ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ტექნოლოგიური ლაბორატორია – უნილაბი გაიხსნა
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ტექნოლოგიური ლაბორატორია – უნილაბი გაიხსნა. პრეზენტაციას სტუდენტები და პროექტის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. როგორც პროექტის ავტორებმა შეხვედრაზე აღნიშნეს, უნილაბი იქნება სივრცე, სადაც ადამიანს შეეძლება ნახტომი გააკეთოს საკუთარ მომავალში. აღმოაჩინოს თავის თავში ახალი შესაძლებლობები და დღეს დაინახოს, თუ როგორი შეიძლება იყოს ბევრი წლის შემდეგ.
„უნილაბი არის არაფორმალური განათლების ცენტრი. საქმე ისაა, რომ ძალიან სწრაფად ჩნდება ახალი პროფესიები, ძალიან სწრაფად ჩნდება ახალი შესაძლებლობები. არაფომალური განათლების ცენტრი კი, იმ სტუდენტებს, რომლებიც ასევე იღებენ სრულ განათლებას, დამატებით მისცემს შესაძლებლობას, რომ დაეუფლონ თანამედროვე პროფესიებსაც მოკლე კურსების საშუალებით“, – განაცხადა პროექტის ავტორმა სანდრო ასათიანმა.
უნილაბი ორი მიმართულებით იმუშავებს და მოკლე სასწავლო კურსთან ერთად მას ექნება სტაჟირების პროგრამაც, რომელიც სტუდენტის შემდგომ დასაქმებას შეუწყობს ხელს.
„მოკლე კურსით ჩვენ ვაძლევთ სტუდენტებს განათლებას, მაგრამ მათ მაინც უჭირს შემდეგ დასაქმება. როცა ეძებს სამუშაოს, მას ეკითხებიან – მანახე რა გაქვს გაკეთებული? ამიტომ აქ იქნება ასევე სტაჟირების პროგრამა. ადამიანები ისწავლიან და რეალურ პროექტებზე იმუშავებენ. ეს პროექტები იქნება ისევ და ისევ ილიაუნის საჭიროებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ შიგნით ილიაუნიში ძალიან ბევრი საინტერესო რაღაც კეთდება. ჩვენ მოწვეული გვყავს ამ სფეროს გამოცდილი ადამიანები, რომლებიც იქნებიან მენტორები”, – განაცხადა სანდრო ასათიანმა.
უნილაბი ორი ძირითადი მიმართულებით იმუშავებს:
1. არაფორმალური განათლების ცენტრი
ილიაუნის სტუდენტებს შეეძლებათ იმ მოკლე პრაქტიკული კურსების გავლა, რომელთა სწავლება კურიკულიმით არ არის გათვალისწინებული, მაგალითად,
- პოლიგრაფიული დიზაინი;
- ინტერფეისის დიზაინი UX Design;
- მოძრავი გრაფიკა – Motion Graphic;
- ვიდეოგრაფიკა და მონტაჟი;
- სოციალური მედიამენეჯმენტი
- ვებგვერდის შექმნა საკუთარი ძალებით (wordpress);
- ვებპროგრამირება Front-End (HTML);
- ვებპროგრამირება PHP;
- ვებპროგრამირება ASP.NET MVC;
- პროგრამირება C#;
- პროგრამირება Python;
- მობილური პროგრამირება Kotlin;
- გეიმდეველოპმენტი Unity 3D.
2. სტაჟირების პროგრამა
ეს პროგრამა მათთვის იქნება განკუთვნილი, ვისაც გარკვეული ცოდნა აქვს ახალი ტექნოლოგიების მიმართულებით, მაგრამ არ აქვს პრაქტიკული გამოცდილება. მნივნელობა არა აქვს, ადამიანმა თავად მიიღო ეს ცოდნა ინტერნეტის საშუალებით, თუ რომელიმე კურსი გაიარა. მთავარია, ჰქონდეს საბაზისო ცოდნა და მოტივაცია, რომ განვითარდეს.
სტაჟირების პროგრამის ფარგლებში სტუდენტები გამოცდილი მენტორების დახმარებით რეალურ პროექტებზე იმუშავებენ.
- „დაუმორჩილებლობა თავისუფლების საფუძველია!“ – 18:00 საათზე ილიაუნი მსვლელობას გამართავს by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ილიაუნის მხარდაჭერით TBILISI PR DAYS – თბილისის პიარის დღეები 2024 გაიმართება by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ილიაუნიში ილიას კვირეული „ილია: ევროპული საქართველოს პროექტი“ გაიმართება by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი