GE

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება გაიმართა

6 ოქტომბერს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2025–2026 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, ცერემონია საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა, მონაწილეებს კი სიტყვით მიმართა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა, რომელმაც სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, ადმინისტრაციასა და დამხმარე პერსონალს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. რექტორმა ისაუბრა განათლებისა და მეცნიერების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე და საუნივერსიტეტო საზოგადოების ყველა წევრს წარმატება უსურვა.

ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს პარლამენტის წევრი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, აკადემიკოსი გიორგი სოსიაშვილი, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას მიულოცა ახალი სასწავლო წლის დაწყება, სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებელთა კორპუსს კი წარმატება უსურვა.

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვებით მიმართეს: რექტორის მოადგილე ზურაბ ზურაბაშვილმა; ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, დავით კვერნაძემ; ხარისხის მართვის სამსახურის უფროსმა, პროფესორმა ლევან მიდოდაშვილმა; სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსმა, პროფესორმა ციური დურულმა; სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თეა ხორგუაშვილმა; ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ასოც. პროფესორმა ქეთევან ბარბაქაძემ; განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ასოც. პროფესორმა ლელა ალექსიძემ; სტუდენტთა კარიერული მხარდაჭერის სამსახურის სპეციალისტმა, ლიზი ბალახაშვილმა.

სტუდენტების სახელით შეკრებილ საზოგადოებას მიესალმნენ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები – ნინო მექვაბიძე და ნია შატაკიშვილი, რომლებმაც ისაუბრეს იმ შესაძლებლობებზე, რასაც მათ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი მობილობის პროგრამებში მონაწილეობისა და დასაქმების მიმართულებით სთავაზობს.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური