თუკი ერთ წინადადებაში ვიტყვით, აკადემიაში იუნკერობის მსურველი მიიღებს სახელმწიფოსგან სრულად დაფინანსებულ სწავლას, სწავლების მაღალ ხარისხს, სტიპენდიას, ჯანმრთელობის დაზღვევას. აკადემია უზრუნველყოფს იუნკერის ცხოვრებასა და კვებასაც კი.
– ბატონო მამია, ვის შეუძლია გახდეს იუნკერი და რამდენი აბიტურიენტის მიღების შესაძლებლობა აქვს ერივნული თავდაცვის აკადემიას?
– პირველ კურსზე აკადემიას აქვს შესაძლებლობა მიიღოს 140 იუნკერი.
იუნკერები ხდებიან 24 წლამდე აბიტურიენტები, რომლებიც დარეგისტრირდებიან ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის (ელექტრონულად აპლიკანტები რეგისტრირდებიან მხოლოდ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge) და რეგისტრაციისას აირჩევენ აკადემიის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამებს.
რეგისტრაციის შემდეგ აბიტურიენტებს შემოაქვთ საბუთები მიმღებ კომისიაში და გადიან შესარჩევ ტურებს, რომელიც შედგება სამი ეტაპისგან: ტესტირება ფიზიკურ მომზადებაში; ფსიქოლოგიური შერჩევა, სადაც შეფასდება აბიტურიენტის მზადყოფნა და მოტივაცია შეეგუოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რეჟიმს და მისი დასრულების შემდეგ კონტრაქტით გათვალისწინებული ვადით იმსახუროს სამხედრო სამსახურში; სამედიცინო შემოწმება.
აკადემიის შიდა შესარჩევი ტურის გავლის შემდეგ, აბიტურიენტთა სიები იგზავნება ერთიან საგამოცდო ცენტრში ეროვნული გამოცდებისთვის. ის აბიტურიენტები, რომლებიც წარმატებით ჩააბარებენ ეროვნულ გამოცდებს, ჩაირიცხებიან საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე. აღნიშნული კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, ისინი ხდებიან აკადემიის სასწავლო ბატალიონის პირველი სასწავლო კურსის იუნკერები.
– რა არის მთავარი განმსაზღვრელი, რატომაც აბიტურიენტმა ეთა-ში სწავლა უნდა აირჩიოს, რა იქნება თქვენი მთავარი გზავნილი მათთვის?
– ეროვნული თავდაცვის აკადემიის საქმიანობა დაფუძნებულია იუნკერზე/მსმენელზე ორიენტირებული გარემოს შექმნაზე. ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სწავლა და ცხოვრება სრულად ფინანსდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ. აკადემიის თითოეული იუნკერი/მსმენელი უზრუნველყოფილია სტიპენდიით, პირადი ნოუთბუქით, სასწავლო მასალებით, ჯანმრთელობის დაზღვევით, სამხედრო-სპორტული ტანსაცმლითა და კვებით.
აკადემიაში, დასაქმებულნი არიან მაღალი კვალიფიკაციის მქონე სამხედრო მოსამსახურეები, ინსტრუქტორები, აკადემიური და მოწვეული პერსონალი, რომელთა უმთავრეს მიზანს წარმოადგენს იუნკერთა და მსმენელთა აღზრდა შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით: სამშობლო, ღირსება, ერთგულება, სიმამაცე, პატივისცემა, პატიოსნება და უანგარო სამსახური.
აკადემია ბოლონიის პროცესის მიზნების მისაღწევად წარმატებით ახორციელებს: სწავლა/სწავლების ხარისხის მუდმივ განვითარებას, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ინტერნაციონალიზაციას, პარტნიორი ქვეყნების საგანმანათლებლო დაწესებულებებთან უწყვეტ თანამშრომლობას, იუნკერების/ მსმენელებისა და აკადემიის პირადი შემადგენლობის გაცვლით პროგრამებს საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში. ზემოხსენებული აქტივობების მეშვეობით, აკადემია სრულად აკმაყოფილებს საგანმანათლებლო პროგრამების მიმართ არსებულ როგორც შიდასახელმწიფოებრივ, ისე საერთაშორისო სტანდარტებს.
აკადემია, როგორც სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მუდმივად დგას გამოწვევების წინაშე. ჩვენ მიერ ნაკისრი ვალდებულებებიდან გამომდინარე, უპირველეს მიზანს წარმოადგენს, აკადემიის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამების თავსებადობის უზრუნველყოფა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების მოთხოვნებთან. ასევე, იუნკერებისა და მსმენელებისათვის ისეთი სახის თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიცემას, რაც დააკმაყოფილებს თავდაცვის სისტემაში არსებულ საჭიროებებს. გარდა ამისა, აკადემია მუდმივად უნდა იყოს ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე საგანმანათლებლო სივრცეში არსებულ მოთხოვნებთან თანხვედრაში.
იუნკერები, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ჩაბარებით, გადადიან ცხოვრების ახალ ეტაპზე სადაც სწავლობენ დამოუკიდებელ ცხოვრებას. ყველაფერი მათ მონდომებასა და მოტივაციაზეა დამოკიდებული. რამდენადაც დაიხარჯებიან, იმდენად დაუფასდებათ და იქნებიან წარმატებულები.
ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში მათ ეძლევათ საშუალება, მიიღონ როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო განათლება, რისთვისაც შექმნილია ყველა პირობა. ასევე, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე იუნკერებს, ეძლევათ საშუალება, რომ სწავლა გააგრძელონ საზღვარგარეთის ქვეყნებში (ა.შ.შ, საფრანგეთი, გერმანია და სხვა), მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა საერთაშორისო ტრენინგებსა თუ გაცვლით პროგრამებში (ენის ბარიერის მქონე პირებს, შეუძლიათ ისწავლონ უცხო ენა ინდივიდუალური სპეციალური პროგრამით). ვფიქრობ, მომავალმა ოფიცერმა, რომელიც ეროვნული თავდაცვის აკადემიას ამთავრებს, არანაკლებ 2 უცხო ენა უნდა იცოდეს, რათა შესაბამის მოთხოვნებს პასუხობდეს.
რაც შეეხება სასწავლო პროცესს, აკადემია გადასულია 3+1-ის საბაკალავრო პროგრამაზე. პირველი სამი წლის განმავლობაში, იუნკრები ეუფლებიან ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებს და ყოველი სასწავლო წლის ბოლოს აქვთ საზაფხულო საველე შეკრებები (მარტოხელა მებრძოლის კურსი, სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი და სხვა). ამ დროის განმავლობაში, მათზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ შეისწავლიან არჩეულ საბაკალავრო პროგრამას და დაეუფლებიან სამოქალაქო უმაღლეს განათლებას.
სასწავლო ბატალიონში მოქმედებს ლიდერობის ჩამოყალიბების სისტემა, სადაც ყველა იუნკერი გადის განვითარების რამდენიმე ეტაპს. ამ სისტემაში გაერთიანებული პროგრამების თეორიული და პრაქტიკული კომპონენტები იუნკრებს აძლევს საშუალებას გამოიმუშაონ ლიდერისათვის დამახასიათებელი აუცილებელი უნარ-ჩვევები. მეოთხე სასწავლო წელი ითვალისწინებს მხოლოდ სამხედრო სპეციალობის სწავლებას, რომლის დროსაც გამოიმუშავებენ ოცეულის მეთაურის ლიდერულ უნარ-ჩვევებს.
ასევე, სასწავლო ბატალიონში მოქმედებს სპორტული სექციები, სადაც სურვილისამებრ, შეუძლიათ, მიიღონ მონაწილეობა და დაეუფლონ მათთვის სასურველ სპორტულ სახეობას, ესენია: ცურვა, ხელჩართული ბრძოლა, ძიუდო, ფეხბურთი, კალათბურთი, ფრენბურთი, რაგბი, თავისუფალი ჭიდაობა და კრივი.
– რა პერსპექტივა აქვთ კურსის დასრულების შემდეგ იუნკერებს?
– სწავლის დასრულების შემდეგ იუნკერი იღებს ბაკალავრის ხარისხს შესაბამის სპეციალობაში და ოფიცრის პირველად სამხედრო წოდებას – „ლეიტენანტი“, ასევე გარანტირებულ, მაღალანაზღაურებად სამსახურს თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში. უზრუნველყოფილია სოციალური დაზღვევის სრული პაკეტით, რომლის მომსახურებაც ვრცელდება მასზე და მისი ოჯახის წევრებზე. გარკვეული პერიოდით მსახურის შემდგომ ხდება ოფიცერთა კორპუსის საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა თავდაცვის სამინისტროს თანადაფინანსებით. სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებს აქვთ შესაძლებლობა უმაღლეს სასწავლებლებში სწავლისას ისარგებლონ სწავლის საფასურის გადახდის თანადაფინანსებით, რომელსაც უზრუნველყოფს თავდაცვის სამინისტრო.
აკადემიის კურსდამთავრებული გამოირჩევა მიღებული განათლების მაღალი ხარისხით, რაც ავტომატურად განაპირობებს მის კონკურენტუნარიანობას. ასეთი დონის სპეციალისტის უპირატესობა გამოიხატება იმაში, რომ მას სხვა უმაღლესდამთავრებულ ბაკალავრთან შედარებით, აკადემიის დამთავრებისთანავე უკვე აქვს ორი სპეციალობა, სამხედრო და სამოქალაქო. იგი არის გონებრივად და ფიზიკურად კარგად განვითარებული, დისციპლინირებული და მოტივირებული, რაც ნებისმიერი დარგის სპეციალისტის წარმატების აუცილებელი წინაპირობაა. მის წარმატებას ხელს უწყობს თავდაცვის ძალებში არსებულ სამაგისტრო საფეხურზე უფასო განათლების შესაძლებლობა. ასევე, უფასოდ, საქართველოში და საზღვარგარეთ სხვადასხვა დონის საკარიერო კურსების გავლის შესაძლებლობა.
ასეთი დონის სპეციალისტები ქმნიან ძლიერ ოფიცერთა კორპუსს და მყარ ფუნდამენტს თავდაცვის ძალების გაძლიერებისა და განვითარებისთვის. ამ ტიპის თავდაცვის ძალები კი, ქვეყნისათვის ძლიერი საყრდენია როგორც რეგიონალურ, ისე საერთაშორისო დონეზე ასპარეზისთვის.
– ბატონო მამია, ვიცით, რომ აკადემია წარმატებით გაუმკლავდა კოვიდპანდემიით გამოწვეულ საგანმანათლებლო სირთულეებს. საჭიროების შემთხვევაში, იუნკრებისთვის დისტანციური სწავლების შესაძლებლობა რჩება თუ არა დღის წესრიგში?
– აკადემიაში ჩამოყალიბდა და წარმატებით ფუნქციონირებს დისტანციური სასწავლო ცენტრი, დისტანციური სწავლების ეფექტური მართვის მიზნით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში, გვაქვს სრული მზადყოფნა დისტანციური სწავლების მყისიერად ამოქმედებისათვის.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აკადემია იყო ერთ-ერთი იმ სასწავლებელთა მეწინავე რიგებში, რომელთაც მყისიერად მოახდინეს რეაგირება და უმოკლეს ვადებში შეძლეს დისტანციური სწავლების რეჟიმში გადასვლა პანდემიის გამოცხადებისთანავე.
აკადემია ყველა იუნკერს უზრუნველყოფს პერსონალური ნოუთბუქით და საჭიროების შემთხვევაში ინტერნეტით, რომ არ მოხდეს იუნკერისათვის სასწავლო პროცესის შეფერხება დისტანციური სწავლების რეჟიმში.
თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებამ და სწრაფად მზარდმა დინამიკამ განათლების სექტორში მნიშვნელოვანი გახადა ახალი ინოვაციური მიმართულებების დანერგვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების განათლების სისტემაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აკადემია იწყებს ღონისძიებების გატარებას უწყვეტი განათლების განვითარების ხელშესაწყობად. კერძოდ, აკადემია როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო სექტორისთვის გეგმავს როგორც ფასიანი, ისე უფასო კურსების შეთავაზებას და კურსის წარმატებით დასრულების შემდგომ, მათთვის სერტიფიკატების გადაცემას.
სწავლების დროს მსმენელებს შეუძლიათ მასალებზე წვდომა ონლაინ სასწავლო პლატფორმიდან. მსმენელებს თავისუფლად შეუძლიათ ისწავლონ საკუთარი ტემპით და განსაზღვრონ ინდივიდუალური საჭიროებები და ინტერესების საფუძველზე სწავლების გზები.
კურსის დაგეგმვასა და განხორციელებას უზრუნველყოფს ინსტრუქტორი ან/და ფასილიტატორი ონლაინ სასწავლო პლატფორმის საშუალებით. კურსის მსმენელებს ისევე როგორც, ფასილიტატორებსა და ინსტრუქტორებს შესაძლებლობა აქვთ კომუნიკაციისათვის გამოიყენონ საშუალებები, როგორიცაა: ელ.ფოსტა, სადისკუსიო ფორუმი, ჩეთები, გამოკითხვები, დაფები, პროგრამების გაზიარება და აუდიო და ვიდეო კონფერენციები.
დისტანციური სწავლება ხელს უწყობს ხარისხიან, თანამედროვე და მოქნილ სასწავლო გარემოს, მრავალმხრივ ინფორმაციაზე წვდომის შესაძლებლობას, რაც თავისთავად უზრუნველყოფს განათლების მიღების ხელმისაწვდომობის გაზრდას და მის ეფექტურობას სწავლის პროცესში.
– ბატონო მამია, გარდა ზემოაღნიშნულისა, რა სახის სიახლეები დანერგა აკადემიამ პანდემიის პერიოდის შემდეგ?
– მნიშვნელოვანია, რომ აკადემიამ შექმნა უამრავი ელექტრონული პლატფორმა, რომელიც ემსახურება სასწავლო პროცესის წარმართვასა და სასწავლო მასალის ხელმისაწვდომობის ხელშეწყობას, ინფორმაციის სწრაფად გავრცელებას. აქედან გამომდინარე, იუნკერებს/მსმენელებს აქვთ წვდომა ისეთ ელექტრონულ პლატფორმებზე როგორებიცაა:
Office 365, ელექტრონული ბიბლიოთეკა library.eta.edu.ge, myinfo.eta.edu.ge, ilias – ის სასწავლო პლატფორმა, ინსტრუქტორების საინფორმაციო გვერდი, 11 საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაზე ელექტრონული წვდომა, ეროვნულ ბიბლიოთეკაზე ელექტრონული წვდომა.
აკადემიის საბაკალავრო პროგრამებს დაემატა და წარმატებით ხორციელდება მექანიკის ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა, ასევე მაგისტრატურას დაემატა ორი ახალი პროგრამა სახელმწიფო რესურსების მართვა და უსაფრთხოების კვლევები.
ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ აკადემია ახორციელებს ჰიბრიდულ კონფერენციებს, რომელიც გულისხმობს როგორც დასწრებულ, ისე დისტანციურ ფორმატს. მოგეხსენებათ, პანდემიის შემდგომ პერიოდში, აღნიშნული ფორმით კონფერენციის აუდიტორიისთვის შეთავაზება იძლევა საშუალებას კონფერენციაში მონაწილეობა მიიღოს უფრო მეტმა დაინტერესებულმა პირებმა.
სამხედრო მიმართულების მხრივ, აკადემიის იუნკერთა სასწავლო ბატალიონის სასწავლო კურსების მიხედვით დაემატა სამთო მომზადების კურსი, საზღვაო კურსი და მარტოხელა მებრძოლის კურსი.