GE

„ბუშტები ინტერნეტით“ და „საინფორმაციო ცხიმი“ – როგორ შეცვალა კორონავირუსმა მსოფლიო განათლების ბაზარი

პანდემიამ მსოფლიო განათლების ბაზარს სერიოზული ცვლილებებისკენ უბიძგა. მასწავლებლებს დაჩქარებულ რეჟიმში ახალი ტექნოლოგიების ათვისება, სახელმწიფოებს სტაბილური კავშირის უზრუნველსაყოფად წარმოუდგენელი სახსრების გამოყოფა, IT გიგანტებს კი ,,სამყაროს გასაუმჯობესებლად“ უფასო პროდუქტების გამოგონება მოუწიათ. წარმოიქმნა იმის საშიშროება, რომ ხანგრძლივ პერსპექტივაში, ტოტალურ ონლაინ სწავლებას განათლება ზედაპირული და მასებისთვის მიუწვდომელი შეიძლება გახადოს.

,,თუ ჩვენ კორონავირუსი არ მოგვკლავს, ამას დისტანციური სწავლება იზამს“, – ისრაელში მცხოვრების ოთხი შვილის დედის სტატუსი ინტერნეტ სივრცეში ელვის სისწრაფით გავრცელდა. პანდემია COVID-19-მა აჩვენა, რომ მსოფლიო ონლაინ სწავლებაზე გადასასვლელად მზად არ არის. იუნესკოს სტატისტიკის ინსტიტუტის მონაცემების მიხედვით, საგანმანათლებლო დაწესებულებების დახურვა თითქმის 1,5 მილიარდ მოსწავლეს შეეხო. ნახევარს სახლში კომპიუტერთან წვდომა არ აქვს, 43%-ს კი ინტერნეტთან.

ქვეყნები, რომელთაც IT ინფრასტრუქტურასთან პრობლემა არ აქვთ, სხვა სირთულის წინაშე აღმოჩნდნენ. მასწავლებლების უმრავლესობა ონლაინ გაკვეთილების ეფექტურად ჩასატარებლად მზად არ არის. აფრიკის ზოგ ქვეყანაში, მინიმალური მოსამზადებელი კურსი დაწყებითი კლასების მასწავლებლების მხოლოდ 64%-მა გაიარა.

შესაძლებლობის მიცემა

კრიზისმა გლობალური განათლების სისტემის პრობლემები გამოავლინა და მისი ყველა მონაწილის მობილიზება მოახდინა. იუნესკომ განათლების საკითხებში გლობალურ კოალიციას ორგანიზება ჰეშთეგით #LearningNeverStops გაუწია. მისი მთავრი ამოცანაა სისტემა უფრო მოქნილი და ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდეს. უწყვეტი საგანმანათლებლო პროცესის უზრუნველსაყოფად ქვეყნები იძულებულნი გახდნენ განათლების ბაზრის მოთამაშეებს ფეხდაფეხ მიყვნენ.

ბევრ ქვეყანაში პანდემიის დროს საგანმანათლებლო პორტალებზე წვდომა უფასო გახდა. გამოჩნდა ბევრი ახალი ონლაინ კურსი და საგანმანათლებლო ინიციატივა. იუნესკოს საიტზე დისტანციური სწავლებისთვის საჭირო პლატფორმების, მობილური აპლიკაციებისა და სხვა რესურსების ფართო სია არის გამოქვეყნებული. ჩინეთში მოსწავლეებს წვდომა 22 ონლაინ პლატფორმასთან აქვს. ისინი ბავშვებს 24 000 უფასო კურსით უზრუნველყოფენ.

ავსტრალიის ყველაზე დიდმა სატელეკომუინკაციო კომპანიამ – Telstra 26 000-ზე მეტი უფასო SIM-ბარათი და მობილური მოდემი მათ გადასცა, ვისაც სახლში ინტერნეტთან წვდომა არ აქვს.

საგანმანათლებლო გადაცემები რადიოში, ტელევიზიასა და ონლაინ მედიაშიც გამოჩნდა. სავარაუდოდ მათი გადაცემა კარანტინის მოხსნის შემდეგაც გაგრძელდება, რაც განვითარებადი ქვეყნებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. მაგალითისათვის, პანდემიის დროს, რუანდაში ჩაეშვა ნაციონალური YouTube-არხი, REB-elearning, სადაც საერთო საგანმანათლებლო ვიდეოები იდება. რა თქმა უნდა, ბევრ ქვეყანაში მოსახლეობის დიდ ნაწილს ინტერნეტთან წვდომა არ აქვს. მაგალითად მალდივებზე ადამიანები ინფორმაციას მეტწილად რადიოსა და ტელევიზიის საშუალებით იღებენ. აქ მთავრობამ თითოეულ სკოლას იმ მოსწავლეების რაოდენობის განსაზღვრა დაავალა, ვისაც ინტერნეტი არ აქვს. ამის შემდეგ სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამის ჩაშვება გადაწყდა.

,,ტექნიკური სირთულეები მიუხედავად, უწყვეტი სასწავლო პროცესის უზრუნველყოფა“, – ასეთი ინიციატივით გამოვიდა ჩინეთის განათლების სამინისტრო ახალი სემესტრის დაწყებისას. ამისათვის სამრეწველო და საინფორმაციო ტექნოლოგიების კოოპერაცია მოახდინა. მთავარი ამოცანა მთელი ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტის ხარისხის გაუმჯობესება და საგანმანათლებლო პორტალებზე წვდომის გაუმჯობესებაა.

პანდემია გახდა ერთგვარი კატალიზატორი განვითარებადი ქვეყნებისთვის. მაგალითად, სოფელში მცხოვრები მოსახლეობის ინტერნეტით უზრუნველსაყოფად კენიაში ორი სტრატოსფერული ბუშტი Loon (კორპორაცია Alphabet) ჩავიდა. ისინი ქმნიან უკაბელო საჰაერო ქსელს, რომლის სიჩქარეა 4G-LTE. მომხმარებლებს ქსელში ჩართვა შენობებზე დამონტაჟებული ანძების საშუალებით შეუძლიათ. ერთი ბუშტი წვდომას დაახლოებით 80-კილომეტრიანი რადიუსის ტერიტორიაზე უზრუნველყოფს. კენიის პრეზიდენტი უჰურუ კენიატა თვლის, რომ აეროსტატების ქსელის განვითარებას ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

ფანტაზიის ჩართვა

მთავრობები მოტივირებულნი არიან სახლის განათლება ისეთივე საინტერესო და სახალისო გახადონ, როგორიც ტრადიციულია. ამიტომ ყოველდღიურად უამრავი ახალი პროექტი ჩნდება. მაგალითად პოლონეთში ონლაინ ინიციატივა Grarantanna (სახელწოდება სიტყვების ,,თამაში“ და ,,კარანტინი“ გაერთიანებით მიიღეს) ჩაუშვეს. აქ მოსწავლე უამრავ თავსატეხს, ვიქტორინას, ვებინარსა და ტურნირს შეხვდება.

ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტეში კი სტუდენტები ვირტუალურ რეალობაში სწავლობენ. ისინი კამპუსის ტერიტორიაზე მდებარე რეალური ლაბორატორიის 3D ვერსიაში დადიან. არგენტინაში კი ნაციონალურ საგანმანათლებლო პორტალზე სასწავლო ვიდეოები VR და 360° ფორმატში არის ხელმისაწვდომი.

ბევრ ქვეყანაში საგანმანათლებლო სისტემის დაფინანსება მსგავსი ექსპერიმენტების ჩასატარებლად არ არის საკმარისი. ამიტომ მთავრობის წარმომადგენლებს სხვადასხვა ხერხის მოფიქრება უწევთ. მოხალისე მასწავლებლები მოსწავლეებისთვის ინფორმაციის მისაწოდებლად განსხვავებულ მეთოდებს იყენებენ. მაგალითად ფლორიდაში დაწყებითი კლასების მასწავლებელმა მოსწავლეებისთვის ზღაპრების კითხვა და ამ მასალის სოციალურ ქსელში გავრცელება დაიწყო. ვაშინგტონის უნივერსიტეტში ჩაუშვეს კრეატიული პროექტი ჰეშთეგით #UMWteachesthrucovid: პროფესორები იღებენ YouTube- ვიდეოებს შვილებთან ერთად არქიტექტურული პრინციპების საჩვენებლად. ემოციური კავშირის დასამყარებლად ისინი ასევე სახლში სამუშაო ადგილის ფოტოებს აქვეყნებენ.

გამოსავალი აიდაჰოს შტატში მდებარე საშუალო სკოლის მუსიკის პედაგოგმა ელენ სანდერსმაც კი იპოვა. მან თავისი ორკესტრის ონლაინ რეპეტიციის ორგანიზება შეძლო. ის იყენებს აპლიკაციას SmartmMusic, რომელმაც მასწავლებლებისთვის პანდემიის პერიოდში უფასო წვდომა უზრუნველყო. მოსწავლეები კომპიუტერის მიკროფონთან უკრავენ, პროგრამა პროცესს აკონტროლებს და ნოტების სისწორეს განსაზღვრავს. მასწავლებელი პროგრამის მონაცემებს აანალიზებს და მოსწავლეებს მითითებებს აძლევს.

შედეგების განჭვრეტა

პანდემიით გამოწვეული დადებითი ნაბიჯების მიუხედავად, ხანგრძლივ პერსპექტივაში მას საგანმანათლებლო სისტემისთვის დიდი ზიანის მოტანა შეუძლია. ბევრი სახელმწიფო COVID-19-ით გამოწვეული შედეგების გამოსასწორებლად საკმარისი თანხების გამოყოფას ვერ შეძლებს. ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში მომავალ წელს საგანმანათლებლო სექტორის დაფინანსება 15%-ით შემცირდება. ამის გამო მთელ ქვეყანაში 300 000 მასწავლებელი უმუშევარი დარჩება.

ამიტომ ხარისხიანი განათლება შეიძლება მხოლოდ კერძო სკოლებში გახდეს ხელმისაწვდომი. მსგავს სასწავლო დაწესებულებაში ბავშვის გაშვებას ყველა ვერ შეძლებს მოსახლეობის დიდი ნაწილის შემოსავალი მკვეთრად შემცირდა. შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია წინასწარმეტყველებს, რომ 2020 წლის მეორე კვარტალში მთელ მსოფლიოში 195 მილიონი შემცირებაში მოჰყვება.

ამიტომ უახლოეს მომავალში ყველასათვის ხელმისაწვდომი ხარისხიანი განათლება შეიძლება ილუზია გახდეს. განხეთქილება საზოგადოების ფენებს შორის შეიძლება იმდენად გაიზარდოს, რომ განათლების მიღებას მხოლოდ შეძლებული ადამიანები შეძლებენ.

დიდი საგანმანათლებლო კომპანიები პანდემიის დროს ზოგიერთ რესურსს უფასოს ხდის, თუმცა ეს ასე ყოველთვის არ იქნება. შეიძლება ამ კეთილი ნაბიჯის უკან აუდიტორიის მიპყრობის სურვილი დგას. ამიტომ, უფასო კურსების უმრავლესობა მხოლოდ დაწყებით ცოდნას იძლევა, ან საერთოდაც გასართობი, და არა საგანმანათლებლო ხასიათი აქვს. მათი გავლა არ უდრის განათლებას. დამრიგებლის გარეშე ეს ხშირად არის უბრალოდ, ,,საინფორმაციო ცხიმის დაგროვებაა“.

პანდემია საგანმანათლებლო სისტემაში ცვლილებების შესატანად ძლიერი კატალიზატორი გახდა. რომ არა იზოლაცია, მასწავლებლები მთელი მსოფლიოს მასშტაბით კომპიუტერული უნარების გაუმჯობესებაზე არ დაფიქრდებოდნენ, მთავრობები კი მოსახლეობის ხელმისაწვდომი ონლაინ სწავლებით უზრუნველყოფაზე არ იზრუნებდნენ. საკითხავია შეძლებენ თუ არა ისინი მასწავლებლების მხარდასაჭერად და დასახული მიზნების მისაღწევად საჭირო თანხების მოძიებას. წინააღმდეგ შემთხევაში ხარისხიანი განათლება საზოგადოების მხოლოდ შეძლებული ფენებისთვის იქნება ხელმისაწვდომი, სხვები კი რუტინულ სამუშაოს უნდა დაჯერდნენ.

წყარო: forbes.kz

მოამზადა თეა ინაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური