GE

გამოფენა “მუზეუმი ექსპოზიციის მიღმა”

ფოტო –
6370

საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში დღეს, 17:00 საათზე გაიხსნება გამოფენა “მუზეუმი ექსპოზიციის მიღმა”.

გამოფენის მიზანია ფართო საზოგადოებას წარუდგინოს მუზეუმის საქმიანობა საგამოფენო დარბაზებს მიღმა. გააცნოს იმ ადამიანების საქმიანობა, რომლებიც წლების მანძილზე ემსახურებიან საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას, დაცვასა და გადაცემას მომავალი თაობებისთვის. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ის ექსპონატები, რომლებიც სხვადასხვა დროს სახელმწიფო დაწესებულებების დროებით მფლობელობაში იყო გადაცემული, შემდეგ კი მუზეუმს დაუბრუნა.

2013 წელს საქართველოს ეროვნული მუზეუმის რესტავრატორების მონაწილეობით მოხდა როგორც ეროვნულ მუზეუმში დაცული 1200 ექსპონატის, ასევე საქართველოს სხვადასხვა მუზეუმებში დაცული 500-ზე მეტი ექსპონატის რესტავრაცია-კონსერვაცია. ეროვნული მუზეუმი, ეკლესია-მონასტრებში დაცული ხატების რესტავრაციის მიზნით, მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს საპატრიარქოსთანაც. გამოფენილი იქნება რესტავრირებული ექსპონატები: ქსოვილი, ქანდაკება, კერამიკა, მინა, მინიატურა, ლითონი, ფერწერული ნამუშევრები, მათ შორის, ფიროსმანის “ირემი” და სხვა.

გამოფენის მეორე ნაწილი დაეთმობა იმ ექსპონატებს, რომლებიც ჯერ კიდევ საქართველოს ეროვნული მუზეუმის შექმნამდე დროებით სარგებლობაში იყო გადაცემული საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ საქართველოს იურისდიქციაში მყოფი სახელმწიფო დაწესებულებებისთვის. ესენია: არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული და ფერწერული ნამუშევრები, მათ შორის თენგიზ მირზაშვილის, ზურაბ ნიჟარაძის, გია ბუღაძის, გია გუგუშვილის და სხვა მხატვრების ფერწერული ტილოები.

ეს ექსპონატები სამუზეუმო სივრცეს დაუბრუნდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის, საქართველოს საგარეო საქმეთა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროების, ასევე, საქართველოს პროკურატურის თანამშრომლობის შედეგად.

გამოფენის ფარგლებში, ეროვნული მუზეუმის თანამშრომლების მიერ, მომზადდა მრავალფეროვანი საგანმანათლებლო პროგრამები, რომელთა მიზანია მოსწავლეები გაეცნონ იმას, თუ რას ნიშნავს კონსერვაცია/რესტავრაცია, როგორ უნდა მოუარონ ნახატებს, კერამიკას, ფოტო ალბომებს, ხელნაწერ და ნაბეჭდ წიგნებს და ა.შ.

მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზირი 11.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური