„დღეს მოსწავლის შეფასება ხელის შემშლელი უფროა, ვიდრე ხელის შემწყობი“ – დაჩი ნანობაშვილი გამოსავალის შესახებ

„აკადემიური შეფასების, (ნიშნების) უარყოფითი მხარეები“, – ამ თემაზე ისაუბრა მასწავლებლობის 25-წლიანი გამოცდილების მქონე დაწყებითი კლასების პედაგოგმა დაჩი ნანობაშვილმა 15 თებერვალს ონლაინ ფორმატში გამართული შეხვედრის ფარგლებში.
მათემატიკის სპეციალისტის შეფასებით, “დღესდღეობით მოსწავლის შეფასება ხელის შემშლელი უფრო არის, ვიდრე ხელის შემწყობი. რაღაცებში კი გვეხმარება, მაგრამ ძირითადად ხელს გვიშლის”.
10 ბალიანი შეფასების სისტემა, როგორც სასჯელი, ან ზეწოლის ინსტრუმენტი მშობლის ან პედაგოგისგან
კი, ვთქვით, განათლების სამინისტრომაც მოგვაწოდა, რომ რომ 8-იანი, 9-იანი, 10-იანი კარგი ნიშნებია, მაგრამ მაინც ვერ მოვერგეთ ამ სისტემას. დღეს 10-იანი არის საუკეთესო, როგორც უწინ 5-იანი იყო საუკეთესო და დანარჩენი ყველაფერი არის იგივე, როგორც ადრე იყო [4-იანი ან 3-იანი], დაახლოებით იგივე სისტემაში დავრჩით მენტალურად.10-იანი არის საუკეთესო, როგორც ადრე 5-იანი და დანარჩენი ყველაფერი არის უკვე – წარუმატებელი.
თუ ჩვენ, მოსწავლეთა მშობლებიც და მასწავლებლებიც, სწორად შევხედავთ 10-ბალიანი შეფასების სისტემას, არც ისე ცუდი სისტემაა, რატომაც არა, იყოს 10 ბალიანი, მაგრამ შეფასების სისტემა არ უნდა გახდეს ინსტრუმენტი ვთქვათ იმისთვის, რომ მასწავლებელმა რაღაც ტიპის სასჯელად გამოიყენოს და მშობელმა კიდევ მხოლოდ კონკრეტული ნიშანი მოითხოვოს და იმის იქით არ ჩაიხედოს, თუ რა ხდება მისი შვილის თავს. ასე არ ვარგა. არადა, ძირითადად ასე არის იმიტომ, რომ ვცოდავთ მასწავლებლებიც და მშობლებიც და ეს ხდება არა მეხუთე კლასის მეორე სემესტრიდან, სადაც უკვე ნიშნები იწყება, არამედ გაცილებით უფრო ადრე – დაწყებით კლასებში, სადაც ნიშნები არ იწერება, რაც ასევე სწორია.
დაწყებით კლასებში, ჩვენ თავიდანვე ნიშნებს არ ვწერთ, გასაგებია, მაგრამ თავიდანვე, სახლში მშობელი ეუბნება ბავშვს, რომ არანაირი შეცდომა არ უნდა დაუშვა, საშლელიანი კალმით უნდა წერო, ყველაფერი უნდა გქონდეს უშეცდომოდ… ფურცლის ამოხევა და ხელახლა დაწერა.. ძალიან ბევრი ზეწოლაა ბავშვზე, რომ არანაირი შეცდომა მან არ უნდა დაუშვას. არადა, წესით, შეცდომის დაშვება არანაირი პრობლემა არ უნდა იყოს, თუ ჩვენ ამას სწორად მივიღებთ. ბავშვი ყოველთვის ყველაზე ნაკლებად სცოდავს ამ ამბავში, ჩვენ ვქმნით ხოლმე ისეთ გარემოს, რომ შემდეგ მოსწავლე იძულებული ხდება, რაღაცით თავი დაიცვას. შესაბამისად, დაწყებით კლასებში იწყება ის, რომ უშეცდომოდ, უშეცდომოდ, არანაირი შეცდომა და იმიტომ არის, რომ შემდეგ მარტო 10-იანი ხდება ნიშანი და სხვა ყველაფერი მიუღებელი, რაღაც ეტაპზე. მერე, როდესაც მშობელი უკვე ვეღარ ერევა, რა თქმა უნდა, ბავშვიც ისვენებს და მშობელიც ეგუება, მაგრამ არის ის წნეხი და ფსიქოლოგიური ზეწოლა ბავშვზე და ჩემი აზრით, ეს სერიოზული პრობლემაა იმიტომ, რომ წარმოუდგენლად მიმაჩნია, ყველა საგანში ათიანზე ისწავლო ან მართლა ათიანზე იცოდე. ზოგადად, შეცდომის დაშვების და სხვა ნიშნის მიღების შიში რომ გაქვს, ეს იმდენად დიდი ფსიქოლოგიური ზეწოლაა, არ მგონია, ასე ნასწავლი და ფსიქიკადარღვეული შვილი კარგი იყოს.
მესმის, რომ სურვილი არის ყველაფერი იყოს საუკეთესოდ დაწყებითი კლასებიდანვე, მაგრამ ეს არ უნდა იყოს აუცილებელი მოთხოვნა. თუ შეცდომას უშვებს, დაუშვას. თუნდაც სახლში, გაკვეთილის მომზადების დროს, თუ რაღაც მაგალითს არასწორად ჩავწერ იყოს ის იქ შეცდომა, მივიდეს ბავშვი სკოლაში და მასწავლებელმა შეუსწოროს. ვნახოთ, რომ შეიძლება შეცდომა დავუშვათ, მერე რა.
მოსწავლის რეაგირება მშობლის მიერ უმაღლესი ნიშნის მოთხოვნაზე
მეხუთე კლასის პირველი სემესტრიდან უკვე გაფრთხილებები იწყება, ცალკე მშობელი აფრთხილებს შვილს, რომ ხომ იცი, წელს მეორე სემესტრში ნიშნები გექნება და ათიანის გარდა სხვა ნიშანი არ დამანახო, ზოგ შემთხვევაში კი მასწავლებელი სცოდავს და ეუბნება, რომ იცი, ახლა უკვე ნიშნები იწყება და თუ ასე არ იზამ და ისე არ იზამ… ეს ყველაფერი ქმნის იმ გარემოს, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს აკეთებს ბავშვი იმისთვის, რომ მიიღოს ნიშანი, კონკრეტული რიცხვი. და რა ქნას მოსწავლემ? – ხან უნდა გადაიწეროს, ხან, როცა შემაჯამებელი აქვს თავი, მუცელი ასტკივდება, არ წავა, შემდეგ კლასელებს უნდა ჰკითხოს რა თემები იყოს, რომ მოემზადოს, ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ რამენაირად ნიშანი მიიღოს.
მე მომისმენია მშობლებისგან, რომლებიც ამბობენ – რაც გინდა ქენი, ოღონდ ათიანი მიიღე. ოღონდ არ მაინტერესებს, რაც გინდა გააკეთე, ოღონდ ათიანი უნდა მოიტანო სახლში. თუნდაც ათიანი არ იყოს და რვიანი, ცხრიანი ან ათიანი მოითხოვოს, რა მნიშვნელობა აქვს, თუ ასეთ ზღვარს უწესებ და ეუბნები, რომ სხვა შემთხვევაში არ განვიხილავ არაფერს, უკვე ჩვენ ვხდით ამ შეფასების სისტემას სასჯელად და არა იმისთვის, რომ გავარკვიოთ რა ეტაპზე ვართ სწავლა- სწავლების პროცესში. ნიშანი თავად ხომ ეგ არის – რა ეტაპზე ვარ სწავლა-სწავლების პროცესში, ეს უნდა მითხრას ნიშანმა. მთავარი შინაარსი დაკარგული აქვს და სასჯელია. ასე გამოდის, როცა მშობელი ეუბნება კომპიუტერს გამოგირთავ, ტელეფონს ჩამოგართმევ, იქ არ წაგიყვან, ფეხბურთზე აღარ გატარებ. მასწავლებელი ცალკე ეუბნება და მე რომ ვარ ბავშვი, ვიწყებ იმაზე ფიქრს, რა ვქნა ახლა და როგორ გამოვძვრე ამ სიტუაციიდან, საერთოდ აღარ მახსოვს არც სწავლა და არაფერი, მთავარია მე ნიშანი მივიღო. ესეც რაღაც ეტაპამდეა ასე, ზოგ შემთხვევაში, მშობელი ახრხებს, რომ მე-6 – მე-7 კლასში რაღაც ზეგავლენა მოახდინოს და მე-8-დან უკვე ვეღარ ახერხებს, ზოგი მეცხრემდე ახერხებს და ა.შ, რაღაც ეტაპზე, უკვე ვეღარ ახდენს გავლენას და იზრდება ბავშვი, თუმცა ასეთი თავიდან ფსიქიკას ნამდვილად უზიანებს ასეთი გარემო.
მეორე მხრივ, თუ ეს ნიშანი არ იქნება, მშობელი იტყვის, რომ თუ ნიშანი არ იქნება, მოსწავლე საერთოდ არ ისწავლის. მასწავლებელი იტყვის – “ეს საერთოდ აღარ მომისმენს”. მშობელიც იტყვის, რომ აბა, ნიშანი თუ არ დაიწერა მე რა ვქნა?! – არის ამაში გარკვეული სიმართლე.
როცა ნიშანს არ ვწერთ – რა გამოსავალი იპოვა პედაგოგმა საკუთარ მაგალითზე
მოსწავლეშიც ჩნდება კითხვა – “ა, არ იწერება ნიშანი? მაშინ მე არ ვიმუშავებ.
რაც მოვიფიქრე შესაძლოა, არ არის წამალი და გამოსავალი ყველა შემთხვევაში, თუმცა არის ნაბიჯი, რომელზე ფიქრიც შეიძლება და შესაძლებელია მისი დახვეწა და ფორმის შეცვლა ამ ნიშნებისთვის, თორემ სხვა შემთხვევაში ვერ ვხედავ გამოსავალს, როგორ შეიძლება, რომ ჩვენ შევცვალოთ მშობლების ცნობიერება და დღეს არსებული ცუდი გარემო რამენაირად შეიცვალოს. რამდენი ათეული წელი გავიდა, რაც ამ ათბალიან სისტემაზე გადავედით, მაგრამ მაინც პრობლემა გვაქვს. განსაკუთრებით დაწყებითი კლასების მე-5-მე-6 კლასებში მშობელი ითხოვს მარტო ათიანს.
რა გავაკეთე: ავდექი და ფურცელზე გადავიტანე 20 ამოცანა, ისინი, რომლებიც გავიარეთ. ეს არ იყო შემაჯამებელი, ეს იყო შემაჯამებლისთვის მოსამზადებელი. ამის შემდეგ ვუთხარი – ამაზე ხომ ვიმუშავეთ? ნაწილი სახლში გქონდათ, ნაწილი კლასში გავარჩიეთ, ნაწილი ჯგუფებში. გვერდზე თითოეულ ამოცანას ჰქონდა ორი გრაფა. ვუთხარი, რომ ერთ გრაფაში წერდნენ პასუხს, მეორე გრაფაში ან ჩიტს სვამ ან X სვამ. ციფრს წერ იმ შემთხვევაში თუ გინდა და მოგწონს ეს ამოცანა და გსურს ტესტში ჩაგისვან, ხოლო X-ს სვამ თუ არ მოგწონს, იმიტომ, რომ მე ამ 20-დან 10 უნდა აგირჩიო. ეს ძალიან მოეწონათ, იკითხეს – ჩვენ რასაც მოვნიშნავთ, იმას ჩაგვისვამთ თუ არაო, მიიღეს დადებითი პასუხი.
დაისვა კიდევ ერთი კითხვა – ერთნაირი გვაქვს. ვუთხარი, რომ ეს 20-ვე ამოცანა ერთნაირი აქვთ. ავუხსენი, რომ ამ შემთხვევაში, შენ თუ ახლა გადაწერ პასუხს, სუყველაც რომ გადაწერო, ყველას ჩიტი დაუსვა და ყველა სწორი იყოს მაგით რას აკეთებ? მე უნდა ავდგე და შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ავიღო რომელიღაცა 10. ან, თუნდაც მომინიშნე ის სწორი პასუხი, რა აზრი აქვს მანდ სწორი პასუხის ჩაწერას, მშობელი არ ხედავს, არავინ არ ხედავს. შენ მაგას აკეთებ იმისთვის, რომ შენთვის მე ადვილი ტესტი შევადგინო, შენს თავს ატყუებ? – მიხვდა სულ ყველა. მიხვდნენ, რომ ახლა არანაირი აზრი არ ჰქონდა ამ 20 ამოცანაზე მუშაობის დროს ვინმესგან გადაწერას. ეს იყო ერთი პლუსი.
მეორე პლუსი: დასხდნენ და ეს 20 ამოცანა გადაღეჭეს, კითხვები დასვეს, რასაც ნაწილი არ აკეთებს და სულ სხვანაირად ცდილობს გამოძვრეს სიტუაციიდან. ამ შემთხვევაში შანსი გაუჩნდათ, რომ თავისთვის კარგი ტესტი შეადგენინოს მასწავლებელს და მერე კარგი ნიშანი მიიღოს – ამ შემთხვევაში გაიგოს ათიდან რამდენს ამოხსნის. ამიტომ დაიწყეს ყველა ამოცანის დეტალური გარჩევა. მეც მეტი რა მინდოდა, ვიმუშავეთ და მოინიშნეს თავისთვის ეს ათი ამოცანა. იყო კითხვები – შეიძლება ორი ჩიტი დავუსვა იმას, რომელიც ძალიან მომწონს? ეს კითხვა მას შემდეგ გაჩნდა, როცა ვუთხარი, რომ ათი კი არა, მეტი მონიშნეთ, მეტი იმიტომ, რომ რომელშიც შეიძლება შეცდომა გქონდეთ იმას არც ჩაგისვამთ-მეთქი. ეს უკვე მეორე ეტაპი იყო, ვინაიდან პირველ ეტაპზე, იმ ათში სადაც პასუხები დაწერეს, დავინახე რეალურად მართლა ვის რა შეუძლია. შესაბამისად, რეალურად ჩვენ შემაჯამებელი წერა დავწერეთ ისე, რომ არც არავის არავისგან გადაუწერია, ყველამ მოინდომა, რომ ამოეხსნა, პასუხები დაუწერეს და დავინახეთ [შედეგი]. ოღონდ ზეწოლა არ იყო მშობლის, ზეწოლა არ იყო სკოლის მხრიდან, ნიშანზე აქცენტირება. დასხდნენ, ის ათი ამოცანა, რომელიც მოსწონდათ ამოხსნეს, ჩიტები დაუსვეს და ჩამაბარეს. გავასწორე და დავუბრუნე და ვუთხარი – ახლა მე ოცივე ამოცანას გავარჩევ თქვენთან ერთად კიდევ ერთხელ. ორ გაკვეთილს მოვანდომებ, კარგად მოუსმინეთ, თუ სადმე შეცდომა გაქვთ, თუ გინდათ წაშალეთ და X დაუსვით. იქნებ მარტივი გეგონათ და რთული აღმოჩნდა, ან იქნებ, რაც რთული გეგონა ის კიდევ ნახე, რა ადვილად ამოიხსნება.
ე.ი. კიდევ ერთხელ ეს ამოცანები დავამუშავეთ, საბოლოოდ ჩამაბარეს ეს ტესტი და გაჩნდა კითხვები მე რომ სხვა მაქვს მონიშნული და მეორეს სხვა, ყველას ერთნაირი ტესტი გვექნება? აქ, რა თქმა უნდა, მასწავლებლის შრომა ცოტა იმატებს, მაგრამ ნამდვილად ღირს. გავაკეთე ტესტის ორი ვარიანტი, შევცვალე ან კითხვა, ან რიცხვი და ა.შ. გავაკეთე შაბლონები და არეულად [მივაწოდე] ამ მე-6 კლასის მოსწავლეებს.
შემდეგ, ამ ტესტებზე მუშაობის პროცესში მოსწავლეებმა გაიაზრეს ის, რომ გადაწერა პრაქტიკულად შეუძლებელია, იმიტომ, რომ ვისთან მესამე ამოცანა იყო და ვისთან მეშვიდე, ვისთან რიცხვი იყო შეცვლილი და ვისთან რა. ვარიანტები არ იყო. არ ველოდი ასეთ შედეგს, რომ წერის პროცესში ბავშვები ერთმანეთს საერთოდ არაფერს ეკითხებოდნენ, იმიტომ რომ მიხვდნენ, ამას აზრი არ ჰქონდა. მიხვდნენ, რომ პირიქით, უარესი მოხდებოდა და ვიღაცისგან გადაწერა შეცდომა ყოფილიყო. ძალიან მაგარი შედეგი მომცა ამან, ცოტა მეტი დრო წაიღო, რა თქმა უნდა, გასწორებამ, ვინაიდან შაბლონი არ გიდევს წინ, საერთო და იქიდან არ ამოწმებ, უბრალოდ რამდენიმე შაბლონში მომიწია ყურება, დრო მეტი წაიღო, მაგრამ შედეგი ძალიან მაგარი დადგა. არ ვამბობ, რომ კლასიდან ყველამ ათი ან ცხრა ამოხსნა. იყვნენ ისეთები, ვინც ათიდან ექვსი, ხუთი ან შვიდი ამოხსნა, ეს არ ნიშნავს, რომ 100%-იან შედეგზე გავდივართ, მაგრამ მოხდა ის, რომ თავისი მაქსიმუმი დადო. მოხდა ის, რომ მათ ამ ამოცანებზე იმუშავეს. ბავშვები, რომლებიც მაგალითად 2 და 3 ამოცანას ხსნიდნენ და თითქმის არაფერს წერდნენ, ნაწვალები ჰქონდათ, იმიტომ, რომ ამდენი ჰქონდათ ნამუშევარი ამ ამოცანებზე და მართლა მოსმენილი.
მოსწავლეებთან ერთად გარჩევის პროცესი
შედეგების შემდეგ, სამომავლოდ, როცა ვარჩევდით, ამ პროცესში ჩვენ დავინახეთ, რომ პირველი რაც მათ იკითხეს – სადაც გასმულია აქ რა ხდება, ეს შეცდომაა? მიიღეს პასუხი, რომ კი, შეცდომაა. პასუხი თუ სწორი არ არის, ე.ი. მორჩა ხომ? ვეუბნები, რომ დიახ, ჩვენ ხომ ასე ვართ შეთანხმებული, ათიდან გავაკეთე 6, ეს არის შეთანხმება. მაგრამ ვუთხარი – საქმე იმაშია, რომ სამი საფეხური იყო, ორი გავლილი გაქვს და ბოლო ეტაპზე შეგეშალა, ნიშნები რომ იწერებოდეს-მეთქი, მე ხომ ნახევარ ქულას მინიმუმ მოგცემდი და ანუ, ოთხი რომ შეგეშალა ორ ქულას ხომ აიღებ და რვიანი გამოგივიდოდა-მეთქი. აი, მანდ იყო უკვე, რომ თქვეს – ნეტავ ნიშნები ყოფილიყო, რა კარგი იქნებოდა, რვიანს მივიღებდი.
როგორია დასკვნა და ამ მიდგომის განვითარების შესაძლებლობა
ე.ი. თუ დავბრუნდებით უკან, სემესტრის დასაწყისში იყო ის, რომ თქვენ ნიშნებს არ წერთ? და ახლა გამოვიდა, რომ ნეტავ ნიშნები ყოფილიყო. მშობელთან ინფორმაცია მაინც მიდის. მე არ ვამბობ, რომ ეს [მიდგომა] ყველაფერს ასე იდეალურად მოერგება, მაგრამ ფიქრი და ამის განვითარება შეიძლება. მაგალითად პროცენტებზე გადავალთ და გავამრავალფეროვნებ ამ იდეას.
რა მოხდა ამით, მოხდა ის, რომ მშობლის [დამოკიდებულება] – აბა, რა მოხდა, აბა, ნიშანი, აბა, როგორ იქნება საქმე, ეს ზეწოლა მოიხსნა. მოხდა ის, რომ მართლა მოემზადნენ, იმის ხარჯზე არ იყვნენ, რომ საიდანმე გადაეწერათ. მიხვდნენ, რომ გადაწერა უკვე გამორიცხულია. აქ, რა თქმა უნდა, არის ის, რომ მაინც ვერ მიიღო ათიანი ყველამ, მაგრამ მერე რა?! თავისი საუკეთესო შედეგი თითქმის სუყველამ აჩვენა, ვინც ხუთს ელოდებოდა, იმან 6,7 გააკეთა. ეს მოსალოდნელიც იყო, იმიტომ, რომ თავისი არჩეული, ის ამოცანები გააკეთა, რომლებიც მას უნდოდა. მე რომ თავიდანვე ასეთი შედეგის მოლოდინი მქონოდა, კიდევ უფრო მარტივს გავაკეთებდი, რომ უფრო მაღალი შედეგები ჰქონოდათ და უფრო მეტად მოსწონებოდათ, ან ნელ-ნელა მივიდოდი იქამდე, რომ გამერთულებინა.
მოკლედ, რომ შევაჯამოთ ჩვენი შეხვედრა, ნიშანი დღესდღეობით არის პრობლემა, არის ხელის შემშლელი, არის ბავშვების ფსიქიკის დამაზიანებელი და აუცილებელია არა სისტემის შეცვლა, არამედ ისეთი რაღაცების მოფიქრება, რომ მშობელიც მივახვედროთ, არ შეიძლება ასე კეთება და ზეწოლა და ბავშვებსაც მოვუხსნათ ის პრობლემა, რომ ეს ნიშანი – ათიანი არ არის იდეაფიქსი, მე საკუთარ თავთან უნდა ვიმუშაო და უნდა განვვითარდე. რაღაცნაირად შეიცვლება დამოკიდებულება ნიშნის მიმართ, იმიტომ, რომ არ შეიძლება ნიშანი იყოს მხოლოდ და მხოლოდ სასჯელი და არა ის, რაც არის მისი მთავარი ფუნქცია, რომ გვითხრას სად ვართ, ეტაპობრივად განვითარების, სწავლა-სწავლების პროცესში სად ვიმყოფებით.
ასევე იხილეთ:
-
„შედეგი, საქმიანობა, მართვა, ნება, ჩვენ“ – განათლების სისტემის პრობლემების საფუძვლები by ARIS.GE-განათლება
-
სტუდენტების, აკადემიური პერსონალისა და მკვლევრების გაცვლა – როგორ ითანამშრომლებენ ყაზახეთი და საქართველო განათლების მიმართულებით by ARIS.GE-განათლება
-
„თებერვლის ბოლოდან ყურადღებით იყავით“ – როდის დაიწყება გამოცდებისთვის რეგისტრაცია 2025 წლის აბიტურიენტებისთვის by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე