სკოლებში უცხო ენას საგნის გამოცდით არასერტიფიცირებული პედაგოგებიც ასწავლიან – რა ცვლილება შედის კანონში
საჯარო სკოლებში, დღეს არსებულის გარდა, სხვა უცხო ენების სწავლების უფლება იმ პედაგოგებსაც ექნებათ, ვისაც კომპეტენცია საგნის გამოცდით არ დაუდასტურებიათ. ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის საკითხი პირველი მოსმენით განიხილეს პარლამენტის განათლების კომიტეტის 15 სექტემბრის სხდომაზე და მხარიც დაუჭირეს.
საკანონმდებლო წინადადება განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ვალერიან გობრონიძემ წარმოადგინა.
მისი განმარტებით, ცვლილება ეხება სკოლებში უცხო ენების სწავლებას. პედაგოგთა საგნის გამოცდით სერტიფიცირება კი დღეს მხოლოდ ინგლისური, გერმანული, რუსული და ფრანგული ენის სპეციალისტებს შეუძლიათ ეს იმ ფონზე, როცა სკოლებში უკვე გაჩნდა შესაძლებლობა, რომ მსურველმა მოსწავლეებმა სხვა უცხო ენა აირჩიონ. (იტალიური, ესპანური, ჩინური, იაპონური ავტ.).
დღეს მოქმედი რეგულაციით, მასწავლებლის პროფესიაში შესვლის ერთ-ერთ წინაპირობას წარმოადგენს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდა შესაბამის საგანში, თუმცა, ამავდროულად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას აქვს უფლება მეორე ან მესამე უცხოურ ენად აირჩიოს დამატებითი საგანი, რომელშიც შესაძლოა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოცდას არ ატარებს. მომხსენებლის განმარტებით, წარმოდგენილი ცვლილების მიზანია, ასეთი უცხოური ენის გამოცდის ჩაბარებასთან დაკავშირებით რეგულაციის შემოღება. კერძოდ, საგნის შესაბამისი გამოცდის ჩაბარების ვალდებულება იმ საგნებში, თუკი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი არ ატარებს გამოცდას, ასეთ საგანში შესრულებულად ჩაითვლება, თუკი პირი წარმოადგენს შესაბამისი უცხოური ენის ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს, რომელიც გაცემული იქნება შესაბამისი გამოცდილების მქონე ორგანიზაციის მიერ და ამავე კანონპროექტით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, სამინისტროს ევალება, კანონის მიღებიდან 6 თვის ვადაში დამტკიცდეს უცხოური ენის სერტიფიკატის გაცემის შერჩევის კრიტერიუმები, ხოლო კანონის მიღებიდან 9 თვეში ამ ორგანიზაციების ჩამონათვალი.
„არსებობს შესაძლებლობა, მსურველებმა აირჩიონ სხვა უცხო ენა. შეფასებისა და გამოცდების ცენტრისგან ეს გამოცდები ორგანიზებული არ არის და ეს ძირითადად განპირობებულია ამ საგნებზე დაბალი მოთხოვნით… შესაბამისად, ცვლილება უკავშირდება სწორედ ამ საკითხის დარეგულირებას. ვგულისხმობ იმას, რომ ამ საგნის მასწავლებლებს შეუძლიათ, დასაქმდნენ სკოლაში, ვინაიდან, მასწავლებლის პროფესიული განათლების სქემა გვეუბნება, რომ ეს სქემა არ ვრცელდება მოწვეულ მასწავლებლებზე. შესაბამისად, ეს უფლებას აძლევს სკოლას, მიიღოს მოწვეული მასწავლებელი, რომელიც ასწავლის ამ განსხვავებულ საგნებს, თუმცა, წარმოდგენილი კანონპროექტით გვინდა, რომ შევთავაზოთ ალტერნატიული გზა, რაც გულისხმობს იმას, რომ შესაბამისი საერთაშორისო სერტიფიკატის წარმოდგენის შემთხვევაში, პირი გათავისუფლდეს ამ საგნის გამოცდის ვალდებულებისაგან და იგი ამ სახით შევიდეს მასწავლებლის პროფესიაში“, – თქვა განათლების კომიტეტის სხდომაზე ვალერიან გობრონიძემ.
კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი ამილახვარმა, მინისტრის მოადგილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილება დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებით ბიუროკრატიულ-ადმინისტრაციკული რესურსიც დაიზოგება.
„ერთია, რომ ტესტების შექმნა რთულია იმ ენებზე, სადაც, მაინცდამაინც დიდი მოთხოვნა არ არის და სპეციალისტებიც არა გვყავს. მეორეს მხრივ, არსებობენ მოწვეული მასწავლებლები, რომელთაც აქვთ შესაბამისი კომპეტენცია და შეგვიძლია, ძალიან მარტივად, ამ ცვლილებით შევიყვანოთ სკოლებში. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ეს არ ეხება იმ ოთხ ძირითად ენას, რომელიც სასწავლო გეგმით, პრაქტიკულად სავალდებულოა. ამ ამოცანის არსი ის არის, რომ ერთის მხრივ, ამ ადამიანებს გაუმარტივდეთ პროფესიაში შემოსვლა და მეორეს მხრივ, ბიუროკრატიულ-ადმინისტრაციული რესურსიც დაიზოგოს“, – თქვა სხდომაზე გიორგი ამილახვარმა.
კომიტეტის წევრებისგან, სხდომაზე გამოითქვა აზრი, რომ სკოლებთან მიმართებით, ბიუროკრატია სწორედ რომ გამართლებულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მრავალმხრივი დაცულობისთვის, მათ შორის მოწვეული მასწავლებლის საჭირო კომპეტენციის კუთხით.
ვალერიან გობრონიძემ ამ მოსაზრებას გამოეხმაურა და განმარტა, რომ რაც შეეხება მასწავლებლის გამოცდილებას, ეს სკოლაში გამართული კონკურსის საფუძველზე შეიძლება გაირკვეს:
„საგანმანათლებლო დაწესებულება ადგენს, კონკურსის პირობებში რომელ კანდიდატს მისცემს უპირატესობას. გარდა ამისა, რეგულაცია, რომელიც შემოდის, ამ პირებს, რომლებიც მანამდე მუშაობდნენ მოწვეულ პედაგოგად და რომელზედაც არ ვრცელდებოდა მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემა, უკვე მოექცევიან ამ რეგულაციის ფარგლებში და მათზე გავრცელდება ყველა ის რეგულაცია, რომელიც ამ კანონქვემდებარე აქტით (მასწავლებლის სქემით ავტ.) არის დადგენილი“, – აღნიშნა განათლების მინისტრის მოადგილემ.
სკოლაში ახალი კადრების მიღების კრიტერიუმებზე გაამახვილა ყურადღება კომიტეტის თავმჯდომარემ და სამინისტროსგან ინფორმირების სურვილი გამოთქვა.
„შემდგომ, ალბათ, ენების რეგლამენტირებას გააკეთებთ, კანონქვემდებარე აქტებში გაწერთ, რომელი საერთაშორისო სერტიფიკატების მოთხოვნის კრიტერიუმები იქნება და კარგი იქნებოდა ამ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის დამტკიცებამდე, კომიტეტსაც თუ აცნობებდით პროექტის თაობაზე და შემდგომ გაიწერებოდა ის მინისტრის ბრძანების საფუძველზე“, – მიმართა ამილახვარმა განათლების მინისტრის მოადგილეს, რაზეც გობრონიძემ უპასუხა: „ამ კანონით გვაქვს ვალდებულება, 6 თვის ვადაში შევიმუშაოთ კრიტერიუმები, ხოლო 9 თვის ვადაში ეს ნუსხა დამტიცდეს“.
ასევე იხილეთ:
„დაკავშირებულია ფინანსებთან“ – მეორე უცხო ენის არჩევა სკოლების ნაწილისთვის პრობლემურია
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება