GE

განათლების სამინისტრო სკოლის მოსწავლეთა მშობლების კონსულტირებისთვის ემზადება

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახალ პროექტზე მუშაობას იწყებს, რომელიც არა მოსწავლეებთან ან მასწავლებლებთან მუშაობას, არამედ მშობლებისთვის სპეციალური პროგრამის განხორციელებას ითვალისწინებს. პროექტის თანახმად, მშობელი “სკოლის სრულფასოვანი პარტნიორი” ხდება. ეს უკანასკნელი კი საკუთარ თავში სხვადასხვა მიმართულებით მუშაობას ითვალისწინებს, მათ შორის:

• მშობელთან კომუნიკაციის ფორმების დახვეწა;
• ინფორმაციის მიწოდების ფორმალიზება;
• საინფორმაციო კამპანიის წარმოება, კერძოდ: საინფორმაციო ვიდეორგოლების შექმნა, შემეცნებითი თემატური ბუკლეტების შექმნა, შემეცნებითი თოქ-შოუების გამართვა, საგანმანათლებლო კონფერენციების ორგანიზებადა ა.შ.

“მშობელთა ჩართულობის პროგრამა” 2015-დან ამოქმედდება, მანამდე კი სამინისტროში ბოლო დეტალებს აზუსტებენ.

Aris.ge-განათლება პროგრამის შინაარსით და მიზნებით დაინტერესდა. პროექტის შესახებ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების დეპარტამენტის უფროსს, ნინო კვიტაიშვილს ვესაუბრეთ.

– ქალბატონო ნინო, რას გულისხმობს სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის პროგრამა?

– მშობელთა ჩართულობის პროგრამა გულისხმობს მშობლის დაახლოებას სკოლასთან, შვილის განათლების პროცესში ჩართულობის ხელშეწყობას, სასკოლო ცხოვრების შესახებ მშობელთა ინფორმირებულობის გაზრდას, მოსწავლის სახლში სწავლების უნარ-ჩვევების გამომუშავების პროცესში მშობლის როლის გაზრდას, მშობლის ყურადღების კონცენტრაციას. მშობელი სკოლის სრულფასოვანი პარტნიორი გახდება.

კონკრეტულად რა იგულისხმება ფრაზაში-“მშობელი სკოლის სრულუფლებიანი პარტნიორი გახდება”, რა ქმედებებსა თუ აქტივობებს ითვალისწინებს ეს პარტნიორობა?

მშობელსა და სკოლას ერთი საერთო მიზანი აქვს -მოსწავლის ხელშეწყობა, რათა მან უკეთ მოახდინოს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება, რაც სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა აქტიური ჩართულობით, სკოლასთან კომუნიკაციითა და მასწავლებელთან თანამშრომლობით მიიღწევა. “მშობელი სკოლის სრულუფლებიანი პარტნიორი გახდება” გულისხმობს მათ ინფორმირებულობას, ცნობიერების ამაღლებასა და სასკოლო ცხოვრებაში მათი ჩართულობის ხელშეწყობას.

– როგორც ცნობილია, აღნიშნული პროგრამა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების მშობლების ჩართულობასთან დაკავშირებით, სპეციალურ აქტივობებს გეგმავს. კონკრეტულად რა გაკეთდება მათთვის ამ მიმართულებით?

– სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა მშობლებს ჩაუტარდებათ ტრენინგის ზოგადი კურსი, რომელიც ხელს შეუწყობს მშობელთა ცნობიერების ამაღლებას ინკლუზიური განათლების მიმართულებით და ასევე, უზრუნველყოფს მათ ინფორმირებას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ჯანდაცვის კუთხით, სსსმ მოსწავლეთათვის განკუთვნილი სხვადასხვა სერვისების შესახებ ინფორმირება. ვასწავლოთ, როგორ უნდა მოახდინონ მათი შვილების განვითარების სტიმულირება. მშობლებმა უნდა შეიძინონ პრაქტიკული უნარები თავიანთ იშვილების დასახმარებლად.

– რა მიმართულებით მოხდება მშობლების გადამზადება და ვინ შეიმუშავა ეს მოსამზადებელი პროგრამები?

– “გადამზადება” გადამეტებული ნათქვამია, მოხდება მშობლების ინფორმირება მოზარდის საჭიროებების შესახებ, ასაკობრივ-ფსიქოლოგიური თავისებურებების, ჯანსაღი ცხოვრების წესის, მოზარდის ჰიგიენური ნორმების დაცვის, მოზარდის უსაფრთხოების დაცვისა და სამართლებრივი რისკების შესახებ, ოჯახში ძალადობის შედეგებისა და პრევენციის შესახებ.

– არსებობს თუ არა მსგავსი პრაქტიკა მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში და ითვალისწინებს თუ არა ქართული პროგრამა უცხოურ გამოცდილებას?

– რა თქმა უნდა არსებობს. ყველა ქვეყანაში სკოლასა და ოჯახს შორის თანამშრომლობა, მოსწავლის სასიკეთოდ მშობლის, როგორც საუკეთესო რესურსის გამოყენება უკვე დიდი ხანია დანერგილია. ჩვენთვის, პროგრამის შემუშავებისას, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია, იმდენად, რამდენადაც, როგორც კვლევები ადასტურებს, მოსწავლეთა და სკოლის წარმატება მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობაზე. კვლევამ, რომელიც აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში ჩატარდა, აჩვენა, რომ მშობელთა ჩართულობა დიდ ზეგავლენას ახდენს მოსწავლის განვითარების პროცესზე ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად.

მშობელთა ქცევა მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდა სკოლის ყველა საფეხურზე, სკოლაში შესვლისას კი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი სკოლისათვის მოსწავლის კოგნიტური მზაობა აღმოჩნდა. ამასთან, კვლევები ადასტურებს მშობელთა მაღალი მოლოდინების პოზიტიურ გავლენას მოსწავლის თვითშეფასებაზე, მოტივაციასა და მიღწევებზე.

ნათელია, რომ სკოლამ და ოჯახმა ერთობლივად უნდა აიღონ პასუხისმგებლობა სკოლაში ჯანსაღი ატმოსფეროს შექმნასა და განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე.

– რატომ გახდა ამ პროგრამის ამოქმედება საჭირო და რა პრობლემებს აღმოფხვრის ის სასკოლო ცხოვრებაში?

“მშობლის სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობა, ვფიქრობთ, ხელს შეუწყობს სწავლის ხარისხის ამაღლებას, რადგან მშობლის ჩართულობით:

ა) მკვეთრად იზრდება მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება;
ბ) იზრდება მოსწავლის მოტივაცია;
გ) მოსწავლეს უყალიბდება სკოლისადმი პოზიტიური დამოკიდებულება;
დ) უმჯობესდება დისციპლინა;
ე) იზრდება სკოლისა და მასწავლებლის ავტორიტეტი.
ვ) იზრდება მშობლის მიმართ ნდობა.

– არსებობს თუ არა რაიმე კვლევა, რომლის საფუძველზეც აღნიშნულ პროგრამაში ჩართვისთვის მშობლების მზაობას ვაფასებთ?

– ასეთი სრულფასოვანი კვლევა არ არსებობს. თუმცა, სხვადასხვა სკოლების სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ხშირია შემთხვევები, როცა მშობელს სურვილი აქვს, რომ ჩაერთოს პოცესებში, მაგრამ არ იცის, რა ფორმით და როგორ მოახერხოს ეს.

ვფიქრობთ, ეს პროგრამა კარგი საშუალება იქნება, ერთი მხრივ, იმ მშობლებისთვის, ვისაც სურვილი აქვს, მიიღოს გარკვეული ინფორმაცია სასკოლო ცხოვრებაში ჩართვის შესაძლებლობების შესახებ, ხოლო მეორე მხრივ, დააინტერესოს ის მშობლები, რომლებიც სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო ნაკლებად მონაწილეობენ შვილის განათლების მიღების პროცესში.

იქნება თუ არა სავალდებულო ყველა მშობლისთვის პროგრამაში ჩართვა?

– ნებისმიერ პროგრამაში ჩართვა ნებაყოფლობითია, მნიშვნელოვანია მშობლებმა გააცნობიერონ მათი ჩართულობის როლი სასკოლო ცხოვრებაში.

რამდენად ესმით მშობლების თავიანთი როლი და როგორია მათი მოსაზრება განათლების სამინისტროს ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით, ამის გასარკვევად, Aris.ge – განათლებამ მოსწავლეთა მშობლების პოზიციები მოისმინა:

მარიამი: როგორც მშობელი ვთვლი, რომ ინფორმაცია იმ საკითხებზე, რომელსაც აღნიშნული პროგრამა მოგვცემს, აუცილებელია და თითოეულმა მშობელმა ისედაც უნდა იცოდეს, თუმცა, თუ ვინმეს დახმარება დასჭირდება, ეს პროექტი ძალიან დიდ როლს შეასრულებს.

რუსუდანი: მე 3 შვილი მყავს, აქედან 2 სკოლაში დადის და ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს იმ თემებზე კონსულტაციების მიღებას, რასაც ეს პროგრამა გვთავაზობს. მოზარდებთან ურთიერთობაში ხშირად მჭირდება დახმარება ინდივიდუალურ მიდგომასთან დაკავშირებით, რა ინფორმაცია რა დოზით მიაწოდო თითოეულ მათგანს ასაკის მიხედვით და ა.შ. აუცილებლად ჩავერთვები ამ პროგრამაში.

მოსწავლეთა მშობლების ინფორმირების მიზნით, Aris.ge-განათლება დაინტერესდა, როგორი იქნება მშობლების პროგრამაში ჩართვის პროცედურები და სკოლის რომელი რგოლი იქნება ანგარიშვალდებული მათ კონსულტირებაზე, თუმცა, როგორც განათლების სამინისტროში გავარკვიეთ, პროცედურა ჯერ ცნობილი არ არის.

ნინო არის© თაბუკაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური