GE

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის როლი და გეგმები ახალ სასწავლო წელს – „რეფორმა ხელს უწყობს ნიჭიერი ახალგაზრდების რეგიონებში შენარჩუნებას“

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა სტუდენტმა უნივერსიტეტში თავი იგრძნოს დიდი აკადემიური ოჯახის წევრად, სადაც ფასდება ინიციატივა, ცოდნა, შრომა და პასუხისმგებლობა, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი დღეს შიდა ქართლის რეგიონის უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო, სამეცნიერო და საზოგადოებრივი ორგანიზაციაა და მისი მისია მხოლოდ უმაღლესი განათლების მიწოდებით არ შემოიფარგლება“, – აცხადებს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ალექსანდრე მღებრიშვილი EDU.ARIS.GE-სთან ინტერვიუში.

როგორი იყო გორის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის გასული სასწავლო წელი, რა გეგმებით ხვდებიან ახალ, 2026-2027 სასწავლო წელს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რას ფიქრობს უნივერსიტეტის ხელმძღვანელი უმაღლესი განათლების რეფორმის კონტექტში გორის უნივერსიტეტის რეგიონულ როლზე და რა მიზნები აქვს? – ამ ყველაფერზე ბატონი ალექსანდრე ვრცლად გვესაბრა.

უნივერსიტეტის რექტორი მომავალ პირველკურსებელს თითოეული იმ სიკეთის შესახებაც მოუთხრობს, რომელიც მათ სტუდენტობას სრულფასოვანს გახდის.

ალექსანდრე მღებრიშვილი: გასული სასწავლო წელი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის წარმატებული და მნიშვნელოვანი იყო. უნივერსიტეტმა გააძლიერა როგორც საგანმანათლებლო, ისე სამეცნიერო და საერთაშორისო საქმიანობა. განხორციელდა არაერთი საერთაშორისო და სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტი, გაფართოვდა თანამშრომლობა უცხოურ უნივერსიტეტებთან, აქტიურად მიმდინარეობდა Erasmus+-ის პროგრამების განხორციელება, საერთაშორისო აკადემიური მობილობა და ერთობლივი კვლევითი საქმიანობა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია უნივერსიტეტის მიერ მოპოვებული ახალი სამეცნიერო გრანტები, მათ შორის ვატიკანის არქივებში დაცული საქართველოსთან დაკავშირებული ისტორიული წყაროების კვლევის გაგრძელების მიზნით დაფინანსებული სახელმწიფო სამეცნიერო პროექტი. ასევე წარმატებით განხორციელდა არაერთი სამეცნიერო კონფერენცია, სტუდენტური ინიციატივა და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტი, რომლებიც ემსახურებოდა როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის განვითარებას.

მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის, სასწავლო გარემოსა და საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებითაც. ჩვენი მიზანია, სტუდენტებს შევთავაზოთ თანამედროვე, პრაქტიკაზე ორიენტირებული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი განათლება.

რაც შეეხება ახალ სასწავლო წელს, ველოდებით კიდევ უფრო მეტ საერთაშორისო პარტნიორობას, ახალი საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებას, კვლევითი საქმიანობის გაფართოებასა და სტუდენტებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას. გვინდა, რომ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი კიდევ უფრო მეტად ჩამოყალიბდეს როგორც რეგიონული განვითარების, მეცნიერებისა და ინოვაციების მნიშვნელოვანი ცენტრი.

 

EDU.ARIS.GE: ბატონო ალექსანდრე, ხომ არ ფლობთ ინფორმაციას, რამდენად აქტიურად აკეთებენ აბიტურიენტები არჩევანს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტზე?

– რაც შეეხება აბიტურიენტების აქტივობას, პირველადი მონაცემები გვაძლევს საფუძველს ოპტიმიზმისთვის. გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი კვლავ ინარჩუნებს მაღალ ინტერესს აბიტურიენტებში. საბოლოო სურათი, რა თქმა უნდა, ცნობილი გახდება ეროვნული გამოცდებისა და ჩარიცხვების დასრულების შემდეგ, თუმცა არსებული ტენდენციები აჩვენებს, რომ უნივერსიტეტის მიმართ ინტერესი სტაბილურად მაღალია. ეს არის იმ ნდობის შედეგი, რომელიც უნივერსიტეტმა წლების განმავლობაში ხარისხიანი განათლებით, წარმატებული კურსდამთავრებულებითა და საერთაშორისო თანამშრომლობით მოიპოვა.

– რა უნდა იცოდეს პირველკურსელმა, რომელიც ახალი სასწავლო წლიდან უნივერსიტეტში გორის უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსით შემოაბიჯებს, რა ხვდება მას საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რას სთავაზობს და როგორი სტუდენტობის წლები ელის თქვენთან?

– პირველ რიგში, მსურს წინასწარ მივულოცო ყველა პირველკურსელს ცხოვრების ახალი და ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპის დაწყება. უნივერსიტეტში შემოსვლა მხოლოდ პროფესიის არჩევას არ ნიშნავს – ეს არის პიროვნული განვითარების, ახალი გამოცდილების, მეგობრობის, პასუხისმგებლობისა და წარმატების გზა.

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს ხვდებათ თანამედროვე საგანმანათლებლო გარემო, კვალიფიციური აკადემიური პერსონალი, პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლება და მრავალფეროვანი შესაძლებლობები როგორც პროფესიული, ისე პიროვნული განვითარებისათვის. ჩვენ ვცდილობთ, სტუდენტებს შევთავაზოთ არა მხოლოდ ხარისხიანი განათლება, არამედ გარემო, სადაც ისინი შეძლებენ საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენას.

უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს ევროპის და მსოფლიოს არაერთ უმაღლეს სასწავლებელთან, რაც სტუდენტებს აძლევს საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში, Erasmus+-ის პროექტებში, სამეცნიერო კვლევებში, საერთაშორისო კონფერენციებსა და სხვადასხვა ახალგაზრდულ პროექტებსა და ინიციატივებში მონაწილეობის შესაძლებლობას. პარალელურად, სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა ჩაერთონ კულტურულ, სპორტულ, შემოქმედებით და მოხალისეობრივ აქტივობებში, რაც სტუდენტურ ცხოვრებას კიდევ უფრო მრავალფეროვანსა და საინტერესოს ხდის.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა სტუდენტმა უნივერსიტეტში თავი იგრძნოს დიდი აკადემიური ოჯახის წევრად, სადაც ფასდება ინიციატივა, ცოდნა, შრომა და პასუხისმგებლობა.

– რა იქნება თქვენი, როგორც რექტორის სურვილი თუ სათქმელი თითოეული პირველკურსელისთვის?

– ჩემი მთავარი სურვილია, პირველკურსელებმა მაქსიმალურად გამოიყენონ ის შესაძლებლობები, რომელსაც უნივერსიტეტი მათ სთავაზობს. არ დაკმაყოფილდნენ მხოლოდ აუდიტორიაში მიღებული ცოდნით, იყვნენ აქტიურები, თამამად დასვან კითხვები, ჩაერთონ პროექტებში, საერთაშორისო პროგრამებში, სტუდენტურ ცხოვრებასა და სამეცნიერო საქმიანობაში.

– უნივერსიტეტისთვის ახალი სასწავლო წლის მთავარ მიზნებსა და გეგმებზე რომ გვესაუბროთ, რა სიახლეებითა და განსახორციელებელი გეგმებით დაიწყებს უნივერსიტეტი სასწავლო წელს?

– ახალ სასწავლო წელს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი მნიშვნელოვანი გეგმებითა და ახალი ინიციატივებით ხვდება. ჩვენი მთავარი მიზანია, კიდევ უფრო გავაძლიეროთ განათლების ხარისხი, სამეცნიერო საქმიანობა, საერთაშორისო თანამშრომლობა და სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომი შესაძლებლობები.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება ახალი საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება და აკრედიტაცია. უნივერსიტეტი აქტიურად მუშაობს როგორც არსებული პროგრამების სრულყოფაზე, ისე ახალი პროგრამების შექმნასა და დანერგვაზე, რათა ისინი სრულად პასუხობდეს თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და საერთაშორისო საგანმანათლებლო სტანდარტებს.

განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ სამეცნიერო კვლევების განვითარებას. უნივერსიტეტში გაგრძელდება სახელმწიფო და საერთაშორისო საგრანტო პროექტების განხორციელება, მათ შორის ვატიკანის საარქივო ფონდებში დაცული საქართველოს ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის კვლევის მასშტაბური პროექტი, რომელიც ქვეყნისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის სამეცნიერო ინიციატივაა. ასევე იგეგმება ახალი კვლევითი პროექტების წარდგენა როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო საგრანტო კონკურსებზე.
ახალ სასწავლო წელს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ სტუდენტურ ცხოვრებასაც.

დაგეგმილია სტუდენტური სამეცნიერო, კულტურული, სპორტული და მოხალისეობრივი პროექტების გაფართოება, რაც სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას, პროფესიულ ცოდნასთან ერთად, ლიდერული, კომუნიკაციური და პრაქტიკული უნარებიც განივითარონ.
დარწმუნებული ვარ, ახალი სასწავლო წელი იქნება ახალი შესაძლებლობების, საინტერესო პროექტებისა და მნიშვნელოვანი მიღწევების წელი როგორც ჩვენი სტუდენტებისთვის, ისე მთელი უნივერსიტეტისათვის.

– უმაღლესი განათლების რეფორმის მნიშვნელოვან სიახლეებსაც რომ შევეხოთ, თქვენი შეფასებით, რა შესაძლებლობას აძლევს რეგიონს დაწყებული და დაგეგმილი ცვლილებები, მათ შორის პროფილური სწავლებისა და უმაღლესი განათლების უფასოდ მიღების შესაძლებლობის გაჩენა ახალგაზრდებისთვის და როგორ უყურებთ, ერთი “ქალაქი – ერთი ფაკულტეტის” პრინციპის მნიშვნელობას რეგიონის უნივერსიტეტებისთვის?

– უმაღლესი განათლების რეფორმა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა როგორც ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემისთვის, ისე რეგიონული განვითარებისთვის. განსაკუთრებით მისასალმებელია ის ცვლილებები, რომლებიც ახალგაზრდებისთვის განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას, პროფესიული განათლების გაძლიერებასა და რეგიონებში ადამიანური კაპიტალის განვითარებას ისახავს მიზნად.

პროფილური სწავლებისა და უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის გაფართოება ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი მომავალი დაგეგმონ არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ საკუთარ რეგიონშიც. ეს ხელს უწყობს ნიჭიერი ახალგაზრდების რეგიონებში შენარჩუნებას, ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებას და რეგიონების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას.

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის ეს რეფორმა დამატებითი შესაძლებლობაა, კიდევ უფრო განავითაროს ის მიმართულებები, რომლებშიც უკვე გააჩნია მნიშვნელოვანი გამოცდილება და მიღწევები, მათ შორის განათლების, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების, კულტურული მემკვიდრეობის კვლევის, ევროპული ინტეგრაციისა და საერთაშორისო თანამშრომლობის სფეროებში. ჩვენი მიზანია, რეგიონული უნივერსიტეტი იყოს არა მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულება, არამედ მეცნიერების, ინოვაციებისა და საზოგადოებრივი განვითარების ცენტრი.

– თქვენ ახსენეთ ნიჭიერი ახალგაზრდების რეგიონში შენარჩუნების საკითხი, გთხოვთ, ასევე გვესაუბროთ უნივერსიტეტში მიმდინარე ინტერნაციონალიზაციის პროექტებზე და სტუდენტებისთვის საერთაშორისო მობილობის შესაძლებლობებზე, ამ კუთხით რა შესაძლებლობები არსებობს დღეს სტუდენტისთვის?

– ინტერნაციონალიზაცია გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული მიმართულებაა. ჩვენი მიზანია, უნივერსიტეტის საგანმანათლებლო, სამეცნიერო და ინსტიტუციური განვითარება სრულ შესაბამისობაში იყოს ევროპული უმაღლესი განათლების სივრცის პრინციპებთან. სწორედ ამიტომ, უნივერსიტეტი აქტიურად მონაწილეობს Erasmus+-ის პროგრამებში, განსაკუთრებით კი Capacity Building in Higher Education (CBHE) პროექტებში, რომლებიც არა მხოლოდ საერთაშორისო თანამშრომლობას, არამედ ინსტიტუციურ ტრანსფორმაციასა და განათლების ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება.

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის სამი მნიშვნელოვანი Erasmus+-სინსტიტუციური განვითარების პროექტის – RIHEI, RE-DIRECTION და PRODIGE – საერთაშორისო კონსორციუმის წევრი.

RIHEI (Responsible and Impactful Universities as Sustainable Growth and Enterprise Catalysts in Georgia) ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია, რომლის მთავარი მიზანია საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის გარდაქმნა მდგრადი ეკონომიკური განვითარების, ინოვაციების, მეწარმეობისა და ახალგაზრდების დასაქმების ხელშემწყობ ძალად. პროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს უნივერსიტეტების როლის გაძლიერებას კვლევის, ინოვაციისა და კერძო სექტორთან თანამშრომლობის მიმართულებით, STEAM განათლების განვითარებას, ახალგაზრდული მეწარმეობის მხარდაჭერას, რეგიონებისა და მოწყვლადი ჯგუფების ინტეგრაციას, ასევე უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციასა და ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას.

RE-DIRECTION პროექტის ფარგლებში გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი ევროპელ პარტნიორებთან ერთად მუშაობს მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიის (Diversity, Equity and Inclusion – DEI) პრინციპების დანერგვასა და გაძლიერებაზე. პროექტი მიზნად ისახავს უნივერსიტეტებში ისეთი გარემოს შექმნას, სადაც თითოეულ სტუდენტსა და თანამშრომელს ექნება თანაბარი შესაძლებლობები, ხოლო ინსტიტუციური პოლიტიკა სრულად იქნება ორიენტირებული ინკლუზიურ და თანამედროვე ევროპულ მიდგომებზე.

PRODIGE (Promoting High-quality Digital Education in Georgia) პასუხობს ციფრული განათლების თანამედროვე გამოწვევებს. მისი მთავარი მიზანია საქართველოში მაღალი ხარისხის ციფრული უმაღლესი განათლების განვითარება. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს ციფრული განათლების პოლიტიკისა და საკანონმდებლო გარემოს მხარდაჭერა, ციფრული სწავლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარება და უნივერსიტეტების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება. თითოეული პარტნიორი უნივერსიტეტი, მათ შორის გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ამზადებს საკუთარი ციფრული განვითარების სტრატეგიას, რომელიც სრულ შესაბამისობაში იქნება ევროპულ საუკეთესო პრაქტიკასთან. პროექტის ფარგლებში ხორციელდება ტრენინგები, სასწავლო ვიზიტები და გამოცდილების გაზიარება ციფრული სწავლების, სტრატეგიული მართვის, ხარისხის უზრუნველყოფისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით.

ამ პროექტებში მონაწილეობა ნიშნავს, რომ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი არა მხოლოდ იზიარებს ევროპულ გამოცდილებას, არამედ თავადაც აქტიურად მონაწილეობს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის განვითარებაში. პროექტების ფარგლებში მიღებული შედეგები აისახება უნივერსიტეტის მართვაში, სასწავლო პროცესში, ხარისხის უზრუნველყოფის სისტემაში, საერთაშორისო თანამშრომლობასა და სტუდენტებისთვის შექმნილ შესაძლებლობებში.

ინტერნაციონალიზაციის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა Erasmus+ International Credit Mobility (ICM) პროგრამები, რომელთა მეშვეობით სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს შესაძლებლობა აქვთ ისწავლონ, ასწავლონ ან გაიარონ პროფესიული განვითარების კურსები ევროპის პარტნიორ უნივერსიტეტებში. საერთაშორისო მობილობა სტუდენტებს აძლევს არა მხოლოდ აკადემიურ ცოდნას, არამედ საერთაშორისო გამოცდილებას, უცხო ენების პრაქტიკულ გამოყენებას, კულტურათაშორისი კომუნიკაციისა და პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობას.

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული ინტეგრაციის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია Erasmus+ Jean Monnet Chair – „ევროკავშირის სოციალური მართლმსაჯულება“. კათედრა მიზნად ისახავს ევროკავშირის შესახებ სწავლების, კვლევისა და საზოგადოებრივი ცნობიერების გაძლიერებას. მისი საქმიანობა მოიცავს ისეთ აქტუალურ თემებს, როგორებიცაა ევროკავშირის მოქალაქეობა, სოციალური და შრომითი უფლებები, სოციალური სამართლიანობა, მომხმარებელთა უფლებების დაცვა, ევროპული მმართველობა, განათლების პოლიტიკა, ლიდერობა და ახალგაზრდების ჩართულობა. კათედრის ფარგლებში ტარდება სპეციალიზებული სასწავლო კურსები, საერთაშორისო კონფერენციები, საჯარო ლექციები, სამეცნიერო კვლევები და სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიება, რაც სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, ევროპული გამოცდილება უშუალოდ სასწავლო პროცესში მიიღონ.

ჩვენთვის ინტერნაციონალიზაცია არ ნიშნავს მხოლოდ საერთაშორისო ხელშეკრულებების გაფორმებას. ეს არის უნივერსიტეტის განვითარების ფილოსოფია, რომელიც ეფუძნება საერთაშორისო ხარისხს, პარტნიორობას, ინოვაციასა და სტუდენტებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას. სწორედ ამიტომ, მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობას, პარტნიორთა ქსელის გაფართოებასა და ევროპული საგანმანათლებლო სივრცის საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

– და ბოლოს, როგორ ფიქრობთ, რა როლი და დატვირთვა აქვს რეგიონალური მასშტაბით გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს დღეს? რა მიმართულებით საჭიროებს ის უფრო მეტად განვითარებას და მეტ ჩართულობას?

– გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი დღეს შიდა ქართლის რეგიონის უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო, სამეცნიერო და საზოგადოებრივი ორგანიზაციაა. მისი მისია მხოლოდ უმაღლესი განათლების მიწოდებით არ შემოიფარგლება. უნივერსიტეტი აქტიურად მონაწილეობს რეგიონის ინტელექტუალური, კულტურული, ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროცესში და წარმოადგენს სივრცეს, სადაც იქმნება ახალი ცოდნა, ყალიბდებიან პროფესიონალები და იბადება ინიციატივები, რომლებიც მთელი რეგიონისა და ქვეყნის განვითარებას ემსახურება.

ამასთანავე, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქტიურად არის ჩართული ეროვნული მნიშვნელობის საგანმანათლებლო, სამეცნიერო და საზოგადოებრივი პროექტების განხორციელებაში, თანამშრომლობს საქართველოსა და უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო და კვლევით დაწესებულებებთან, მონაწილეობს სახელმწიფო პოლიტიკის მხარდაჭერასა და სხვადასხვა დარგობრივი ინიციატივების განხორციელებაში. საერთაშორისო პარტნიორობების, სამეცნიერო კვლევების, კულტურული მემკვიდრეობის, მშვიდობის განათლების, ევროპული ინტეგრაციისა და ინოვაციური საგანმანათლებლო პროექტების მეშვეობით უნივერსიტეტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს არა მხოლოდ შიდა ქართლის, არამედ მთელი ქვეყნის საგანმანათლებლო და სამეცნიერო განვითარების პროცესში.

ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი იყოს ღია პლატფორმა საზოგადოებისთვის. სწორედ ამიტომ, აქტიურად ვთანამშრომლობთ ადგილობრივ თვითმმართველობებთან, საჯარო და კერძო სექტორთან, სკოლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან. ასეთი თანამშრომლობა საშუალებას გვაძლევს, უნივერსიტეტში დაგროვილი ცოდნა და კვლევითი რესურსი რეალურად მოვახმაროთ რეგიონის საჭიროებებს.

შიდა ქართლი თავისი გეოგრაფიული მდებარეობით, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობით, ასევე უსაფრთხოების სპეციფიკური გამოწვევებით განსაკუთრებული რეგიონია. შესაბამისად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს აქვს პასუხისმგებლობა, აქტიური მონაწილეობა მიიღოს ისეთ საკითხებზე მუშაობაში, როგორიცაა რეგიონული განვითარება, მშვიდობის განათლება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, ევროპული ინტეგრაცია, ინოვაციები, ახალგაზრდული პოლიტიკა და მდგრადი განვითარება. სწორედ ამ მიმართულებებზე ვახორციელებთ არაერთ სამეცნიერო, საგანმანათლებლო და საერთაშორისო პროექტს.

ვფიქრობ, მომავალში კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს უნივერსიტეტის როლი გამოყენებითი კვლევების, ინოვაციების, მეწარმეობისა და ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებით. ასევე მნიშვნელოვანია ბიზნესთან, საჯარო სექტორსა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოება, რათა უნივერსიტეტმა შეძლოს ცოდნისა და ინოვაციების ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში ეფექტიანი გარდაქმნა.

განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ახალგაზრდების მხარდაჭერას. ჩვენი სურვილია, რაც შეიძლება მეტმა ახალგაზრდამ საკუთარი მომავალი სწორედ შიდა ქართლს დაუკავშიროს. ამისთვის აუცილებელია, უნივერსიტეტმა მათ შესთავაზოს ხარისხიანი განათლება, თანამედროვე ინფრასტრუქტურა, საერთაშორისო შესაძლებლობები, პრაქტიკული გამოცდილება და ღირსეული პროფესიული განვითარების პერსპექტივა.

დარწმუნებული ვარ, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი მომავალშიც იქნება არა მხოლოდ რეგიონის, არამედ მთელი ქვეყნის განვითარების მნიშვნელოვანი პარტნიორი. ჩვენი ამოცანაა, შევინარჩუნოთ ტრადიციები, განვავითაროთ ინოვაციები და შევქმნათ ისეთი საგანმანათლებლო გარემო, რომელიც ახალგაზრდა თაობას მისცემს ცოდნას, კონკურენტუნარიანობასა და პასუხისმგებლობას, რათა მათ საკუთარი წვლილი შეიტანონ როგორც რეგიონის, ისე საქართველოს წარმატებულ მომავალში.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური