რა ვალდებულებაზე საუბრობს პრემიერ-მინისტრი ქართულ ენასთან მიმართებით – 14 აპრილი დედაენის დღეა
14 აპრილს, საქართველოში ქართული ენის დაცვის, დედაენის დღე 1990 წლიდან აღინიშნება.
47 წლის წინ, 1978 წელს, ქართველმა საზოგადოებამ მტკიცე პროტესტი გამოხატა საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რომლის თანახმადაც, ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს დაკარგავდა.
კრემლმა საბჭოთა რესპუბლიკებში სახელმწიფო ენად ერთი ენის – რუსულის გამოცხადება გადაწყვიტა, რის საპასუხოდაც, 1978 წლის აპრილში, თბილისში მასობრივი გამოსვლები და მსვლელობა მოეწყო, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან უმაღლესი საბჭოს შენობისკენ. რუსთაველის გამზირზე თითქმის 100 000 ადამიანი შეიკრიბა და საბოლოოდ, პროტესტმა შედეგი გამოიღო. საბჭოთა კავშირის კომუნისტურმა რეჟიმმა ისტორიაში პირველად, უკან დაიხია.
სწორედ ამ მოვლენების საპატივსაცემოდ, 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.
დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოს მოქალაქეებს დედაენის დღეს ულოცავს.
ის საზოგადოების კონკრეტულ ვალდებულებაზე საუბრობს და ქართული ენის შესწავლის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
„1978 წლის 14 აპრილი ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული თარიღია. საბჭოთა ხელისუფლების განზრახვას, ქართული ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსი ჩამოერთმია, ქართული საზოგადოების პატრიოტული პასუხი მოჰყვა, რამაც საბჭოთა ხელისუფლებას გადაწყვეტილების შეცვლა აიძულა. ქართული ენა ჩვენი თვითმყოფადობის, სულიერებისა და ერთიანობის სიმბოლოა. ილია ჭავჭავაძე გვასწავლის, რომ ენა საღვთო რამ არის და საზოგადო საკუთრებაა, რომელსაც „კაცი უნდა ექომაგებოდეს“. სწორედ მშობლიური ენის ქომაგობის ამ გმირულმა აქტმა არა მხოლოდ ქართულს შეუნარჩუნა სახელმწიფო ენის სტატუსი, არამედ ის იქცა გარდამტეხ მოვლენად, რომელმაც ეროვნული მოძრაობის აღმავლობას პირველი მძლავრი ბიძგი მისცა. ჩვენი მუდმივი ვალდებულებაა, განვამტკიცოთ ქართული ენის გამორჩეული როლი მსოფლიო კულტურულ სივრცეში, მხარი დავუჭიროთ ჩვენს ყველა თანამოქალაქეს ქართული ენის შესწავლაში და განვამტკიცოთ მისი, როგორც სახელმწიფო ენის, მნიშვნელობა“, – აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.
-
ვის ექნება დიპლომატიის აკადემიაში სწავლების შესაძლებლობა – საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტება კადრებზე
by ARIS.GE-განათლება
-
„სტუდენტი, რომელიც ერთი უცხო ენით ჩააბარებს დიპლომატიის აკადემიაში, სამი წლის თავზე მეორე სამუშაო უცხო ენა ეცოდინება“
by ARIS.GE-განათლება
-
რა თანხა დაიხარჯება 2026 წელს სახელმწიფო უმაღლესებში ჩარიცხული 21 600-მდე სტუდენტის უფასოდ სწავლისთვის? – განათლების მინისტრის განმარტება
by ARIS.GE-განათლება