GE

ილიაუნი მომავალ ფიზიკოსთა ოლიმპიადის გამარჯვებულ აბიტურიენტებს 1000-ლარიან სასტიპენდიო ვაუჩერს გადასცემს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი 10 აპრილს მომავალი ფიზიკოსების ოლიმპიადას ჩაატარებს აბიტურიენტებისთვის.

ოლიმპიადის მონაწილე წარმატებულ აბიტურიენტებს გადაეცემათ ილიაუნის სასტიპენდიო ვაუჩერი. ოლიმპიადის მონაწილე აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ მოიპოვონ ორი კატეგორიის სასტიპენდიო ვაუჩერი:

  • მეორე კატეგორიის – 600-ლარიანი სასტიპენდიო ვაუჩერი გადაეცემა ოლიმპიადის ყველა მონაწილეს, ვინც პირველი ტურიდან გადავა ოლიმპიადის მეორე ტურში;
  • პირველი კატეგორიის – 1000-ლარიანი სასტიპენდიო ვაუჩერი გადაეცემა ოლიმპიადის საუკეთესო 5 მონაწილეს.

სასტიპენდიო ვაუჩერის გამოყენებას აბიტურიენტები შეძლებენ იმ შემთხვევაში, თუ ჩააბარებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამაზე – საბუნებისმეტყველო მეცნიერებები: ფიზიკა (ინდივიდუალური მიღებით).

ილიაუნის ცნობით, საბაკალავრო პროგრამაზე – საბუნებისმეტყველო მეცნიერებები: ფიზიკა – სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სასტიპენდიო ვაუჩერი კი იქნება დამატებითი შემოსავლის წყარო, რომლის გამოყენებაც სტუდენტს შეეძლება პირადი საჭიროებების შესაბამისად.

მომავალი ფიზიკოსების ოლიმპიადა ჩატარდება 2 ტურად, 10 აპრილს.

ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად, აბიტურიენტებმა უნდა შეავსონ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა 4 აპრილის ჩათვლით.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური