტურების მიზნით, სპეციალური მასწავლებლის გამოცდა, ნაცვლად 2025 წლის 1-ელი იანვრისა, 2026 წლის 1-ელ იანვრამდე.

“მდგომარეობა გვაქვს ასეთი, რომ 2300-მდე სპეციალური მასწავლებელი გვყავს სისტემაში და აქედან 530-მა მასწავლებელმა ჯერ კიდევ ვერ შეძლო შესაბამისი გამოცდით კომპეტენციის დადასტურება. ამიტომ გთხოვთ, რომ კიდევ ერთი წელი მივცეთ შესაძლებლობა ამ ადამიანებს, რომ დაიდასტურონ კომპეტენცია, რათა სპეციალური მასწავლებლების მიმართულებით დეფიციტი არ შეგვექმნას”.

მინისტრის მოადგილემ ვერ დამალა, რომ ინკლუზიური განათლება დღეს სისტემაში უმნიშვნელოვანესია, სადაც მთავარი აქტორი სწორედ სპეციალური მასწავლებელია და ამის სადემონსტრაციოდ მაგალითად მთავრობის სტრატეგია მოიყვანა,  თუმცა არაფერი უთქვამს იმ საფრთხეებზე, რაც შესაძლებელია სისტემაში არაკომპეტენტური კადრების დატოვებამ გამოიწვიოს.

ასევე იხილეთ: 

3 მილიარდ ლარზე მეტი – 2025 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტით განათლების სამინისტროს დაფინანსება კიდევ გაიზარდა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური