GIU-ს ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა ამერიკული სტანდარტებითა და საერთაშორისო შესაძლებლობებით

„საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს“ ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებს კლასტერული აკრედიტაცია მიენიჭა.
ამჯერად ვსაუბრობთ ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის შესახებ. კლასტერულმა აკრედიტაციამ პროგრამაში გარკვეული ცვლილებები შეიტანა: ოთხწლიანი პროგრამა სამ წლამდე შემცირდა, საერთაშორისო, ევროპულ სტანდარტებს კიდევ უფრო მეტად მიუახლოვდა და ახალგაზრდებისთვისაც მიმზიდველი გახდა.
პროგრამას პროფესორი ზურაბ მუშკუდიანი უძღვება, რომელიც, ამავდროულად, ამერიკის შეერთებულ შტატებში, მონმუთის უნივერსიტეტის ლექტორია. ბატონ ზურაბს 17-წლიანი პედაგოგიური გამოცდილება და შტატების წამყვან უნივერსიტეტებში გატარებული სამუშაო წლები აძლევს შესაძლებლობას, ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში საუკეთესო ამერიკული პრაქტიკა დანერგოს.
EDU.ARIS.GE-მ ამერიკაში ინტერვიუ ჩაწერა. ბატონი ზურაბი დეტალურად საუბრობს იმ ცვლილებებსა და სიახლეებზე, რაც ესოდენ საინტერესოსა და ეფექტურს ხდის თავად პროგრამას.
– როგორ შეცვალა კლასტერულმა აკრედიტაციამ ბიზნესის ადმინისტრირების საგანმანათლებლო პროგრამა და რა კონკრეტული შედეგები აქვს?
– ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამისთვის ეს ცვლილება რამდენიმე მნიშვნელოვან შედეგთან ასოცირდება: პროგრამა ახლა უფრო მეტად არის ორიენტირებული პრაქტიკულ გამოცდილებაზე და იძლევა დამატებით შესაძლებლობებს კარიერული განვითარებისთვის. პროგრამა თავის თავში გულისხმობს მონაცემთა ანალიტიკას, ფინანსებს, მარკეტინგს, ინოვაციურ მენეჯმენტსა და სტრატეგიულ ლიდერობას. მოხდა დამსაქმებელთა მოთხოვნებთან ინტეგრაცია, რაც კიდევ უფრო მოქნილსა და ნაყოფიერს გახდის უნივერსიტეტის თანამშრომლობას კომპანიებთან.
– რა არის ის პრაქტიკა, რასაც ამერიკულ გამოცდილებაზე დაყრდნობით საქართველოში ნერგავთ?
– ამერიკული განათლების სისტემიდან რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტი დავნერგეთ: Case Study Method (ქეის-მეთოდი) – სტუდენტები მუშაობენ რეალურ ბიზნეს ქეისებზე, რაც აძლევს მათ შესაძლებლობას, შეისწავლონ კომპანიების პრობლემები და შეიმუშაონ პრაქტიკული გადაწყვეტილებები; Problem-Based Learning (პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება) – სწავლის პროცესში სტუდენტები რეალურ ბიზნეს პრობლემებზე მუშაობენ და ანალიტიკურ უნარებს ივითარებენ; ბიზნეს სიმულაციები, რაც სტუდენტებს რეალურ ბიზნესგარემოში მუშაობის გამოცდილებას აძლევს; მენტორობის პროგრამები – სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა, იმუშაონ გლობალური გამოცდილების მქონე პროფესიონალებთან, რაც აძლიერებს მათ კარიერულ განვითარებას.
– რა განასხვავებს ამერიკულ საგანმანათლებლო სისტემას ქართულისგან და რა სერთოა მათ შორის?
– ორივე სისტემაში გამოიყენება ანალიზსა და დამოუკიდებელ კვლევაზე ორიენტირებული სწავლება. თანამედროვე ტექნოლოგიები და ციფრული პლატფორმები. პროგრამები ფოკუსირებულია პრაქტიკულ გამოცდილებაზე. რაც შეეხება განსხვავებებს, ამერიკაში მეტი აქცენტი კეთდება სტუდენტების თვითგანვითარებაზე – ისინი აქტიურად მუშაობენ ინდივიდუალურ და გუნდურ პროექტებზე. აგრეთვე, ინტერდისციპლინურობა – ამერიკული მოდელი საშუალებას აძლევს სტუდენტებს, აირჩიონ მრავალმხრივი საგნები და გაიღრმაონ ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით. აქ დისკუსიები და კრიტიკული ანალიზი სწავლის მთავარი კომპონენტია.
– რა მიზნებს ისახავს პროგრამა, რა კონკრეტული უნარ-ჩვევებით უნდა იყოს აღჭურვილი მისი კურსდამთავრებული?
– ჩვენი პროგრამა ორიენტირებულია სამ ძირითად მიმართულებაზე. ესენია: თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების ბალანსი, გლობალური ბაზრისთვის კონკურენტუნარიანი კურსდამთავრებულების მომზადება და ლიდერობისა და მეწარმეობის განვითარება. თანამედროვე ბიზნესი საჭიროებს ლიდერებს, რომელთაც ცვლილებების მართვა და ახალი შესაძლებლობების შექმნა შეუძლიათ. შესაბამისად, ჩვენი კურსდამთავრებულები არამარტო იღებენ მაღალი დონის თეორიულ ცოდნას, არამედ იძენენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს. ჩვენი პროგრამის კურსდამთავრებულებისთვის უცხო არ იქნება ბიზნესის ანალიტიკა და მონაცემთა მართვა, სტრატეგიული და კრიტიკული აზროვნება, ციფრული და ტექნოლოგიური კომპეტენციები, კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარები და სხვ.
– რამდენად კონკურენტუნარიანი იქნება ამ პროგრამის კურსდამთავრებული როგორც ქვეყნის, ისე საერთაშორისო შრომის ბაზარზე?
– ბიზნესის ადმინისტრირება ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მიმართულებაა, რომელიც სტუდენტებს კარიერულად სწრაფი ზრდისა და მაღალანაზღაურებადი სამუშაოს მოპოვების შესაძლებლობას აძლევს. კურსდამთავრებულები აღჭურვილნი არიან უნარებით, რაც მათ დაეხმარებათ წარმატებით დასაქმდნენ წამყვან კომპანიებში და იმუშაონ როგორც ლოკალურ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. პოტენციური დასაქმების ადგილებია: საერთაშორისო კორპორაციები, ფინანსური ინსტიტუტები, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორი, საკონსულტაციო და ანალიტიკური კომპანიები და ა.შ. მათ შეუძლიათ გახდნენ ბიზნესანალიტიკოსები, ფინანსური მენეჯერები, ციფრული მარკეტინგის სპეციალისტები, სტარტაპ მეწარმეები, კონსულტანტები და ბიზნეს სტრატეგები და ა.შ.
– რა შეგიძლიათ გვითხრათ აკადემიურ პერსონალსა და მათ კვალიფიკაციაზე? იმ პროფესორ-მასწავლებლებზე, რომლებიც ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამაზე ასწავლიან როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის საფეხურზე?
– ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ერთ-ერთი უმთავრესი ღირსება მისი მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალია. ჩვენი პროფესორ-მასწავლებლები არა მხოლოდ თეორიული ცოდნის, არამედ ამ დარგის პრაქტიკოსი ექსპერტებიც არიან. ფლობენ საერთაშორისო გამოცდილებას, აქტიურ მონაწილეობას იღებენ სამეცნიერო კვლევებში და დასაქმებულნი არიან სხვადასხვა წამყვან კომპანიაში. პროგრამაში ჩართულნი არიან მაღალკვალიფიციური ბიზნეს პრაქტიკოსებიც. ისინი უძღვებიან მასტერკლასებს, ვორქშოფებსა და ბიზნეს ჰაკათონებს, უწევენ სტუდენტებს ინდივიდუალურ კონსულტაციებს.
– აქვთ თუ არა სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს დასაქმების საკითხში უნივერსიტეტის მხარდაჭერა და რა სახის?
– უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და ადმინისტრაცია დიდ ყურადღებას უთმობს სტუდენტების განვითარებას. უნივერსიტეტში ფუნქციონირებს სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობისა და კარიერული მხარდაჭერის სამსახური და მოქმედებს მენტორების ინსტიტუტი. აქ დასაქმებული ადამიანები არიან თავისი საქმის პროფესიონალები, ბიზნეს ლიდერები, რომლებიც თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას არ იშურებენ, რათა ხელი შეუწყონ სტუდენტებს პროფესიული და კარიერული განვითარების გზაზე, უწევენ კარიერულ კონსულტაციას, ეხმარებიან სტრატეგიული ნაბიჯების დაგეგმვაში, აცნობენ სტაჟირების შესაძლებლობებს.
– ზოგადად, რა გამოწვევებს უწესებს 21-ე საუკუნე ახალგაზრდებს, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს თანამედროვე პროფესიონალი?
– თანამედროვე მსოფლიო დინამიურად ვითარდება, რაც ახალგაზრდებისთვის შესანიშნავი შესაძლებლობებისა და მნიშვნელოვანი გამოწვევების სერიოზული ასპარეზია. ტექნოლოგიური პროგრესი, გლობალიზაცია, შრომის ბაზრის მოთხოვნების ცვლილება და ხელოვნური ინტელექტის განვითარება თანამედროვე პროფესიონალებისგან მუდმივი ადაპტაციისა და თვითგანვითარების უნარს მოითხოვს. ძირითადი გამოწვევები, რომლებსაც 21-ე საუკუნე უწესებს ახალგაზრდებს, არის ციფრული უნარების, მუდმივი სწავლებისა და თვითგანვითარების, ემოციური ინტელექტის აღქმის, გაგების გამოხატვის, მართვისა და რეგულირების, კომუნიკაციის უნარების გათავისება და მართვა.
– რას სთავაზობს უნივერსიტეტი სტუდენტებს ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად?
– ჩვენი უნივერსიტეტი სწორედ იმ უნარების განვითარებაზეა ორიენტირებული, რომლებიც 21-ე საუკუნის პროფესიონალებს სჭირდებათ. ამიტომაც ვთავაზობთ სტუდენტებს ინოვაციურ საგანმანათლებლო მიდგომებსა და პრაქტიკაზე დაფუძნებულ სწავლების მეთოდებს, საერთაშორისო გამოცდილების მიღების შესაძლებლობას, გაცვლით პროგრამებს, დასაქმების შესაძლებლობებსა და კარიერული განვითარების მხარდაჭერას ევროპის, ამერიკისა და აზიის წამყვან უნივერსიტეტებში. 21-ე საუკუნის ახალგაზრდებისთვის გამოწვევები ყოველდღიურად იზრდება, მაგრამ საფუძვლიანი განათლებისა და უნარების შეძენის შემთხვევაში, მათ შეუძლიათ არა მხოლოდ გაუმკლავდნენ არსებულ გამოწვევებს, არამედ გახდნენ ლიდერები თავიანთ სფეროში.
უნივერსიტეტიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება – ვზრდით მომავალ ლიდერებს, რომლებიც თავიანთი ინოვაციური აზროვნებით, პრაქტიკული ცოდნითა და ციფრული უნარებით გლობალური კონკურენციისთვის მზად იქნებიან.
“საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტში“ ყველა საგანმანათლებლო პროგრამაზე მოქმედებს ფინანსური შეღავათები, სასწავლო სტიპენდიები და მოქნილი საუნივერსიტეტო საგრანტო სისტემა.
(R)