GE

„გამოდის, სამსახურს იმიტომ ვერ ვშოულობ, რომ მაღალი კვალიფიკაცია მაქვს?“ – პედაგოგი

„სამი წელია სერტიფიცირებული ვარ და სამი წელია საჯარო სკოლებში სამსახურს ვეძებ. გასაუბრებებზე დავდივარ და ა.შ. თუმცა, უშედეგოდ. ამას წინათ კი კერძო სკოლის ახლობელმა დირექტორმა მითხრა – ტყუილად ეძებ, საჯარო სკოლები სერტიფიცირებული მასწავლებლების აყვანს ერიდებიან, რადგან მათზე დანამატი სულ იზრდება და ძვირი უჯდებათო. პრაქტიკოსი, ან მასწავლებლობის მაძიებლის აყვანა მათთვის უფრო ხელსაყრელიაო. ანუ, რა გამოდის, სამსახურს იმიტომ ვერ ვშოულობ, რომ მაღალი კვალიფიკაცია მაქვს?“ – ეს წერილი EDU.ARIS.GEმ რამდენიმე დღის წინ მიიღო. წერილის ავტორი გვწერდა, რომ ის არაა ერთადერთი, ვისაც მსგავსი ეჭვები აქვს და ვინც ფიქრობს, რომ სერტიფიცირება მისთვის დამაბრკოლებელ ფაქტორად იქცა.

ბუნებრივია, დავინტერესდით რამდენად შეიძლება მსგავს ეჭვებს რეალობასთან რაიმე საერთო ჰქონდეს. ამის დასადგენად კი შევეცადეთ გაგვერკვია, თუ როგორ ნაწილდება სკოლებზე დაფინანსება და შემდეგ უკვე როგორ ანაწილებენ ბიუჯეტს დირექტორები.

როგორც აღმოჩნდა, სერტიფიცირებული მასწავლებლების დანამატისათვის  ფული სკოლის საერთო ბიუჯეტიდან არ იხარჯება და მას განათლების სამინისტრო სკოლას ცალკე ურიცხავას. ზუსტად იმდენს, რამდენი სერტიფიცირებული პედაგოგიც ჰყავს.

თბილისის 53-ე საჯარო სკოლის დირექტორი ეკატერინე გახარია ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ის, რასაც წერილის ავტორი გვწერს, შეუძლებელია სიმართლე იყოს, რადგან დანამატის თანხა არ შედის იმ ვაუჩერში, რომელსაც სკოლა ყოველთვიურად იღებს. მისი თქმით, ეს ვაუჩერი მხოლოდ საბაზო ხელფასს მოიცავს და არა დანამატებს. სერტიფიცირების თანხა კი დანამატში მოიაზრება და ცალკე ირიცხება.

„ასე რომ, ამისათვის ფული სკოლის ბიუჯეტიდან არ მიდის და დირექტორი არც ერთ შემთხვევაში არ მოერიდება სერტიფიცირებული მასწავლებლის აყვანას. იმ ფულს მე, როგორც სკოლის დირექტორი, ვერაფერში გამოვიყენებ. ეს თანხა ზუსტად იმ ადამიანებისათვის მოდის – კონკრეტულად მათ სახელზე. საერთო ბიუჯეტის გადათამაშება შეიძლება, მაგრამ ამ ფულს ხელს ვერავინ მოკიდებს. ასე რომ, ინფორმაცია, რაც თქვენ მოგაწოდეს, ან ვინმეს მიერ უტრირებულია, ან არაკომპეტენტური ადამიანის ნათქვამი. ამ მიზეზით ვინმეს სამსახურში არაყვანა სრული აბსურდია“, – ამბობს ეკატერინე გახარია.

ტიციან ტაბიძის სახელობის 43-ე სკოლის დირექტორი სოფო დედალამაზიშვილი: „თუკი სკოლაში ვაკანსიაა, მასზე ადამიანის აყვანას თავისი წესები აქვს. ამ წესებს ვერ გაექცევი. კომისია იქმნება და ის წყვეტს. ყველას გვქონია იმედგაცრუების მომენტი და განაწყენებული ადამიანის პოზიციიდანაც გვისაუბრია. არც ერთ ლოგიკაში არ ჯდება, რომ ვინმემ სერტიფიცირების გამო ადამიანი სამსახურში არ აიყვანოს. ეს უფრო ჭორებს ჰგავს. ვიღაცამ არასწორად მოკრა ყური. რეალობასთან კავშირი არ აქვს.“

იგივე ინფორმაცია მოგვაწოდა განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმაც:

„ახლა ამას სტატუსის დანამატი ჰქვია და ამ თანხას სამინისტრო სკოლას ცალკე ურიცხავს,“-განუცხადა მან EDU.ARIS.GE-ს.

სერტიფიცირებული მასწავლებლის ფასი საქართველოში

მოამზადა თაკო მათეშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური