GE

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი სტამბოლში ლიტერატურის საერთაშორისო ფესტივალის გახსნას დაესწრო

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნიასა და საქართველოს პარლამენტის წევრ გიორგი სოსიაშვილთან ერთად, სპეციალური მიწვევით თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ სტამბოლში ლიტერატურის საერთაშორისო ფესტივალის (UTEF) გახსნის ცერემონიას დაესწრო.

უნივერსიტეტის მიერ 25 დეკემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, აღნიშნული ფესტივალი ქალაქ ტრაპიზონში 2014 წელს დაარსდა და თურქეთის რესპუბლიკის ხელისუფლების დახმარებით ყოველწლიურად იმართება. ფესტივალის დამფუძნებელია ქალბატონი ესმა ალა თურქმენი.

საერთაშორისო ლიტერატურულ ღონისძიებაში სხვადასხვა ქვეყნის მწერლები, პოეტები და დრამატურგები მონაწილეობენ. მისი მიზანი ხალხთა შორის კულტურული დიალოგის გაღრმავებაა. აღსანიშნავია, რომ ტრაპიზონის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი, რომელშიც აქტიურად მონაწილეობს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სხვადასხვა წლებში, შოთა რუსთაველს, ილია ჭავჭავაძეს, ვაჟა-ფშაველას, ოტია იოსელიანს, ნოდარ დუმბაძეს, ანა კალანდაძესა და ტარიელ ხარხელაურს მიეძღვნა.

2025 წლის ტრაპიზონის საერთაშორისო ფესტივალის გახსნით ღონისძიებას სტამბოლის ბეიოღლუს სახელმწიფო ბიბლიოთეკამ უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს საკონსულოს მხარდაჭერით, სტამბოლში საქართველოს პარლამენტის წევრის, აკადემიკოს გიორგი სოსიაშვილის თურქულ ენაზე გამოცემული წიგნის (პროზაული კრებული, მთარგნელი: ჰარუნ ჩიმქე) პრეზენტაცია გაიმართა. სიტყვით გამოვიდნენ: საქართველოს კონსული სტამბოლში ზაქარია მეგრელიშვილი, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია, სტამბოლის ბეიოღლუს მუნიციპალიტეტის მერი სეფერ ქარაჰმეთოღლუ, ტრაპიზონის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის დამფუძნებელი და თავმჯდომარე ესმა ალა თურქმენი, საქართველოს პარლამენტის წევრი, აკადემიკოსი გიორგი სოსიაშვილი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი, თურქი ქართველოლოგი ჰარუნ ჩიმქე, სტამბოლის შოთა რუსთაველის კულტურის ცენტრის თავმჯდომარე ორჰან ბერიძე, სტამბოლის ქართული ენის ცენტრის დამფუძნებელი და თავმჯდომარე ეშრეფ ილმაზი, სტამბოლის ქართული კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი ბულენტ ოზგენი, „ბეიკოზ ბათუმის ქართული ცენტრის“ ხელმძღვანელი ალი ქემალ ქილიჩი.

აღნიშნული ფესტივალი, აწ განსვენებულ, გამოჩენილ ქართველ მეცნიერს და საზოგადო მოღვაწეს – ტარიელ ფუტკარაძეს ეძღვნება (მისი ცხოვრების და მოღვაწეობის, ასევე საქართველო-თურქეთის კულტურულ ურთიერთობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის შესახებ დამსწრე საზოგადოების წინაშე ვრცლად ისაუბრა საქართველოს პარლამენტის წევრმა, აკადემიკოსმა გიორგი სოსიაშვილმა). ღონისძიებას თურქი მწერლები, ქართული დიასპორის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური