GE

გზავნილი სასკოლო საზოგადოებას „ახალი სკოლის მოდელის“ შესახებ – პროცესი, გამოწვევები და სავარაუდო შედეგი

“ახალი სკოლის მოდელი“ განათლების რეფორმის მორიგი ეტაპის პროექტია, რომელიც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ცოტა ხნის წინ დაიწყო და 5 წელიწადში მან საქართველოს ყველა რეგიონი უნდა დაფაროს. ამჟამად საპილოტედ 50 სკოლაა შერჩეული, სექტემბრიდან კი პროექტში ჩართული სკოლების ოდენობის კიდევ 100-ით გაზრდაა დაგეგმილი.

ინტერვენცია დაიწყო პირველ-მეოთხე კლასებში, თუმცა სექტემბრიდან  პროექტის მეხუთე-მეცხრე კლასებზე განვრცობაც არის დაგეგმილი.

თითოეულ სკოლაში მთელი სემესტრით შედის  ჯგუფი ოთხი ქოუჩის შემადგენლობით (კურიკულუმის ექსპერტი, ტექნოლოგიების ექსპერტი, ლიდერობის ექსპერტი, განათლების სპეციალისტი სტუდენტი) და  სასკოლო საზოგადოების წევრებთან ერთად ზრუნავს სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებასა და სასკოლო კულტურის გარდაქმნაზე.

EDU.ARIS.GE-ს პროექტის არსზე და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე ესაუბრება ეროვნული სასწავლო გეგმებისა და რესურსების განვითარების სამმართველოს ექსპერტი ნიკოლოზ სილაგაძე.

-რა წარმოადგენს ქოუჩთა ჯგუფის მისიას?

-ქოუჩების მისია კავშირშია პროექტის მიზნებთან და ამოცანებთან. პროექტის მიზნები და ამოცანები კი – სკოლის მისიასთან და განათლების რეფორმასთან.

სკოლა ერთდროულად აკადემიური და აღმზრდელობითი დაწესებულებაა, შესაბამისად,  განათლების ყველა რეფორმას (მათ შორის „ახალი სკოლის მოდელსაც“) ორი ძირითადი მიზანი აქვს: ამაღლდეს სწავლა-სწავლების ხარისხი და  შეიქმნას ისეთი გარემო, რომელიც კარგი მოქალაქის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. „ახალი სკოლის მოდელი“ აგრძელებს განათლების რეფორმას, რომელიც გაიგივებულია ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვასთან, შესაბამისად, ამ პროექტის, ისევე როგორც სკოლაში მივლენილი ქოუჩების, მიზანი ეროვნული სასწავლო გეგმის საკლასო ოთახში დანერგვაა.

-რით არის გამორჩეული ეს პროექტი, რამდენად ეფექტური იქნება ის?

-„ახალი სკოლის მოდელს“ წინამორბედი პროექტებისგან გამოარჩევს, ერთი მხრივ, მასშტაბები, მეორე მხრივ კი – კონცეპტუალური მიდგომები, რომელიც ზემოჩამოთვლილი მიზნების რეალიზაციისთვის გამოიყენება.

წინა პერიოდში ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვისა და განათლების რეფორმის მთავარ ბერკეტებად ცენტრალიზებული ტრენინგები, საატესტატო გამოცდები, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა და გრიფირებული სახელმძღვანელოები მოიაზრებოდა. ეს ბერკეტები ნაკლებად უწყობდა ხელს მასწავლებლის შინაგანი მოტივაციის გაღვივებას და შემოქმედებითი მუშაობის წახალისებას, შესაბამისად, ისინი საკლასო ოთახის დონეზე მნიშვნელოვნად ვერ ცვლიდნენ სიტუაციას.

„ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში პირველად გაჩნდა საშუალება პედაგოგებს მათთვის საინტერესო ყველა საკითხზე უშუალოდ სკოლაში ვესაუბროთ და თანამშრომლობის პირობებში, სასკოლო სივრცეშივე ვეძებოთ ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის გზები. ქოუჩების გუნდი სკოლაში ერთ სემესტრს დაჰყოფს. ვფიქრობთ, ეს დრო საკმარისია საიმისოდ, რათა ხელშესახები შედეგები მივიღოთ.

გასათვალისწინებელია კიდევ ორი გარემოება:

ა) „ახალი სკოლის მოდელი“ არის მასწავლებლების მხარდაჭერასა და დახმარებაზე და არა დასჯასა და წახალისებაზე ორიენტირებული პროექტი. შემთხვევითი არ არის, რომ სკოლაში წარგზავნილი ადამიანები ქოუჩებად მოიხსენიებიან და არა მწვრთვნელებად, მენტორებად, ან ტრენერებად. ქოუჩინგი თანასწორ პროფესიონალთა თანამშრომლობას გულისხმობს საერთო მიზნის მისაღწევად, ან პრობლემის გადასაჭრელად და არა მენტორული სტილის ტრენინგს, რომელსაც, როგორც წესი, შეზღუდული ეფექტი აქვს.

ბ) მეორე და ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ პროექტი მიმართულია სკოლის, როგორც ერთიანი გუნდის, განვითარებაზე და არა – მცირე რაოდენობით ელიტური მასწავლებლების გამოკვეთაზე; აქცენტი კეთდება სასკოლო კულტურის ყველა მხარეზე და არა რომელიმე ერთ-ერთ სფეროზე (მაგალითად, შეფასებაზე, ინტერაქტიულ მეთოდებზე და სხვა).

-რაც შეეხება საკუთრივ ინტერვენციებს?

-ინტერვენცია 4 მიმართულებით ხორციელდება:

ა) კონსტრუქტივისტულ პრინციპებზე დაფუძნებული სასკოლო კურიკულუმების განვითარება;

ბ) კომუნიკაციის გასამარტივებლად და სასწავლო პროცესის გასამრავალფეროვნებლად ტექნოლოგიების გამოყენება;

გ) სასწავლო პროცესის მხარდაჭერაზე ორიენტირებული სასკოლო მენეჯმენტის ჩამოყალიბება;

დ) მხარდაჭერაზე ორიენტირებული შეფასების სისტემის ჩამოყალიბება.

დავიწყოთ კონსტრუქტივისტულ საგანმანათლებლო პრინციპებზე დაფუძნებული სასკოლო კურიკულუმის განვითარებით. რა არის სასკოლო კურიკულუმი? და რას ნიშნავს სწავლა-სწავლების კონსტრუქტივისტული პრინციპები?

როგორც აღვნიშნეთ, „ახალი სკოლის მოდელი“ არის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროექტი.  ეროვნული სასწავლო გეგმა კი არის დოკუმენტი, რომელიც მიზნების დონეზე განსაზღვრავს რა უნდა იცოდეს, რა უნდა შეეძლოს და რა ღირებულებები უნდა ჩამოუყალიბდეს მოსწავლეს. ეს მიზნები საერთო და სავალდებულოა საქართველოს ყველა სკოლისათვის, თუმცა თითოეულმა სკოლამ თავად უნდა განსაზღვროს გზა (შეარჩიოს თემები, საკითხები, კომპლექსური დავალებები, რესურსები და სხვა) ამ მიზნების მისაღწევად. სასკოლო კურიკულუმი არის დოკუმენტი, რომელიც სწორედ იმ გზას და იმ საგანმანათლებლო სერვისს ასახავს, რომელსაც კონკრეტული სკოლა ქმნის და სთავაზობს საკუთარ მოსწავლეებს. ეს დოკუმენტი სასკოლო საზოგადოების მაჯისცემას უნდა ასახავდეს და მუდმივად უნდა ვითარდებოდეს.

ჩვენი პედაგოგები არც შემოქმედებითობით და არც გამოცდილებით თავიანთ უცხოელ კოლეგებს არ ჩამოუვარდებიან, მათ უბრალოდ არ აქვთ საკუთარი პრაქტიკის აღრიცხვისა და სხვებისთვის გაზიარების კულტურა. პროექტი „ახალი სკოლის მოდელი“, სასკოლო კურიკულუმების საშუალებით, სწორედ ამ ხარვეზს შეავსებს. ეს, ერთი მხრივ, პედაგოგთა პროფესიულ ზრდას, მეორე მხრივ კი სკოლის ერთიან გუნდად ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

ასევე პროექტის მოთხოვნაა, რომ ეს კურიკულუმები მოსწავლეების ინტერესებსა და შესაძლებლობებზე იყოს მორგებული. სწორედ ამის გარანტიას იძლევა სწავლა-სწავლების კონსტრუქტივისტული პრინციპები, რომელსაც სწავლა-სწავლების პროცესი უნდა ეფუძნებოდეს.

-რას გულისხმობს ეს პრინციპები?

-სულ 5 დებულებას, რომელიც თანამედროვე საგანმანათლებლო პარადიგმას ძველისგან გამოარჩევს: 1. აქტიური სწავლა-სწავლება, რომელიც მოსწავლის შინაგანი მოტივაციის გაღვივებას უწყობს ხელს– მოსწავლე მიწოდებულ ინფორმაციას ცოდნად მხოლოდ მაშინ გარდაქმნის, როცა თავად არის აქტიურად ჩართული შემოქმედებით პროცესებში; 2. ახალი ცოდნის კონსტრუირება მოსწავლის წინარე ცოდნაზე დაყრდნობით– მოსწავლის თანდათანობითი მიყვანა ახალ ცოდნამდე, ნაცნობ კონტექსტებზე დაყრდნობით; 3. ცოდნათა ურთიერთდაკავშირება და ორგანიზება– ანუ  მოსწავლის გონებაში ცნებათა ბმულების ჩამოყალიბება, რომელიც მას სხვადასხვა მიმართულებით შეძენილი ცოდნის გამთლიანებაში დაეხმარება; 4. სწავლის სწავლა –  იმ სტრატეგიების გაცნობიერება, რომელსაც მოსწავლე სწავლა-სწავლების პროცესში იყენებს;  5. ცოდნის სამი კატეგორია: დეკლარატიული (რა ეწოდება?), პროცედურული (როგორ შევასრულო?) და პირობისეული (როდის გამოვიყენო?) – სასწავლო მასალის არა მხოლოდ დამახსოვრება, არამედ სიღრმისეულად გააზრება და ცხოვრებისეულ კონტექსტებთან დაკავშირება. მეთოდოლოგიური თვალსაზრისით, განათლების რეფორმის კონცეპტუალური მხარე  ამ ხუთი პრინციპის საკლასო ოთახში რეალიზებამდე დაიყვანება.

არსებულ მოცემულობაში რამდენად არის შესაძლებელი ეს  რეალობად იქცეს?

,,ახალი სკოლის მოდელი“ მასწავლებლებს სთავაზობს სამუშაო ინსტრუმენტებს, რომელიც მათ ამ პრინციპების გააზრებასა და სასკოლო კურიკულუმების განვითარებაში დაეხმარება. როდესაც „ახალი სკოლის მოდელს“ ოპტიმიზმით შევცქერით სწორედ ამ ინსტრუმენტების ეფექტურობის იმედი გვაქვს.

50 საპილოტე სკოლისთვის შეთავაზებული დოკუმენტები მოიცავს ძალიან დეტალურ და გასაგებ ინსტრუქციებს  შემდეგ საკითხებზე:

  • სწავლა-სწავლების მიზნები– რა მიზნით ვასწავლით ამა თუ იმ საგანს;
  • რესურსები– რა მასალაზე დაყრდნობით შემიძლია დასახული მიზნების მიღწევა;
  • სწავლა-სწავლების მეთოდები და სტრატეგიები– როგორ მივაღწიო დასახულ მიზნებს;
  • შეფასება– როგორ შევაფასო დასახული მიზნების მიმართულებით მოსწავლეების პროგრესი?

მასწავლებლებს ასევე ვთავაზობთ აქტივობებისა და კომპლექსური დავალებების ბანკს, რომელიც მათ საკლასო ოთახში რეალიზებული კონსტრუქტივისტული პრინციპების ნიმუშებს აჩვენებს. აღნიშნული ინსტრუმენტები შეიქმნა და გამოიცადა პილოტირების პროცესში. ჩვენ დავინახეთ, რომ მასწავლებლებს ამ დოკუმენტების აღქმა და გამოყენება იოლად შეუძლიათ. ვნახოთ, რამდენად მოხერხდება მათი სისტემურ დონეზე დანერგვა.

-დანარჩენი  სამი მიმართულებით?

-მეორე მიმართულება  არის ტექნოლოგიები. სასწავლო პროცესში პედაგოგებს ტექნოლოგიები ორი მიმართულებით სჭირდებათ -ერთმანეთთან ეფექტური კომუნიკაციისთვის და  სასწავლო პროცესის  მრავალფეროვანი და საინტერესო რესურსებით გასამდიდრებლად. გამომდინარე აქედან,  პროექტის ფარგლებში მასწავლებლებისთვის შეთავაზებულია ორი ძალიან მოსახერხებული აპლიკაცია, რომელთაგან ერთი -კომუნიკაციაში, მეორე კი რესურსების შექმნაში დაეხმარება მასწავლებელს. კერძოდ: ტექნოლოგიების ქოუჩი პედაგოგოებს დაეხმარება Office 365 – ის სერვისების ათვისებაში, რომელშიც უკვე დარეგისტრირებულია საქართველოს სკოლების ყველა მასწავლებელი. რაც შეეხება მულტიმედია რესურსებს. უკვე დიდი ხანია საქართველოს სკოლების I-IV კლასების ყველა მოსწავლეს ურიგდება ბუკები. Unicef-ის დახმარებით შექმნილია  ციფრული რესურსი „ვსწავლობთ თამაშით“, რომელიც მოსწავლეებს ბუკებში აქვთ ჩაწერილი.

რაც შეეხება მესამე მიმართულებას_ლიდერობას, აქ მთავარია სკოლის მენეჯმეტი ორიენტირებული იყოს სასწავლო პროცესის მხარდაჭერაზე. შინაარსი  და ადმინისტრირება  ერთ ფუნქციურ ველს უნდა ქმნიდეს. დირექტორი უნდა იყოს ჭეშმარიტი ლიდერი, რომელიც სასკოლო კურიკულუმების შემუშავებაშია ჩართული.

და მეოთხე – მხარდაჭერაზე ორიენტირებული შეფასების სისტემის აწყობა. იგეგმება ყოველწლიური შეფასების ჩატარება: მეოთხე, მეექვსე და მეცხრე კლასის ყველა მოსწავლისთვის, ყველა კომპეტენციის მიმართულებით. შეფასება ჩატარდება არა ნიშნის დასაწერად, არამედ დიაგნოსტირებისთვის (იმის გამოსავლენად, თუ რა მდგომარეობაშია სკოლა ამ წუთას აკადემიური მიღწევების თვალსაზრისით).

50 საპილოტე სკოლაში უკვე ჩატარდა ამ ტიპის ტესტი. შემოწმდა მეოთხე კლასის ყველა მოსწავლე. ზუსტად ასეთივე ტესტი ჩაუტარდებათ მოსწავლეებს ერთ წელიწადში. ეს სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს დაანახვებს რამდენად ჰქონდათ წინსვლა; სამინისტროს კი აჩვენებს, თუ რამდენად წარმატებული იყო განხორციელებული ინტერვენციები.

-რა შემთხვევაში ჩაითვლება პროექტი წარმატებულად?  რა მინიმალური მოლოდინები არსებობს?

– ეს კითხვა შეიძლება დაიშალოს საფეხურებად, ანუ რა შედეგებს ველით მოსწავლეების დონეზე, მასწავლებლების დონეზე, სკოლის დონეზე და მთლიანად განათლების სისტემის დონეზე. „ახალი სკოლის მოდელი“ წარმატებულად ჩაითვლება, მაშინ როცა ყველა სკოლაში წინ მოსწავლის აქტივობა (კომპლექსური დავალებების შესრულება და პრეზენტაცია) იქნება წამოწეული.გვეყოლება აქტიური მოსწავლეები და ფასილიტატორი მასწავლებლები.

-რას შეცვლის ეს მოსწავლეებისთვის?

-კლასში აღარ გვეყოლება მოსწავლეები, რომლებიც ვერ იგებენ ინსტრუქციებს და რჩებიან ,,თამაშგარე“ მდგომარეობაში. სულ ცოტა, ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა ბავშვს ესმის რას ითხოვენ მისგან; ყველა თავს გრძნობს თანასწორ მდგომარეობაში; ყველა ბავშვს საშუალება ეძლევა ილაპარაკოს, ახსნას, გაუზიაროს სხვებს საკუთარი შემოქმედება. ტერმინი ,,უკანა მერხი“ აქტუალობს კარგავს, რადგან სასწავლო პროცესი, თავისთავად ,,მრგვალ მაგიდას“ ემსგავსება. შესაბამისად, განათლების ხელმისაწვდომობა რეალური ცნება ხდება .

-რა ცვლილებებს ველით მასწავლებლებთან?

-აქ მთავარი ცვლილებები მოსალოდნელია დაგეგმვისა და თანამშრომლობის ნაწილში. ამ ეტაპზე, მასწავლებლების უმრავლესობა სასწავლო პროცესს სახელმძღვანელოზე დაყრდნობით გეგმავს. ისინი სხვა რესურსებსაც იყენებენ, მაგრამ დაგეგმვისას მაინც  სახელმძღვანელო რჩება მთავარ მაორგანიზებლად.  პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში მდგომარეობა შეიცვლება. მასწავლებელი ჯერ დასვამს შეკითხვას რა მიზნით ვასწავლი ამა თუ იმ საგანს? შემდეგ კი თემებს, საკითხებს, რესურსებს, საკვანძო შეკითხვებსა და და კომპლექსურ დავალებებს შეარჩევს იმის მიხედვით, თუ რა დასჭირდებათმის მოსწავლეებს. სახელმძღვანელო მისთვის ერთ-ერთი და არა ერთადერთი რესურსი იქნება.

მასწავლებლის მიერ შედგენილი ამ ტიპის გეგმა არის კურიკულუმი, რომლის განვითერებაზეც პროექტში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება. ჩვენ გვეყოლება მასწავლებელი, რომელიც თვითონ გეგმავს საკუთარ კურიკულუმს და მას სხვა კოლეგებს უზიარებს. იგი მასწავლებლისთვის პედაგოგიური პრაქტიკის სრულყოფის საშუალებაა.

-სკოლის დონეზე და ზოგადად სისტემაში რა ცვლილებას ველით?

-სასკოლო კურიკულუმი უნდა იქცეს დოკუმენტად, რომელიც სასკოლო საზოგადოებას ერთ გუნდად შეკრავს და გაამთლიანებს. მის მიმართ სასკოლო თემის ყველა წევრს გაუჩნდება კუთვნილების განცდა.  სკოლა ხდება აკადემიური და კვლევითი  გაერთიანება, რომელიც ყოველდღიურად მუშაობს და ავითარებს კურიკულუმს, როგორც გზას გრძელევადიანი მიზნების მისაღწევად.

,,ახალი სკოლის მოდელი“ გამორიცხავს კონკურენციას და დასჯა-წახალისებას. სკოლებს არავინ შეადარებს ერთმანეთს და არავინ დასჯის დაბალი მაჩვენებლებისთვის. სამინისტრო ორიენტირებული იქნება იმ სკოლებს აღმოუჩინოს დახმარება, რომლებსაც გარკვეული სირთულეები აქვთ. სხვა მხრივ კი იგი მხოლოდ დამკვირვებლის როლს მოირგებს.

-როგორ გაიზომება პროექტის შედეგები?

-გარდა აკადემიური ხარისხის შემოწმებისა, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, შეფასება გულისხმობს სასკოლო კულტურის კვლევასაც; ანუ იმის შესწავლას, თუ როგორი ატმოსფეროა სკოლაში.  ცვლილებების გამოსავლენად, საგნობრივი შეფასების მსგავსად, თვისებრივი კვლევა ყოველწლიურად ჩატარდება. შეფასებამ უნდა გვაჩვენოს როგორი ურთიერთობა აქვთ სასკოლო საზოგადოების წევრებს; რამდენად თანამშრომლობენ დაგეგმვის პროცესში; რამდენად ზრუნავენ მოსწავლეებზე, ერთმანეთზე და სკოლაზე.

სამინისტრომ უარი თქვა ბერკეტებზე, რომელიც სისტემის შემდგომ განვითარებას აფერხებდა. მაგალითად შეიძლება დავასახელოთ: CAT-ის გამოცდები, რომელიც მასწავლებლებსა და მოსწავლეებს დამახსოვრებაზე ორინეტირებული სწავლა-სწავლებისკენ უბიძგებდა; ზოგადი უნარების გამოცდა, რომელიც აკნინებდა საგნობრივი გამოცდებისა და სწავლა-სწავლების მნიშვნელობას (ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით ყველა სასკოლო საგანი ზოგადი უნარების (კრიტიკული აზროვნება, პრობლემის გადაჭრა, შემოქმედებითობა და სხვა) განვითარებას ემსახურება. ასე რომ ზოგადი უნარების გამოცდის როლი ნებისმიერი საგნის გამოცდამ შეიძლება შეასრულოს); მოკლვედიანი შედეგებ და ინდიკატორებ, რომელმაც დანერგვის პროცესში გრძელვადიანი მიზნები დაჩრდილა. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა, რომელმაც მხოლოდ გარე მოტივაციის გაღვივებასა და ბიუროკრატიული ვალდებულებების გამრავლებას შეუწყო ხელი; განსაკუთრებული აქცენტებისახელმძღვანელოების გრიფირებაზე.

ყველა ზემოჩამოთვლილი ბერკეტი თავის დროზე რაღაც კონკრეტული პრობლემების გასასაჭრელად იყო შექმნილი. თუმცა, მათ, როგორც დანერგვისა და სისტემური განვითარების მუდმივმოქმედმა ინსტრუმენტებმა, ვერ გაამართლა. ამიტომაც ხდება მათი ჩანაცვლება ახალი ბერკეტებით, რომლებზეც ზემოთ მოგახსენებდით. კერძოდ: ვითარდება სასკოლო კურიკულუმები, რომლისთვისაც სახელმძღვანელოები ხდება ერთ-ერთი და არა ერთადერთი რესურსი; კურიკულუმი ორიენტირებულია გრძელვადიან მიზნებზე და არა მოკლევადიან ინდიკატორებზე; შეფასება ორიენტირებულია დახმარებაზე და კომპლექსურ დავალებებზე და არა მოსწავლის დასჯაზე და დამახსოვრებაზე ორიენტირებულ ტესტებზე.

-ოპონენტები სამინისტროს პროექტის ვიწრო წრეში შემუშავებას, ფართო ჩართულობის დეფიციტს საყვედურობენ… რა გამოწვევა არსებობს პროექტის დანერგვის გზაზე?

-ეს ბრალდება ლოგიკურ საფუძველს მოკლებულია.  კიდევ ერთხელ დავაკონკრეტებ, რომ ახალი სკოლის მოდელი, ეს არის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის სტრატეგია.ეროვნული სასწავლო გეგმის შემუშავება კი ფართო მონაწილეობით მოხდა. “ახალი სკოლის მოდელი“, როგორც ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის სტრატეგია, გამოიცადა 150-ე სკოლაში. ამ ინსტრუმენტების განვითარებაში მონაწილეობა აქვს მიღებული 22 მასწავლებელს. რაც შეეხება გამოწვევებს, ბევრი სხვადასხვა მასშტაბის გამოწვევა არსებობს, ერთ-ერთი გახლავთ ის, რომ საქართველოს განათლების სისტემა არ არის ადაპტირებული იმ მიდგომებზე და პრინციპებზე, რომელსაც „ახალი სკოლის მოდელი“ გულისხმობს. განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ძალიან ბევრი სიპ-ია. მათ ყოველთვის უჭირდათ ერთმანეთთან შეთანხმებულად მოქმედება. ახალი ვითარება კი ყველა რგოლის თანმიმდევრულ, შეთანხმებულ მოქმედებას მოითხოვს. სიპები უნდა ატარებდნენ იმ პოლიტიკას რომელსაც სამინისტრო განსაზღვრავს და არ უნდა ქმნიდნენ რეფორმის ალტერნატიულ პლატფორმას. ამ ტიპის პრობლემების გადასაჭრელად დღეს ძალიან ფართო მუშაობა მიმდინარეობს.

მეორე, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გამოწვევაა საზოგადოების განწყობა, უფრო სწორად საზოგადოებამდე სათქმელის სწორად მიტანა.

-დღეს შეცდომად და ხარვეზად მოხსენიებული ინტერვენციებიც დასაწყისში ასევე ოპტიმისტურად მიეწოდებოდა სასკოლო საზოგადოებას.  ნდობის ხელახალი აღძვრისთვის   რას ეტყოდით მასწავლებლებს?

-უკვე საკმაოდ დიდი ხანია საუბარია იმაზე, რომ განათლების სისტემაში რაღაც  შესაცვლელია, თუმცა, როგორი უნდა იყოს კარგი სკოლა და სასწავლო პროცესი ეს არავის აქვს ნათლად წარმოდგენილი. დღემდე აანალიზებენ თუ რა ხარვეზები აქვს სკოლას, მაგრამ ყველა ერიდება მისთვის სასურველი სკოლის მოდელის ჰოლისტურად აღწერას.

„ახალი სკოლის მოდელი“ არის პროექტი, რომელიც საშუალებას გვაძლევს არ შემოვიფარგლოთ მხოლოდ პრობლემების ანალიზით და ჩვენივე ხელით, ჩვენსავე სკოლაში შევქმნათ ნიმუში იმისა, თუ რა არის ჩვენთვის კარგი სკოლა და კარგი სასწავლო პროცესი. შემდეგ კი მის დახვეწასა და განვითარებაზე ვიზრუნოთ.

აქედან გამომდინარე, სასკოლო საზოგადოებას ვეტყოდი, რომ თუკი ისინი აქტიურ შემოქმედებით პროცესებში ჩართვებიან (რის შესაძლებლობასაც ნამდვილად იძლევა პროექტის ფარგლებში შემოთავაზებული სამუშაო ინსტრუმენტები) და არ დასჯერდებიან პასიური შემფასებლის როლს, ეს აუცილებლად გამოიწვევს პოზიტიურ ცვლილებებს. მთავარია სასკოლო საზოგადოების ყველა წევრმა:

  • ირწმუნოს, რომ სკოლა, რომელშიც მოღვაწეობს მისი სკოლაა და თავად არის პასუხისმგებლები მის მიღწევებზეც და ხარვეზებზეც;
  • დაიჯეროს, რომ სასკოლო საზოგადოების ყველა წევრს შეუძლია და მართებს წვლილი შეიტანოს სკოლის განვითარებასა და გაუმჯობესებაში (ეს არ არის მხოლოდ დირექტორისა და სკოლის ადმინისტრაციის პრეროგატივა);
  • გააცნობიეროს, რომ ადამიანური ღირსებები და ურთიერთობები ყველაზე ძვირფასია. სწორედ ის ქმნის „სოციალურ კაპიტალს“, რომელსაც სკოლა უნდა დაეფუძნოს. ამიტომ  ყველა ცვლილება მხოლოდ ზრუნვისა და თანამშრომლობის (და არა კონკურენციის) რეჟიმში შეიძლება განხორციელდეს.

თუკი ეს ასე მოხდა პროექტი ძალიან მალე მიაღწევს ხელშესახებ წარმატებას.

ესაუბრა ნინო კაპანაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური