სკოლებში მოსწავლეთა ეროვნული შეფასებების ჩასატარებლად მზადება დაწყებულია – ვინ შექმნის ტესტებს
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ეროვნული შეფასება უნდა დაინერგოს და როგორც ირკვევა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ამისთვის მზადება უკვე დაწყებული აქვთ.
დღემდე ვიცით ის, რომ სკოლებში მოსწავლის ცენტრალიზებულად შეფასების კომპონენტის დაბრუნება პილოტირების შემდეგ მოხდება. “VI-IX კლასის პილოტირება 2025 წლიდან დაიწყება, მე-12 კლასის 2026 წელს და სისტემა სრულად 2027 წლიდან ამოქმედდება”, – თქვა განათლების მინისტრმა ერთი წლის წინ.
„ზოგად განათლებაში ორი გამოცდა იქნება შემოღებული“ – განათლების მინისტრის მოადგილე
2025 წლის დადგომიდან სულ რამდენიმე დღეში შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაცხადა კონკურსი რომლის ფარგლებშიც უწყება იწვევს საჯარო და კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოქმედ უფროს, წამყვან ან მენტორ მასწავლებლებს დაწყებითი და საბაზო საფეხურის ტესტური დავალებების ბანკის შესაქმნელად.
ტესტური დავალებები უნდა შეიქმნას შემდეგ საგნებში:
– ქართული ენა და ლიტერატურა;
– მათემატიკა;
– ბუნებისმეტყველება;
– ქართული ენა (არაქართულენოვანი სკოლებისათვის/სექტორებისათვის);
– ფიზიკა;
– ქიმია;
– ბიოლოგია;
– გეოგრაფია;
– ისტორია;
– სამოქალაქო განათლება;
– ინგლისური ენა;
– ხელოვნება;
– მუსიკა.
რაც შეეხება იმ პირთა უნარებსა და სავალდებულო მოთხოვნებს, ვინც მოსწავლეთა ეროვნული შეფასებისთვის განკუთვილი ტესტების შექმნაში უნდა მიიღოს მონაწილეობა, უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატს, რომელსაც: აქვს ზოგადი წარმოდგენა ცენტრალიზებული შეფასების სისტემის შესახებ, გავლილი აქვს ტესტური დავალებების შექმნის ტრენინგი.
სავალდებულო მოთხოვნები:
ა) კანდიდატი უნდა იყოს საჯარო და კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოქმედი უფროსი, წამყვანი ან მენტორი მასწავლებელი (აუცილებელია დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა);
ბ) კანდიდატს უნდა ჰქონდეს: ბ.ა) საჯარო ან/და კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება, შესაბამისი მიმართულებით (აუცილებელია დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა (ცნობა/შრომის წიგნაკი); ბ.ბ) აკადემიური უმაღლესი განათლება შესაბამის საგანში/ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნობრივ ჯგუფში ან/და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია; გ) კანდიდატი უნდა ფლობდეს შემდეგ კომპიუტერულ პროგრამებს: Microsoft Word; Excel; PowerPoint.
კონკურსში მონაწილე კანდიდატი ვალდებულია:
2025 წლის 6 იანვრიდან 2025 წლის 31 იანვრის ჩათვლით სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (ქ. თბილისი, ე. მინდელის ქუჩა №9) ან ელექტრონული ფოსტით hrm@naec.ge წარმოადგინოს: ავტობიოგრაფია/CV; სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (ცნობა/შრომის წიგნაკი, რომლითაც დასტურდება როგორც კანდიდატის არანაკლებ ორწლიანი სამუშაო გამოცდილება, ისე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უფროს, წამყვან ან მენტორ მასწავლებლად მისი დღემდე დასაქმების ფაქტი, ასევე რომელ საგანს ასწავლის კანდიდატი და სწავლების შესაბამისი საფეხური); განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი; სამოტივაციო წერილი (წერილი ჩამოყალიბებული უნდა იყოს ლაკონიურად, არაუმეტეს ნახევარი გვერდისა); კანდიდატი ვალდებულია განაცხადში მიუთითოს საკონტაქტო მონაცემები (ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი); კანდიდატმა განაცხადში აუცილებლად უნდა მიუთითოს იმ საგნის/საგნების დასახელება და სწავლების საფეხური (დაწყებითი ან/და საბაზო), რომლის შესარჩევ კონკურსშიც სურს მონაწილეობის მიღება.
პირველი ეტაპის (დოკუმენტების გადამოწმების) შემდეგ ცენტრი შერჩეულ პირებს მოიწვევს გასაუბრებაზე. წარმატებით გავლის შემთხვევაში კი ცენტრსა და კანდიდატს შორის გაფორმდება შრომითი ხელშეკრულება.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საჯარო სკოლებში ცენტრალიზებული დამამთავრებელი (საატესტატო) გამოცდები რამდენიმე წლის წინ გაუქმდა.
ასევე იხილეთ:
- რა წავაკითხოთ არდადეგებზე – საშობაო ლიტერატურა ბავშვებისთვის by ARIS.GE-განათლება
- ახლებურად განისაზღვრა ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის კოეფიციენტები by ARIS.GE-განათლება
- ბავშვზე ზრუნვისა და ახალგაზრდების მხარდამჭერი 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა – ბრძანება by ARIS.GE-განათლება