„დაბალი თვითშეფასების მქონე მოსწავლეს უჭირს დამოუკიდებლად მუშაობა, აქვს სასწავლო ბარიერები“ – რა უნდა იცოდნენ პედაგოგებმა მოსწავლის თვითშეფასების შესახებ
მოსწავლის თვითშეფასების ხარისხი რომ მის აკადემიურ წარმატებასა და ცხოვრების ხარისხზეა დამოკიდებული, ამას სპეციალისტები მუდმივად გვიმეორებენ. დაკვირვებული მშობლები კი ასკვნიან, რომ ის, თუ როგორ სწავლობს მათი შვილი, დამოკიდებულია იმაზე, როგორ უყურებს საკუთარ თავსა და შესაძლებლობებს.
„ნიაკოს არ აქვს მათემატიკის განსაკუთრებული ნიჭი, არ უჭირს არც ქართულის და არც ინგლისურის სწავლა, თუმცა, დავაკვირდი, რომ რადგან უჭირს მათემატიკა, სხვა საგნების მეცადინეობის დროსაც ფიქრობს, რომ დამოუკიდებლად მომზადება გაუჭირდება. ეჭვი ეპარება საკუთარ თავსა და შესაძლებლობებში, პერიოდულად აქვს სასწავლო ჩავარდნებიც და ეს მის თვითშეფასებაზეც აისახება“, – ამბობს მეოთხეკლასელი ნიაკოს დედა, თეო ლოლაძე.
იმის გასარკვევად, მართლაც ასეთი როლი აქვს თუ არა თვითშეფასებას მოსწავლის აკადემიური წარმატების მიღწევის პროცესში EDU.ARIS.GE თბილისის ერთ-ერთი კერძო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგსა და დამრიგებელს, სალომე ჩაჩხიანს ესაუბრა, რომელიც კოლეგებისთვის პრაქტიკულ რეკომენდაციებსაც გვიზიარებს.
– სალომე, პირველ რიგში, გვითხარით, რა როლი აქვს მოსწავლის თვითშეფასებას სწავლა-სწავლების პროცესში?
– თვითშეფასებას მართლაც მნიშვნელოვანი როლი აქვს მოსწავლის სწავლა-სწავლების განვითარების პროცესში. შესაძლოა, მოსწავლეს საკუთარ თავზე გადაჭარბებული, დაბალი ან ზომიერი თვითშეფასება ჰქონდეს. როცა მოსწავლეს გადაჭარბებული თვითშეფასება აქვს, ხშირად უფრთხის რთულ დავალებებს, შიშობს, არ დაუშვას შეცდომა. ამ დროს უყალიბდება შეცდომის დაშვების შიში. როცა დაბალი თვითშეფასება აქვს. უჭირს დამოუკიდებლად მუშაობა, ვერ იღებს დამოუკიდებლად მარტივ გადაწყვეტილებებსაც და შესაძლებელია, მისი ასაკის შებამისი დავალების შესრულებაც კი გაუჭირდეს, რადგან აქვს მოლოდინი, რომ სამუშაოს თავს ვერ გაართმევს.
– სპეციალისტები ამბობენ, რომ დაბალი თვითშეფასების მქონე მოსწავლეს უჭირს სასწავლო ბარიერების დაძლევა, ეს მართლაც ასეა?
სასწავლო ბარიერი: მოსწავლეს უჭირს კონცენტრაცია დავალებაზე, საჭიროებს უფროსის მუდმივ დახმარებას, აკადემიური უნარ-ჩვევების განვითარება ხდება ნელი ტემპით და ხშირად იღებს საშუალო თუ დაბალ შეფასებას.
– დიახ, ასეა. დაბალი თვითშეფასების მქონე მოსწავლეს უჭირს დამოუკიდებლად მუშაობა. ძირითადად სხვაზეა დამოკიდებული. როცა არსებობს სასწავლო ბარიერი, ეს უკვე ქმნის მოსწავლისთვის დაბრკოლებას და შიშის საფუძველს, რომ ვერ შეძლებს, ვერ გადალახავს ბარიერს, არ გამოუვა, რადგან დაბალი თვითშეფასება აქვს და ეს ფაქტორი ხელს უშლის საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოხატვაში.
– თქვენს საგანში როგორ ხდება, მათემატიკა ყველა მოსწავლისთვის მარტივი საგანი არ არის?
– ბუნებრივია, მათემატიკა ან სხვა ნებისმიერი საგანი ყველასთვის თანაბრად მარტივი ვერ იქნება. საკუთარი შესაძლებლობების რწმენა ყველას თანაბარი არ აქვს. მაგალითად, მოსწავლემ ვერ აითვისა პროცენტები და მათი გამოთვლა კიდევ უფრო აძლიერებს მის დაბალ თვითშეფასებას. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პედაგოგი სწორედ ამისთვის არსებობს. მან უნდა შეძლოს მოსწავლის შესაძლებლობების განვითარება და გავარჯიშება ისე, რომ მისი თვითრწმენაც და თვითშეფასებაც გააძლიეროს.
– სალომე, რა რეკომენდაციები გექნებოდათ კოლეგებისთვის, რომ მოსწავლეებს ჯანსაღი თვითშეფასება ჰქონდეთ?
– ჩემი რეკომენდაციები მასწავლებლებისთვის შემდეგია:
გაესაუბრეთ მშობელს. ხშირ შემთხვევებში, მოსწავლეების თვითშეფასების ჩამოყალიბებაზე გავლენა აქვს აღზრდის პროცესს. თუ მოსწავლე თბილ და მასზე ორიენტირებულ გარემოში იზრდება, სადაც ის ოჯახის სრულუფლებიანი წევრია, მას ჯანსაღი თვითშეფასება უვითარდება. ხოლო თუ პირიქით ხდება, შედეგიც საპირისპიროა. ამიტომ, კარგი იქნება, თუ პედაგოგი გაესაუბრება მშობელს, მოისმენს მის თვალსაზრისებს. ამით ის მიხვდება, რით არის განპირობებული მოსწავლის დაბალი თვითშეფასება და შესაბამისად იმოქმედებს.
მყისიერი რეაგირება და წახალისება. მნიშვნელოვანია, მოსწავლე წავახალისოთ მაშინ, როდესაც ცდილობს, საკუთარი შესაძლებლობები თუნდაც მცირედით გამოავლინოს. აუცილებლად უნდა გვქონდეს მყისიერი რეაგირება, შევაქოთ. შეგვიძლია, კლასის წინაშე ამ მოსწავლის ნამუშვრიდან მოვიყვანოთ მაგალითი, თუ რამდენად საჭირო საკითხებზე გაამახვილა ყურადღება. ხშირად შევაქოთ მშობელთან, მოვუყვეთ მოსწავლის წარმატებაზე და ვთხოვოთ, შვილთან უკუკავშირი სახლშიც ჰქონდეს.
დავეხმაროთ, ოღონდ ზომიერად. დავეხმაროთ დავალებების შესრულების პროცესში ისე, რომ თავი უხერხულად არ ვაგრძნობინოთ. გავაგრძელოთ იქამდე, სანამ დავრწმუნდებით, რომ დავალების გაგრძელებას დამოუკიდებლადაც შეძლებს და შფოთვა თუ მღელვარება არ ექნება.
დაეხმარეთ საყვარელი საქმის მოძებნაში. უბიძგეთ იმის კეთებისკენ, რაც ყველაზე უკეთ გამოსდის. ეს შეიძლება, იყოს წერა, ხატვა, ვარჯიში, ფოტოების გადაღება. ამისთვის ხშირად დაგეგმეთ არასაკლასო აქტივობებიც, რომ თავადაც უფრო მეტი გაიგოთ მის შესაძლებლობებსა და ნიჭებზე.
ხელი შეუწყვეთ, იყოს თვითდამკვიდრებული. უკეთ გააცანით კლასელებს, მათ წინაშე შეაქეთ და შეეცადეთ, ყველა აქტივობა ისე დაგეგმოთ, რომ ჩართული იყოს და არა განზე მდგომი მაყურებელი.
ასწავლეთ საკუთარი პოზიციის დაცვა. დაბალი თვითშეფასების მქონე მოსწავლეს უჭირს საკუთარი პიზიციის დაცვა. უბიძგეთ და ხშირად წაახალისეთ როცა საუბროს, მსჯელობს ან მცირედით მაინც იცავს საკუთარ პოზიციას, რათა მომავალში ისწავლოს და მეტად თამამი გახდეს.
ნუ ესაუბრებით “საუკეთესო მაგალითებით”. ნუ დაუწესებთ ბარიერებს და ნუ შეადარებთ სხვებს, მიეცით უფლება, საკუთარი თავი მისთვის საუკეთესო ვარიანტი იყოს.
ასევე იხილეთ:
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება