განათლება შენი უფლებაა!
ცოტნე ჩახვაძე, ბლოგერი
პროექტში სამიზნე ჯგუფებიდან, ჩემთვის ყველაზე ახლო და საინტერესოა სოციალურად დაუცველი სტუდენტებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტების ბედი და მათი უფლებების, კერძოდ კი განათლების უფლების გარანტირება და დაცვა. მიუხედავად იმისა, რომ პროექტის მიზანს წარმოადგენს უმაღლეს განათლებაში, მოცემული სტუდენტების პრობლემისა თუ ხელშეწყობის წარმოჩინება-ანალიზი, მე გვერდს ვერ ავუვლი და მნიშვნელოვნად მიმაჩნია მისი წინა საფეხურის – საშუალო განათლების უფლებისა და შესაძლებლობების განხილვა, მით უფრო რომ საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლი – “ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება.” , თანაბრად ვრცელდება როგორც ერთზე, ისე მეორეზე.
როგორც ჩემი ერთი მეგობარი იტყოდა, უნივერსიტეტში სწავლა წარმოადგენს სწავლის გაგრძელებას, რაც შეუძლებლია საწყისი, საშუალო განათლების გარეშე, რასაც მეორე მეგობრის სიტყვებს: “რომ გაიზარდო, ჯერ პატარა უნდა იყო”, შემდეგნაირად გადმოგვცემს – თუ სტუდენტობა გინდა ჯერ მოსწავლე უნდა იყო. ამიტომაც ამის არ გათვალისწინება არასწორი მგონია, მით უფრო რომ მეც ჯერ მოსწავლე ვარ, მომავალი აბიტურინტი, ისიც სოციალურად დაუცველი ოჯახიდან, რომლისათვისაც უცხო არაა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პრობლემები. (ადრეც დავწერე ჩემს ძმაზე, ხოლო მათთვის ვისაც უკვირს და არ ჯერა ზემოთ თქმული (ოჯახის სოციალური სტატუსი) ჩემს ხელთ არსებული სხვადასხვა ფასიანი და ღირებული ნივთისა და მათით მოპოვებული შესაძლებლობების გამო, მათთვის დასამტკიცებლი არაფერი მაქვს, მით უფრო ნამდვილად არაა მოც. სტატუსი საამაყო, უბრალოდ ყველა ნივთი და შესაძლებლობა საკუთარივე შრომისა თუ წარმატების შედეგი და გამოხატულებაა, ესაა და ეს.)
თავად მაქვს გამოცდილი თუ რა ძნელია, როცა შენი შესაძლებლობები ძალზედ მწირია შენსავე სურვილებთან შედარებით. იმ სურვილებთან, რომლებიც არაფრითაა გამორჩეული და გასაოცარი. კარგად მახსოვს საკუთარი თავის მდგომარეობა, როცა მე პატარას უფრო მეტი მესმოდა, ვიდრე ჩემს მასწავლებელს, რომელსაც გაგება უჭირდა თუ რატომ არ მქონდა რამდენიმე ლარიანი წიგნი თუ ლამაზ ყდიანი რვეულები, რატომ ვამბობდი უარს ვიღაცის ხელის მოსათბობად და ჩვენზე გასასაღებლად, კლასში შემოტანილ უაზრო ტესტებზე. არასდროს დამავიწყდება დაწყებით კლასში მასწავლებლის ცივი გამოხედვა და მზერის არიდება ჩემთვის საგულდაგულოდ, მამაჩემის მიერ გაკეთბული სახატავი რვეულიდან, მით უფრო რომ არავისზე ნაკლები ნახატი არ მეხატა და სახატავი რვეულიც, თავისი ორიგინალურობიდან გამომდინარე სხვაზე ნაკლები კი არა, მეტიც მათზე მშვენიერიც კი იყო. ახლა მიადვილდება ამის ასე თქმა, მაგრამ აბა მაშინ გეკითხათ. თუმცა საბედნიეროდ, უკვე რამდენიმე წელია სამინისტრო თავად აძლევს წიგნებს მოცემულ სეგმენტს, ამიტომაც ჩემს ოჯახსაც და მის მსგავს სხვა ოჯახებსაც წიგნებისთვის ძლივს შეგროვებული რამდნიმე ათეული ლარი, აძლევს საშუალებას სხვა უფრო მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებაზე იზრუნონ. მნიშვნელვანი პრობლემა გახლავთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის სკოლების ადაპტირება, მით უფრო რომ საზოგადოების დამოკიდებულება არცთუ ისე სახარბიელოა. მართალია არის რამდენიმე სკოლა, მათ შორის ჩემიც სადაც ყველანაირი პირობაა მათთვის შექმნილი, თუმცა ადგილები შეზღუდული.
ასეთ პირობებში ბევრისთვის ჯერ კიდევ მიუწვდომელია საშუალო განათლება, რაც საძირკველია, რომ ასეთმა ადამიანებმა კონკურენცია გაუწიონ თანატოლებს, შეძლონ და სწავლა უმაღლეს სასწავლებლებში განაგრძონ, რაც თავის მხრივ დამატებითი ხარჯია ოჯახისთვის. ერთი მხრივ წინ გადადგმული ნაბიჯია სახელმწიფოს მხრიდან 14 ფაკულტეტის უფასოდ გამოცხადება, რაც გზას უხსნის ჩემი სტატუსის მქონე აბიტურიენტებს, მაგრამ მეორე მხრივ ზღუდავს და ჩარჩოში სვამს – იმის შიშით რომ სხვაგან გრანტს ვერ მოპოვებენ ბევრი უარს ამბობდა, ამბობს და იტყვის მისთვის სასურველ მიმართულებაზე. თუმცა ამავდროულად სამინისტორს ქონდა და იმედია კვლავაც ექნება სპეციალური დაფინანსების პროგრამები მოცემული სტატუსის მქონე ახალგაზრდებისთვის, რაც არა სრულად, თუმცა მაინც გარკვეულ ნაწილს უმსუბუქებს და შესაძლებლობას აძლევს ის ისწავლოს, რაც სურს. ხოლო რაც შეეხება შეზღუდულ შესაძლებლობის მქონე სტუდენტებს, ამ შემთხვევაში ხშირად უნივერსიტები მართლაც რომ თავად არიან უნარშეზღუდულები და მათ შორის მათთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა თუ სასწავლო მასალები (ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი და აუდიო წიგნები) ზოგიერთ მათგანს თუ აქვს. პარალელურად გასათვალისწინებელი და მოსაგვარებელია საზოგადებრივი ტრანსპორტის ადაპტირება მსგავსი ადამიანებისთვის, რადგანაც თუ კი მათ არ ყავთ საკუთარი მანქანა, ზოგადად არა მარტო უმაღლეს სასწავლებლებში, არამედ ყველგან გადაადგილება ფუფუნებაა.
ბოლო წლებში შეინიშნება და ხორციელდება მნიშვნელოვანი პროგრამები და ღონისძიებები მოცემული სეგმენტის ადამიანებისთვის, რაც ხელს უწყობს და ნელ-ნელა ცდილობს გაუმკლავდეს არსებულ პრობლემებს, რაც უდავოდ პოზიტიური ნაბიჯია. იმედია, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული – განათლების უფლება მხოლოდ უმთავრეს დოკუმნეტში შავით თერზე ნაწერად კი არ დარჩება, არამედ ყველაზე დაცული უფლება იქნება!