GE

„თუ არ შეუძლია სამინისტროს, დააკმაყოფილოს სამსახურით ამდენი პედაგოგი, ყველა მსურველს არ უნდა ჰქონდეს გამოცდაზე გასვლის უფლება“

EDU.ARIS.GE-ს მასალას, „პედაგოგი ჩამოტარებით არ არის, ჩადგმით არის – ვინც კოლეგებთან არ თანამშრომლობს, სკოლიდან წავა“, სადაც განათლების და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ახალგაზრდა დაუსაქმებელ პედაგოგებზე, ჭაღარა მასწავლებლებსა და დაწინაურებულებზე საუბრობს,  მკითხველის მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ბევრმა მინისტრს ლექსიკა დაუწუნა, ზოგმა იუმორი მოუწონა:  „ხაშლამაც გახდა პედაგოგი“;  „ნეტა, მე რომელი ვარ, ჩამოტარებით თუ ჩადგმით?“;  სწორედ ჩამოტარებულ მასწავლებელთა უმრავლესობა დარჩა ჩადგმით და ამიტომაა ამდენი რამ რომ იწერება მასწავლებლებზე, ხანდახან მრცხვენია კიდეც…….“;  „რას ნიშნავს ჩამოტარებით, პატივი ეცით პედაგოგის ღირსებას!!!“; იკითხონ კახელმა პედაგოგებმა, იმერლებმა ჩადგმით ვიცით“; „ძალიან მომწონს ბ.ჯეჯელავას გადაწყვეტილებები. დიახ, სკოლის მთავარი პრიორიტეტი მოსწავლე უნდა იყოს და მასწავლებელიც ზუსტად ასე “ჩადგმით” მოღვაწეობდეს“, – წერდნენ მკითხველები..

განსაკუთრებული გულისწყრომა განათლების მინისტრის მიერ ახალგაზრდა გამოცდაჩაბარებულ მასწავლებლობის მსურველებზე ნათქვამმა სიტყვებმა გამოიწვია.

„მე როცა მოვედი ამ თანამდებობაზე, მეუბნებოდნენ, რომ ათასობით ახალგაზდა პედაგოგს უნდა სკოლაში შესვლა, მაგრამ ვერ შედის, იმიტომ რომ აი, აქ თქვენ ვინც ხართ, იკავებთ მათ ადგილებს. მე ვთხოვე, ჩემს კოლეგებს, 10 ასეთი ახალგაზრდა სერტიფიცირებული პედაგოგის ნომერი ეშოვათ, ამ ათასობით პედაგოგიდან. მიშოვეს და დავურეკე. პედაგოგობის 10 მსურველს ველაპარაკე. 8-მ იცით, რა მითხრა? სანამ სხვა სამსახურს ვიშოვი, მანამ ვიმუშავებ სკოლაშიო. პედაგოგი ჩამოტარებით არ არის! ჩადგმით არის! ანუ ასე არ შეიძლება. სანამ უკეთეს სამსახურს იშოვი, მანამდე რომ გინდა სკოლაში მუშაობა. ჯერ სანამ აზრზე მოხვალ, სად მოხვდი, ერთი 2 წელი გავა. სანამ მიხვდები, რა „შარში“ გაეხვიე. სანამ მიხვდები, შენია ეს საქმე, თუ არა“, – თქვა მინისტრმა.

„არ ვიცი რომელ ათ პედაგოგობის მსურველს ელაპარაკა ბატონი მინისტრი, მაგრამ მე ნამდვილად არ შევხვედრილვარ.. როგორ შეუძლია ასე ერთბაშად გადაუსვას ხაზი ჩვენს შრომას…ასე არ შეიძლება. მაშინ მოგვცეს შანსი დავამტკიცოთ, რა შეგვიძლია“;

„ბატონო მინისტრო, ცდებით! მაქვს სამსახური.  მაგრამ ჩემი ოცნება წლებია მასწავლებლობაა.  გამოცდაც ჩავაბარე. მაგრამ ჩემი დრო არ დადგა. რატომ?“, – კითხულობენ მომხმარებლები.

EDU.ARIS.GE არაერთხელ დაინტერესებულა სერტიფიცირებული მასწავლებლების საკითხით, რომლებიც სკოლებში ვერ საქმდებიან. ამჯერად ჩვენ მათ მინისტრის სიტყვების შეფასება ვთხოვეთ.

27 წლის თიკო კახეთელიძემ, რომელმაც ინგლისურის გამოცდა 2016 წელს ჩააბარა, ჩვენთან საუბარში მინისტრის ნათქვამზე გაკვირვება ვერ დამალა.

„არ ველოდი, თუ რომელიმე პასუხისმგებლობის მქონე პირი ასეთ განცხადებას გააკეთებდა. ძალიან შემაშფოთა ამ სიტყვებმა, რომ სკოლაში მუშაობა არის ახალგაზრდებისთვის მეორეხარისხოვანი. არავითარ შემთხვევაში! ვინც წყვეტს, რომ იყოს პედაგოგი და აბარებს ამ გამოცდას, ის ყველანაირად იაზრებს ამ ყველაფერს. ჩემთვის რომ დაერეკა მინისტრს, მე არ გავცემდი ასეთ პასუხს.  მე აუცილებლად დავთანხმდები ყველა შემოთავაზებას, თუნდაც მცირე საათზე, იმისთვის, რომ მივიღო სტაჟი და გამოცდილება“, – გვითხრა თიკო კახეთელიძემ.

მისი თქმით, ბევრჯერ უცდია სამსახურის მოძებნა, მაგრამ ყველგან გამოცდილ პედაგოგებს ითხოვენ.

„გამოცდილებას ისე ვერ მოვიტან, თუ არ მქონდა ამის საშუალება. თუ არ შეუძლია სამინისტროს, რომ დააკმაყოფილოს სამსახურით ამდენი პედაგოგი, ყველა მსურველს არ უნდა ჰქონდეს გამოცდაზე გასვლის უფლება. როდესაც ეს უფლება გაქვს და აბარებ გამოცდას და გიხარია, რომ წარმატებით ჩააბარე, მერე სურვილიც გიჩნდება, რომ დასაქმდე.

მე თავისუფლად მქოდა საშუალება, ამ გამოცდაზე მივსულიყავი და წინაპირობა არაფერი იყო, სკოლაში მუშაობის გამოცდილება მაგალითად, სტაჟი და ა.შ.  შევავსე განაცხადი, მივედი გამოცდაზე, დავწერე და ჩავაბარე აბსოლუტურად უპრობლემოდ. მე რომ გადავწყვიტე, რომ მინდა ეს გამოცდა ჩავაბარო, ესე იგი, მინდა, რომ პედაგოგი ვიყო. ეს ერთმანეთზე გადაჯაჭვული სურვილია. როცა ბავშვებთან მქონია შეხება და მისწავლებია მათთვის, ძალიან დიდი სიხარულით ვაკეთებდი ამას და გავაკეთებ კიდეც, ზუსტად ვიცი. ამიტომაც ჩავაბარე ეს გამოცდა. თორემ სხვა უამრავი საშუალებაა, სამსახური ნახოს ადამიანმა. მით უმეტეს თუ აქვს გარკვეული ცოდნა“, – აღნიშნა თიკო კახეთელიძემ.

ჩვენმა შემდგომმა რესპონდენტმა თავისი ვინაობის დასახელება არ ისურვა, თუმცა გვითხრა, რომ კერძო სკოლაში მუშაობდა, 2016 წელს ჩააბარა რუსულ ენაში გამოცდა, მაგრამ მერე სკოლაში მისთვის საკმარისი საათები აღარ იყო და გაათავისუფლეს. მის შემდეგ ეძებს სამსახურს, თუმცა უშედეგოდ. თუმცა განათლების მინისტრს ეთანხმება, რომ სკოლაში მოწოდებით პედაგოგმა უნდა იმუშაოს.

“გამოცდა ჩავაბარე და მეგონა, უფრო გავიკვლევდი გზას, მაგრამ როცა მივედი ახალი სასწავლო წლის დასაწყისში, მითხრეს, რომ ჩემი ადგილი იმ სკოლაში აღარ იყო.

შოკში ვიყავი ასეთი უსამართლობის გადამკიდე. ერთ-ერთ საჯარო სკოლაში გასაუბრებაზეც კი უარი უთხრეს.  ამის შემდეგ, რთულია იფიქრო პედაგოგობაზე. აღარც ვეძებ, ვიცი, უარით გამომისტუმრებენ. მინდა მუშაობის დაწყებაც და პედაგოგობაც, მაგრამ ვერ ვახერხებ.

ეს პროფესია იმიტომ ავირჩიე, რომ მინდოდა მასწავლებელი ვყოფილიყავი. თუმცა სერთიფიცირება არაა სკოლაში შესაღწევი საშვი. სერტიფიცირებული შეიძლება იყო, მაგრამ პედაგოგი – ვერა. ეს მოწოდებაა. ან გამოგდის, ან არა!  ან გაქვს ამის ნიჭი და უნარი, ან არა!

პირველ რიგში, საკუთარი საქმისადმი სიყვარულია საჭირო. რასაც აკეთებ, სიყვარულით უნდა აკეთო. არა მხოლოდ ხელფასისთვის. მეორეც, თუ ბავშვი არ გიყვარს, ვერ იქნები პედაგოგი და მესამე, ფსიქიკურად ძალიან გაწონასწორებული უნდა იყო ამ საქმისთვის, მყარი ნერვების მქონე“, – აღნიშნა რუსულის ენის და ლიტერატურის მასწავლებელმა.

„პედაგოგი ჩამოტარებით არ არის, ჩადგმით არის – ვინც კოლეგებთან არ თანამშრომლობს, სკოლიდან წავა“

„საათების განაწილებაზე შეიძლება სისხლი დაიღვაროს, პედაგოგები ძალიან კონკურენტუნარიანი ხალხია“

ცისანა არის© შერგილაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური