გრანტის მფლობელი სტუდენტები და სასამართლოში მათ წინააღმდეგ აღძრული საქმეები – რამდენად ეფექტურად მუშაობს განათლების საერთაშორისო ცენტრი?
რა ხდება მაშინ, თუკი საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლას მოისურვებთ, ამა თუ იმ ორგანიზაციის მიერ გაცემულ გრანტს მოიპოვებთ, გაემგზავრებით, ისწავლით, თუმცა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიდან რომელიმეს ჯეროვნად არ შეასრულებთ? ხდება ის, რომ, შესაძლოა, თქვენს წინააღმდეგ აღძრულ საქმეს, წლების განმავლობაში, სასამართლო განიხილავდეს, თქვენ კი გაუთავებლად პროცესებზე გიწევდეთ სიარული. საბოლოოდ, გრანტის სახით მიღებული თანხის უკან დაბრუნებაც კი შეიძლება დაგეკისროთ. თუმცა, არის შემთხვევებიც, როცა ეს ასე არ ხდება, როცა სტუდენტი მართლდება და გრანტის სახით გაცემულ თანხას ორგანიზაცია „კარგავს“.
ისტორიაში, რომელზეც დღეს უნდა გიამბოთ, მოვლენები სწორედ ასე განვითარდა. მომჩივანი, განათლების საერთაშორისო ცენტრი მისი ერთ-ერთი ბენეფიციარისგან გრანტის სახით მიცემული 38 523 ლარის სახელმწიფოს ბიუჯეტისთვის დაბრუნებას მოითხოვდა. მიზეზი კი ის იყო, რომ მომჩივანის პოზიციით, სტუდენტმა დაარღვია ცენტრსა და მას შორის გაფორმებული ხელშეკრულების ნაწილი, რაც სწავლის დასრულების შემდეგ საქართველოში 3 წლის განმავლობაში დასაქმებას გულისხმობდა. სარჩელი არ დააკმაყოფილა არც საქალაქო და არც სააპელაციო სასამართლომ. უზენაესმა სასამართლომ კი იგი დაუშვებლად ცნო.
ცოტაოდენი რამ განათლების საერთაშორისო ცენტრის შესახებ
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაფუძნდა. ორგანიზაციამ დაარსებიდან, ანუ 2014 წლიდან, 1300-ზე მეტი სასწავლო სტიპენდია გასცა და საქართველოს მოქალაქეებს სწავლა 30-ზე მეტი ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებში დაუფინანსა. მათმა დიდმა ნაწილმა უკვე დაასრულა სწავლა და ქვეყანაშიც დაბრუნდა. ამ ეტაპზე ცენტრი 12 სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს. აქ იგულისხმება საერთაშორისო სამაგისტრო, საერთაშორისო სადოქტორო, სახელოვნებო, თუ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამები. ამათგან ნაწილი სახელმწიფოს მიერ ფინანსდება, ნაწილი კი – საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროგრამებში, ბენეფიციარები, სხვა კრიტერიუმების დაკმაყოფილებასთან ერთად, გრანტს ერთი პირობით იღებენ – თუკი სწავლის დასრულების შემდეგ ისინი სამშობლოში დაბრუნდებიან და 3 წლის განმავლობაში, თავიანთი სპეციალობით, შესაბამის სფეროში დასაქმდებიან. სტიპენდიატის ვალდებულება შესრულებულად მხოლოდ დასაქმების შემთხვევაში ითვლება. აღნიშნულ დათქმას მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ამყარებს. დასაქმებაზე პასუხისმგებლობა ცენტრს არ ეკისრება და ეს მთლიანად სტუდენტის პრეროგატივაა. თუმცა, ცენტრში განმარტავენ, რომ გარკვეულ ხელისშემწყობ მექანიზმებს, კარიერული ზრდის ფორუმების სახით, ფლობენ.
გიორგის საქმე
დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით კონკურსანტების დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას ცენტრის პროგრამული კომისია იღებს. ამბავი, რომელიც უნდა მოგიყვეთ, 2016 წელს დაიწყო, როცა ცენტრმა ჩვეულებისამებრ გამოაცხადა კონკურსი და მასში მონაწილეობა ჩვენმა რესპონდენტმა გიორგიმაც მიიღო (გვარს, მისივე სურვილით, არ ვასახელებთ). 2016 წლის აპრილში, გიორგისთან ერთად, ცენტრისგან მიღებული დაფინანსებით მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში, სამაგისტრო, სადოქტორო, სახელოვნებო და ა.შ პროგრამებზე 124 ქართველი სტუდენტი ჩაირიცხა. გიორგიც დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა, 1 წელი ედინბურგის უნივერსიტეტში ისწავლა და დასრულების შემდეგ, შეთანხმებისამებრ, ქვეყანაშიც დაბრუნდა. მისი თქმით, მიუხედავად მრავალმხრივი მცდელობისა და კარგი გამოხმაურებებისა, სპეციალობით დასაქმება ვერ მოახერხა. რამდენიმე თვეში კი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ლონდონის სათაო ოფისისგან დასაქმების შესახებ შეთავაზება მიიღო.
2018 წლის თებერვალში მან ცენტრს წერილით მიმართა, სადაც ითხოვა ესარგებლა სასტიპენდიო ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებით და სამუშაო გამოცდილების დაგროვების მიზნით საზღვარგარეთ დარჩენილიყო. იმავე წლის მაისში ცენტრმა მის საქმეზე იმსჯელა და გიორგის ლონდონში მხოლოდ აგვისტოს ბოლომდე დარჩენის უფლება მისცა. ამ შემთხვევაში გიორგიმ ითხოვა გრანტის სახით გაცემული თანხა, მისი სოლიდურობიდან გამომდინარე, ეტაპობრივად დაებრუნებინა. პასუხად ცენტრმა მას საქართველოში დაბრუნებისთვის 10 დღე მისცა, 38 523 ლარის დასაბრუნებლად კი – 90 დღე. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ყოფილმა სტუდენტმა მომდევნო წერილით, ცენტრს დეტალურად განუმარტა რომ EBRD, როგორც განვითარებადი ქვეყნების დასახმარებლად შექმნილი ბანკი, საქართველოში ინვესტიციებს აქტიურად ახორციელებს და შესაბამისად, მას აქვს შესაძლებლობა აღნიშნულ პროცესში ჩაერთოს და მიღებული ცოდნა სამშობლოს მოახმაროს, საქმე, განათლების საერთაშორისო ცენტრის ინიციატივით, მაინც სასამართლომდე მივიდა.
განაჩენი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება
ჯერ სამოქალაქო, შემდეგ სააპელაციო, ბოლოს კი უზენაესმა სასამართლომაც დაასკვნა, რომ გიორგის ხელშეკრულება არ დაურღვევია. მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ სწავლის დასრულების შემდეგ მართლაც დაბრუნდა ქვეყანაში, როგორ ამას მისგან ხელშეკრულება ითხოვდა, თუმცა შესაბამის სფეროში მისი დასაქმება ვერ მოხერხდა, მაშინ, როცა ისეთი პრესტიჟული ბანკი, როგორიც EBRD-ია მას საკუთარი სპეციალობით დასაქმებისა კვალიფიკაციის ამაღლებას სთავაზობდა.
„ამას ერთვის ისიც, რომ EBRD-ს ერთ-ერთ აქციონერს სწორედ საქართველო წარმოადგენს, გ.ჯ-ს საქმიანობა საქართველოსა და მის ინტერესებს უშუალოდ უკავშირდება და თანაც, მას სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელება საქართველოშიც უწევს“, – აღნიშნულია უზენაესი სასამართლოს მიერ გაცემულ განჩინებაში.
სასამართლომ მხედველობაში მიიღო გიორგის მიერ არაერთხელ გამოთქმული სურვილიც მოლაპარაკებების თაობაზე, რასაც ცენტრმა უარით უპასუხა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე კი, სასამართლოს სამივე ინსტანციამ გადაწყვიტა, რომ გიორგისთვის გრანტის სახით მიცემული თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნის წინაპირობა არ არსებობს – „მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისთვის, ხოლო საკასაციო საჩივარს – წარმატების პერსპექტივა“ – წერია უზენაესი სასამართლოს განჩინებაში.
„რთულია, ახალგაზრდა უმუშევრად დააყოვნო ქვეყანაში, მაშინ, როცა საზღვარგარეთ საინტერესო შეთავაზებები აქვს“
EDU.ARIS.GE გიორგის ბრიტანეთში დაუკავშირდა. მისი კარიერა ისე განვითარდა, როგორც ამას თავად გეგმავდა. გვეუბნება, რომ საზღვარგარეთ ცხოვრებამ, სწავლამ და მუშაობამ უდიდესი ცხოვრებისეული და პროფესიული გამოცდილება შესძინა და ეს ყელაფერი საქართველოში დაბრუნების შემდეგ წაადგება. სასამართლოს სამი ინსტანციის მოგების შემდეგაც კი ამბობს, რომ მიუხედავად გამარჯვებისა, მას საქმის სასამართლომდე მიყვანა არ სურდა და საამისოდ ყველაფერს აკეთებდა – „შთაბეჭდილება დამრჩა, რომ საკმაოდ მოუქნელი ხელშეკრულების გამო, მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებას ვერ იღებდნენ და პრობლემის მოგვარებას მხოლოდ სასამართლოს გზით ხედავდნენ“, – გვეუბნება იგი.
ჩვენს კითხვაზე, არის თუ არა გრანტის გამცემი ორგანიზაციების მხრიდან ხელშეკრულებაში მსგავსი სახის პირობის ჩადება ბენეფიციარისთვის ერთგვარი შემაფერხებელი ფაქტორი კარიერულ კიბეზე, გიორგი შემდეგნაირად გვპასუხობს:
„რთულია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ერთი მხრივ, ცენტრი არაფერს სთავაზობს საზღვარგარეთ განათლებამიღებულ ახალგაზრდებს (ყოველ შემთხვევაში, ჩემს დროს ასე იყო) და ხშირად დგას პრობლემა ადეკვატური სამსახურის პოვნის. ჩემ შემთხვევაშიც, თვეობით ვეძებდი სასურველ ვარიანტს, რაც საკმაოდ სტრესული პროცესი იყო. რთულია, ახალგაზრდა დააყოვნო უმუშევრად ქვეყანაში, მაშინ როცა საზღვარგარეთ საინტერესო შეთავაზებები აქვს. მეორე მხრივ, მაშინ, როცა სახელმწიფო სტუდენტის განათლებაში რესურსს დებს (არამარტო უცხოეთში, არამედ საქართველოში გაცემული სასწავლო გრანტის სახით), ლოგიკურია, ამ ინვესტიციაზე შესაბამისი უკუგება მოითხოვოს. თუმცა, როგორც ვხედავ, რიგ შემთხვევებში, არ არსებობს კონკრეტული გეგმა, ან გზა, რომელიც ამ ახალგზრდებს თავიანთი ცოდნის ადეკვატურად გამოყენების შესაძლებლობას მისცემს. ჩემი შემთხვევა განსხვავებული იყო იმ კუთხით, რომ საქართველო EBRD-ის ერთ-ერთი აქციონერია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში უამრავ პროექტს ახორციელებს და ეს შესაძლებლობას მაძლევდა, სხვა ფაქტორებთან ერთად, იქ მუშაობით სარგებელი მომეტანა საქართველოსთვის“, – დასძენს იგი.
ბიუჯეტში დაბრუნებული 112 ათასი ლარი
EDU.ARIS.GE დაინტერესდა, რამდენად ხშირია შემთხვევა, როცა განათლების საერთაშორისო ცენტრს პირობის შეუსრულებლობის გამო ბენეფიციარებთან სასამართლო დავა უწევს გაცემული თანხის უკან დაბრუნების მიზნით. აგრეთვე, რა შედეგებით სრულდებოდა წინა დავები და ბრუნდებოდა თუ არა გრანტის სახით გაცემული თანხები უკან, სახელმწიფოს ბიუჯეტში.
როგორც აღმოჩნდა, იმისთვის, რომ სტიპენდიატთა მხრიდან არ დაირღვეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ცენტრი მონიტორინგს ახორციელებს. საჭიროების შემთხვევაში, მონიტორინგის სპეციალისტი, ბენეფიციარებს უგზავნის გამაფრთხილებელ ინფორმაციას, წერილებს, შეახსენებს მათ ვალდებულებებს, ხოლო ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, ინფორმაციას, შესაბამისი სამართლებრივი რეაგირებისთვის, ცენტრის იურისტს გადასცემს.
ცენტრში განმარტავენ, რომ გიორგი არ ყოფილა პირველი ბენეფიციარი, რომელმაც ამ წესიდან გადახვევა და გამოცდილების დაგროვების მიზნით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, უცხოეთში დარჩენის უფლებას ითხოვა. მათი თქმით, თითოეულ ასეთ შემთხვევაში, სასტიპენდიო პროგრამების კომისია ინდივიდუალურად განიხილავს.
„დარღვევის შემთხვევები – საერთაშორისო საკონკურსო პრაქტიკის გათვალისწინებით, მინიმალურია და გაცემული სტიპენდიების 1%-მდეც ვერ აღწევს (0.8%). თითოეულ ასეთ შემთხვევაზე მსჯელობა გრძელდება სასამართლო უწყებაში (ამ ეტაპზე ცენტრს მოგებული აქვს 7 დავა). თანხის დაბრუნების მიზნით, მიმდინარე პროცესების მოგებული ქეისებიდან, სასამართლომ გრანტის მიმღებებს დააკისრა – 90 559,73 ლარი (ერთმა აპლიკანტმა თანხა აანაზღაურა და გაიხმო საქმე – 112 765.44 ლარი).
„ცენტრის მიერ გრანტის გაცემის მთავარი მიზანია საქართველოს მოქალაქეების ხელშეწყობა, რათა მათ მსოფლიოს წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში საუკეთესო განათლება მიიღონ და მიღებული ცოდნა საქართველოს მოახმარონ. ცალკეული შემთხვევების დროს, როცა არ სრულდება ნაკისრი ვალდებულებები, ცენტრი, ცხადია, მიმართავს სასამართლოს, რაც უწყების მოვალეობაა. რაც შეეხება ზემოთხსენებულის მსგავს ქეისებს, იდენტური არის კიდევ 1 ქეისი, რომელიც განათლების საერთაშორისო ცენტრმა პირველ ინსტანციაში მოიგო და სტიპენდიატს დაეკისრა თანხის დაბრუნება. თუმცა მხარემ გაასაჩივრა და ამჟამად მეორე ინსტანციის გადაწყვეტილებას ველოდებით“, – მოგვწერეს კითხვების პასუხად განათლების საერთაშორისო ცენტრიდან.
ჩვენ აგრეთვე ვიკითხეთ, ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ სახელმწიფომ გრანტის სახით გაცემული თანხები არ „დაკარგოს“ და რა პრევენციული ზომების მიღებას აპირებს განათლების საერთაშორისო ცენტრი, სამომავლოდ, ამგვარი შემთხვევების თავიდან ასარიდებლად, თუმცა ამ კითხვებზე პასუხები არ მიგვიღია.
ამ ფონზე, საგულისხმოა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გასულ წელს მომზადებული ანგარიში, რომელმაც განათლების სამინისტროს და მისივე სსიპ-ის განათლების საერთაშორისო ცენტრის საქმიანობა შეისწავლა და სადაც აუდიტი ამბობს, რომ 2016-2019 წლებში საერთაშორისო განათლების პროგრამებზე სახელმწიფომ 27 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა, ბენეფიციარების ნაწილმა კი ქვეყანაში საზღვარგარეთ მიღებული ცოდნის რეალიზება ვერ მოახერხა.
124 საქართველოს მოქალაქის მიერ საზღვარგარეთ მიღებული საერთაშორისო დონის განათლება ქვეყნის წარმატების საწინდარია და ამაზე არავინ დავობს, თუმცა საინტერესო იქნებოდა, გვცოდნოდა, რა მონაცემები აქვს განათლების საერთაშორისო ცენტრს სამშობლოში დაბრუნებული ახალგაზრდების დასაქმების შესახებ – რა არის მათი საშუალო ხელფასი? და ასევე, აუდიტის დასკვნის გათვალისწინებით, იქნებ შესაძლებელია, მეტი ყურადღებით განხორციელდეს სახელმწიფოს მიერ დასაფინანსებელი საგანმანათლებლო პროგრამების შერჩევა, რომ ჩამოსულებს დასაქმება აღარ გაუჭირდეთ და აღარც ეს კითხვა იყოს მომავალში ლეგიტიმური: რამდენად ეფექტურად ხარჯავს სახელმწიფო თანხებს განათლების საერთაშორისო ცენტრი?
ასევე იხილეთ:
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება