ეროვნული თავდაცვის აკადემია ახალ სასწავლო წელს სიახლეებით ხვდება
ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში 2018-2019 სასწავლო წელი მიმდინარე წლის 10 სექტემბერს იწყება. როგორც სასწავლებლის რექტორი, პოლკოვნიკი ზაზა ჯაფარიძე ამბობს, საქართველოს შეიარაღებული ძალების მოთხოვნებიდან გამომდინარე ამჟამად აკადემიაში ფუნქციონირებს სამი მენეჯმენტის, ინფორმატიკისა და თავდაცვისა და უსაფრთხოების საბაკალავრო პროგრამა, თავდაცვის ანალიზის სამაგისტრო პროგრამა და ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსი. უნივერსიტეტში სამომავლოდ ასევე ბევრი სიახლეა დაგეგმილი. მიმდინარეობს ახალი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების აკრედიტაცია და დაწყებულია სამეცნიერო ცენტრის ამოქმედებაზე მუშაობა.
,,აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მიმდინარეობს დამატებით ახალი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების აკრედიტაცია, რომლის დასრულების შემდგომაც აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ ახალი სასწავლო წლიდან ჩააბარონ საინჟინრო მექანიკისა და ტელეკომუნიკაციების საბაკალავრო პროგრამასა და ევროპული უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამებზე. როგორც, წამყვანი უმაღლეს სასწავლებლისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ წელს აკადემიაში დაიწყო სამეცნიერო ცენტრის ამოქმედებაზე მუშაობა, რომლის მთავრი ამოცანაც სწორედ სამეცნიერო საქმიანობის მხარდაჭერა და კოორდინაცია იქნება. ასევე, წელს ეროვნულ თავდაცვის აკადემიის ენობრივი მომზადების სკოლას შეეცვალა დისლოკაციის ადგილი და 10 სექტემბრიდან სწორედ გორიდან განაგრძობენ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას“, – ამბობს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი, პოლკოვნიკი ზაზა ჯაფარიძე.
ეროვნული თავდაცის აკადემიის რექტორმა EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას საბაკალავრო პროგრამებზე მოხვედრის პროცედურებზეც გაამახვილა ყურადღება. მისივე თქმით, აკადემიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე მოსახვედრად სავალდებულოა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე (www.naec.ge) რეგისტრაცია, აკადემიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების არჩევა და ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება. წელს ეროვნული თავდაცვის აკადემიის საბაკალავრო პროგრამებზე დარეგისტრირდა 189 აბიტურიენტი, აქედან აკადემიის შიდა შესარჩევი ტურები და ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით 82 აბიტურიენტმა გაიარა.
,,აპლიკანტებმა გამოცდები უნდა ჩააბარონ შემდეგ საგნებში: ზოგადი უნარები, უცხო ენა, ქართული ენა, მათემატიკა და ისტორია მხოლოდ თავდაცვა და უსაფრთხოების საბაკალავრო პროგრამაზე. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეროვნული თავდაცვის აკადემიის სპეციფიკიდან გამომდინარე სავალდებულოა აკადემიის შიდა შესარჩევი ტურების გავლა, რომლებსაც აბიტურიენტები ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე გადიან, შიდა შესარჩევი ტურები მოიცავს ტესტირებას ფიზიკურ მომზადებაში, გასაუბრებასა და სამედიცინო შემოწმებას“, – ამბობს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი, პოლკოვნიკი ზაზა ჯაფარიძე.
ეროვნული თავდაცვის აკადემია აქტიურად განაგრძობს სასწავლო პროგრამების დახვეწასა და განვითარებას. აკადემიის საგანმანათლებლო პროგრამები დაფუძნებულია მსოფლიოში აპრობირებულ მეთოდებზე და პასუხობს სამხედრო და საგანმანათლებლო სფეროებში არსებულ თანამედროვე გამოწვევებს. ამჟამად მიმდინარეობს მენეჯმენტისა და ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამების ე.წ. რეავტორიზაციის პროცესი.
,,როგორც უკვე ზემოთ ვახსენეთ აკადემიაში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს სამი საბაკალავრო მენეჯმენტის, ინფორმატიკისა და თავდაცვისა და უსაფრთხოების და თავდაცვის ანალიზის სამაგისტრო პროგრამა. ამ დროისთვის სტანდარტულად მიმდინარეობს მენეჯმენტისა და ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამების ე.წ. რეავტორიზაციის პროცესი“, – გვითხრა აკადემიის რექტორმა.
შეგახსენებთ, რომ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია წარმოადგენს წამყვან უმაღლეს სამხედრო სასწავლებელს, რომელიც უზრუნველყოფს შეიარაღებული ძალებისა და ქვეყნის ერთგული და ღირსეული სამსახურისთვის უმაღლესი აკადემიური და სამხედრო განათლების, მაღალი ეთიკის, მტკიცე მორალის და ლიდერის თვისებების მქონე ოფიცერთა კორპუსის მომზადებას. აკადემიამ ავტორიზაცია 2011 წელს გაიარა, რის შედეგადაც სასწავლო უნივერსიტეტის სტატუსი მიენიჭა, სწორედ 2011 წლიდან დაინერგა ახალი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები ასევე, დაიხვეწა ოფიცერთა განათლების სისტემა.
ეროვნულმა თავდაცვის აკადემიამ უკვე სასწავლო უნივერსიტეტის სტატუსით, ოფიცერთა ოთხი ნაკადი გამოუშვა. რექტორის თქმით, აკადემიაში ყველა პირობაა შექმნილი იუნკერთა და მსმენელთა სწავლის, განვითარებისა და ფიზიკური წრთობისთვის.
ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი, პოლკოვნიკი ზაზა ჯაფარიძე მომავალ სტუდენტებს ურჩევს, რომ გახდნენ იუნკერები, ისწავლონ გამარჯვება და ერთად ემსახურონ საქართველოს.
-
ეროვნული თავდაცვის აკადემიაში 2023 წლის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა
by ეროვნული თავდაცვის აკადემია
-
ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საახალწლო ნაძვის ხის ანთების საზეიმო ღონისძიება გაიმართა
by ეროვნული თავდაცვის აკადემია
-
ეროვნული თავდაცვის აკადემიაში დისტანციური კურსი „ტრენერთა ტრენინგი“ განხორციელდა
by ეროვნული თავდაცვის აკადემია