გაფართოვდება იმ პირთა წრე, რომლებსაც სპეციალურ მასწავლებლად დასაქმების უფლება მიეცემათ – ცვლილება ორ კანონში იგეგმება
სპეციალურ მასწავლებლად დასაქმება ამ სფეროსთან ახლოს მდგომი სპეციალობების წარმომადგენლებსაც შეეძლებათ. სპეცმასწავლებლებად დასაქმდებიან, მაგალითად, ფსიქოლოგები და ოკუპაციური თერაპევტები, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ გაივლიან სპეციალურ პროგრამას და დააკმაყოფილებენ კანონით გაწერილი კონკრეტული მოთხოვნებიდან ერთ-ერთს. დაგეგმილი ცვლილების შესახებ 11 ოქტომბერს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ვალერიან გობრონიძემ პარლამენტში, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა, სადაც სპეცმასწავლებლების ნაწილში „ზოგადი განათლების შესახებ“ და „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონებში შესატანი ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილეს.
„წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის განათლების უზრუნველყოფის მიზნით ზუსტდება სპეციალური მასწავლებლის განათლებისთვის დადგენილი მოთხოვნები და გათვალისწინებული იქნება უფრო მეტი შესაძლო კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელსაც ექნება შესაძლებლობა, გახდეს სპეციალური მასწავლებელი“, – განმარტა ვალერიან გობრონიძემ და დაამატა, რომ ცვლილებების დღის წესრიგში დადგომა გამოწვეულია ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალური მასწავლებლების მიმართ ამჟამად არსებული საკანონმდებლო რეგულაციების დახვეწის საჭიროებიდან.
განათლების მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა რაოდენობა ბოლო წლებში მკვეთრად გაიზარდა და მათი რიცხვი 10 ათასზე მეტია, სპეციალური მასწავლებლების არსებული რაოდენობა კი არსებულ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს.
„კვლევა ჩატარდა სკოლის გარეთ დარჩენილი ბავშვების მიმართ და ძალზედ ბევრი აღმოჩნდა სპეციალური საჭიროების მქონე პირი, რომელსაც სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან დახმარება. სისტემაში დაახლოებით 2100 სპეციალური მასწავლებელია. დაახლოებით 800 გახლავთ მაძიებლის სტატუსის მქონე პირი, რომელსაც აქვთ ვალდებულება, 2025 წლამდე ჩააბარონ გამოცდა“, – აღნიშნა გობრონიძემ.
სპეცმასწავლებლად დასაქმების მსურველმა პირმა უნდა გაიაროს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო 60 კრედიტიანი პროგრამა, თუმცა ჯერ ეს პროგრამა შემუშავებული არ არის. მინისტრის მოადგილის განმარტებით, სპეციალური განათლების მიღების ან განათლების აკადემიური დოქტორის მოპოვების შემთხვევაში, თუკი ნაშრომი ეხება ინკლუზიურ განათლებას, პირს ასევე მიეცემა სპეცმასწავლებლად დასაქმების შესაძლებლობა.
„ფართოვდება იმ პირთა წრე, რომლებსაც შესაძლებელია მიეცეთ დასაქმების უფლება სპეციალურ მასწავლებლად და ეს გაფართოება გვაჩვენა იმ პრაქტიკამ, რომ ფსიქოლოგები, ოკუპაციური თერაპევტები, ის პირები, რომლებიც სისტემაში არიან შემოსული რამდენიმე წელია, ძალიან პოზიტიურად ართმევენ თავს მათზე დაკისრებულ მოვალეობას და, შესაბამისად, ვაძლევთ მათ შესაძლებლობას, რომ გააფართოვონ თავიანთი კვალიფიკაცია. ინკლუზიური განათლების მიმართულებით, კვალიფიციური კადრების მომზადების მიზნით, ჩვენ გვინდა, შემოვიტანოთ ცვლილება და შევთავაზოთ 60 კრედიტიანი მასწავლებლის მომზადების პროგრამის მსგავსი, სპეციალური მასწავლებლის მომზადების პროგრამა. ასევე, 300 კრედიტიან ინტეგრირებულ საბაკალავრო სამაგისტრო-საგანმანათლებლო პროგრამაშიც შემოვა სპეციალური, შესაბამისი მოდელი სპეციალური მასწავლებლის განათლებისთვის, რაც შესაძლებლობას მისცემს უნივერსიტეტს, რომ მოამზადოს…“, – თქვა კომიტეტის სხდომაზე ვალერიან გობრონიძემ.
განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი ამილახვარმა განხილვის პროცესში გამოთქვა მოსაზრება, რომ სპეცმასწავლებლობის მსურველებს ბაკალავრიატის საფეხურზევე სწავლის პარალელურად, უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, გაიარონ 60 კრედიტიანი სპეციალური პროგრამა, რადგან შშმ და სსმ პირები განსაკუთრებულ დამოკიდებულებას მოითხოვენ და ეს პროგრამები უნდა შეიცავდეს მათთან მიდგომის მეთოდიკას, მოქცევის სტილს, ცოდნის გადაცემის უნარს…
„მესმის, რომ 60 კრედიტიანი პროგრამა ცალკე უნდა არსებობდეს, რადგან შეიძლება ბაკალავრ დამთავრებულს უნდოდეს იმის გავლა და ბუნებრივია, ეს კარი არ უნდა ჩავკეტოთ, მაგრამ ის ვინც ახლა სწავლობს და აქვს სურვილი, აქეთკენ ნაბიჯები გადადგას, ალბათ ლოგიკური იქნება, შესაძლებლობა მივცეთ, იმ უნივერსიტეტში, სადაც იარსებებს ეს 60 კრედიტიანი პროგრამა სპეციალური მასწავლებლებისთვის, ბაკალავრის პარალელურად გავატაროთ და შესაბამისი ცვლილებები მივიღოთ კანონში…“, – თქვა ამილახვარმა.
რაზეც მინისტრის მოადგილემ უპასუხა, რომ ამ პროექტით ბაკალავრის საფეხურზეც აღნიშნული პროგრამის ჩაშენება წარმოდგენილი არ არის, თუმცა „ამაზეც შეგვიძლია ვიფიქროთ და ვიმსჯელოთ“.
კომიტეტის თავმჯდომარის კითხვას, ვისაც განათლება ინკლუზიური მიმართულებით აქვს უმაღლეს დონეზე მიღებული და მინიჭებული აქვს დოქტორის ხარისხი, მათ მოეთხოვებათ თუ არა 60 კრედიტიანი პროგრამის გავლა ან გამოცდის ჩაბარება, მინისტრის მოადგილემ ასეთი პასუხი გასცა:
„საგნის გამოცდის ჩაბარება მოეთხოვება პრაქტიკოს მასწავლებელს… 60 კრედიტიანი პროგრამის გავლა დოქტორს, რომელსაც განათლება აქვს ინკლუზიური განათლების მიმართულებით, არ მოეთხოვება. მოეთხოვება შესაბამისი საგნის ჩაბარება“.
კანონში შესატანი ცვლილებები, თუ რას უნდა აკმაყოფილებდეს სპეციალური მასწავლებელი, ასეა გაწერილი:
სპეციალური მასწავლებელი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:
- უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) და ჩაბარებული ჰქონდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური მასწავლებლის გამოცდა ან მოპოვებული ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
- უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და ამ პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდული;
- უნდა ჰქონდეს სპეციალური განათლების ან განათლების მეცნიერებების (ნაშრომი უნდა ეხებოდეს ინკლუზიურ განათლებას) დოქტორის აკადემიური ხარისხი;
- უნდა ჰქონდეს სულ მცირე ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური განათლების სამაგისტრო პროგრამა ან ჩაბარებული ჰქონდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური მასწავლებლის გამოცდა ან მოპოვებული ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
- უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით ან სულ მცირე ფსიქოლოგის ბაკალავრის ან ოკუპაციური თერაპევტის აკადემიური ხარისხი და ჩაბარებული ჰქონდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური მასწავლებლის გამოცდა ან მოპოვებული ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის დამადასტურებელი სერტიფიკატი“.
იხილეთ კანონპროექტის დოკუმენტი
ასევე იხილეთ:
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება