GE

BTU-ის ორგანიზებით სამხრეთ კავკასიის რეგიონში გლობალური ინიციატივის განხორციელება დაიწყო

კვლევების განვითარება და ინტერნაციონალიზაცია, კვლევის ადმინისტრირების უნარების გაზრდა, ტექნოლოგიების ტრანსფერის შესახებ ცოდნის გავრცელება, გამოცდილების გაზიარება, რეგიონში კვლევითი ინფრასტრუქტურის განვითარება და სამეცნიერო კვლევითი პოტენციალის გაძლიერება – ეს მცირე ჩამონათვალია იმ მიზნებისა, რომლებიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა NCURA-ს სამხრეთ კავკასიისა და უკრაინის ინიციატივის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე დააანონსა აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერითა და აშშ-ის საუნივერსიტეტო კვლევის ადმინისტრატორთა ეროვნული საბჭოსთან თანამშრომლობით.

ღონისძიების გახსნითი ნაწილის მომხსენებლები იყვნენ:

  • ნინო ენუქიძე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი
  • კრისტოფერ ჯ. ანდერსონი, აშშ-ის საელჩოს კულტურის ატაშე
  • არა ტამასიანი, ჰარვარდის უნივერსიტეტის ვიცე-პროვოსტის მოვალეობის შემსრულებელი, კვლევების მიმართულებით უნივერსიტეტის სამეცნიერო აქტივობების შესაბამისობის დადგენის მთავარი ოფიცერი
  • ტიმოთი ბლაუველთი, ამერიკული საბჭოების სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორი
  • ქეთლინ ლარმეტი, NCURA-ს აღმასრულებელი დირექტორი
  • კლერ ჩენი – NCURA-ს გლობალური თანამშრომლობის მიმართულების ხელმძღვანელი.

„ჩემთვის დიდი პატივია, ოფიციალურად გავხსნა ინიციატივა და მისი პირველი შეხვედრა, რომელიც მიზნად ისახავს გააძლიეროს კვლევები და ინოვაციური შესაძლებლობები რეგიონში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია NCURA-ს ინიციატივის განხორციელება, რადგან ეს არის ორგანიზაცია, რომელიც 60 წელზე მეტია საკუთარი ინტელექტუალური თუ სხვა რესურსების საშუალებით აშშ-სა და მის ფარგლებს გარეთ ხელს უწყობს კვლევის ადმინისტრატორთა პროფესიის განვითარებას, განათლებისა და პროფესიული განვითარების პროგრამების განხორციელებით, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით, თანამშრომლობითი გლობალური საზოგადოების განვითარების გზით.

„მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას კოლაბორაციული პლატფორმები, რომლებიც რეგიონში კვლევითი შესაძლებლობების განვითარებით დაინტერესებულ ადამიანებს გააერთიანებს. NCURA-ს სამხრეთ კავკასიისა და უკრაინის ინიციატივაც, რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და აშშ-ს საუნივერსიტეტო კვლევის ადმინისტრატორთა ეროვნული საბჭოს (NCURA) ერთობლივი პლატფორმაა, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების სურვილის მქონე ადამიანებს დააკავშირებს. ის მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სექტორის განვითარებასა და ბიზნესისა და ეკონომიკის ზრდაში სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და უკარაინაში; ეს ყველაფერი განხორციელდება ტრენინგებისა და ვორქშოპების სერიის, ასევე გამოცდილების გაზიარების სხვა ეფექტური გზების საშუალებით. მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი დაგეგმილია NCURA-ს ხელმძღვანელობითა და კოორდინირებით. საერთო მიზნის მისაღწევად თითოეული ქვეყნიდან მკვლევრები და გადაწყვეტილების მიმღები პირები შეიკრიბებიან, რომლებიც საერთო პრიორიტეტებს გამოკვეთენ და კონკრეტულ სამუშაო გეგმას შეიმუშავებენ“, – განაცხადა ნინო ენუქიძემ.

აშშ-ის საუნივერსიტეტო კვლევის ადმინისტრატორთა ეროვნული საბჭო (NCURA) დაარსდა 1959 წელს და აერთიანებს 7500 წევრს 40 ქვეყნის 1100-ზე მეტი საგანმანათლებლო ორგანიზაციებიდან. საბჭო აქტიურად არის ჩართული კვლევის ადმინისტრატორებს შორის კომუნიკაციისა და ურთიერთგაგების განვითარებაში, როგორც აშშ-ში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. NCURA-ს მიზანია დაეხმაროს ორგანიზაციის ყველა წევრს კვლევის ადმინისტრირებასა და მენეჯმენტში და ხელი შეუწყოს მათი გამოცდილების გაზრდას აღნიშნული მიმართულებით.

„ჩვენი ისტორია წლების წინ დაიწყო და დღემდე მისი მისიის განხორციელებას ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების გზით ვაგრძელებთ. ვაკავშირებთ მკვლევრებსა და ადმინისტრაციულ მენეჯერებს როგორც აშშ-ის, ისე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ახლახან დაწყებული პარტნიორობა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან, რომელიც მოიცავს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და უკრაინას, მიზნად ისახავს შეამციროს ბარიერები და განავითაროს კვლევითი შესაძლებლობები. მნიშვნელოვანია, რომ ინიციატივას, რომელსაც BTU განახორციელებს, NCURA-ს გამოცდილება და ცოდნა დაედება საფუძვლად. ის ერთმანეთისთვის ცოდნის გაზიარებს გულისხმობს“, – აღნიშნა NCURA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთლინ ლარმეტმა.

აღსანიშნავია, რომ ინიციატივის პირველ შეხვედრას, საპატიო მომხსენებლის სტატუსით, დაესწრო ჰარვარდის უნივერსიტეტის ვიცე-პროვოსტის მოვალეობის შემსრულებელი, კვლევების მიმართულებით უნივერსიტეტის სამეცნიერო აქტივობების შესაბამისობის დადგენის მთავარი ოფიცერი – პროფესორი არა ტამასიანი. როგორც მან აღნიშნა, დაწყებული ინიციატივის ფარგლებში, ჰარვარდის უნივერსიტეტი მზად არის დახმარება გაუწიოს საქართველოსა და ინიციატივის სხვა მონაწილე ქვეყნებს.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა და შეხვედრა რეგიონისთვის და მოხარული ვარ, რომ მონაწილეობის შესაძლებლობა მომეცა. საქართველო, ისევე როგორც სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნები და უკრაინა, კვლევების განვითარებას და ამ მიმართულებაში ინვესტირებას ინტენსიურად იწყებენ. ასეთი ტენდენციაა მთელ მსოფლიოშიც. ზოგადად, ეკონომიკური განვითარება ინტელექტუალური რესურსების განვითარების შედეგია. განვითარების საუკეთესო გზა კი სხვადასხვა ორგანიზაციებსა და ქვეყანას შორის კოლაბორაციაა. ინვესტიცია კვლევებში მოითხოვს მაღალი დონის მენეჯმენტს, რაც სხვადასხვა მიმართულებას ეხება.

კვლევების განვითარება დაკავშირებულია მკვლევრებისა და მეცნიერების ადმინისტრაციულ მენეჯერებთან სწორ და ადეკვატურ კომუნიკაციასთან. მეცნიერები რეალურად ახორციელებენ კვლევებს, ხოლო მენეჯერები ხელს უწყობენ კვლევების განვითარებას. სწორედ ამიტომ კვლევის მენეჯერების როლი მსოფლიო მასშტაბით სწრაფად მზარდია. NCURA 1959 წლიდან აქტიურად არის ჩართული ამ ყველაფრის განვითარებაში. მნიშვნელივანია, რომ ეს საზოგადოება გეოგრაფიულად და ეთნიკურად ფართოვდება, რადგან ყველა ქვეყანას თავისი განსაკუთრებული მიდგომა და გამოცდილება აქვს. ჩვენ, როგორც ორგანიზაცია და როგორც NCURA-ს წევრი, მზად ვართ ნებისმიერი სახის დახმარება გავუწიოთ საქართველოსა და ინიციატივის წევრ სხვა ქვეყნებს“, – განაცხადა ჰარვარდის უნივერსიტეტის კვლევების მიმართულებით სამეცნიერო აქტივობების შესაბამისობის დადგენის მთავარი ოფიცერი, არა ტამასიანმა.

NCURA-ს სამხრეთ კავკასიისა და უკრაინის ინიციატივის ფარგლებში დაიგეგმება და განხორციელდება ყოველთვიური საგანმანათლებლო და საინფორმაციო ღონისძიებები, ცოდნის გაზიარების და გაცვლის სესიები, გაზიარდება საუკეთესო გამოცდილება და რესურსები, მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან მომხსენებლები ისაუბრებენ ტექნოლოგიების ტრანსფერის მოდელებზე, კვლევის ადმინისტრირების გამოწვევებზე და მსგავს გამოცდილებაზე, რომელიც უმაღლესი სასწავლო დაწერებულებების წარმატებას განსაზღვრავს.

NCURA-ს სამხრეთ კავკასიისა და უკრაინის ინიციატივის მხარდამჭერია ,,უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამა’’ (UCBP). პროგრამის მიზანია საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეწარმეო კულტურის განვითარება, ტექნოლოგიების კომერციალიზაციის პროცესის ხელშეწყობა, კვლევის შედეგების ინდუსტრიასთან დაკავშირება და უნივერსიტეტების, ბიზნესისა და სამთავრობო სტრუქტურების თანამშრომლობის გაძლიერება. UCBP ხორციელდება საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოების ადმინისტრირებით და საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური