კვლევის მიხედვით, წითელი კალმით ნაშრომის გასწორება მოსწავლეს გამსწორებლის მიმართ ნეგატიურად განაწყობს – რეკომენდაცია მასწავლებლებს
წითელი კალმით ნაშრომის გასწორება პედაგოგების დაუწერელი კანონია. მათთვის ეს მოსწავლის ნაწერისგან განმასხვავებელი ჩვეულებრივი ფერია, თუმცა გამაფრთხილებელ ნიშნად მიჩნეული წითელი, მოსწავლეებში, შესაძლოა, უკურეაქციას იწვევდეს.
სოციოლოგებმა რიჩარდ დიუკმა და ჰეთერ ალბანესმა კოლორადოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ჟურნალში გამოაქვეყნეს კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც, პედაგოგების მიერ წითელი კალმის გამოყენება მოსწავლეებზე ნეგატიურ გავლენას ახდენს.
კვლევაში ბაკალავრიატის 199 სტუდენტი მონაწილეობდა, თითოეულ მათგანს 4 სხვადასხვა ინსტრუქტორის მიერ გასწორებული ნაშრომები აჩვენეს. ლექტორების ნაწილს, ჩასწორებებისა და ქულების დაწერის დროს გამოყენებული ჰქონდა იგივე ფერი, რაც მოსწავლეებს – ლურჯი, მეორე ნაწილს კი წითელი. სტუდენტებს მოსწავლეების ესეების წაკითხვა და გამსწორებლების მინაწერების შესახებ საკუთარი პოზიციის გამოხატვა სთხოვეს. ასევე უთხრეს, გაეზიარებინათ ის ემოციები, რომლებიც თითოეული გამსწორებლის მიმართ დაეუფლათ.
კვლევის შედეგების გაანალიზებამ აჩვენა, რომ სტუდენტები „უხეშებად“ აღიქვამენ იმ გამსწორებლებს, რომლებსაც წითელი ფერი ჰქონდათ გამოყენებული. ამასთან მოხალისეებს არ უთქვამთ, რომ მათი შენიშვნები არასწორია, თუმცა აგრესია გაუჩნდათ თავად პიროვნებების მიმართ.
მკვლევრები აღნიშნავენ, რომ წითელი ფერის ლურჯ ფერთან გამოყენება აღიქმება, როგორც ყვირილი და ეს ადრესატს თავს შეურაცხყოფილად აგრძნობინებს. ამას მოსწავლის მხრიდან პედაგოგზე გაბრაზება მოსდევს, რაც სწავლის პროცესისთვის არც თუ ისე ხელსაყრელია. ისინი მიიჩნევენ, რომ უმჯობესი იქნება, თუ პედაგოგები წითელ ფერს სხვა ფერით ჩაანაცვლებენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს Washtenaw Community College-ის ინგლისის დეპარტამენტი:
„გთხოვთ, ნუ გამოიეყენებთ წითელ კლამებს. ნაშრომზე წითელ ფერის მინიშნებებს მოსწავლე აღიქვამს მკაცრ კრიტიკად, რის გამოც მას გამსწორებლის მიმართ იმედგაცრუება ეუფლება. ბევრი მოსწავლე კი ნაშრომს პედაგოგისგან ყოველგვარი მინიშნებებისა და შენიშვნების გარეშე იღებს, სადაც მასწავლებელს მხოლოდ ქულა უწერია. ეს ასევე ზერელე დამოკიდებულებაა. საჭიროა, მოსწავლესა და პედაგოგს შორის შედგეს დიალოგი, მოსწავლემ ისაუბროს საკუთარ იდეებზე და მიიღოს შენიშვნები. დისკუსია, მათ შორის წერილობითიც, ცნობიერების გაზრდაში ეხმარება. მაგრამ უმჯობესი იქნება, თუ წითელ ფერს სხვა ფერებით ჩავანაცვლებთ“, – ნათქვამია განცხადებაში.
2014 წელს, კორნუოლის საგრაფოს მაუნთს ბეის აკადემიის პედაგოგებმა წითელი კალამი მწვანე ფერით ჩაანაცვლეს. სკოლის ვიცე-დირექტორი ჯენი ჰიკი მიიჩნევს, რომ წითელი ნეგატიური ფერია.
კომპანია „რეალ ედუქეიშენის“ თავმჯდომარის კრის მაკგროვენის თქმით, წითელი მარტივად აღსაქმელია, რაც მოსწავლეებისთვის უკეთესი უნდა იყოს:
„როგორც ჩანს, ბევრი სკოლისთვის მოსწავლეების კრიტიკა მიუღებელია, თუმცა ეს მათ ეხმარება“, – ამბობს ის.
მოამზადა მარიამ ელიაშვილმა
გამოყენებული წყაროები:
phys.org
nglish.wccnet.edu
dailymail.co.uk
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება
- პრაქტიკოსი სპეცმასწავლებლების მიერ კომპეტენციის დადასტურების ვალდებულების დრო ისევ გახანგრძლივდა by ARIS.GE-განათლება