GE

ეს სამი უნივერსიტეტი იურიდიულ ფაკულტეტზე პირველკურსელებს აღარ მიიღებს – განათლების მინისტრის პასუხი

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა დღეს, 1-ელ დეკემბერს, ის სამი სახელმწიფო უნივერსიტეტი დაასახელა, სადაც იურიდიულ ფაკულტეტზე სტუდენტების მიღება აღარ გამოცხადდება.

მინისტრს ასეთ კითხვაზე მოუწია პასუხის გაცემა: მაგალითით რომ ვიმსჯელოთ, 1 ქალაქი 1 ფაკულტეტი ნიშნავს თუ არა, რომ თუ იურიდიული იქნება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (TSU), სხვა უნივერსიტეტს ეს ფაკულტეტი აღარ ექნება?

“ტრადიციულად, იურიდიული ფაკულტეტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიქმნა და ფუნქციონირებდა, ამიტომ, დიდი ალბათობით,…” – ასე დაიწყო გივი მიქანაძემ კითხვაზე პასუხი და განაგრძო, რომ მას შემდეგ, რაც მთავრობამ უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფცია დაამტკიცა, ის ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს, დღემდე კი არცერთ სახელმწიფო უნივერსიტეტთან არ ჰქონიათ მსჯელობა, რომელი ფაკულტეტი რჩება მათთან და რომელი გადადის პროფილურ უნივერსიტეტში. ამიტომ, გადაწყვეტილების გამოცხადებამდე 19-ვე უნივერსიტეტთან უნდა იმსჯელონ და მათგან მიიღონ ინფორმაცია. თუმცა მთავრობის წევრმა თსუ-ის მაგალითი მაინც მოიყვანა და იურიდიული ფაკულტეტის შემთხვევაში ის სამი უნივერსიტეტი დააკონკრეტა, რომლებიც პირველკურსელებს ამ ფაკულტეტზე აღარ მიიღებენ:

“ჩვენ ვთქვით და განვაცხადეთ, რომ როგორც წესი, ტრადიციული მიმართულების ფაკულტეტები იქნება შესაბამის უნივერსიტეტებში – ეს ერთი და ასევე ვთქვით, რომ რეგიონულ უნივერსიტეტებზე გვექნება შედარებით უფრო ვიწრო პროფილური მიდგომა, რაც გულისხმობს ძირითადად პედაგოგიური, აგრარული, სავარაუდოდ, ტურისტული მიმართულებების განვითარებას, თუმცა, შეიძლება, ამ მოლაპარაკებების შედეგად, მხოლოდ ამით არ შემოვიფარგლოთ. ეს პროცესი მხოლოდ ახლა იწყება. რაც შეეხება ერთი ფაკულტეტი ერთი ქალაქის პრინციპს, რომ ავიღოთ იურიდიული ფაკულტეტის მაგალითი, თუ იურიდიული ფაკულტეტი დარჩება სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის თბილისში, პირველკურსელების მიღება აღარ მოხდება სოხუმის უნივერსიტეტში, ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ილიაუნიში, რომლებსაც ასევე აქვთ იურიდიული ფაკულტეტები. მაგრამ ის სტუდენტები, რომლებიც დღეს ამ სამ უნივერსიტეტში სწავლობენ, მათ ექნებათ შესაძლებლობა, ბოლომდე ისწავლონ ამ ფაკულტეტზე და მიიღონ დიპლომები. შესაბამისად, არავინ ფაკულტეტს არ აუქმებს, უბრალოდ, პირველკურსელების მიღება ამ ახალი სისტემით გადავა იმ პროფილურ უნივერსიტეტებში, რომლებიც უნივერსიტეტებთან შეხვედრების შედეგად განისაზღვრება”, – განაცხადა გივი მიქანაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში.

განათლების მინისტრის თქმითვე, იმ სტუდენტებს, ვინც დღეს სხვადასხვა უნივერსიტეტში პირველ ან მეორე კურსზე სწავლობს და სურვილი ექნება, რომ პროფილურ უნივერსიტეტში გადავიდეს, ამას კონკურსის გარეშე შეძლებს:

“ჩვენ ვაპირებთ გავხსნათ კონკურსგარეშე მობილობა და იმ შემთხვევაში, თუკი ახალგაზრდებს ექნებათ სურვილი, რომ უკვე ამ ეტაპზევე გადავიდნენ იმ პროფილურ უნივერსიტეტებში, სადაც ეს კონკრეტული ფაკულტეტები გადანაწილდება, მათ კონკურსის გარეშე შეეძლებათ გადასვლა”.

ასევე იხილეთ:

მთავრობამ უმაღლესი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფცია დაამტკიცა – ცნობილია, რა სამუშაოები დაიწყება

მაგისტრატურა ზოგ შემთხვევაში 1, ზოგში კი 2-წლიანი იქნება – განათლების მინისტრისა და მოადგილის ახალი განმარტებები

განათლების მინისტრი ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციას 2 დეკემბერს წარადგენს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური