GE

დიმიტრი შაშკინი უფასო ფაკულტეტებისთვის გამოყოფილი თანხებით სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის სწავლის დაფინანსებას ითხოვს

„იმის გამო, რომ გიორგი მარგველაშვილი იყო ერთადერთი დასაქმებული ფილოსოფოსი, უნდოდა, რომ უფრო მეტი ფილოსოფოსი ყოფილიყო ქვეყანაში და შემოიღო უფასო ფაკულტეტები“, აცხადებს განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი და ქვეყანაში სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობის ყოველწლიურად ზრდაზე საუბრობს.

ამ განცხადებით ის მიხეილ ბატიაშვილს ეხმაურება, რომელმაც მომავალი წლიდან ე.წ. უფასო ფაკულტეტების გაუქმება დააანონსა. შაშკინი განათლების მინისტრს იმ რეკომენდაციებით მიმართავს, რომელსაც მისი თქმით, პრაქტიკაში საკუთარი მინისტრობის დროს იყენებდა.

„საქართველში დღეს არის 54 ათასი სტატუსშეჩერებული სტუდენტი, როცა 2011-2012 წლებში, ჩემი მინისტრობის დროს, ეს რიცხვი 4 ათასს შეადგენდა. ამის გამოსწორება, რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ შესაძლებელი. პირველ რიგში განათლების სამინისტრომ უნდა შეწყვიტოს ფულის ხარჯვა თავის თავზე; 7 წელი რომ აფინანსებდნენ უფასო ფაკულტეტებს უნივერსიტეტებში, ეს საკმარისი თანხაა, რათა ყველა ამ სტუდენტს  დაეფაროს მთლიანად სწავლის გადასახადი და მეორე, შეიქმნას  სოციალური დახმარების ფონდები უნივერსიტეტებში, რომლებიც დაეხმარება თავის სტუდენტებს საყოფაცხოვრებო პრობლემების გადაჭრაში.“

„ისმის კითხვა, ახლა თუ უნდა გავაუქმოთ უფასო ფაკულტეტები, მაშინ წლების განმავლობაში რატომ ვხარჯეთ ამაზე ფული? უფასო ფაკულტეტები ხომ გიორგი მარგველაშვილის მინისტრობის დროს შეიქმნა, რადგან ის იყო ფილოსოფოსი და ერთადერთი ფილოსოფოსი, რომელიც დასაქმდა ივანიშვილის მიერ, მას უნდოდა რომ უფრო მეტი ფილოსოფოსი ყოფილიყო და შექმნა უფასო ფაკულტეტები, მაგალითად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოსოფიის უფასო ფაკულტეტი“, – აღნიშნა დიმიტრი შაშკინმა.

ა.წ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური