დამრიგებელი მშობელთა კრებაზე – რა შეცდომები არ უნდა დაუშვათ მიმდინარეობისას და როგორია შეხვედრის სწორად დაგეგმვის გზები
მოსწავლის სწავლა-განათლების პროცესისადმი ყველაზე დიდ ინტერესს, როგორც წესი, მშობლები იჩენენ, რომელთაც პედაგოგებთან პირდაპირი თუ დისტანციური კომუნიკაციის პასუხისმგებლობა აქვთ. მშობლისა და პედაგოგის პირდაპირი კომუნიკაციის ერთ-ერთი ინსტრუმენტია მშობელთა კრებაც, რომელიც სკოლაში ტარდება და თუკი ის კარგად ორგანიზებულია, მშობლების სასკოლო ცხოვრებაში აქტიური ჩართულობის შესაძლებლობასაც აჩენს.
როგორც დამრიგებლები ჩვენთან საუბარში ამბობენ, მშობელთა კრების ორგანიზება და ჩატარება არც ისე მარტივი პროცესია. განსაკუთრებით მაშინ, თუ გვინდა, კრების შედეგები ეფექტური იყოს მოსწავლეთა როგორც პიროვნული, ისე აკადემიური წინსვლის პროცესისთვის.
EDU.ARIS.GE შეეცადა, გაერკვია, როგორ უნდა დაიგეგმოს სწორად მშობელთა კრება, რა შეცდომები არ უნდა დაუშვას დამრიგებელმა და რა პროცედურების დაცვაა აუცილებელი წარმატებული მშობელთა კრების მოსაწყობად. ამ საკითხებზე ფერიის საჯარო სკოლის პედაგოგი და სხვადასხვა კლასების დამრიგებელი, მარიამ გაჩეჩილაძე ისაუბრებს.
– მარიამ, პირველ რიგში, გვითხარით, რა მნიშვნელობას ატარებს მშობელთა კრება და კონკრეტულად ვისთვის ეწყობა ის?
– როგორც წესი, მშობელთა კრება, მშობელსა და სკოლას შორის ყველაზე ხშირად გამოყენებული კომუნიკაციის ინსტრუმენტია. ის იძლევა პირდაპირი კომუნიკაციის დამყარების შესაძლებლობას, არა მხოლოდ დამრიგებელსა და მშობელს შორის, არამედ მშობელსა და მოსწავლის ყველა პედაგოგს შორის. მშობელთა კრების მიზანია, მშობელი მოსწავლის აღზრდა-განათლების საკითხებში ბოლომდე იყოს ჩართული და ყველა საჭირო ცნობა სპეციალისტისგან, პედაგოგისგან მიიღოს.
– რა სპეციფიკით ხასიათდება მშობელთა კრება დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებზე და ვინ უნდა დაესწროს მას?
– დაწყებით კლასებში ძირითადი გამოწვევაა მოსწავლის აკადემიური უნარ-ჩვევების განვითარებასთან დაკავშირებული საკითხებია. მოგეხსენებათ, პატარებს მუდმივი დაკვირვება და ხელშეწყობა სჭირდებათ, რომ კონკრეტული უნარ-ჩვევების განვითარებამდე მივიდეთ, რაც მშობლის მაქსიმალურ ჩართულობას მოითხოვს. რაც შეეხება საშუალო საფეხურს, აქ უკვე აქტუალური ხდება ურთიერთობებთან, საკუთარი თავის ძიებასა და დამკვიდრებასთან დაკავშირებული საკითხები. ამ ასაკში, მოსწავლეებისთვის იმატებს საგნობრივი დატვირთვაც, თანდათან მეტი პედაგოგი შემოდის კლასში და ახალი ურთიერთობების დარეგულირება ხდება საჭირო. თუ ამ დროს მშობელი განზე დადგა და მიიჩნია, რომ ის რაც სკოლაში ხდება -სკოლის საქმეა, რაც კლასში -დამრიგებლის, ეს, რა თქმა უნდა, სიტუაციას გაართულებს. აი, საშუალო საფეხურზე კი მოსწავლე უკვე თინეიჯერია, აქ უკვე ყველაფერია ნათქვამი. სწავლასთან, ყოფა-ქცევასთან, პიროვნულ თუ სოციალურ განვითარებასთან დაკავშირებული ყველა საკვანძო საკითხი ერთად იყრის თავს. თუ წელიწადში 4-5 ჯერ ვატარებთ მშობელთა კრებებს, საშუალო საფეხურზე, თუ საჭირო გახდა, პედაგოგს უნდა მიეცეს საშუალება, უფრო მეტჯერაც ჩაატაროს მშობელთა კრება და ხშირად, ეს აუცილებლობაც კია.
– მარიამ, თქვენ ახსენეთ მშობელთა კრების ჩატარების ინტენსივობა, დაგვიკონკრეტეთ, რამდენ ხანს უნდა გრძელდებოდეს მშობელთა კრება და რამდენჯერ უნდა ჩატარდეს სემესტრის განმავლობაში?
– ამაში შეზღუდული ნამდვილად არ ვართ. საერთო საკლასო პრობლემების დროს, შეგვიძლია, მოვიწვიოთ მშობელთა კრება. სემესტრის განმავლობაში, სულ მცირე, ორ კრებას მაინც ვატარებთ, ეს ვალდებულებაა, ამის იქეთ კი შეგვიძლია, საჭიროების შემთხვევაში, კიდევ მოვაწყოთ შეხვედრა.
– აქვე გკითხავთ, თუ დედა ან მამა ვერ ესწრება შეხვედრას, მაგრამ კრებაზე იმყოფება ოჯახის სხვა წევრი, ეს ხომ არ ქმნის გარკვეული ტიპის ბარიერებს მასწავლებელსა და მშობელს შორის?
– როდესაც მშობელი ან მშობლები კრებას ვერ ესწრება საპატიო მიზეზიდან გამომდინარე, შეიძლება, ოჯახის სხვა წევრი დაგვესწროს, მაგალითად ბებია. მე ეს არასოდეს მიქმნის სირთულეს, რადგან კრებაზე არ ვსაუბრობთ ინდივიდუალურად ბავშვებზე, კრებაზე საერთო საქმე და პრობლემა განიხილება, ან სიახლე ინერგება. მშობლებს შეუძლიათ, ინდივიდუალურად მობრძანდნენ სკოლაში არასაგაკვეთილო პროცესში და გავესაუბრებით, ეს კარგად იციან ჩემმა მშობლებმაც.
– რა გეგმით უნდა იხელმძღვანელოს დამრიგებელმა, რომელიც მშობელთა კრების ჩატარებას აპირებს?
– პირველ რიგში, აუცილებელია, მშობელთა კრების ჩატარებისთვის ავირჩიოთ ოპტიმალური დრო და თარიღი. რასაკვირველია, ეს არაა მარტივი პროცესი, რადგან, თუ კლასში 25 ან მეტი მშობელი უნდა გვესტუმროს, შესაძლოა, რთულად დაემთხვეს მათი თავისუფალი დროები, მაგრამ მათ შეუძლიათ, დისტანციურადაც დაესწრონ კრებას, ზუმის საშუალებით;
– კარგი იქნება, თუ კრების დაგეგმვამდე კონსულტაციას სკოლის ფსიქოლოგთან გაივლით, რომელიც დაგეხმარებათ, წინასწარ შეარჩიოთ საუბრის თემები და შეარჩიოთ ისე, რომ თქვენი მხრიდან ურთიერთობის ყველა ფორმა დაცული იყოს და მშობელიც გრძნობდეს, რომ მომზადებული ხართ და პასუხისმგებლობით უყურებთ ყველა საკითხს.
– სკოლის ფსიქოლოგთან კონსულტაციის შემდეგ, შეიმუშავეთ კრების გეგმა, სადაც განსაზღვრული იქნება თითოეული აქტივობა და ამ აქტივობების მიზნები; ეს თქვენ დაგეხმარებათ, თავი გაართვათ ნებისმიერ სიტუაციას, რომელიც შეიძლება, კრების დროს წარმოიქმნას;
– კრების დროს, მნიშვნელოვანია, 5-7 წუთიანი ვიზუალური პრეზენტაციაც ჩაატაროთ, ამისთვის თქვენ დაგჭირდებათ კომპიუტერი და პროექტორი. იყავით ყურადღებით, რომ ყველა ტექნიკური საკითხი მოაგვაროთ;
– არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ მშობელთა კრება კოლექტიური შეხვედრის ფორმაა. მშობელთან ინდივიდუალური შეხვედრის შესაძლებლობა თქვენ კრების შემდეგაც გექნებათ. ამიტომ, ეს დრო ყველა აქტუალური საკითხის მათ წინაშე პრეზეტაცისთვის უნდა გამოიყენოთ;
– როცა კრებას ჩაატარებთ, აწარმოეთ თვითრეფლექსიის დღიურიც, რომ იცოდეთ, რა შეასრულეთ გეგმიდან და რისი შესრულება ვერ შეძელით.
– მარიამ, ბოლოს გვითხარით, რა შეცდომები არ უნდა დაუშვან თქვენმა კოლეგებმა მშობელთა კრების მიმდინარეობისას?
- დამრიგებელი არ უნდა ასცდეს თავის სამოქმედო გეგმას, არ უნდა განიხილოს მოსწავლეები საერთო კრებაზე, სახელებითა და გვარებით, არ უნდა ისაუბროს საჯაროდ ბავშვების აკადემიური მოსწრების შესახებ;
- კრება არ უნდა გაგრძელდეს ერთ საათსა და 30 წუთზე მეტ ხანს. მშობელი არ უნდა გადაღალოთ. უნდა იყოთ კონკრეტულები და ორგანიზებულნი. კრება არ უნდა დაემსგავსოს მეგობრების შეხვედრას, საჭიროა ზომიერი დისტანციაც;
- სათქმელზე პირდაპირ ნუ გადახვალთ, ჯერ გააკეთეთ შესავალი და კრების დაწყების დროს თქვით, რა თემებზე აპირებთ საუბარს და რა მიზნით;
- მშობელთა კრებაზე თქვენ ხართ სკოლის წარმომადგენელიც და თუ თქვენს სკოლას ჰქონდა გარკვეული წარმატება და გინდათ, ეს მშობლებსაც უთხრათ, მიაწოდეთ მცირე ინფორმაცია და გაუფრთხილდით როგორც თქვენს, ასევე მათ დროსაც;
- ნუ აჩვენებთ, რომ ხართ ხელმძღვანელი, აჩვენეთ, რომ ხართ დამხმარე და თქვენს ვალდებულებასთან ერთად, თვენი პასუხისმგებლობაცაა, თითოეული ბავშვის ინტერესი დაიცვათ.
ასევე იხილეთ:
წარმატებული პედაგოგი – როგორ დავამყაროთ მშობლებთან კარგი ურთიერთობა
მოამზადა მზეო შველიძემ
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება