28 წლის გოგოს „მამაკაცური“ საქმე – სამთო გამყოლი, რომელმაც პანკისში ტურისტული ბანაკი გახსნა
მანანა ქავთარაძე პროფესიით ეკონომისტი იყო. უნივერსიტეტი საბანკო-საფინანსო მიმართულებით დაამთავრა და ექვსი წელი ერთ-ერთ ბანკშიც იმუშავა. საქმიანობის სფეროს შეცვლა რადიკალურად 28 წლის ასაკში გადაწყვიტა და იდეა წარმატებითაც განახორციელა.
ბავშვობიდან აინტერესებდა მთა, ლაშქრობა, ექსკურსიები. სწორედ ამიტომ, ბანკი მიატოვა და „სათავგადასავლო ტურიზმის სკოლაში“ ჩააბარა. სამთო გამყოლის ერთწლიანი პროგრამა წარმატებით გაიარა და სრულიად ინოვაციური და ამბიციური იდეა – პანკისში ტურიზმის განვითარების შესახებ სისრულეშიც მოიყვანა. გასულ ზაფხულს მეგობართან ერთად პანკისში ტურისტული ბანაკი გახსნა, რომელმაც მოსალოდნელზე მეტი წარმატებით იმუშავა.
ამბობს, რომ პანკისი არის აუთვისებელი რესურსის მხარე, რომელსაც არაჩვეულებრივი ტურისტული პოტენციალი გააჩნია. მისი თქმით, აქ ყველაზე სტუმართმოყვარე ხალხი ცხოვრობს და უცხოელი ტურისტები სიამოვნებითაც სტუმრობენ, განსხვავებით ქართველებისაგან, რომლებიც ამ მხარეს ჯერ კიდევ სტერეოტიპულად უყურებენ და საშიშად მიიჩნევენ. მანანას მთავარი მიზანია ყველას დაუმტკიცოს, რომ ეს ასე არ არის.
28 წლის ასაკში არჩეული ახალი პროფესია
„სათავგადასავლო ტურიზმის სკოლით“ მეგობრის რეკომენდაციის შემდეგ დაინტერესდა. გადაწყვიტა თავადაც ჩაებარებინა. ამის გამო უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო – სამსახურიდან წამოვიდა და სრულიად ახალი ცხოვრება დაიწყო.
ამბობს, რომ მთა მისთვის უსაყვარლესი ადგილია. ბავშვობაში მამასთან და ბიძასთან ერთად დადიოდა. ბანკიდან წამოსვლის შემდეგ კი გადაწყვიტა ჰობი პროფესიად ექცია და თავი მთლიანად ამ საქმისათვის მიეძღვნა. კოლეჯში სამთო გამყოლის პროგრამა აირჩია.
ამბობს, რომ სამსახურის შესახებ შემოთავაზებები სწავლის პერიოდშივე ჰქონდა, თუმცა მან საკუთარი საქმის წამოწყება გადაწყვიტა. ეს გადაწყვეტილება იმანაც განაპირობა, რომ ხედავდა – ბაზარზე კვალიფიციური კადრების მუდმივი დეფიციტია.
იხილეთ სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის სასწავლო პროგრამები
საქმის წამოწყებაში კოლეჯში შეძენილი ცოდნის გარდა საჭირო კონტაქტებიც დაეხმარა. მანანას თქმით, კოლეჯში სწავლამ საშუალება მისცა გაეცნო სფეროში მოღვაწე ფაქტიურად ყველა პროფესიონალი და მათგან შეძლებოდა გამოცდილების გაზიარება.
„პანკისი საშიში არ არის“ …
იდეა – პანკისში ტურიზმის განვითარებისა და იქ ტურისტული ბანაკის გახსნის შესახებ ჯერ კიდევ „სათავგადასავლო ტურიზმის სკოლაში“ სწავლის პერიოდში მოუვიდა და პროექტიც მაშინ დაწერა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოში (USAID) გრანტზე წარადგინა. რამდენიმეთვიანმა განხილვებმა შედეგი გამოიღო და მანანას იდეა დააფინანსეს.
„ამაში დიდი როლი ითამაშა იმან, რომ მე „სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის“ კურსდამთავრებული ვიყავი. გრანტით შევიძინეთ საძილე ტომრები, ჰამაკები და ბანაკისათვის საჭირო სხვა ინვენტარი. პანკისელი მეგობარი მყავს, რომელმაც ადგილი შეარჩია და ერთობლივი ძალებით ბანაკი გავაკეთეთ. ივლისში გავხსენით და სექტემბრის ბოლომდე ვიმუშავეთ,“ – ყვება მანანა.
საქმე კარგად წავიდა და მანანას და მის მეგობარს ხალხის დამატებაც დასჭირდათ – ოთხი ადგილობრივი ქალბატონი სამზარეულოში დაასაქმეს, რომლებიც სტუმრებს ვაინახურ კერძებს სთავაზობდნენ. კოლეჯის კურსდამთავრებულები კი გამყოლებად, რომლებიც ასევე სერტიფიცირებული გიდები არიან.
„ჩვენი სერვისი მოიცავდა კარვებში ღამის გათევას, სადაც დამსვენებლებს უზრუნველვყოფდით ყველაფრით, რაც კი შეიძლებოდა დასჭირვებოდათ – საძილე ტომრებით, პლედებით და ა.შ. საზაფხულო ხის შენობაც ავაშენეთ, სადაც სამზარეულო ფუნქციონირებდა და ტრადიციულ ქისტურ კერძებს ვამზადებდით. სტუმრებს საუზმეს, სადილსა და ვახშამს ვთავაზობდით. ვაქირავებდით ცხენებსაც, გვქონდა როგორც საფეხმავლო, ისე ველო ტურები. პანკისის ხეობიდან ტურისტები გადაგვყავდა თუშეთში, ხევსურეთში და ა.შ.“, – ყვება მანანა.
ტურისტების ნაკლებობას არ უჩიოდნენ. განსაკუთრებით უცხოელების. მანანა ამბობს, რომ სტერეოტიპებისა და არასწორი ინფორმაციის გამო ქართველებს ხშირ შემთხვევაში პანკისში ჩასვლის ეშინიათ. უცხოელები კი სიამოვნებით მიდიოდნენ.
„სიმართლე გითხრათ, ადრე მეც მქონდა არასწორი წარმოდგენა ამ მხარეზე, მაგრამ როცა ჩავედი სრულიად განსხვავებული სიტუაცია დამხვდა. არასოდეს არც ერთ კუთხეში არ მინახავს ასეთი სტუმართმოყვარე და გულღია ხალხი. მე და ჩემი მეგობრები მუდმივად ვცდილობთ ყველას გავაგებინოთ, რომ პანკისი არ არის საშიში.
იხილეთ სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის სასწავლო პროგრამები
„სამწუხაროა, რომ პანკისში ტურიზმის ხელშესაწყობად არაფერი კეთდება. სულ ორიოდე საოჯახო სასტუმროა, რომლებიც ახლახან გაიხსნა. არ არსებობს კაფე, ან რაიმე სხვა გასართობი ადგილი. ამიტომ, როდესაც ჩვენს ბანაკს ხედავდნენ, ყველას უკვირდა, მოდიოდნენ, ინტერესდებოდნენ. ძალიან კარგ ადგილზე ვართ – ალაზანთან, ტყის პირას, ახლოსაა ჩანჩქერიც. სტუმრებს იქვე დაკრეფილი ბალახეულის ჩაის ვთავაზობდი და ძალიან მოსწონდათ. მომდევნო წელს მაისიდან გავხსნით და მეტ ხანს ვიმუშავებთ“, – ამბობს მანანა.
„გოგოს რა უნდა გიდად?!“
იმის გამო, რომ სფერო, რომელშიც მანანაა ჩართული, ადამიანთა ნაწილის მიერ მამაკაცურ სფეროდ მიიჩნევა, ხშირად უწევს არასასიამოვნო კითხვებისა და კომენტარების მოგერიება -„ – გოგოს რა უნდა გიდად?!“,“ რას დადიხარ პანკისში?!“ განსაკუთრებით აკვირვებს ის, რომ მსგავსი კითხვების ავტორები ხშირ შემთხვევაში სწორედ ახალგაზრდები არიან. ზოგს, მძიმე ტურისტული ჩანთის გამო მანანა ეცოდება კიდეც.
„ქალი გიდები არანაირი შეღავათებით არ ვსარგებლობთ. ყველაფერს ისე ვაკეთებთ, როგორც მამაკაცები და ზოგჯერ უკეთაც კი. მუდმივად ვვარჯიშობთ, რათა ფორმაში ვიყოთ. გიდმა არა მხოლოდ თავისი, არამედ საჭიროების შემთხვევაში, ტურისტების ბარგიც უნდა ატაროს. ამისათვის ძალაა საჭირო და მუდმივად მომზადებულები ვართ.
„რომ არა კოლეჯი“…
კითხვაზე, შეძლებდა თუ არა ამ ყველაფერს რომ არა „სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა“ და იქ გატარებული ერთი წელი, მანანა ამბობს, რომ ვერაფერს შეძლებდა, რადგან არ ექნებოდა ცოდნა და სიღრმისეულადაც ვერ შეაფასებდა ტურიზმის სფეროს.
ამბობს, რომ კოლეჯში უამრავი რამ ისწავლა – რუკის კითხვიდან დაწყებული, გარემოს და სფეროს პერსპექტიულობის შეფასებით დასრულებული. ახლა პანკისთან დაკავშირებით დიდი გეგმები აქვს. უნდა, რომ ეს მხარე ტურისტებისათვის ისეთივე მიმზიდველი იყოს, როგორც საქართველოს სხვა კურორტები.
„თავის დროზე ყველა იმ ადგილას, რომლებიც ახლა ძალიან პოპულარულია, ვიღაცამ პირველმა დაიწყო საქმე. იმედია პანკისიც ისეთივე პოპულარული გახდება, როგორც დღეს ჯუთა, სვანეთი, ან რაჭაა. ჩვენი წამოწყებით უკვე დაინტერესდნენ სხვადასხვა გამოცემები – სტატიები დაიწერა, გადაცემაში მიგვიწვიეს, რუსი ჟურნალისტებიც კი გვყავდა სტუმრად“, – ამბობს მანანა.
„ხალხამდე უნდა მივიდეს ინფორმაცია თუ რამდენად პრაქტიკული და რამდენად მომგებიანია პროფესიული განათლება“
სამომავლოდ ის „სათავგადასავლო ტურიზმის სკოლაში“ სწავლის გაგრძელებას აპირებს რათა მისი სამუშაო სეზონური არ იყოს და გამყოლად მუშაობა ზამთარშიც შეძლოს. ამისათვის თხილამურებზე სრიალს უნდა ფლობდეს სათანადო დონეზე, რის სწავლასაც ზამთარში აპირებს, მომდევნო მიღებაზე კი – კოლეჯში კვლავ ჩააბარებს.
პროფესიული განათლების მთავარ პლუსად მას ის მიაჩნია, რომ სტუდენტი სწორედ იმას სწავლობს, რაც პრაქტიკაში დასჭირდება. ამბობს, რომ უმაღლეს სასწავლებელში მიღებული ცოდნა მას ბანკში მუშაობისასაც კი არ გამოდგომია. გაუმჯობესდა მისი შემოსავალიც, რომელიც მუდმივად მზარდია.
მანანას აზრით, ქვეყანაში პროფესიული განათლება პრიორიტეტი უნდა იყოს. მიიჩნევს, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს რათა პროფესიული განათლებაც ასეთივე პრესტიჟული გახდეს, როგორიც აკადემიური განათლებაა.
იხილეთ სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის სასწავლო პროგრამები
„ხალხამდე მივიდეს ინფორმაცია თუ რამდენად პრაქტიკული და რამდენად მომგებიანია პროფესიული განათლება. ჩემი ძმა ერთ-ერთ უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობებს სწავლობს. ამავდროულად კულინარია აინტერესებს და სულ ვეუბნები, რომ კოლეჯში ჩააბაროს, კარგი შეფ-მზარეული გახდეს, გაცილებით სწრაფადაც დასაქმდება და მაღალი ანაზღაურებაც ექნება. იგივეს ვეუბნები ყველას. თუ მოტივირებულები არიან და მართლა უნდათ სწავლა, ყველაფერს შეძლებენ“, – მიიჩნევს მანანა.