GE

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი მასშტაბურ სამეცნიერო კონფერენციას მასპინძლობს

„თანამედროვე სამართლის გამოწვევები“ – ასე ეწოდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას, რომელიც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში დღეს გაიხსნა და ორ დღეს გასტანს.

კონფერენციას სხვადასხვა ქვეყნიდან 52 მონაწილე ჰყავს. იგი ორი პანელისაგან შედგება: საჯარო სამართალი (სექციები: საჯარო სამართალი; სისხლის სამართალი; საერთაშორისო სამართალი) და კერძო სამართალი (ბიზნეს სამართალი; ტექნოლოგიების სამართალი; სამოქალაქო სამართალი). თითოეული აღნიშნული მიმართულება კი მოხსენებათა მრავალფეროვან თემატურ სპექტრს აერთიანებს, რომელთაც ქართველი და უცხოელი მომხსენებლები ჰიბრიდულ ფორმატში წარმოადგენენ.

ორგანიზატორების თქმით, კონფერენციის მიზანი ეროვნული თუ საერთაშორისო სამართლის სფეროს დახვეწა და ამ მიმართულებით მოღვაწე ადამიანების, პროფესორ-მასწავლებლების, მკვლევარების, მეცნიერების, დოქტორანტების ცოდნისა და გამოცდილების ერთმანეთში გაზიარებაა.

ღონისძიება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა კახაბერ კორძაიამ გახსნა. მისასალმებელი სიტყვით წარდგნენ უნივერსიტეტის სამართლის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მრჩეველი, CIU-ს ემერიტუსი პროფესორი მინდია უგრეხელიძე; სამართლის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ხატიძე; სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი სესილი გოგიბერიძე, უნივერსიტეტის კანცლერის მრჩეველი მეცნიერებისა და ინოვაციების საკითხებში, პროფესორი ზვიად გაბისონია.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანმა, გიორგი ხატიძემ EDU.ARIS.GE-სთან კონფერენციის მასშტაბზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას უცხოეთიდან უპრეცედენტოდ ბევრი მონაწილე ჰყავს.

„20-ზე მეტი მონაწილე გვყავს სხვადასხვა ქვეყნიდან – გერმანიიდან, პოლონეთიდან, ტაივანიდან, უზბეკეთიდან და ა.შ. მომხსენებლებს შორის არიან პროფესორ-მასწავლებლები, დოქტორანტები, მკვლევრები, პროგრამების ხელმძღვანელები, დეკანები, ვიცე-რექტორები. ასე რომ, საკმაოდ გამოცდილი და მაღალი რანგის მონაწილეები გვყავს. კონფერენციის მასშტაბურობაზე ესეც მეტყველებს. მონაწილეებს მრავალი მიმართულებით ეძლევათ მოხსენების გაკეთების საშუალება. ვფიქრობ, რომ წინ ძალიან ნაყოფიერი დღეები გველის. რა თქმა უნდა, კონფერენციას თავისი კონკრეტული შედეგებიც მოჰყვება სამართლის სფეროს კონკრეტული საკითხების განვითარების თვალსაზრისით.

“უნივერსიტეტი ჩართული იყო, არის და იქნება მსგავს ღონისძიებებში. საუნივერსიტეტო საქმიანობა მხოლოდ სალექციო და სასემინარო საქმიანობას არ გულისხმობს. ჩვენ კვლევით, სამეცნიერო კომპონენტზე ძალიან დიდ აქცენტს ვაკეთებთ და დღევანდელი კონფერენციაც ამას უსვამს ხაზს. მინდა დავაანონსო, რომ უნივერსიტეტი საზოგადოებას, შემოდგომიდან, კიდევ უფრო მეტ სიახლეს, მეტი სამეცნიერო-კვლევით აქტივობას შესთავსაზებს“, – განგვიცხადა სამართლის ფაკულტეტის დეკანმა.

საუნვერსიტეტო ცხოვრებაში სამეცნიერო კომპონენტის როლზე ისაუბრა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსმა სესილი გოგიბერიძემ. მისი თქმით, უნივერსიტეტი ამ მიმართულებით ძალიან აქტიურია და ხელს უწყობს კვლევების ინტერნაციონალიზაციას.

„მიმდინარე კონფერენციის ერთ-ერთი ამოცანა აქ გაზიარებული ცოდნის გავრცელებაა. ამიტომ, საუკეთესო ნაშრომები უნვერსიტეტის ახალ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში სტატიების სახით გამოქვეყნდება. ჟურნალი ორენოვანი გახლავთ. პირველი ნომერი 2021 წლის დეკემბერში გამოვიდა, მეორე ნომერი კი ახლა გამოდის. იგი არა მხოლოდ ჩვენი უნივერსიტეტის სტუდეტნებსა და პროფესორ-მასწავლებლებს, არამედ სხვა ქართული და უცხოური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებსაც აძლევს საკუთარი ნაშრომის გამოქვეყნების შანსს. ბევრი ავტორი, რომელიც ამ კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგება, შემდგომ, სამეცნიერო ჟურნალშიც მოხვდება.

„განსაკუთრებით გავუსვამდი ხაზს ამ კონფერენციაში ჩვენი დოქტორანტების მონაწილეობას, რადგან ცნობილი პროფესორების გვერდით მოხსენებების წაკითხვა და თავიანთი მოსაზრებების შეთავაზება, მათთვის, ძალიან დიდი გამოცდილება და შესაძლებლობაა. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს უნივერსიტეტის ერთობლივ კვლევებს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. ასეთი ინსტიტუციური თანამშრომლობის გარეშე მეცნიერება უბრალოდ ვერ განვითარდება. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი არაერთ საგრანტო კონკურსს ატარებს და ამ კონფერენციაზე წარმოდგენილ მომხსენებლებს ამჟამად გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მონაწილების საშუალებაც მიეცემათ“, – დასძენს პროფესორი სესილი გოგიბერიძე.

კონფერენცია 23 ივნისს შემაჯამებელი აქტივობით დაიხურება.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური