GE

14 აპრილი, 2025

უნივერსიტეტებში სახელმწიფო ენის სწავლება სავალდებულო ხდება – საკანონმდებლო წინადადება პარლამენტში განიხილეს

საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში დღეს, 14 აპრილს, ქართული ენის დაცვისა და დედაენის დღეს, ახალი საკანონმდებლო წინადადება განიხილეს, რომლის თანახმადაც უნივერსიტეტებში სახელმწიფო ენის სწავლება სავალდებულო უნდა გახდეს.

დავიწყოთ თუ არა სკოლებში ქართული ენის ცალკე საგნად სწავლება?

ინიციატივა, რომელიც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ წარადგინა, საქართველოს მოქალაქეებს, ენათმეცნიერებს, ნანა მაჭავარიანსა და გიორგი გოგოლაშვილს ეკუთვნით და ასეა ფორმულირებული: საკანონმდებლო წინადადება „უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სახელმწიფო ენის სავალდებულო სწავლების შესახებ“.

წინადადების ერთ-ერთი ავტორის, გიორგი გოგოლაშვილის განმარტებით, აღნიშნული წინადადების წარდგენის მიზანს ქართული ენის ცოდნის დონის ამაღლება წარმოადგენს.

მისი თქმით, წინა მთავრობის პერიოდში მიიღეს გადაწყვეტილება და ქართული ენის სავალდებულო საგნად სწავლება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში შეაჩერეს. “მაშინდელი რეფორმატორების ჯგუფმა განაცხადა, რომ ინგლისური უნდა იყოს სახელმწიფო ენა”, – თქვა კომიტეტზე გიორგი გოგოლაშვილმა.

კომიტეტმა წინადადება მიიღო და მხარი დაუჭირა, კომიტეტის თავმჯდომარემ კი დღევანდელი სხდომა უმნიშვნელოვანეს საკომიტეტო სხდომად შეაფასა.

“ორიენტირი გვაქვს, რომ მომავალი სასწავლო წლისთვის, პირველი ოქტომბრიდან შესაძლებელი გახდეს, უნივერსიტეტებში შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაეშვას ის სილაბუსები, რომლებიც ქართული ენის სავალდებულო სწავლებას უზრუნველყოფს”, – განაცხადა განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ.

ცვლილება შეეხება როგორც სახელმწიფო, ისე კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს.

განათლების კომიტეტი საკანონმდებლო წინადადებას პარლამენტრის ბიუროს სხდომაზე საკანონმდებლო ინიციატივის სახით წარადგენს და საგაზაფხულო სესიის ფარგლებში დაამტკიცებს.

ასევე იხილეთ:

ნათელა მაღლაკელიძე: არ შეიძლება, ერთი მეთოდით ასწავლო წერა-კითხვა ინგლისურად, ქართულად და რუსულად!

დაიწყება თუ არა სკოლაში ქართული ენის ცალკე საგნად სწავლება? – რა პასუხი აქვს განათლების მინისტრს

რა ვალდებულებაზე საუბრობს პრემიერ-მინისტრი ქართულ ენასთან მიმართებით – 14 აპრილი დედაენის დღეა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური