დისტანციური თუ ტრადიციული სწავლება – რომელი მოდელი აირჩიეს განვითარებულმა საგანმანათლებლო სისტემებმა და რატომ
2020 წლის პანდემიის დროს, თითქმის ყველა ქვეყანამ საშუალო სკოლები და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები დისტანციურ სწავლებაზე გადაიყვანა. პროგრესულმა და ტექნოლოგიურად განვითარებულმა საგანმანათლებლო სისტემებმა, რომლებიც ხარისხიან სწავლებას პანდემიამდე უზრუნველყოფდნენ, მოსწავლესა და მის ინტერესებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. სწორედ ამიტომ, სწავლების საგანგებო რეჟიმზე გადასვლა მათ უფრო ეფექტურად შეძლეს.
გაზაფხული ბევრი საგანმანათლებლო სისტემისთვის ცხელი გამოდგა, ვინაიდან მათ უამრავი გადაწყვეტილების მიღება საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში მოუხდათ. დადგა ზაფხული. მანამ, სანამ სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები ისვენებენ, სახელმწიფო ორგანოებსა და საგანმანათლებლო ორგანიზაციებს ახალი სასწავლო წლისთვის მოსამზადებელი დრო აქვთ. მოდით ვნახოთ ცოდნის გადაცემის რომელი მოდელები აირჩიეს განვითარებულმა საგანმანათლებლო სისტემებმა და რატომ.
განათლება და ცოდნის გადაცემა ფორმალურ სისტემაში სამ ფორმატში არის წარმოდგენილი: ტრადიციული, დისტანციური და შერეული. ყველა ფორმატს სხვადასხვა სახელწოდება აქვს. მაგალითად, ტრადიციულს – დასწრებულს, შერეულს – ჰიბრიდს, დისტანციურს, კი ონლაინ ან е-learning უწოდებენ.
სწავლების ტრადიციული ,,უნივერსალური“ მოდელი იმ ფორმატში, რომელითაც ჩვენ მას ახლა ვიცნობთ, ევროპაში XVIII საუკუნეში წარმოიქმნა და პანდემიის დაწყებამდე სკოლების უმრავლესობაში იყო წარმოდგენილი. ამ ფორმატში მასწავლებელი მოსწავლეებთან პირადად ურთიერთობს და ციფრულ შესაძლებლობებს პრაქტიკულად არ იყენებს.
დისტანციურმა სწავლებამ აქტიურად განვითარება 2000 წლიდან მას შემდეგ დაიწყო, რაც ინტერნეტი ხელმისაწვდომი ბევრი ადამიანისთვის გახდა. ის ფართოდ არის წარმოდგენილი ფორმაში MOOCs (Massive Open Online Course) ისეთ პლატფორმებზე, როგორიცაა Khan Academy, Coursera, EdX, Udemy. ბოლო ათწლეულის განმავლობაში სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში ტრადიციული სწავლის მეთოდთან ერთად გამოიყენება.
შერეული სწავლება საკუთარ თავში დასწრებულ ფორმატსა და ონლაინ რესურსების (ვიდეო, პრეზენტაციები, სხვა ციფრული რესურსები) აერთიანებს. გარდა ამისა, მასში მოსწავლეზე ორიენტირებული წამყვანი პრაქტიკები, მათ შორის პროექტების მომზადება, ინდივიდუალიზირებული და პრობლემის გაწყვეტის გზით სწავლება გამოიყენება.
მრავალრიცხოვანი საერთაშორისო კვლევების თანახმად, ყველაზე ეფექტურად შერეული ან ჰიბრიდული ტიპის სწავლება ითვლება. ამ დროს მოსწავლეები XXI საუკუნის უნარებს (კრიტიკული აზროვნება, გუნდური მუშაობა, კომუნიკაციები და სხვა), რომლის დროსაც მოსწავლე ცოდნის მიმღებიდან, საგანმანათლებლო პროცესის აქტიურ მონაწილედ იქცევა. კვლევებმა დაადასტურა, რომ შერეული სწავლება ამაღლებს მოსწავლეების ცოდნას, აუმჯობესებს მათ დისციპლინასა და სკოლისადმი დამოკიდებულებას. ასევე ის მომგებიანი ფინანსური თვალსაზრისითაც არის.
რატომ არ შეუძლია ონლაინ სწაველბას მასწავლებლებისა და დასწრებული სწავლების შეცვლა? იმიტომ, რომ სწავლების პროცესი და ცოდნის გადაცემა პერსონალურ გამოცდილებას წარმოადგენს. ის მაქსიმალურად ეფექტური მაშინ არის, როდესაც ადამიანს პირადი ურთიერთობისას გადაეცემა. ბევრს ახსოვს საუკეთესო მასწავლებლები, რომლებმაც მონაწილეობას ჩვენი პიროვნების ჩამოყალიბებაში იღებდნენ. შეიძლება სწორედ ამა თუ იმ პედაგოგის სიყვარულმა შეგვაყვარა მისი საგანი, სწორედ ამიტომ კომპიუტერები ნამდვილ მასწავლებელს ბოლომდე ვერასდროს შეცვლიან.
ამ მიზეზით ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც საგანმანათლებლო საკითხებს არა ცენტრალურ, არამედ შტატებისა და მუნიციპალიტეტების დონეზე განიხილავენ, სწავლების ჰიბრიდული ფორმატის გამოყენება გადაწყვიტეს. შტატისა და კონკრეტული სკოლის მიხედვით, მისი რეალიზაცია სხვადასხვანაირად გამოიყურება. მაგალითად, მიჩიგანის შტატში სკოლა კვირაში ორ დღეს იმუშავებს. დანარჩენ დღეებში ბავშვებს ონლაინ გაკვეთილები ჩაუტარდებათ. ამგვარად კლასში მოსწავლეები რაოდენობა შემცირდება და სოციალური დისტანციის ნორმებიც იქნება დაცული. რაც შეეხება უმაღლეს სასწავლებელს, აქ ზოგ საგანს ონლაინ ან ჰიბრიდულ ფორმატში, ზოგს კი ტრადიციულ რეჟიმში ასწავლიან.
ბევრი მკვლევარი განათლების სფეროში, ფსიქოლოგები და წამყვანი უმაღლესი სასწავლებლების პედაგოგები (მაგალითად ჰარვარდი) თვლიან, რომ ,,ბავშვების სკოლაში დაბრუნება ნაციონალური პრიორიტეტი უნდა გახდეს“. ეს მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ბავშვების სოციალურ-ემოციური და აკადემიური განვითარებისთვის არის, არამედ მთელი ერის ეკონომიკის წინსვლისთვის. სწორედ საგანმანათლებლო სისტემამ უნდა შეძლოს სოციალურ უთანასწორობის განეიტრალება და ყველასთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა.
მაგალითად, ნიდერლანდებმა, ფინეთმა და დანიამ სასწავლო პროცესი ჯერ კიდევ აპრილ-მაისში განაახლეს. კლასებში მოსწავლეთა რაოდენობა ორჯერ შემცირდა, ზოგი გაკვეთილი კი სუფთა ჰაერზე ტარდებოდა. სასწავლო პროგრამა ახალი რეალობის შესაბამისად შეიცვალა, მოსწავლეებს მეტი თავისუფლება მიეცათ. და მათ სოციალიზაციას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო. ფინეთში გაკვეთილებზე დასწრების ნებართვა თავიდან უმცროსი, შემდეგ კი უფროსი კლასის მოსწავლეებს მისცეს. ამ ქვეყნებში და ასევე ავსტრიაში, ტაივანსა და სინგაპურში სკოლების გახსნის გამოცდილება აჩვენებს, რომ სასწავლო პროცესის განახლებასთან ერთად , ინფიცირებულთა რაოდენობა არ გაზრდილა. ასევე აღსანიშნავია, რომ სწავლების ხარისხი, დისტანციურთან შედარებით, მკვეთრად გაუმჯობესდა. ნათელია, რომ ამ ქვეყნებმა წინასწარ მოამზადეს საგანმანათლებლო სისტემები და სანიტარული ნორმების მაქსიმალურად უზრუნველყოფა შეძლეს.
მოამზადა თეა ინაშვილმა
წყარო: forbes.kz