განათლების უფლება საქართველოში – რას წერს სახალხო დამცველი უახლეს ანგარიშში

„ოკუპირებული გალისა და ახალგორის ყველა სკოლაში დაწყებით კლასებში სრულად აიკრძალა ქართულ ენაზე სწავლება და მშობლიური ენა, უცხო ენისა და ლიტერატურის საგნად გადაკეთდა“, – ვკითხულობთ საქართველოს სახალხო დამცველის უახლეს ანგარიშში, რომელიც 2024 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ მომზადდა და საკანონმდებლო ორგანოს გადაეგზავნა.
სახალხო დამცველი წერს, რომ წლიდან წლამდე იკლებს მოსწავლეების რაოდენობა ოკუპირებულ რეგიონებში. მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობა კი კვლავ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება.
სტატისტიკური მონაცემები
2024-2025 სასწავლო წლის მონაცემებით, ოკუპირებული გალის რაიონში 30 სრული ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა, 9 სკოლამდელი დაწესებულება, 5 სახელოვნებო სკოლა ფუნქციონირებს. სკოლებში, 2024 წლის იანვრის მდგომარეობით, მოსამზადებლიდან მე-11 კლასის ჩათვლით, 3348 მოსწავლე ირიცხება. მათი რიცხვი 2023-2024 სასწავლო წლის მონაცემებით 3443 იყო. 30-ვე სკოლაში დასაქმებულია 948 მასწავლებელი.
საბავშვო ბაღებში ირიცხება 410-მდე აღსაზრდელი. 2023-2024 წლებში ეს რიცხვი 500-ს აღემატებოდა.
“მშობლიურ ენას, ოკუპირებული გალის სკოლებში რიგითი საგნის სტატუსი აქვს. სკოლებში, წინა წლების მსგავსად, ყველა საგანი რუსულ ენაზე და რუსეთის ფედერაციის სკოლებისთვის დაბეჭდილი სახელმძღვანელოებით ისწავლება. რუსულ ენას, კვირაში, პირველიდან – მეთერთმეტე კლასის ჩათვლით, 79 საათი ეთმობა. კლასგარეშე ღონისძიებებიც რუსულ ენაზე ტარდება. პედაგოგებს და მოსწავლეებს ეკრძალებათ ურთიერთობა ქართულ საგანმანათლებლო სივრცესთან. იძულებითი რუსულენოვანი აღზრდა – განათლება მიმდინარეობს საბავშვო ბაღებსა და სახელოვნებო სკოლებშიც”, – წერია ომბუდსმენის ანგარიშში.
განათლების ხელმისაწვდომობა
რაც შეეხება ოკუპირებულ ახალგორს, ანგარიშის თანახმად, მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობის კუთხით, მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. საანგარიშო წელს მოსწავლეების არარსებობის გამო ბოლო ქართული სკოლაც დაიხურა. აღსანიშნავია, რომ ქართული სკოლები ეტაპობრივად დაიხურა: ჯერ გაუქმდა დაწყებითი კლასები, შემდეგ ყოველწლიურად თითო კლასი. 2024 წელს სკოლა ბოლო კურსდამთავრებულებმა დაამთავრეს.
ოკუპირებულ ახალგორში, ამ ეტაპზე, ფუნქციონირებს მხოლოდ 5 სკოლა. აქედან, 4 სკოლაში ქართული ენა, როგორც საგანი, მხოლოდ მე-11 კლასში ისწავლება. 2024-2025 სასწავლო წლის მონაცემებით, ახალგორის სკოლებში, ჯამურად 50 მოსწავლე ირიცხება და 79 პედაგოგია დასაქმებული.
უმაღლესი განათლება
რაც შეეხება უმაღლეს განათლებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ლევან იოსელიანი წერს, რომ 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების გაუვლელად საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლება მიენიჭა 192 აბიტურიენტს (179 სტუდენტი – ოკუპირებული აფხაზეთიდან, 13 სტუდენტი – ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან). ასევე, 2024 წელს განათლების სამინისტროში მოქმედი სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსდა ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩარიცხული 6 სტუდენტი, რომლებიც ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე სწავლობდნენ ბოლო ორი წლის განმავლობაში და მიიღეს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
განათლების აღიარება
“კვლავ გამოწვევად რჩება საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომების აღიარება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დე ფაქტო ხელისუფლებები არ აღიარებენ ამ დიპლომებს. შესაბამისად, ახალგაზრდებს უჭირთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე დასაქმება. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ისინი დამკვიდრებას თბილისში ან სხვა ქალაქებში ცდილობენ, რაც ხელს უწყობს ოჯახების ხელოვნურად გაყოფას”, – აღნიშნულია ანგარიშში.
-
2024 წელს საქართველოში 10 800 მოსწავლეს შეუჩერდა ან შეუწყდა მოსწავლის სტატუსი – მიზეზები by ARIS.GE-განათლება 2 აპრილი, 2025
-
რომელ 10 საჯარო სკოლას უწევს მონიტორინგი ავტორიზაციის საბჭოსგან – სკოლების სია by ARIS.GE-განათლება 1 აპრილი, 2025
-
როგორ დავიცვათ არასრულწლოვნის პერსონალური მონაცემები ციფრულ გარემოში – გზამკვლევი by ARIS.GE-განათლება 1 აპრილი, 2025