GE

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ასოციაცია SMEDA-სთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

11 აპრილს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაცია SMEDA-ს წარმომადგენლებთან საჯარო შეხვედრა და მხარეთა შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია გაიმართა. თანამშრომლობის ფარგლებში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ბიზნეს ასოციაცია SMEDA სხვადასხვა პროექტებს განახორციელებენ.

ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით წარდგნენ და თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, კახაბერ კორძაიამ და CIU-ს  ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ახლად არჩეულმა დეკანმა, მარიკა კლდიაშვილმა.

შეხვედრის ფარგლებში, პრეზენტაცია წარადგინა SMEDA-ს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა და დამფუძნებელმა, გიგა ფაიქიძემ.
Piece of BBN-ის დამფუძნებელმა და SMEDA-ს მიერ შექმნილი ციფრული აქსელერაციის პროექტის – ”Starta“-ს მონაწილე ანა ლაცაბიძემ კი, ისაუბრა თემაზე – „მცირე და საშუალო ბიზნესის გამოწვევები საქართველოში“.

რა ახალ შესაძლებლობებს მისცემს ორ მხარეს შორის გაფორმებული მემორანდუმი უნივერსიტეტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს, ამის შესახებ EDU.ARIS.GE-სთან ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა მარიკა კლდიაშვილმა ისაუბრა, რომელმაც მეტი დეტალი გაგვანდო.

„ჩვენი მემორანდუმი გულისხმობს თანამშრომლობას, პარტნიორობასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას. პირველი პროექტი, სახელწოდებით – „ბიზნეს კლინიკა“ დღეს გამოცხადდა და მაისიდან დაიწყება. ეს პროექტი გულისხმობს შემდეგს: ერთი მხრივ, ჩვენი უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალი და მეორე მხრივ SMEDA-ს მეწარმეები, რომლებიც დგანან გამოწვევებისა და პრობლემების წინაშე, დავეხმარებით ერთმანეთს არსებული პრობლემების გადაჭრაში. სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა, რომ დაესწრონ პროექტს და მიიღონ უფრო მეტი ცოდნა მეწარმეობისა და მეწარმეობის პრაქტიკული პროცესის შესახებ“, – განგვიცხადა ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა.

SMEDA-ს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი და დამფუძნებელი, გიგა ფაიქიძე კი გვიხსნის, რომ თანამშრომლობის ფარგლებში სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა, კიდევ უფრო მეტად განივითარონ მეწარმეობის პრაქტიკული უნარ-ჩვევები:

„ჩვენ გვაქვს მსგავსი თანამშრომლობის წარმატებული გამოცდილება კავკასიის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. მათ სტუდენტებს პროექტი აუცილებლად მისცემს შესაძლებლობას განივითარონ სამეწარმეო უნარ-ჩვევები. მოგეხსენებათ ბიზნესი, რომ მართო ამისთვის საჭიროა შეგეძლოს მთელი სურათის დანახვა, იმის გააზრება, როგორ მუშაობს ბიზნესი, იცოდე რა შეცდომები არ უნდა დაუშვა, რა რისკებზე არ უნდა წახვიდე და რა რისკებზე უნდა წახვიდე, შესაბამისად სტუდენტებისთვისაც ეს საკითხები მნიშვნელოვანია და ამ გამოცდილების გაზიარება მოხდება ჩვენს ბიზნეს კლინიკაში“.

SMEDA არის პირველი ციფრული ასოციაცია საქართველოში, რომლის მიზანია იზრუნოს და ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო ბიზნესის ზრდას და განვითარებას.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური