GE

დეპუტატი: კანონპროექტი ამბობს, რომ „დედაენა“ აუცილებლად უნდა იყოს ფორმალურ საგანმანათლებლო სივრცეში. მორჩა!

პარლამენტის წევრებმა ზაზა გაბუნიამ და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა საქართველოს პარლამენტს წარუდგინეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ექსპერტთა საბჭოს მეშვეობით, „დედაენა“ – ქართული საანბანე სახელმძღვანელოს იაკობ გოგებაშვილისეულ მეთოდს მოამზადებს და დაბეჭდავს სასწავლო პროცესისთვის.

საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების მიზანია, „დედაენა“, რომელსაც მინიჭებული აქვს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი, დაცული იყოს ყოველგვარი ცვლილებებისგან და სკოლის მოსწავლეები შეუფერხებლად სწავლობდნენ ამ წიგნით“.

რატომ გადაწყვიტეს ამ კანონპროექტის ინიცირება და როგორ წარმოუდგენიათ სასწავლო პროცესში „დედაენის“ ცვლილებების გარეშე ჩართვა, EDU.ARIS.GE-ს კანონპროექტის ინიციატორი, პარლამენტარი ზაზა გაბუნია ესაუბრება.

–ბატონო ზაზა, იქნებ უფრო დეტალურად აგვიხსნათ, რაში მდგომარეობს კანონპროექტის არსი?

–იდეალისტური თვალსაზრისით რომ შევხედოთ, „დედაენა“ არის მართლაც დიდი საგანძური. მას სასიკეთო გავლენა აქვს  მოზარდების ცნობიერებაზე. მე, როგორც პარლამენტის წევრი, მივიჩნევ, რომ ამასთან დაკავშირებით მეტი ზომის მიღებაა აუცილებელი, ვიდრე შეთანხმება, რომ „დედაენა“ არის კარგი.

„დედაენა“ რომ არის კარგი, ეს არ კმარა, იმიტომ რომ ჩვენ ვერ ვხედავთ „დედაენის“ მიმართ შესაბამის პატივისცემას პრაქტიკაში. ვერ ვხედავდით აქამდე. რას ვგულისხმობ ამაში? განსაკუთრებით წინა ხელისუფლების პერიოდში ჩვენ გვქონდა არაერთი მცდელობა, „დედაენამ“ რომ ვერ დაიმკვიდრა საგანმანათლებლო პროცესში თავისი ადგილი.

ამიტომ მე და მარიამ ჯაშმა, როგორც კანონპროექტის ავტორებმა, ჩავთვალეთ, რომ „დედაენის“ საკითხი არ უნდა იყოს ცალკეულ პერსონებზე დამოკიდებული, იქნება თუ არა საგანმანათლებლო პროცესში. ეს უნდა განაპირობოს კანონმა. განათლების სამინისტრო შექმნის კომისიას, რომელიც იმუშავებს „დედაენის“ გრიფირებისთვის, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ჩვენ ორ ძირითად საკითხს ვეხმიანებით:

პირველი ისაა, რომ „დედაენას“ სჭირდება არა თაროზე შემოდება, სწორედ ამიტომ იქცა ის, სამწუხაროდ, სამუზეუმო რარიტეტად, ამ გადაწყვეტილებით ჩაერთვება „დედაენა“ იმ პროცესში, სადაც არის მისი ადგილი, ეს არის საგანმანათლებლო პროცესი და სკოლა. მეორე – ამით ჩვენ ვეხმიანებით იმ საერთაშორისო კონვენციას, რომლითაც გვაქვს აღიარებული ის ვალდებულებები, რომელიც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს ეხება. აუცილებელია ხელმომწერმა სახელმწიფომ, ამ შემთხვევაში საქართველომ, ჩართოს ფორმალურ და არაფორმალურ სასწავლო პროცესში ეს მნიშვნელოვანი ძეგლი, რასაც მოკლებული იყო „დედაენა“.

ეს საკანონმდებლო ცვლილება განაპირობებს იმას, რომ ერთის მხრივ, კანონის დონეზე სხვა პატივში აინაცვლებს „დედაენა“, მეორე ის, რომ ეს არ იქნება დამოკიდებული არავის პერსონალურ ნებაზე. ნება „დედაენასთან“ მიმართებაში გამოვლენილი აქვს უკვე ჩვენს ხალხს და  ქვეყანას, რომ „დედაენა“ არის უნიკალური, ძალიან ძვირფასი ემოციურადაც ჩვენი მოქალაქეებისთვის. მისი ადგილი არის სკოლაში.

–თქვენ ამბობთ, რომ საგანმანათლებლო სივრცეში უნდა ჩაერთოს დედაენა. როგორ წარმოგიდგენიათ ეს პროცესი  და რას გულისხმობთ, საერთოდ, „დედაენაში“ – იმ ფორმით შეტანას, როგორიც გოგებაშვილმა დაწერა, თუ „დედაენის“ მეთოდიკის მიხედვით სწავლებას?

–ის, რაც დღეს სკოლებში ისწავლება „დედაენის“ სახლით, ეს არ არის „დედაენა“. იაკობ გოგებაშვილისეული აწერია ზოგიერთ წიგნს. იაკობ გოგებაშვილის მიხედვით შედგენილი წიგნი არ ნიშნავს იმას, რაც დაწერა გოგებაშვილმა. მიხედვით კი არა, ეს უნდა იყოს იმ ფილოსოფიით გაკეთებული, იმიტომ რომ „დედაენის“ უნიკალურობა პირველ რიგში, იმ მეთოდიკასა და პრინციპებში გამოიხატება, რომელზეც აიგო მისი უნიკალურობა. ეს არის გოგებაშვილის უნიკალური მიდგომა და არა გოგებაშვილის მიხედვით სხვისი მიდგომა.

ჩვენი ინიციატივის შესახებ როცა გავრცელდა ინფორმაცია, სოციალურ ქსელში მოსახლეობის რეაქციებს ვადევნებდი  თვალს. უაღრესად პოზიტიური რეაქციები იყო. მეორეც – ადამიანები წერდნენ, რომ ახლა რითიც სწავლობენ სკოლებში, ეს წიგნები ბავშვებს არ ეხმარება, კარგად აღიქვან დედა ენა, მშობლიური ენა. გოგებაშვილისეული მიდგომა რაც იყო, ეს უნდა შევიდეს სკოლაში და არა ინტერპრეტირებული ვარიანტი.

–ცნობილია, რომ თავად იაკობ გოგებაშვილმა არაერთხელ შეცვალა და დახვეწა „დედაენა“, წერდა იმასაც, რომ „დედაენა“ მის შემდეგაც უნდა  განვითარდეს. ბოლო პერიოდში სკოლებში ვალერიან რამიშვილის მიერ გადამუშავებული „დედაენით“ სწავლობდნენ წერა-კითხვას. საინტერესოა, თქვენ რას უჭერთ მხარს: გოგებაშვილისეული წერა-კითხვის სწავლების ანალიზურ-სინთეზური მეთოდის დარჩენას სკოლებში, თუ სულ უცვლელი ფორმით გოგებაშვილის „დედაენის“ შეტანას?  არის მეორე საკითხი, „დედაენას“ აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი და ამ სახელის ქართულის ენის სახელმძღვანელოზე გამოყენების უფლება არ აქვთ წიგნების ავტორებს, რომლებიც მონაწილეობენ სახელმძღვანელოების კონკურსში. ასეთ შემთხვევაში როგორ გესახებათ სკოლებში „დედაენის“ შეტანა? ერქმევა ისევ ქართულის ენის სახელმძღვანელოებს დაწყებით კლასებში „დედაენა“?

–ჩვენ კანონის დონეზე აგვყავს ეს საკითხი. კანონს აქვს თავისი მოთხოვნები და ბუნებრივია, როცა ვლაპარაკობთ ამ საკითხზე, უნდა იყოს „დედაენა“. რაც შეეხება გადამუშავებულ ვარიანტს და ა.შ., ჩვენ გვჭირდება დედანი. თქვენ თვითონვე აღნიშნეთ, რომ გოგებაშვილი აუმჯობესებდა წიგნს. ჩვენ გვაქვს პირველი და გაუმჯობესებული ვარიანტები. ჩვენ როდესაც ვლაპარაკობთ კანონის დათქმაზე, კანონი ავალდებულებს 2 თვის ვადაში განათლების სამინისტროს შექმნას კომისია. ეს კომისია საჭიროა იმისთვის, რომ ჩამოაყალიბოს მიდგომა და დაადგინოს ის წიგნი, რომელიც  კი არ ასცდება, არამედ იქნება იაკობ გოგებაშვილის „დედენა“.

ბევრი რამ არის ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელი, მაგრამ მე, ზაზა გაბუნიას,  როცა მეკითხებით, რას ვუჭერ მხარს, ვამბობ, რომ იაკობ გოგებაშვილის „დედაენას“. წერტილი!

–გასაგებია, მაგრამ გოგებაშვილის „დედენა“ უცვლელი ფორმით, ალბათ, ვერ შევა სკოლებში. ბევრი სიტყვა მოძველებულია. რასაც იყენებდა გოგებაშვილი, თანამედროვე ბავშვისთვის ის უკვე უცხოა. . .

–ეს ხომ იმას არ ნიშნავს, რომ „დედაენა“ შემოვდოთ თაროზე და დაიმტვეროს? ამიტომაც ჩვენ ვართ კანონმდებლები. ვსაზღვრავთ პოლიტიკას იმგვარად, რომ წიგნი უნდა იყოს იაკობ გოგებაშვილის და უნდა იყოს „დედაენა“. რაც შეეხება  ტერმინებთან დაკავშირებულ საკითხებს, ეს გახლავთ სპეციალისტების საქმე. კანონი დაადგენს მკაფიოდ ვალდებულებას იმისას, რომ სკოლებში შევიდეს „დედაენა“. კომისიის შექმნის ვალდებულება განათლების სამინისტროს აქვს და ამ კომისიის ფარგლებში ჩამოყალიბდება ის რედაქცია, ის შინაარსი, რომელიც უნდა ისწავლებოდეს სკოლებში და მისი გაგება შეეძლოს თანამედროვე ბავშვებს.

–იმ ავტორებიდან, რომლებიც გრიფირების კონკურსზე შეიტანენ დაწყებითი საფეხურის ქართული ენის სახელმძღვანელოებს, ყველას უნდა ჰქონდეს გადამუშავებული იაკობ გოგებაშვილისეული „დედაენა“? როგორია თქვენი ხედვა ამ საკითხთან დაკავშირებით?

–კანონპროექტი არ ითვალისწინებს ამ დეტალს. კანონპროექტი ამბობს, რომ „დედაენა“ აუცილებლად უნდა იყოს ფორმალურ საგანმანათლებლო სივრცეში. მორჩა! ამას ამბობს კანონპროექტი. პარლამენტმა არ უნდა თქვას უფრო მეტი. უფრო მეტი უნდა თქვას დარგობრივმა სტრუქტურამ აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ანუ სამინისტრომ. ჩვენ თუ შევბოჭავთ განათლების სამინისტროს,  წინასწარ ვეტყვით და მას აღარაფერი აღარ ექნება გასაკეთებელი, არც კომისია შესაქმნელი, არც ექსპერტებს დაუძახებს და არც ამის საჭიროება იქნება, ეს ბუნებრივია მართებული არ იქნება.

ჩვენ განვსაზღვრავთ პოლიტიკას და მას აღასრულებს სამინისტრო. სპეციალისტებთან და ექსპერტებთან ერთად დადგინდება  და ჩამოყალიბდება მიდგომა ამ საკითხზე და მანამდე დავიწყებთ საკომიტეტო განხილვებს. ყველას ექნება საშუალება, დაესწროს სხდომებს და გამოთქვას საკუთარი აზრი. მთავარი არის ის, რომ არაორაზროვნად ვუთხრათ საზოგადოებას, რომ ამ საკანონმდებლო ცვლილებებით „დედაენა“ უბრუნდება სასწავლო პროცესს და უბრუნდება სწორედ იაკობ გოგებაშვილის „დედაენა“.

ამავე თემაზე:

„გოგებაშვილის მეთოდის“ პარადოქსი

რა ტიპის ხარვეზებს ხედავენ მშობლები პირველი კლასის „დედაენაში“ და როგორია სპეციალისტების პასუხი

პატრიარქი საჯარო სკოლებში გოგებაშვილის „დედა ენის“ დაბრუნების მომხრეა

ესაუბრა ცისანა შერგილაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური