გასაუბრება – როგორ ვუპასუხოთ სწორად კარიერული გეგმების შესახებ დასმულ კითხვას
“როგორ წარმოგიდგენიათ საკუთარი თავი ხუთი წლის შემდეგ?” ეს კითხვა შეიძლება, ზედმეტად მარტივად მოგეჩვენოთ მაგრამ პასუხმა შესაძლოა, განსაზღვროს – აგიყვანენ სამსახურში, თუ არა.
“ამ კითხვის ძირითადი მიზანია – გაიგო კანდიდატის მოტივაცია, სურს მას მხოლოდ სამსახურის შოვნა, თუ სურვილი აქვს იზრუნოს კარიერასა და წინსვლაზე, აგრეთვე ემთხვევა თუ არა მისი მიზნები ორგანიზაციისას”, – განმარტავს კომპანია “Monster Talent Fusion”-ის დირექტორი დევიდ უიშონი.
ბიზნეს-ტრენერი ნიუ-იორკიდან დეილ კუროვი ამბობს, რომ პასუხს ამ კითხვაზე შეუძლია გააგებინოს დამსაქმებელს, გაქვთ თუ არა საჭირო შრომის ეთიკა და უნარები, რათა გახდეთ წარმატებული სპეციალისტი გრძელვადიან პერსპექტივაში.
პორტალი “Business Insider” წერს, თუ რისი მოსმენა არ სურთ ადამიანური რესურსების მენეჯერებს როდესაც ამ კითხვას სვამენ:
დამქირავებელს სურს დაინახოს, რომ თქვენ მომზადებული ხართ გასაუბრებისთვის
“თქვენ შეიძლება ხაფანგში გაებათ, თუკი არ გაქვთ გრძელვადიანი გეგმა”, – ამბობს დევიდ უიშონი. დაარწმუნეთ პერსონალის მენეჯერი, რომ თქვენ ნამდვილად ემზადებოდით გასაუბრებისათვის და გიფიქრიათ ამ კითხვაზე. ამისათვის უნდა გქონდეთ კონკრეტული მიზანი. ამასთანავე, უნდა აჩვენოთ მოქნილობა და მზაობა ახალი დავალებებისადმი.
“ყველას ესმის, რომ ცხოვრებაში შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს, ამიტომაც უნდა გააანალიზოთ თუ ვინ გინდათ იყოთ და გააცნობიეროთ, რომ დასახული გზა შეიძლება შეიცვალოს”.
დამსაქმებელს სურს იცოდეს, რომ ხართ ინიციატივიანი და გაქვთ რეალური მიზნები
“ნუ წარმოაჩენთ თავს, როგორც ზედმეტად ამბიციურს”, – გვირჩევს დევიდ უიშონი. “შეგიძლიათ ისაუბროთ კარიერული ზრდის სამომავლო გეგმებზე, თუმცა, თუ თქვენ დამწყები პოზიციის პრეტენდენტი ხართ, იმის თქმა, რომ გსურთ გენერალური მენეჯერი გახდეთ, ცოტათი ზედმეტია”, – აღნიშნავს იგი.
დამსაქმებელს სურს იცოდეს, რომ თქვენ მზად ხართ ლოდინისთვის დაწინაურებამდე
“პერსონალის მენეჯერს არ სურს მოისმინოს, რომ თქვენ აპირებთ მიაღწიოთ მაღალ საფეხურს ერთ წელიწადში, ან დაიკავოთ უფროსის ადგილი”, – გვიხსნის დეილ კუროვი. ნუ დაემუქრებით ვინმეს კარიერას, მათ უნდა იცოდნენ, რომ გესაჭიროებათ გარკვეული დრო, რათა წინ წაიწიოთ.
“აღნიშნეთ თქვენი მზაობა იმისათვის, რომ განვითარდეთ ორგანიზაციის შიგნით, როგორც პირადი, ასევე პროფესიული თვალსაზრისით”, – დასძენს დევიდ უიშონი.
დამსაქმებელს სურს იცოდეს, რომ მზად ხართ იმუშაოთ კომპანიაში სულ მცირე 5 წლის განმავლობაში
“კომპანიები ხარჯავენ ძალიან დიდ თანხებსა და დროს კანდიდატების შერჩევასა და მათ სწავლებაზე, ამიტომაც, მათ არ სურთ დაკარგონ თავიანთი ინვესტიციები ერთ ან ორ წელიწადში”, – აღნიშნავს დევიდ კუროვი.
დამსაქმებელს სურს იცოდეს, რამდენად თანხვედრაშია თქვენი და კომპანიის მიზნები
“მოყევით, როგორ შეგიძლიათ თქვენი გრძელვადიანი მიზნების მიღწევა და ამ სამუშაოს უმაღლეს დონეზე შესრულება”, – ამბობს დევიდ უიშონი. აგრეთვე აღნიშნეთ რა წვლილს შეიტანთ კომპანიის განვითარებაში და რა შედეგებს მიაღწევს იგი უახლოეს რამდენიმე წელიწადში.
თუ გსურთ, დარწმუნდეთ, პასუხობს თუ არა თქვენი ხუთწლიანი გეგმა კომპანიის მიზნებს, გამოიჩინეთ ინიციატივა და ჰკითხეთ ინტერვიუერს, რა შედეგებს ელის კომპანია თქვენგან. “ეს დაგეხმარებათ უკეთ გაიგოთ თქვენი კარიერული წინსვლა და დასახული ამოცანების შესრულების ვადები”, – ამბობს დეილ კუროვი.
წყარო:ubr.ua