GE

ერთადერთი სასწავლებელი საქართველოში, რომელიც ექსკლუზიურ განათლებას იძლევა – „სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის“ თავგადასავლები

ერთადერთი და გამორჩეული – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს მოკლედ „სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა“, რომელსაც საგანმანათლებლო ბაზარზე ექსკლუზიური ნიშა უკავია. სწორედ ეს სკოლაა ერთადერთი, რომელიც საქართველოში პროფესიონალ გიდებსა და გამყოლებს ამზადებს.

სფერო სწრაფად იზრდება და შესაბამისად იზრდება მოთხოვნა სათანადო ცოდნითა და უნარებით აღჭურვილ კადრებზეც. ბაზარზე კი მუდმივი დეფიციტია, შესაბამისად, სკოლაში აცხადებენ, რომ მათ არც ერთ სტუდენტსა და კურსდამთავრებულს არ გასჭირვებია დასაქმება. მეტიც, ისინი შემოთავაზებებს ვერ აუდიან. ანაზღაურება კი ამ სფეროში საკმაოდ მსუყეა.

EDU.ARIS.GE სკოლის დირექტორს, გიორგი მაღლაკელიძესა და მის მოადგილეს, არჩილ ცინცაძეს ესაუბრა. ისინი უკვე 25 წელია აღნიშნული საქმით არიან დაკავებულები და სფეროს ნაკლოვანებებსა და საჭიროებებზე დეტალურ ინფორმაციას ფლობენ.

რას ისწავლით „სათავგადასავლო ტურიზმის სკოლაში“

„სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა“ 2016 წლის 8 აგვისტოს „საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაციის,“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ მიერ დაფუძნდა.   2016 წლის23 სექტემბერს სკოლამ ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიიღო და ამავე წლის შემოდგომაზე მიღება ორ სასწავლო პროგრამაზე გამოაცხადა.

ამ მომენტისათვის კოლეჯში ორი საგნობრივი პროგრამა მოქმედებს -საფეხმავლო გიდი და სამთო გიდი. აგრეთვე სასერტიფიკატო პროგრამები – ალპური გიდი, სათხილამურო გიდი, სასიმაღლო სამუშაოების სპეციალისტი და სათხილამურო მასწავლებელი.

იქიდან გამომდინარე, რომ სულ მალე საგნობრივი პროგრამები უქმდება, საფეხმავლო გიდის პროგრამა სასერთიფიკატო კურსად გადაკეთდება. სამთო გამყოლის პროგრამა კი მოდულურ პროგრამად შემუშავდება, ვინაიდან ეს ყველაზე დიდი სპეციალობაა, რომელიც თავის თავში აერთიანებს ყველა სახეობის გიდს. სამომავლოდ იგეგმება კიდევ რამდენიმე პროგრამის დამატება – საწყლოსნო სპორტის გიდის, სპელეო-გიდისა და კანიონის გიდის კურსები.

2016 წლის  სექტემბერში სკოლამ ათასწლეულის გამოწვევის ფონდის გრანტი მოიპოვა, რომლის ფარგლებშიც, 2 წლის განმავლობაში გადამზადდა 125 სათხილამურო ინსტრუქტორი, 15 სათხილამურო გიდი, რამდენიმე ალპური,15 სამთო და 30 საფეხმავლო გამყოლი, 4 პროფესიული პედაგოგი და სასიმაღლო სამუშაოების სპეციალისტები. ჯამში, სხვადასხვა დარგის 200-მდე სპეციალისტი.

რაც შეეხება პროგრამების ხანგრძლივობას, ყველაზე მცირეხნიანი სასერტიფიკატო პროგრამა 2 კვირიანია (პირველი დონე). სხვადასხვა დონეზე სწავლების სხვადასხვა ხანგრძლივობაა. ზოგიერთი კურსი ერთწლიანია, ზოგი კი 2 წლიანი.

სასწავლებლის პროგრამებზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა. შესაბამისად კონკურსი მაღალია. აქ ერთ ადგილზე 3 მსურველი მოდის. აღნიშნული პროფესიები საკმაოდ პოპულარულია გოგონებში. კოლეჯში განმარტავენ, რომ ჯგუფების 50 %-ს სწორედ გოგონები შეადგენენ, რაც მათ ძალიან ახარებთ.

„მათ ანალოგიურად მოეთხოვებათ ყველაფერი. როგორც მამაკაცმა გამყოლმა უნდა შეძლოს ნაპრალში ჩავარდნილი ტურისტის თოკით ამოყვანა, ისე უნდა შეძლოს გოგონამაც. ამ მხრივ არანაირი შეღავათი არ უწესდებათ და არც საჭიროებენ, რადგან ძალიან მომზადებულები და მობილიზებულები არიან. მათი აქტიურობა თვალსაჩინოა,“ – დასძენენ სასწავლებელში.

სწავლების ეტაპი “სათავგადასავლო ტურიზმის სკოლაში”

სასწავლო კურსი შედგება თეორიული და პრაქტიკული ნაწილისაგან, თუმცა პრაქტიკას  80 %-ზე მეტი ეთმობა. შეუძლებელია კურსის დონეებზე გადანაცვლება სათანადო რაოდენობის პრაქტიკული სამუშაოს გავლის გარეშე.

რაც შეეხება თეორიულ ნაწილს, სტუდენტები სწავლობენ უცხო ენას, საქართველოს მხარეთმცოდნეობას, პირველადი დახმარების გაწევას, ორიენტირებას, ნავიგაციას, რუკების კითხვას, კომპასის ხმარებას, ქცევის კოდექსს, როგორი უნდა იყოს გიდი, რის გაკეთება შეუძლია, ან არ შეუძლია, რა ვალდებულებები აქვს და ა.შ.  თეორიული სწავლება პრაქტიკული სწავლების პარალელურად, საველე პირობებში მიმდინარეობს. ამ თეორიულ ბლოკს ყველა სპეციალობა გადის სასიმაღლო სამუშაოების კურსის სტუდენტების გარდა.

„გერმანიაში ეს სწავლება 17-20 ათასი ევრო ჯდება, შვეიცარიაში – 40 ათასი ფრანკი. საქართველოში კი უფასოა. სტუდენტები მხოლოდ მგზავრობისა და პრაქტიკებზე ღამის გასათენებელი ადგილის ფულს იხდიან, რაც ხარჯების 1 %-ს შეადგენს. გუდაურში, ისევ მილენიუმის დახმარებით, ბაზაც  ავაშენეთ, რომელიც 40 ადამიანზეა გათვლილი. იქ ცხოვრება არაფერი უჯდებათ. ესეც ძალიან დიდი შეღავათია,“ – ამბობს არჩილ ცინცაძე.

სკოლა მუდმივად თანამშრომლობს უცხოელ პარტნიორებთან. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში სფეროს სპეციალისტების დეფიციტია, სასწავლებელს მუდმივად უწევს უცხოელი ტრენერების მოწვევა. ეს საკმაოდ ძვირი ჯდება, რაშიც სასწავლებელს სახელმწიფოს, ან დონორების დახმარების იმედი აქვს. აქტიურად იზიარებენ უცხოელი, უფრო გამოცდილი პარტნიორების გამოცდილებასაც.

დასაქმება საქართველოსა და უცხოეთში

სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა  თანამშრომლობს შემომყვანი ტურისტული კომპანიების ასოციაციებთან, ტურისტულ სააგენტოებთან, რომელთათვისაც სკოლის კურსდამთავრებულები სასურველი კადრები არიან.

„ბაზარზე ასეთი სპეციალისტების დიდი დეფიციტია. ჩვენი კურსდამთავრებულები, აბსოლუტურად ყველა, ძალიან დაკავებულია. არ ყოფილა შემთხვევა, რომ ვინმეს სამსახურის შოვნა გასჭირვებოდა. იმდენად მაღალია მოთხოვნა, რომ შეუძლებელია ვინმეს ეს  გაუჭირდეს. ამ სფეროში ბევრი თვითდასაქმებულია და ძალიან დაკავებულები არიან. ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როცა ჩვენ დაგვჭირდა  მათი დახმარება, მაგრამ  ვერ შეძლეს, რადგან არ ეცალათ,“ – ამბობს გიორგი მაღლაკელიძე.

მათივე თქმით, საკმაოდ მაღალია ანაზღაურებაც. გიდების დღიური შემოსავალი 150 ლარსაც აჭარბებს.

„ჩვენ მიერ მომზადებული კადრების მიმართ საოცრად მაღალი ნდობაა. როდესაც ტურისტები ეძებენ გიდს და ჩვენ ვეუბნებით თუ რა სტანდარტებით არიან გადამზადებულები ჩვენი სტუდენტები, მათ აღარანაირი კითხვა აღარ რჩებათ. იხდიან საკმაოდ მაღალ თანხას, რადგან იციან, რომ ხარისხი გარანტირებულია.

„ჩვენს გიდებს ჰყავთ სტაბილური კლიენტები, რომლებიც ხშირად ჩამოდიან, ან რეკომენდაციას უწევენ თავიანთ მეგობრებთან. შესაბამისად მათ კი არ სჭირდებათ სამუშაოს ძებნა, არამედ აქეთ იღებენ შეთავაზებებს და როგორც უკვე აღვნიშნეთ, მუდმივად დაკავებულები არიან. თანაც, ჩვენი სტუდენტების დიდი ნაწილი რეგიონებიდან არიან, რომლებიც თავიანთ სოფლებშივე ცხოვრობენ და  იქვე მუშაობენ. ტურისტები მათ ადგილზე  აკითხავენ და სამუშაოს სთავაზობენ.

„ევროპაში არსებობს სპეციალური ბარათი. თუ ადამიანი მას ფლობს, შეუძლია ყველგან იმუშაოს ევროპის მასშტაბით. ამ მომენტისათვის ჩვენ უკვე ვართ გიდების საერთაშორისო ასოციაციის კანდიდატი წევრები, 2020 წელს კი სრულუფლებიანი წევრები გავხდებით.  რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ნებისმიერ კურსდამთავრებულს ექნება აღნიშნული ბარათი, რაც მათ კვალიფიკაციას დაადასტურებს და შედეგად მსოფლიოს 24 ქვეყანაში შეეძლებათ მუშაობა, როგორც გიდებს.  ამ საბუთის მქონე ადამიანებს ნებისმიერი ქვეყანა სიხარულით მიიღებს,“ – დასძენს არჩილ ცინცაძე.

რა მნიშვნელობა აქვს პროფესიულ განათლებას საქართველოს რეალობისთვის?

„სასიცოცხლო მნიშვნელობისაა“ – ასე პასუხობს კითხვას პროფესიული განათლების მნიშვნელობის შესახებ გიორგი მაღლაკელიძე და ამბობს, რომ ამ სფეროს ხელშეწყობა სახელმწიფოს უპირველესი საზრუნავი უნდა იყოს.

„რეალობას შევხედოთ – პროფესიული განათებით მეტი ადამიანია დასაქმებული და უფრო მაღალანაზღაურებად პოზიციებზე, ვიდრე აკადემიური განათლებით. ყველა სფეროში შეიმჩნევა კვალიფიციური კადრების დეფიციტი. მუშახელისაც კი.  საქართველოს მოსახლეობის 70 % დიპლომირებულია, მაგრამ სპეციალისტები არც ერთ დარგში არ გვყავს.

„ამაში მენტალიტეტიცაა დამნაშავე, წარსულის გადმონაშთი მოსაზრებებიც – როცა ქალი ისე ვერ თხოვდებოდა დიპლომი  თუ არ ჰქონდა. 90-იან წლებში კი საქართველოში პროფესიული განათლება მთლიანად ჩამოიშალა. ახლა ცვლილება ნამდვილად შეიმჩნევა. მენტალიტეტი იცვლება. ჩვენი სტუდენტები ამაყობენ თავიანთი სასწავლებლით –  ფესტივალებზე თუ სხვა სახის შეკრებებზე სკოლის ბრენდირებული მაისურებით დადიან. პრაქტიკოსების გამოსაზრდელად პროფესიული განათლება შეუცვლელია,“ – აცხადებს  გიორგი მაღლაკელიძე.

სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ ვებ-გვერდზე.

აღნიშნული სტატია მომზადდა ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ (ISWD) მცირე საგრანტო კონკურსის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (www.mcc.gov) მიერ. ინფორმაცია, რომელიც მოცემულია აღნიშნულ გამოცემაში არ წარმოადგენს აშშ-ის მთავრობის, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს პოზიციას.
დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური