ქართულ ცეკვებზე უზომოდ შეყვარებული 6 წლის მოსწავლე, რომელიც ახალ ილეთებს თავად იგონებს (+ვიდეო)
ქართულ ცეკვებს ახალგაზრდა თაობაშიც დიდი გულშემატკივარი ჰყავს. პატარები კიდევ უფრო მეტი ინტერესით ცეკვავენ. ამის მაგალითია ნიტა ქობალავა, თბილისის 45-ე საჯარო სკოლის I კლასის მოსწავლე, რომელიც სუხიშვილების აკადემიის ყველაზე პატარა მოცეკვავეა.
წაიკითხეთ EDU.ARIS.GE-ს ინტერვიუ პატარა მოცეკვავესთან. ეს ნიტასთვის პირველი ინტერვიუა.
ნიტა ახლა 6 წლისაა, მან ცეკვა 4 წლის ასაკიდან დაიწყო. ნიტას დედამ, მაგდა მიქაბერიძემ მოცეკვავე შვილის რეპეტიციის კადრებიც გაგვიზიარა იხილეთ ვიდეო:
@magdamikaberidze ჩემი პატარა მოცეკვავე 💖 #dance #dancelove #georgiandance #sukhishviliacademy #sukhishvilebi #firstcourse
– გამარჯობა ნიტა, როგორც გავიგეთ, ძალიან გიყვარს ქართული ცეკვა და თან სკოლაშიც კარგად სწავლობ. უფროსებისთვისაც რთულია ორი საქმის ერთად საუკეთესოდ კეთება, შენ როგორ ახერხებ ამას?
– გამარჯობა. დიახ, ძალიან მიყვარს ცეკვაც და სწავლაც. ჩემი საიდუმლო ისაა, რომ სკოლაშიც და ცეკვაზეც ყურადღებით ვუსმენ მასწავლებელს. ორივე საქმეს ვასწრებ, და კიდევ, “ბასტი-ბუბუშიც” დავდივარ. ეს “საქმეც” ძალიან მიყვარს.
– და რატომ გინდოდა ქართულ ცეკვების შესწავლა ეს შენი იდეა იყო?
– როცა ძალიან პატარა ვიყავი, დედიკოსთან ერთად, სუხიშვილების ცეკვის ვიდეოებს ვუყურებდი. ერთხელ მათ კონცერტზეც წავედით. ისე მომეწონა, მეც მომინდა მოცეკვავე გავმხდარიყავი და დედიკოს ვთხოვე, რომ ცეკვაზე შევეყვანე.
– რა არის ის აუცილებელი ნივთები, რომლებიც თან დაგაქვს, როცა ცეკვაზე მიდიხარ?
– ცეკვაზე დამაქვს: ელასტიკი, ბოდე, ქამარი, ცეკვის ჩუსტები, შემოსახვევი კაბა. სუხიშვილების მაისური, წყალი და სხვადასხვა სათამაშოები. (მასწავლებლის მოსვლამდე მეგობრებთან ერთად ვთამაშობ ხოლმე:D)
-სკოლაშიც ცეკვავ? გაკვეთილებზე ალბათ არა და შენს კლასელებსაც თუ ასწავლი ცეკვის ილეთ?
– კლასში არა, მაგრამ სკოლაში კი. ჩემს მეგობარ თეას ვაჩვენებ ხოლმე ახალ ილეთებს. ისე, სადაც მუსიკას გავიგებ, ყველგან ვცეკვავ.
– შენი საყვარელი ქართული ცეკვა რომელი და ჯერჯერობით რომელი ცეკვები იცი?
– ჩემი საყვარელი ცეკვაა ქართული, ვსწავლობ ოსურსაც და სხვა ცეკვის ილეთებსაც. ჯერ მხოლოდ ილეთებს გვასწავლის ლიზა მასწავლებელი, რადგან პირველ კურსზე ვართ.
– ნიტა, რას ეტყოდი თანატოლებს, რატომ უნდა იარონ ქართულ ცეკვებზე?
– ცეკვაზე იმიტომ უნდა იარონ, რომ ძალიან სახალოსოა, დიდები რომ გაიზრდებიან კონცერტები ექნებათ და ლამაზ კაბებს ჩაიცვამენ, ჩემს მშობლებს და ბებია-ბაბუებს ძალიან ახარებთ რომ ვცეკვავ და ტაშს მიკრავენ.
ასევე იხილეთ:
9 გამოფენა 16 წლის ასაკში, ფრენბურთი და მაღალი შეფასებები – როგორია აქტიური მოსწავლის წარმატების გზა