GE

GRUNI-ს კლინიკის მენეჯერთა გადამზადების სასწავლო პროგრამას 5 წელი შეუსრულდა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლა უკვე მრავალი წელია ახორციელებს სასწავლო პროგრამას ჯანდაცვის სისტემის ხელმძღვანელი მუშაკების კვალიფიკაციის ასამაღლებლად. ამ მიზნით ჩატარდა არაერთი სამეცნიერო-პრაქტიკული ღონისძიება ქართველი და უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობით.

სამედიცინო საზოგადოებრიობის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს მედიცინის სკოლის ბაზაზე მომზადებული და დღემდე მოქმედი სასწავლო პროგრამა “სტაციონარული დაწესებულებების კლინიკის მენეჯერის მუშაობის ადმინისტრირება“, რომელსაც წელს 5 წელი შეუსრულდა. პროგრამა დამტკიცდა საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ ჯერ კიდევ 2017 წელს (2021 წელს პროგრამამ ხელმეორედ წარმატებით მიიღო ფუნქციონირების უფლება).

პროგრამის განხორციელების საწყის ეტაპებზე მისი მსმენელები იყვნენ მოქმედი სტაციონარების ხელმძღვანელები და კლინიკური მენეჯერები, რომელთა თანამდებობაზე დამტკიცება ითვალისწინებს სასწავლო კურსის – “სტაციონარული დაწესებულებების კლინიკის მენეჯერის მუშაობის ადმინისტრირება“, აუცილებელ გავლას. მოგვიანებით მსურველთა რიცხვი გაიზარდა და მათ შეემატნენ სხვა ხელმძღვანელი თანამდებობების ექიმებიც.

პროგრამის ფარგლებში განხილული საკითხები შერჩეულია ქვეყნის ჯანდაცვის პოლიტიკისა და ძირითადი სტრატეგიული მიმართულებების გათვალისწინებით. ესენია:

  • ჯანდაცვის კანონმდებლობა;
  • სტაციონარის ადმინისტრირების საკითხები;
  • ხარისხის მართვის პრობლემები;
  • ინფექციური კონტროლი სტაციონარში. ჰოსპიტალური ინფექციების პროფილაქტიკა;
  • სტაციონარის ეკონომიკური განვითარების თავისებურებები საბაზრო ურთიერთობების პირობებში, ბიზნესგეგმის შედგენა;
  • სტატისტიკური ანგარიშგების თავისებურებები;
  • სოციალური დაზღვევა და სოციალური უზრუნველყოფა. მათი მოქმედების საორგანიზაციო პრინციპები. საყოველთაო დაზღვევის სისტემასთან და კერძო სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობის საკითხები;
  • სტრესული მენეჯმენტი, დროის მენეჯმენტი და მუშაობის პროგრამირება, ფუნქციების დელეგირება, საჭირო საოფისე სისტემების დაგეგმარება;
  • ადამიანთა ფაქტორის გამოყენება მენეჯმენტში: მუშაობის პროცესი, არჩევა, მომზადება, განვითარება, დისციპლინარული პროცედურები, თანასწორუფლებიანი შესაძლებლობები, საკონსულტაციო კონტაქტების ეფექტიანი გამოყენება;
  • ექიმი და საშუალო სამედიცინო პერსონალი. ხელმძღვანელობა და ხელმძღვანელობის სტილი; მოტივაციის პრინციპები და მართვის პროცესში წარმოქმნილი კონფლიქტები.

პროგრამის განხორციელების პერიოდულობა – წელიწადში 4-ჯერ, ხანგრძლივობა – 8 კვირა, მოიცავს 150 საკონტაქტო საათს და ითვალისწინებს სალექციო და სემინარული მეცადინეობების ჩატარებას, სასწავლო პროექტის მომზადებასა და დაცვას.

პროგრამის განხორციელებაში მონაწილეობენ როგორც უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, ისე ცნობილი სპეციალისტები, მათ შორის: საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს, თბილისის მერიისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პასუხისმგებელი მუშაკები.

პროგრამა ხორციელდება როგორც უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის, ისე უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობის ბაზაზე.

განვლილი დროის განმავლობაში სასწავლო პროგრამა წარმატებით დაასრულა ჯანდაცვის სისტემის 400-ზე მეტმა ხელმძღვანელმა მუშაკმა.

ნიშანდობლივია, რომ პანდემიის მიუხედავად, მხოლოდ 2020-2022 წლებში სასწავლო კურსი მოისმინა 200-ზე მეტმა ექიმმა და კლინიკის მენეჯერმა.

აღნიშნული სასწავლო კურსის განხორციელება ხელს შეუწყობს მედიცინის სკოლის სტუდენტების მომზადებასაც, ვინაიდან კურსის მსმენელებისათვის განკუთვნილი სასწავლო მასალა განთავსებულია უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში და აქტიურად გამოიყენება სალექციო და სემინარული მუშაობის პროცესში.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური