GE

დააკავეს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომელი, რომელიც სხვების ხელფასს საკუთარ ანგარიშზე რიცხავდა

საქართველოს პროკურატურამ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კუთვნილი, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

როგორც უწყების მიერ 25 მაისს გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, დაკავებულია უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი.

სავარაუდო დამნაშავე, სხვადასხვა პერიოდში, სახელფასო ბაზების შევსებისას, ხელფასის დასარიცხად უთითებდა უნივერსიტეტის თანამშრომლების პირად მონაცემებს, ხოლო მათი სახელფასო ანგარიშის ნაცვლად – საკუთარ საბანკო ანგარიშს წერდა. შესაბამისად, მითითებული თანხები მის ანგარიშზე ირიცხებოდა.

ზემოაღნიშნულთან ერთად, ბრალდებული, ხელფასის გასაწერად შედგენილ დოკუმენტში, მისი სანაცნობო წრიდან მოძიებული პირების პირად მონაცემებს და საბანკო ანგარიშის ნომრებს უთითებდა, რის შედეგადაც თანხები ერიცხებოდათ ბრალდებულის ნაცნობ პირებს, რომლებიც არ არიან ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლები.

პროკურატურა განმარტავს, რომ ბრალდებული, დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა პირებთან ერთად თაღლითურად დაეუფლა უნივერსიტეტის კუთვნილ 1,288,000 ლარს.

დაკავებულს ბრალი უკვე წარედგინა.

„მ.ა.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა. გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენის მიზნით“, – ვკითხულობთ პროკურატურის განცხადებაში.

მოამზადა გოგა ნიჟარაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური