სემესტრის დასასრულს მინდა, ერთხელ მაინც, „ლამაზი რეპორტების“ ნაცვლად, სიმართლე ვთქვა – მასწავლებლის გულწრფელი თვითკრიტიკა
მასწავლებლის გულწრფელი თვითკრიტიკა სემესტრის ბოლოს და თხოვნა მოსწავლეებს:
ამ სემესტრს ვასრულებთ და მინდა, ერთხელ მაინც „ლამაზი რეპორტების“ ნაცვლად სიმართლე ვთქვა.
მე, როგორც მასწავლებელმა, რამდენიმე რამ კარგად გავაკეთე — მაგრამ რამდენიმე მტკივნეული შეცდომაც მქონდა, რომელსაც აღარ ავუვლი გვერდს.
რაც შედარებით გამოვიდა
-ბევრ გაკვეთილზე მქონდა ენერგია, დინამიკა და თემებს აზრიანად ვშლიდი.
-მოსწავლეებს მივეცი საუბრისა და აზრის გამოხატვის შანსი (როცა დრო მყოფნიდა).
-ზოგჯერ შევძელი, რომ „მშრალი თეორია“ რეალური ცხოვრებისთვის დამეკავშირებინა.
რაც ვერ გამოვიდა ისე, როგორც უნდა გამოსულიყო
-ხშირად ჩემს მონოლოგში ჩავრჩი.
მე ვლაპარაკობდი ბევრს, თითქოს „ვასწავლიდი“, მაგრამ სინამდვილეში, ზოგჯერ, უბრალოდ ვავსებდი სიჩუმეს. მოსწავლეს კი სჭირდება სივრცე, რომ იფიქროს.
-ტემპი ყოველთვის არ იყო სწორი.
ზოგ გაკვეთილზე ზედმეტად ვიჩქარე — ძლიერებმა „დაჩაგრეს“, სუსტები. შემდეგ მე ვამბობდი – „ეს ხომ მარტივია“… და ეს შეცდომაა.
-უკუკავშირის სისტემა არ იყო სტაბილური.
ხან დეტალურად ვწერდი, ხან უბრალოდ ქულით შემოვიფარგლებოდი. მოსწავლე კი ქულას კი არა — კომპასს ელის: რა უნდა გააუმჯობესოს და როგორ.
-ყველას ერთნაირად ვერ მივუდექი.
ხანდახან იმ ბავშვებს ვუთმობდი მეტ ყურადღებას, ვინც აქტიური იყო, ხოლო მშვიდი ბავშვები „მეორე რიგში“ რჩებოდნენ — ეს უსამართლოა, თუნდაც უნებლიე.
-ზოგჯერ დისციპლინას ემოციურად ვმართავდი.
როცა დაღლილი ვიყავი, შეიძლება ტონი გამიმკაცრდა ან რეაქცია უფრო მკვეთრი მქონდა, ვიდრე საჭირო იყო. მასწავლებელს აქვს უფლება დაიღალოს, მაგრამ არ აქვს უფლება დაღლილობა ბავშვზე გადაიტანოს.
რას ვპირდები საკუთარ თავს შემდეგ სემესტრში
-ყოველ გაკვეთილზე მინიმუმ 10–15 წუთი იქნება მოსწავლის საუბრის დრო, არა ჩემი.
-კვირაში ერთხელ მაინც დავწერ მოკლე უკუკავშირს (2–3 წინადადება) და არა მხოლოდ ქულას.
-დავამატებ სხვადასხვა სირთულის დავალებებს, რომ ყველამ შეძლოს ჩართვა.
-აქტიურებისა და მშვიდი მოსწავლეების ბალანსს გავაკონტროლებ — კითხვა უნდა მისწვდეს ყველას.
და ახლა ყველაზე მთავარი
მე თქვენგან მინდა ანონიმური სიმართლე.
არა იმიტომ, რომ დავმცირდე, არამედ იმიტომ, რომ მასწავლებლის შეცდომაზე დუმილი არის ყველაზე საშიში რამ განათლებაში.
თუ გეტყვით „ყველაფერი იდეალურად იყო“ — უბრალოდ მოგატყუებთ.
და თუ თქვენც დაწერთ „ყველაფერი მშვენიერი იყო“ მხოლოდ იმისთვის, რომ არ მწყინდეს — ესეც ტყუილი იქნება.
ამიტომ: დაწერეთ რეალურად.
მე არავის ვეჩხუბები — მე ამით ვსწავლობ.
ასევე იხილეთ:
რა უნდა შეცვალოს ძველი თაობის პედაგოგმა, რომ სკოლაში ახალი თაობის გამოწვევებს უპასუხოს?
წყარო: Teachers blog, შალვა მინდაძე, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი
-
რას წაადგება უნივერსიტეტში სწავლის ხანგრძლივობის შემცირება? – რეფორმის ავტორების ახსნა
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა – რა თანხები აქვს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება