GE

ვინ იქნება ახალი სქემით მასწავლებლის გარე დაკვირვების ჯგუფში და ვისი პასუხისმგებლობით გათავისუფლდება ის სკოლიდან

საქართველოს მთავრობის სხდომაზე დასამტკიცებლად გატანილი მასწავლებლის პროფესიული განვითარების განახლებული სქემა პრემიერ–მინისტრის ხელმოწერის შემდეგ უკვე ოფიციალურად ამოქმედდება. მთავრობის სხდომაზე ამ საკითხზე მინისტრის მოადგილე ლია გიგაური იყო მომხსენებელი.

სხდომის დასრულების შემდეგ მან მასწავლებელთა სქემის შესახებ EDU.ARIS.GE-ს კითხვებს უპასუხა:

რა შეიცვლება მასწავლებელთა სქემაში და ამის მიხედვით პედაგოგთა ცხოვრებაში?

-მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიულიგანვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში შევიდა მთელი რიგი ცვლილებები, რომელიც ორიენტირებულია, როგორც სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზე, ასევე მასწავლებლებისთვის მრავალფეროვანი აქტივობების შეთავაზებაზე, სადაც თითოეული მასწავლებელი შეძლებს თვითონ აირჩიოს ისეთი აქტივობები, რომლებიც იმ კონკრეტულ მომენტში, კონკრეტულ სკოლაში, კონკრეტულ კლასთან სამუშაოდ უფრო ეფექტური იქნება და ხელს შეუწყობს მოსწავლეებში საუკეთესო შედეგების მიღწევას და რაც მთავარია, მასწავლებელს მისცემს საშუალებას, სრულად მოახდინოს საკუთარი შემოქმედებითი თუ პროფესიული შესაძლებლობების რეალიზება.

უფროსი და წამყვანი მასწავლებლებისთვის გაფართოვდა სპექტრი განსახორციელებელი დამატებითი აქტივობების, რომლებშიც მათ კრედიტქულები მიენიჭებათ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია თითოეული აქტივობა მიმართულია მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებისკენ ეხება რა საგაკვეთილო და არასაგაკვეთილო აქტივობებს. დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ შეიცვალა საგნის გამოცდის ცნება და საგნობრივი კომპეტენციების დადასტურება დაერქვა. პრაქტიკოსი მასწავლებლის აქტივობებს დაემატა პროფესიული კომპეტენციის დადასტურების ცნება და პროფესიული გამოცდის ცნების ნაცვლად შემოვიდა პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ცნება. ორივე პროცესს, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების შეფასებას განახორციელებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.

დამატებითი აქტივობებით კრედიტქულების დაგროვება მასწავლებელს შეუძლია საწრეო და კლასგარეშე მუშაობით, სხვადასხვა სასწავლო თუ სოციალურ პროექტებში მონაწილოეობით. ამავდროულად თუ მასწავლებელი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლესთან მუშაობს, აღნიშნული შრომატევადი სამუშაოც კრედიტქულებით შეფასდება. აღნიშნული სიახლეები მიუთითებს თუ სასწავლო პროცესის წარმართვისას როგორია სახელმწიფოს ხედვა.

გარე დაკვირვების კომპონენტში მასწავლებლელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან ერთად, ასევე ჩართულნი იქნებიან სკოლების წარმომადგენლებიც, ფასილიტატორები, სამომავლოდ კი, ის მასწავლებლები, რომლებიც გაივლიან გარე საგაკვეთილო დაკვირვებას თავად გახდებიან გარე დამკვირვებლები.

–გარე დაკვირება მხოლოდ იმისთვის იქნება საჭირო, რომ უფროს მასწავლებელს წამყვანის სტატუსი მიენიჭოს?

–გარე საგაკვეთილო დაკვირვება უწევს ყველა იმ უფროს მასწავლებელს, რომელსაც სურს სტატუსი აიმაღლოს, გარე დაკვირვების კომპონენტის განხორციელება არ ეხება პრაქტიკოს მასწავლებლებს. გარე შეფასების ნაწილია გარე საგაკვეთილო დაკვირვება, რომელიც სქემის წინა რედაქციაში განიხილებოდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ფუნქციად და მოიცავდა გაკვეთილის ვიდეოგადაღებას და შემდეგ ამ მასალის შეფასებას. გაკვეთილის ალტერნატიული მეთოდებით შეფასების გზა იქნება მასწავლებლებისთვის შეთავაზებული. შეფასების მეთოდოლოგიაც გამარტივდა. შიდა საგაკვეთილო შეფასება როგორც პრაქტიკოსი, ისე უფროსი მასწავლებლისთვის განსახორციელებელი საქმიანობაა, რომლის დროსაც გაკვეთილს დაესწრება მასწავლებლის შეფასების ჯგუფი და შემდეგ ამ გაკვეთილს, მასწავლებლის საგნობრივ და პროფესიულ კომპეტენციებს წინასწარ გაწერილი კრიტერიუმების მიხედვით შეაფასებს. სქემით განსაზღვრული შიდა და გარე საგაკვეთილო დაკვირვება კი გამოავლენს მასწავლებლის უნარს, რამდენად შეუძლია წარმართოს კარგი გაკვეთილი.

სქემის დოკუმენტში დაწვრილებით გაწერილია მეთოდოლოგია, როგორ უნდა მოხდეს გარე დაკვირვება გაკვეთილზე. შეფასების კრიტერიუმებიც ჩამოწერილია. აქ მნიშვნელოვანი ცვლილება ისაა, რომ განმახორციელებელი არ იქნება მხოლოდ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი. ჩამონათვალი ვინ შეიძლება იყოს, ასევე მოცემულია სქემაში.

მინისტრის მიერ დამტკიცდება წესი, სადაცდაწვრილებით გაიწერება მეთოდოლოგია, თუ როგორუნდა მოხდეს გარე დაკვირვება გაკვეთილზე. შეფასების კრიტერიუმები შემუშავებული დაგამოცდილია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულიცენტრის მიერ, ასევე კრიტერიუმები გამოსცადეს სკოლების შეფასების ჯგუფებმაც. დეტალები ახლო მომავალში გასაჯაროვდება.

კიდევ ერთი კარგი ცვლილებაა ის, რომ თუ აქამდე პრაქტიკოს მასწავლებელს აუცილებლად უნდა ჩაებარებინა სამი წლის ვადაში გამოცდა საგანში. ახლა ვადა სქემაში აღარ არის და პრაქტიკოსი მასწავლებლი სტატუსს ინარჩუნებს მანამდე, ვიდრე არ გახდება უფროსი მასწავლებელი. თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ თუ მასწავლებელი თავის ფუნქციას არ ასრულებს სკოლაში, დირექტორმა არ მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. პასუხისმგებლობა ასეთ შემთხვევაში ეკისრება სკოლის დირექტორს.

–თუ არავის გაუშვებს სქემა სკოლიდან, იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელი ვერ ჩაატარებს კარგ გაკვეთილს, ამის შეფასება როგორ უნდა მოხდეს? ან როგორ უნდა დაადასტუროს თავისი კომპეტენციები?

–წინა სქემის მიხედვით მასწავლებლებს საგნის გამოცდა აუცილებლად უნდა ჩაებარებინათ. გათვალისწინებული იქნა შემდეგი ფაქტორი – მოგეხსენებათ, რომ მასწავლებელთა კორპუსის ნაწილს გამოცდასთან დაკავშირებით აქვს ნეგატიური განწყობები, რამდენადაც მათ უკვე მიღებული აქვთ უმაღლესი განათლების დასრულების შემდეგ კვალიფიკაცია, იქვე ჩაბარებული აქვთ ყველა მოთხოვნილი გამოცდა და აქვთ დიდი გამოცდილება. ნაწილისთვის მიუღებელი იყო გამოცდაზე გასვლა, რადგან ვინც გავიდოდა და თუნდაც ერთი ქულა დააკლდებოდა ბარიერის გადალხვამდე, მიაჩნდათ, რომ ეს ნეგატიურად აისახებოდა მათ პრესტიჟზე. ახლა ეს წნეხი მოხსნილია და ჩვენ კომპეტენციების დადასტურებაზე ვსაუბრობთ და არა გამოცდაზე, ასევე მასწავლებლებს შესაძლებლობა ეძლევათ მიღებული ქულების შესაბამისი კრედიტქულები მოაგროვონ. ამ მხრივ გვგონია, რომ მასწავლებლების მოტივაცია ამაღლდება. მასწავლებლებს ექნებათ მხარდაჭერა, შეძლებენ შეაფასონ საკუთარი შესაძლებლობები და გაიარონ მათთვის საჭირო ტრენინგი. საბოლოოდ კი მასწავლებლის პროფესიული განვითარების შედეგები უნდა აისახოს სასწავლო პროცესის ხარისხზე.

რაც შეეხება სიტუაციას, როდესაც მასწავლებელი ვერ ატარებს სათანადოდ გაკვეთილს, სამწუხაროდ ასეთი შემთხვევებიც არსებობს. თუკი ამას აფიქსირებს მშობელი, კოლეგა ან მოსწავლე, მან აუცილებლად უნდა მიმართოს სკოლის დირექტორს. შესაძლებელია ეს იყოს მოსწავლის, მშობლის სუბიექტური შეფასება, რასაც გადამოწმება ჭირდება. თუ ეს არის ობიექტურ კრიტერტიუმებზე დაყრდნობილი შეფასება, მაშინ ეს უნდა დაადასტუროს სკოლის შეფასების ჯგუფმა, რის შემდეგაც სკოლის დირექტორმა უნდა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. ანუ ეს ხდება არა სქემის ფარგლებში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ, არამედ სკოლაში – თავისი თანამშრომლების საქმიანობის შეფასებით.სკოლის დირექტორს, როგორც სკოლაში მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებელ პირს, ზოგადი განათლების შესახებ კანონით ევალება მიიღოს შერსაბამისი გადაწყვეტილება. რეაგირება უნდა მოხდეს სკოლის დონეზე.

რა თქმა უნდა, როდესაც საუბარია მასწავლებელთა ამხელა კორპუსზე, ყველა მასწავლებელს არ ექნება თანაბარი კომპეტენცია. თუ მასწავლებელი თავის მოვალეობას არაჯეროვნად ასრულებს, სკოლის დირექტორმა უნდა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

–სქემას ახლდა 9 სხვადასხვა დოკუმენტი, რომელიც ახალი სქემის ძალაში შესვლიდან ძალადაკარგულად გამოცხადდა, რატომ გაუქმდა ეს დოკუმენტები?

–ყველა ამ დოკუმენტით გაწერილი პროცედურები სქემის დოკუმენტშია მოცემული, რაც სქემას ადვილად აღქმადს ხდის. ცალკე სხვა დანართი დოკუმენტები აღარ იქნება საჭირო.

–როდის წარუდგენთ ახალ სქემას პედაგოგებს?

–პირველ რიგში სქემის ახალი ვარიანტი წარედგინებათ ფასილიტატორებს. სქემით დაგეგმილი ცვლილებების შესახებ ინფორმაცია მიეწოდება ყველა სკოლას, პედაგოგებს, ადმინისტრაციას და ყველა დაინტერესებულ პირს, რომელიც შეიძლება ჩართული იყოს  შეფასების პროცესებში.

–და ბოლოს, როგორია პირადად თქვენი შეფასება განახლებულ სქემასთან დაკავშირებით?

–სქემა ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იყო მასწავლებლების შეფასების მიმართულებით. სქემის პილოტირების წელი რომ დასრულდა, მოხდა ხარვეზების გაანალიზება, ჩატარდა კვლევა, მივიღეთ სკოლებიდან და მასწავლებლებისგან არაერთი რეკომენდაცია. გამოიკვეთა გარკვეული ტექნიკური საკითხები, რომლეთა გამარტივება ადვილად შეიძლებოდა. ასევე გამოიკვეთა პრაქტიკოსი მასწავლებლების ნეგატიური დამოკიდებულება სქემის გარკვეული მოთხოვნების მიმართ ამ სამ წელთან დაკავშირებით (როდესაც პედაგოგი ვალდებული იყო 3 წლის განმავლობაში ჩაებარებინა საგნის გამოცდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მას უწყდებოდა შრომითი ხელშეკრულება სკოლასთან და მის ადგილზე ცხადდებოდა ვაკანსია. ავტ.). პრაქტიკოსი მასწავლებლის უმრავლესობა დემოტივირებული იყო, თითქოს ჩაკეტილ რეჟიმში ელოდნენ დროს, როცა სკოლას დატოვებდნენ. ნაკლებად ჰქონდათ განვითარების მოტივაცია და, ვფიქრობთ, რომ კონკრეტულად ამ მიმართულებით განხორციელებული ცვლილებების დაანონსებამ მასწავლებლებს მოუხსნა ემოციური დაძაბულობა და თითოეულ პედაგოგს გაუჩინა განვითარების მოტივაცია, რაც აუცილებლად აისახება სკოლაში სასწავლო პროცესის ხარისხზე და მოსწავლეების შედეგებზე.

მასწავლებელის პროფესიული განვითარების სქემის ცვლილებათა პაკეტი გამოქვეყნდა

უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოპოვების ალტერნატიული გზები განახლებულ სქემაში – მინისტრის განმარტება

რა ცვლილებებია სქემაში – „მასწავლებელი სკოლიდან წავა სხვა მიზეზებით, ეს სქემა სახლში არ გაუშვებს არავის“

ცისანა არის© შერგილაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური