GE

ეზოში მდგარი სკოლის ტუალეტის კარი არ იკეტება, არ აქვს ფანჯარა – ვითარება თეთრიწყაროს საჯარო სკოლებში

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ბევრჯერ დაადასტურა სკოლებში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებთან დაკავშირებული პრობლემების არსებობა.

„სახალხო დამცველის აპარატის მიერ 108 სკოლაში ჩატარდა მოკვლევა, სადაც დაფიქსირდა, რომ არსებობს პრობლემები სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებთან დაკავშირებით და ცალსახად ვამბობთ, რომ დიახ, სამინისტრო ადასტურებს, რომ 2000 საჯარო სკოლაში, ყველგან ერთნაირი, სასურველი, კარგი სანიტარულ-ჰიგიენური ნორმა და შესაბამისი პირობები არ არის. ჩვენ ეს ვიცით. აქ არის მთვარი კითხვაზე პასუხი – რას ვაკეთებთ, რომ ეს სისტემა გაუმჯობესდეს? ამ მიმართულებით გასამმაგებული ბიუჯეტის ფარგლებში გვაქვს განსაზღვრული პრიორიტეტები: ეს არის სანიტარული კვანძების მოწესრიგება, ეს არის გათბობა და კარ-ფანჯარა და ეს არის სახურავი,“ – განაცხადა მინისტრის მოადგილე ნათია ზედგინიძემ და ამის შესახებ საუბრობს სახალხო დამცველიც.

ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გასული სიუჟეტი, თეთრიწყაროს რაიონში მდებარე ორ სკოლას შეეხო, რომელთაც საპირფარეშოების და სველი წერტილების მოუწესრიგებლობის პრობელემა აქვთ.
თეთრიწყაროს რაიონის, სოფელ ბოგვის საჯარო სკოლა უკვე 42 წელია ფუნქციონირებს. ამ დროის განმავლობაში სკოლა გარემონტდა, შეიცვალა ინფრასტქრუქტურა, მაგრამ არ შეცვლილა სკოლის ტუალეტი, რომელიც სკოლიდან 200 მეტრის მოშორებით 1976 წლის შემდეგ უცვლელად დგას.

სკოლის ტუალეტში ანტისანიტარიაა, არ არის წყალი და ქაღალდი, ხელის დასაბანად მოსწავლეებმა დაახლოებით 150 მეტრი უნდა გაიარონ, ეზოში კუსტარულად მოწყობილ ონკანთან, ხოლო ვისაც ხელის დაბანა საპნით სურს, ის უკვე სკოლაში სასადილოში უნდა შევიდეს, ტუალეტის კარი არ იკეტება, არ აქვს ფანჯარა, რის გამოც ზამთარში ანტისანიტარიას სიცივეც ემატება, ხოლო ზაფხული პერიოდში ქვეწარმავლები. სკოლის თანამშრომლები პირად საუბრებში ამბობენ, რომ გველები სკოლის ეზოს მუდმივი ბინადრები არიან.

თეთრიწყაროს მე-2 საჯარო სკოლასაც იგივე პრობლემა აქვს – მოუწესრიგებელი სველი წერტილები და ანტისანიტარია საპირაფარეშოში. როგორც სკოლის დირექტორი ამბობს, შენობის ყველაზე ძველი ნაწილი 78 წლისაა, მას შემდეგ სკოლას დაემატა ორი ფლიგელი, მაგრამ არც ინფრასტრუქტურა და არც სველი წერტილები არ გარემონტებულა.

სველი წერტილების პრობლემა რაიონის კიდევ რამდენიმე სკოლას აქვს. რის შესახებაც ადგილობრივი თვითმმართველობა საქმის კურსშია. თეთრიწყაროს მერიაში ამბობენ, რომ მიმდინარე წელს ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც სკოლებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ადგილობრივ თვითმმართველობებს დაეკისრათ.

„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს გამოეყო 480 ათასი ლარი, ამ პრობლემების მოსაწესრიგებლად. მერიამ აღწერა მუნიციპალიტეტში მდებარე 28 სკოლა, 10-ის მდგომარეობა განსაკუთრებით სავალალოა, მიმდინარე წლის სექტემბერში 10-ივე სკოლაში სველი წერტილი და ინფრასტრუქტურა მოწესრიგებული იქნება“, – აცხადებენ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში.

ა.წ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური