განათლების სამინისტროს სკოლის სამეურვეო საბჭოს არჩევნების გამოცხადება დაავიწყდა და ივლისში ატარებს – მიიღებენ თუ არა პედაგოგები ზეგანაკვეთურ ანაზღაურებას?

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნების დანიშვნა დაავიწყდა! ახლა კი, მინისტრის ბრძანებით, არჩევნები 14 ივლისს, სწორედ იმ პერიოდში ჩაინიშნა, როდესაც მასწავლებლებს, რომლებიც კომისიის შემადგენლობაში უნდა იყვნენ, კუთვნილი შვებულება ექნებათ. არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღონ სხვა პედაგოგებმაც, თანამშრომლების შვებულებიდან გამოძახება კი სკოლის მხრიდან მასწავლებლებისთვის ზეგანაკვეთური ანაზღაურების გადახდას ითვალისწინებს, რაც შრომის კოდექსით არის განსაზღვრული.
შექმნილი “ფორსმაჟორის” შესახებ კითხვით EDU.ARIS.GE-მ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დღეს, 16 ივნისს მიმართა, სადაც იურიდიული სამსახურის პასუხი გადმოგვცეს – “მასწავლებლებს ზეგანაკვეთური ანაზღაურება არ ეკუთვნით”.
განათლების სამინისტროში არ განუმარტავთ, რაზე დაყრდნობით აქვთ ასეთი პასუხი, ან როგორ უნდა აუხსნას 2000-ზე მეტმა სკოლამ შექმნილი ვითარება მასწავლებლებს.
საკითხის არსში დეტალურად გაგვარკვია განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ სერტიფიცირებულმა ტრენერმა, საქართველოს სკოლის დირექტორთა ასოციაციის დამფუძნებელმა და საქართველოს განათლების მუშაკთა გაერთიანების (პროფკავშირის) დამფუძნებელმა გიორგი კაკაბაძემ, რომელიც თბილისის N24 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორია:
გიორგი კაკაბაძე: სამეურვეო საბჭოს წევრთა არჩევნებზე, თითოეულ სკოლაში მინიმუმ 2-3 კომისიის წევრი უნდა იყოს მასწავლებელი, მაგრამ არჩევნებზე მასწავლებლები ხომ უნდა მოვიდნენ – თავიანთი ხმის დასაფიქსირებლად. შესაბამისად, ადამიანი შვებულებიდან უნდა გამოიძახონ. განმარტება – “არ ეკუთვნით ზეგანაკვეთური” – ასე არ არის. ნახეთ, როგორ არის: წავიდა ადამიანი შვებულებაში, თუ წავიდა, ოფიციალურად უნდა გამოიძახო, დირექტორმა/დამსაქმებელმა უნდა დაწერო ბრძანება და გამოიძახო. ეს უკვე ნიშნავს ზეგანაკვეთურ მუშაობას, რადგანაც შენ გამოიძახე, შენი საქმისთვის. თუ არ გამოიძახე, მაშინ არ მოვა, მაგრამ გამოძახების შემთხვევაშიც უნდა შეთანხმდე და წინასწარ დაუწერო: რატომ იძახებ, რამდენი საათით და რა მიზნით იძახებ, ასევე ანაზღაურება, ანუ უნდა შეუთანხმდე ზეგანაკვეთურ სამუშაოზე, თორემ შეთანხმების გარეშე ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება არ ხდება.
EDU.ARIS.GE: ყველა შემთხვევაში ითვლება თუ არა მსგავსი გამოძახება ზეგანაკვეთურ სამუშაოდ?
გ.კ: შვებულებიდან თუ იძახებ ადამიანს წარმოების, დაწესებულების მიზნებისთვის, ეს მეტი არაფერი არ არის, თუ არა ზეგანაკვეთური სამუშაო. ყველა მასწავლებლის შემთხვევაში, რომელიც არჩევნებზე შეიძლება მოვიდეს და წავიდეს, აქ, შეიძლება, რაიმე სადაო გახადონ, თუმცა აქაც სადაო არაფერია. მაგრამ ადამიანები, რომლებიც კომისიაში იქნებიან? მინიმუმ ორი კვირა მომზადება ხომ უნდა პროცესს – ბიულეტენებს და სხვა მოსამზადებელ საქმიანობებს. ასეთი ადამიანი 2-3 იქნება ყველა სკოლაში და 2080 საჯარო სკოლაა, ჩათვალეთ, რომ 5-6 ათასი ადამიანი მაინც იქნება ასეთი.
ახლა ნახეთ რაშია საქმე, ეგ შეიძლება, სკოლას დაავალონ, მაგრამ თავად დაავიწყდათ გამოცხადება და სკოლას რომ დაავალონ და გადაახდევინონ, ეგ უკვე უსამართლობაა. ან სკოლას აქვს ეს ბიუჯეტი? ეს ბიუჯეტი სკოლას ვერ ექნებოდა გათვლილი და დამტკიცებული ბიუჯეტში, ვინაიდან რა იცოდა, რომ დააგვიანებდნენ [სამინისტროში]? სკოლამ ცვლილება უნდა შეიტანოს ბიუჯეტში, მაგრამ ეს ცვლილება ძველ სამეურვეო საბჭოს უნდა დაამტკიცებინოს, ძველ საბჭოს ვადა გასდის 20 ივნისს, ანუ ვერც დაამტკიცებენ და სკოლას გამოუვა არამიზნობრივი ხარჯი. დავუშვათ, რომ ფორსმაჟორში გააფორმოს, მაგრამ როგორ გააკეთებს ამას? მისი ფორსმაჟორია? სამინისტრომ დააგვიანა გამოცხადება?.
EDU.ARIS.GE: რამ გამოიწვია ასეთი ვითარება?
გ.კ: მარტივად – დაავიწყდათ გამოცხადება. პირდაპირი მოვალეობა იყო ეს თამარ მახარაშვილის – მინისტრის მოადგილის და ლალი კალანდაძის – სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტის. ეს მათი პირდაპირი მოვალეობა იყო და არ მოხდა.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს 10 ივნისით დათარიღებულ ბრძანებაში ვკითხულობთ:
საქართველოს საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევნების დანიშვნის თაობაზე: “საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის (იგულისხმება თამარ მახარაშვილი. ავტ.) 2025 წლის 04 ივნისის მოხსენებითი ბარათის გათვალისწინებით ვბრძანებ:
1. საქართველოს საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევნები დაინიშნოს 2025 წლის 14 ივლისს.
2. ბრძანება ძალაშია 2025 წლის 20 ივნისიდან. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცემიდან ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მოდებაძე”.
საქართველოს შრომის კოდექსი
მუხლი 14. სამუშაო დროის ხანგრძლივობა
1. თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა, რომლის განმავლობაშიც დასაქმებული ასრულებს სამუშაოს, არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 41 საათს. სამუშაო დროში არ ითვლება შესვენების და დასვენების დრო.
მუხლი 17. ზეგანაკვეთური სამუშაო
1. დასაქმებული ვალდებულია შეასრულოს ზეგანაკვეთური სამუშაო:
ა) სტიქიური უბედურების თავიდან ასაცილებლად ან/და მისი შედეგების ლიკვიდაციისთვის – ანაზღაურების გარეშე;
ბ) საწარმოო ავარიის თავიდან ასაცილებლად ან/და მისი შედეგების ლიკვიდაციისთვის – სათანადო ანაზღაურებით.
4. ზეგანაკვეთური სამუშაოს პირობები განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით.
ანალიზი და მოსალოდნელი შედეგები – გიორგი კაკაბაძე
როგორც ჩანს, სამინისტრო იმის სათქმელად ემზადება, რომ ეს სასწავლო პროცესი არ არის, არჩევნები თავისუფალი ნების გამოვლენაა და ამდენად თანამშრომლების სკოლაში გამოცხადება სკოლის საჭიროებას არ წარმოდგენს დ.ა.შ. მაგრამ არჩევნები რომ სასკოლო პროცესია ამის გვერდის ავლა ამ ლოგიკითაც ვერ მოხდება, რადგან სკოლების შინაგანაწესით განსაზღვრულია „სასკოლო დრო“, რომლის ფარგლებშიც სკოლის თანამშრომლების და მოსწავლეების პასუხისმგებლობებია განსაზღვრული სკოლის წინაშე. სკოლის შინაგაწესი, მუხლი 1. პუნქტი 7. ქვეპუნქტი გ) სასკოლო დრო- სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული პროცესის, აგრეთვე სკოლის მიერ ინიცირებული, ორგანიზებული, კონტროლირებული, დაფინანსებული ნებისმიერი ღონისძიების მიმდინარეობის დრო.
სასკოლო დროის ფარგლებში, არჩევნებზე მოსული, არჩევნების ორგანიზებაში მონაწილე და არჩევნების მატერიალური, ტექნიკური და ინფრასტრუქტურული უზრუნველყოით ანუ სკოლის მიზნების შესაბამისი საქმიანობით დაკავებული სკოლის თანამშრომელი როგორ შეილება ჩაითვალოს თვითნებურად მოქმედ პირად. მით უმეტეს, რომ ამ პერიოდში მისი პასუხისმგებლობაა გაუფრთხილდეს სკოლის ქონებას, სკოლის ტერიტორიაზე შემოსულ სტუმართან გამოიჩინოს მაღალი ეთიკური ნორმების შესაბამისი ქცევა, შესრულოს დირექტორის მითითებები დ.ა.შ. თუ არჩევნების მიმდინარეობის პროცესში შინაგაწესი მოქმედებს და თანამშრომლის დასჯა შეიძლება და ამ პერიოდში მათ დირექტორის მითითებების შესრულება ევალებათ, მაშინ მათი სკოლის მიზნებთან შესაბამისი საქმიანობის ანაზღაურება რატომ არის ზედმეტი და მით უმეტეს შვებულების ანუ დასვენების (საქართვეოს შრომის კოდექსი მუხლი 14. პუნქტი 1.) პერიოდში ???
სხვათა შორის, თავიდან საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ ბრძანებით დამტკიცებული დებულების მული 15. პუნქტი 2.-ში ნათქვამი იყო, რომ არდადეგებზე არჩევნების დანიშვნა იკრძალებოდა, მაგრამ მერე ეს პუნქტი მინისტრ თამარ სანიკიძის ბრძანებით ამოიღეს. ამით მოსწავლეების ინტერესიც დაირღვა, რომლებიც ამ დროს არდადეგებზე არიან წასული და სამეურვეოში თავისი წარმომადგენლის არჩევის ორგანიზება დასვენების ხარჯზე უნდა მოეხდინონ.
ყველაზე მოკლე ზუსტი პასუხი კი ის არის, რომ 3 წლის წინ იგივე არჩევნები 16 მაისს დაინიშნა 16 ივნისს დამთავრდა.
ამავე დროს, ეს სკოლის მმართველობის უმაღლესი ორგანოს არჩევნებია და თუ ეს არჩევნები არ შედგება სკოლის აბსოლტური მმართველი სკოლის დირექტორი გახდება. ასეთ შემთხვევაში მასწავლებლები, მშობლები და მოსწავლეები უნდა დაემშვიდობონ სკოლის მართვაში მონაწილეობას და მართვაზე გავლენის მოხდენის ლეგიტიმურ შესაძლებლობას. ეს რას ნიშნავს, ვფიქრობ, ადვილი მისახვედრია. თუმცა არ მგონია, რომ რომელიმე დირექტორს ეს გაუხარდეს, რადგან სატელეფონო მმართველობის პირობებში ნება მაინც სხვისი დარჩება და გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობა დარჩება მხოლოდ მათ კისერზე.
რატომ არავინ იცავს მასწავლებლების უფლებებს, ვის აწყობს ასეთი არჩევნები და ვინ აწყობს სამინისტროს ამ არჩევნებში ???
ამ, ერთი შეხედვით, სამი განსხვავებული შეკითხვის პასუხი ერთია საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირს (სპმთპ).
რატომ ???
იმიტომ, რომ ეს ერთადერთი პროფკავშირია, რომელთანაც სამინისტროს თანამშრომლობის მემორანდუმი აქვს გაფორმებული, რომელიც ყველა რეფორმაზე უწერს ხელს და არასდოს აკრიტიკიებს რეფორმების ცუდი შედეგების, ახალი რეფორმებისთვის გამოყოფილი თანხების არაეფექტური ხარჯვისთვის ან მასწავლებლების დაუსრულებელი წვალებისთვის. ამავე დროს, ამ ე.წ. პროფკავშირს არ აქვს უფლება სამეურვეო საბჭოში თავისი წევრი ჰყავდეს წარმომდგენელი, რადგან სპმთპ-ის წესდების მუხლი 2. მიზნები და ამოცანები; ქვეპუნქტი 2.3 სპმთპ-ის ამოცანებია; ქვეპუნქტი 2.3.6. წევრთა ინტერესებისა და უფლებების ლობირება შესაბამის ორგანოებში. როგორც მოგეხსენებათ, ტერმინი „ლობირება“ გამორიცხავს მიუკეძოვებლობას და ნეიტრალურობას. სამეურვეო საბჭოების საქმინობისთვის კი ეს მთავარი პრინციპებია. ამავე დროს, ამ ორგანიზაციის ინტერესები განსხვავდება სკოლის ინტერესებისგან. სამინისტრო ამ ყველაფერზე თვალს იმიტომ ხუჭავს, რომ ეს ე.წ. პროფკავშირი უკმაყოფილო მასწავლებლების მართვაში ეხმარება.
სწორედ ამ ე.წ. პროფკავშირის და სამინისტროს საერთო მიზნებს შეესაბამება ეს არჩევნები, რადგან სამეურვეო საბჭოები დირექტორებსაც აკონტროლებენ პროფკავშირის იურისტების დახმარებით და სამინისტროს მხრიდა ძალადობა საჭირო აღარ ხდება. დირექტორები კი ამ პროფკავშირების მითითებით და სამეურვეო საბჭოებზე „გაპრავებით“ ნებისმიერს გააშვებინებენ ვინც ხმას ამოიღებს და თან დაშინებული მასწავლებლების საწევროებით თავის ბიუჯეტსაც გაზრდიან. რომლითაც მერე მაიკოს მონტენეგროს ვილაზე იზეიმებენ დაბადების დღეებს. სამინისტრო კი განაცხადებს, რომ სკოლებში თვითმმართველობა ყვავის და ისინი არაფერ შუაში არიან. ამ ინფორმაციის მერე დააკვირდით მიიღებს თუ არა ზომებს სამინისტრო და რა რეაქცია ექნება სპმთპ-ის ლიდერებს და ყველაფერი ნათელი გახდება.
ასევე იხილეთ:
-
„მათემატიკის ორივე ვარიანტი ნამდვილად რთული იყო გასულ წლებთან შედარებით“ – ტესტების ანალიზი და შეფასება პროფესორისგან by ARIS.GE-განათლება
-
გამოქვეყნდა მასწავლებლის გამოცდებზე გამოყენებული ტესტები ოთხ საგანში (დაწყებითი კლასები) – გამოცდები 2025 by სიახლეები პედაგოგთა გამოცდებზე
-
გამოქვეყნდა 2025 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტი გეოგრაფიაში by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე