GE

სერტიფიცირებული მასწავლებლის ფასი საქართველოში

„რომელ ქვეყანაში ხდება ასე, რომ მცოდნე მასწავლებლები დასაქმებას ითხოვდნენ და სკოლებს გარეთ რჩებოდნენ, ამ დროს კი სკოლები არაკვალიფიციურებით იყოს სავსე?“- ამ კითხვას ლალი მათეშვილი სვამს, ერთ-ერთი იმ პედაგოგთაგან, რომელთაც სერტიფიცირების გამოცდა წარმატებით გაიარეს, თუმცა მრავალმხრივი მცდელობის მიუხედავად საჯარო სკოლებში დასაქმებას უკვე წლებია ვერ ახერხებენ.

ამბობს, რომ იმედგაცრუება, რომელიც ამ ფაქტის გამო ჰქონდა, განათლების მინისტრის გადაწყვეტილებამ სერტიფიცირების გამოცდაზე ბარიერის გაუქმებასთან დაკავშირებით, კიდევ უფრო გააღრმავა. იმედი, რომ საჯარო სკოლაში დასაქმდება, უკვე აღარ აქვს.

17269385_1535889306443899_1902713123_oლალი მათეშვილი: პედაგოგობის 20–წლიანი სტაჟი მაქვს. სკოლაში 11 წელი ვიმუშავე, აქედან 7 წელი საჯაროში, 4 კი -კერძოში. საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასების მასწავლებელად ვმუშაობდი. სამი წლის წინ კი სერტიფიცირება გავიარე და 1-6 კლასის მათემატიკის უფროსი პედაგოგი ვარ. საგანიც და პედაგოგიური უნარებიც პირველივე ცდაზე, ყოველგვარი მომზადებისა და ტრენინგების გარეშე, საკმაოდ მაღალი შედეგებით ჩავაბარე. ეს მაშინ, როცა სახელმწიფო სკოლის მოქმედ პედაგოგებს არაჩვეულებრივ შანსს აძლევდა – უფასოდ მომზადებულიყვნენ სასერტიფიკატო გამოცდისათვის და არაერთი ტრენინგი გაევლოთ. ამის მიუხედავად, უამრავი მათგანი რამდენიმეჯერ ჩაიჭრა და ბარიერი მაინც ვერ გადალახა.

მას მერე ვცდილობ საჯარო სკოლაში მუშაობის დაწყებას, თუმცა ამაოდ. თითქმის ყველა ვაკანსიაზე ვაგზავნი რეზიუმეს, მაგრამ არც კი მირეკავენ. სკოლებში პირადადაც მივდივარ, დირექტორებს ვხვდები, მაგრამ ყველა უარით მისტუმრებს. გლდანში ვცხოვრობ, შესაბამისად გლდანის ყველა სკოლა მოვლილი მაქვს, ასევე სხვა უბნებისაც. ამ დროს, დადასტურებული ფაქტებით ვიცი, რომ მას შემდეგ, რაც მე უარით გამომისტუმრეს, ბევრ სკოლაში ყოველგვარ გამოცდილებას მოკლებული მასწავლებლები მიიღეს. ისეთი შემთხვევებიც ვიცი, როდესაც დირექტორებმა პირად ნაცნობებს მიანიჭეს უპირატესობა. როცა დაუსაბუთებელი უარით გისტუმრებენ და ამის შემდეგ იგებ, რომ გამოუცდელი პედაგოგი მიიღეს, რომელიც მოვალეობას თავს ჯეროვნად ვერ ართმევს, უკვე სხვა რაღაცებშიც გეპარება ეჭვი.

-რა მიზეზს ასახელებენ დრექტორები თქვენთვის უარის თქმისას?

–ლ.მ: საქმეც ის არის, რომ ვერც  ერთ გასაუბრებაზე ვერ მისახელებენ მიზეზს, რის გამოც უარს მეუბნებიან. მხოლოდ ამ სიტყვებით  მისტუმრებენ – თქვენ რეზიუმეს განვიხილავთ და დაგიკავშირდებით. ეს უსამართლობაა. რომ მცოდნოდა სერტიფიცირებას და კვალიფიკაციის ამაღლებას არანაირი ფასი და ძალა არ ექნებოდა, ამაზე დროს და ენერგიას ნამდვილად აღარ  დავხარჯავდი.

ის ფაქტი კი, რომ განათლების ამჟამინდელი მინისტრის გადაწყვეტილებით გამოცდაზე გამსვლელ თითოეულ მასწავლებელს, მიღებული ქულების მიუხედავად იგი ჩაბარებულად ეთვლება, ჩვენ, სერტიფიცირებულებს, საჯარო სკოლებში მოხვედრის ყველანაირ შანსს გვიკარგავს. მაშინ ბარიერის გაუქმებამდე უნდა მოეფიქრებინათ სხვა მექანიზმი, რომლითაც არაკვალიფიციურ პედაგოგებს ჩავანაცვლებდით. თუნდაც ეტაპობრივად.

მესმის, რომ ეს მტკივნეული და არაპოპულარული ნაბიჯია სამინისტროსა და შესაბამისად, მთელი ხელისუფლებისათვის, მაგრამ სამაგიეროდ სამართლიანი იქნებოდა ჩვენთვის – სერტიფიცირებული პედაგოგებისათვის, მომავალი პედაგოგებისათვის და რაც მთავარია – ბავშვებისათვის. პირველ რიგში ხომ მათი უფლებები და ინტერესები ილახება იმით, რომ სკოლებში არასათანადო ცოდნის მქონე მასწავლებლები გვყავს.

-ამჟამად რითი ხართ დაკავებული?

ლ.მ: ზოგადი უნარ-ჩვევების  რეპეტიტორი ვარ. ასევე, ვმუშაობ ორ კერძო სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად და აბიტურიენტთა მოსამზადებელ ცენტრში – ზოგადი უნარ-ჩვევების პედაგოგად. ახლა ალბათ ვინმე იტყვის – აბა რაღა აწუწუნებსო, მაგრამ მერწმუნეთ, ამას საჯარო სკოლაში მუშაობა ბევრად მირჩევნია. პირველ რიგში იმიტომ, რომ იქ ზრდისა და განვითარების, კარიერული წინსვლის და შესაბამისად, ანაზღაურების მატების საშუალება გაქვს.

გარდა ამისა, კერძო სკოლებში არცთუ სახარბიელო მდგომარეობაა. პირველ რიგში იმის გამო, რომ დაბალი ანაზღაურებაა, მოთხოვნები კი – ძალიან  მაღალი. ეს მოთხოვნები მხოლოდ ცოდნასა და კვალიფიკაციას არ ეხება. ამდენ ადგილას ვმუშაობ, მაგრამ ჩემი ანაზღაურება არ შეესაბამება არათუ უფროსი მასწავლებლის, არამედ მასწავლებლობის მაძებლის ანაზღაურებასაც კი.

გარდა ამისა, ბევრ კერძო სკოლაში პედაგოგებისადმი არასათანადო დამოკიდებულებაა. მათ არ ეპყრობიან ისე, როგორც ეს პედაგოგს შეეფერება. ხელმძღვანელობა სარგებლობს იმით, რომ მათთან დასაქმებულ ადამიანებს არ გააჩნიათ ბერკეტი, რითაც საკუთარ თავსა და პოზიციას დაიცავენ და რომ წასასვლელი არსად აქვთ. შესაბამისად, ხშირად აძლევენ თავს იმის უფლებას, რის უფლებაც რეალურად არ აქვთ. საჯარო სკოლებში კი ამისგან ასე თუ ისე დაზღვეული ხარ.

საჯარო სკოლებისგან ხელნაკრავ მასწავლებლებს კერძო სკოლები ყოველგვარი ნაცნობობისა და „ჩაწყობის“ გარეშე რომ  გვიღებენ, სადაც სწავლების ხარისხიცა და მოთხოვნებიც უფრო მაღალია, ეს ხომ მიუთითებს იმაზე, რომ ქუჩაში გასაყრელი ხალხი არ ვართ?

პედაგოგობა საქართველოში პოპულარული სპეციალობა ისედაც არ არის. ახალგაზრდები ამ პროფესიას ნაკლებად ირჩევენ, რადგან ანაზღაურება დაბალია, შრომა კი – დაუფასებელი. ამდენი ცვლილება და ყოველ წელს ახალი სქემისა თუ სისტემის შემოღება კი მათ კიდევ უფრო აბნევთ და ამ პროფესიას კიდევ უფრო არაპოპულარულს ხდის.

პროფესიაში შესვლა უკვე საკმაოდ რთულია. ახალგაზრდამ არაერთი საფეხური უნდა გაიაროს, რომ მასწავლებელი გახდეს. შეიძლება ამისათვის წლები იწვალოს, ყველანაირი გამოცდა ჩააბაროს, კვალიფიკაცია დაადასტუროს და ბოლოს აღმოჩნდეს, რომ მისთვის ადგილი არ მოიძებნება. გამოდის, რომ ამდენი წელი ტყუილად იწვალა. იძულებული გახდება სამუშაო სხვა სფეროში ეძებოს. ასეთი ახალგაზრდა საგანმანათლებლო სისტემისათვის უკვე დაკარგულია.

სერტიფიცირების გამოცდებში ბარიერის გაუქმება კი მათ მოტივაციას კიდევ უფრო დაბლა სწევს. რომელ ქვეყანაში ხდება ასე, რომ მცოდნე მასწავლებლები დასაქმებას ითხოვდნენ და სკოლებს გარეთ რჩებოდნენ, ამ დროს კი სკოლები არაკვალიფიციურებით იყოს სავსე? ამას ხომ თავად სამინისტროც აღიარებს. თუკი სამინისტრო მინიმალური კომპეტენციითაც მაძლევს საშუალებას, რომ სკოლაში მასწავლებლად დავრჩე, რატომ ავიტკიებ თავს და კომპეტენციის ამაღლებაზე რატომ ვიზრუნებ? ან  ამის შემხედვარე ახალგაზრდას  რატომღა მოუნდება პედაგოგობა?

სწორედ ამ სიტუაციის გამო ვერ მოგვარდა მუდმივი პრობლემა – რომ სკოლის მოსწავლეს უმაღლესში მოსახვედრად რეპეტიტორის დახმარება არ სჭირდებოდეს. რატომ ვერ უნდა აძლევდეს სკოლა მოსწავლეს საიმისო განათლებას, რომ ეროვნული გამოცდების გავლა დახმარების გარეშე შეეძლოს?

-სახელმძღვანელოებზე რას ფიქრობთ? პედაგოგების მხრიდან ისინი ხშირადაა კრიტიკის ობიექტი..

–ლ.მ: ახალი სახელძღვანელოები, მსუბუქად რომ ვთქვათ, გამოუსადეგარია. მე, როგორც მათემატიკის პედაგოგს, მათემატიკის სახელმძღვანელოებზე  შემიძლია ვთქვა, რომ მათი მეშვეობით ბავშვი საგანს ვერ ისწავლის. განათლების სამინისტრომ მათ შესაძენად მილიონობით ლარი დახარჯა, ჩვენ კი, იძულებულები ვართ მაინც ძველი წიგნები დავიხმაროთ, რათა ბავშვს მასალა ჯეროვნად შევასწავლოთ. ამაზე სხვა საგნების პედაგოგებიც ჩივიან.

–თქვით, რომ სამინისტროს, სერტიფიცირებული მასწავლებლების დასასაქმებლად ბარიერის გაუქმებამდე ალტერნატიული გზა უნდა მოეფიქრებინა. თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს ეს გზა?

–ლ.მ: მზა რეცეპტის გაცემა ძალიან ძნელია, პრობლემა იმდენად მასშტაბურია,რომ კომპლექსური მიდგომის გარეშე მისი მოგვარება შეუძლებელია. ერთის მხრივ, მისასალმებელია, რომ სკოლის ხელმძღვანელობა პედაგოგთა შერჩევაში დამოუკიდებელია, მეორეს მხრივ კი, კონტროლის არქონის გამო, ეს პროცესი მხოლოდ კონკრეტული დირექტორის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული.

ჩემი აზრით, ერთ ვაკანსიაზე რამდენიმე პედაგოგი უნდა შეირჩეს, შემდეგ მათ მიეცეთ საშუალება ჩაატარონ ერთგვარი იმიტირებული გაკვეთილები, რომელსაც შეფასების ჯგუფი წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით შეაფასებს. ეს პროცესი გამჭვირვალე უნდა იყოს. უკეთესი იქნება, თუ ამ გაკვეთილების ვიდეოგადაღებაც მოხდება. ამის შემდეგ, თუ პედაგოგს თვალნათლივ დაუსაბუთებენ, რომ გაკვეთილის ჩატარება სხვამ მასზე უკეთ მოახერხა, აღარ ექნება განცდა, რომ უსამართლობისა თუ ნეპოტიზმის მსხვერპლია. ამჟამად მუდმივად ეს განცდა გვაქვს.

რეზო აფხაზავა: „ბაზარზე მასწავლებლების მოთხოვნა არ არის, კადრების ჩანაცვლების გზები არსებობს“

არის თუ არა მასწავლებლის საქმიანობაში ასაკი გადამწყვეტი – სკოლა საპენსიო პოლიტიკის მიღმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური