GE

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ილია ჭავჭავაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობას 28 სერიისგან შემდგარი ფილმი მიუძღვნა

„ყვარლიდან მთაწმინდამდე – გურამ შარაძის მოტივებზე“ – ასე ჰქვია 28 სერიისგან შემდგარ ფილმს, რომელიც ილია ჭავჭავაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობას მიეძღვნა და რომლის ავტორიცა და განმახორციელებელიც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრია.

ფილმის პრეზენტაციას, რომელიც უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, ფილმის შექმნაში ჩართული ადამიანები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

28 დამოუკიდებელი ფილმი ქმნის ციკლს, რომელიც თანმიმდევრულად მოგვითხრობს ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. მისი ძირითადი ლიტერატურული წყარო ქართველი ფილოლოგის, ისტორიკოსის გურამ შარაძის სამეცნიერო-კვლევითი ნაშრომი გახდა – „ილია ჭავჭავაძე. ცხოვრება. მოღვაწეობა. შემოქმედება“. ნაშრომისთვის ავტორს, 1992 წელს, საქართველოს სახელმწიფო პრემია მიენიჭა. მნიშვნელოვანია, რომ პროექტში თავმოყრილია ის საარქივო მასალა, რომელიც საბჭოთა ცენზურის პირობებში მკვლევრისთვის ხელმისაწვდომი არ იყო. აქვე გამოყენებულია მომდევნო პერიოდის კვლევითი ნაშრომებიც.

როგორც უნივერსიტეტში განმარტავენ, პროექტის მიზანია, ფართო აუდიტორიას, შეძლებისამებრ, დეტალურად გააცნოს სიცოცხლეშივე ერის მამად აღიარებული საზოგადო მოღვაწის დამსახურება ქვეყნის წინაშე.

პროექტის წარმატებით განხორციელებაზე პირადად ზრუნავდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელი და კანცლერის მრჩეველი ნინო ჭალაგანიძე, რომელიც ფილმზე, გუნდთან ერთად, შვიდი წლის განმავლობაში მუშაობდა. ამ გუნდში კი, მულტიმედია ცენტრის თანამშრომლების, ანუ გამოცდილი პროფესიონალების გარდა შედიოდნენ სტუდენტები, როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურიდან.

„ვინაიდან პროექტის დასრულებას 7 წელი დასჭირდა, ზოგმა ბაკალავრის სტატუსით დაიწყო და ახლა უკვე თანამშრომლები არიან – კორესპონდენტები, რეპორტიორები, პროდიუსერები და ა.შ. ასე რომ, მათ განვითარების საშუალება თავად უნივერსიტეტშივე აქვთ. მულტიმედია ცენტრი, თავდაპირველად, შეიქმნა როგორც ადგილობრივი ბაზა სტუდენტების პრაქტიკისთვის, მაგრამ მერე ვნახეთ, რომ მეტის გაკეთება შეგვეძლო. გამოჩნდნენ ადამიანები და ორგანიზაციები, რომელთაც ჩვენთან თანამშრომლობა მოუნდათ. მაგალითად, ვთანამშრომლობთ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან, ცენტრალურ და აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებლებთან, მათთვის მასალებს ვამზადებთ და ჩვენი პროდუქცია მუდმივად ეთერშია.

„რაც შეეხება ახალ პროექტს, იგი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც დიგიტალიზაციის ეპოქაში, ახალგაზრდებს, წიგნთან ერთად, დასურათხატებული ინფორმაციის მიღება და დინამიკური კადრები სჭირდებათ. ეს, მათთვის, ძალიან მნიშვნელოვანია. შემეცნებითი სახის პროექტი, ჩვენთვის, პირველი არ არის. ასეთი იყო, მაგალითად, „ქართლის ცხოვრება მარიამ ლორთქიფანიძესთან ერთად“ და „რუსთველის სამყაროში თამაზ კვაჭანტირაძესთან ერთად“. იმედი გვაქვს, ახალი პროექტიც წარმატებული გამოდგება და ჩვენს მაყურებელს სარგებელს მოუტანს“, – განაცხადა EDU.ARIS.GE-სთან ინტერვიუში ნინო ჭალაგანიძემ.

ფილმის შექმნის პროცესზე ისაუბრა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა კახაბერ კორძაიამ და განაცხადა, რომ ამისათვის, რამდენიმე წლის განმავლობაში, ძალიან დაძაბული და შრომატევადი მუშაობა მიმდინარეობდა.

„ბედნიერები ვართ, რომ დადგა ის ნანატრი დღე, როცა შეგვიძლია ფილმი საზოგადოების წინაშე წარვადგინოთ. ქართველი მაყურებლისთვის იგი ცნობილი მალე გახდება. ამჟამად ტელევიზიებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. დარწმუნებული ვარ, ფილმი სკოლებშიც შევა ისე, როგორც ჩვენი წინა ნამუშევრები. ეს უნივერსალური ფილმია. ჩვეულებრივი, გულანთებული ქართველისთვის ძალიან სასიამოვნო საყურებელია. მხოლოდ მოსწავლეებსა და ახალგაზრდებზე კი არაა გათვლილი, არამედ ნებისმიერი ასაკის ადამიანზე, ვისაც საქართველო უყვარს და ილიას ცხოვრება აინტერესებს“, – აღნიშნა რექტორმა.

პრეზენტაციას საპატიო სტუმრის რანგში ესწრებოდა კინორეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი მერაბ კოკოჩაშვილი. მან ფილმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ 28 სერიაში ზედმიწევნითაა გადმოცემული ყველაფერი ის, რისთვისაც ილია ჭავჭავაძე იღწვოდა. ნათლად არის ნაჩვენები როგორი უნდა იყოს ქვეყანა, რომელიც ილიას ღირებულებებზე შენდება – ეროვნული, კულტურული, განათლებული, ცივილიზებული და დემოკრატიული.

„კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და მულტიმედიის ცენტრს, დღეს, უდიდესი ზეიმი აქვთ. მათ ისეთ საქმეს მოჰკიდეს ხელი, ისეთ იდეას მიუძღვნეს ფილმი, ისეთ ადამიანზე გადაიღეს 28 სერია, რომ შეუძლებელია ეს ყველასთვის ზეიმი და სიხარული არ იყოს. ყველას ვულოცავ, ვინც ამ ფილმზე მუშაობდა. ილია ჭავჭავაძე საძირკველია ჩვენი ქვეყნისა, რომელიც უნდა იყოს ცივილიზებული, დემოკრატიული და კულტურული. უდიდესი საქმეა ყველაფერი ასე ფუნდამენტალურად, თანამიმდევრულად გააკეთო და გადმოსცე. მადლობა მთელს კოლექტივს. ყველას ვურჩევდი ნახოს ეს ფილმი, გაიგონ რა საფუძვლებზე ვიზრდებით და ვყალიბდებით“, – განაცხადა ფილმის პრეზენტაციაზე მერაბ კოკოჩაშვილმა.

დოკუმენტური ფილმების ციკლი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრმა ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 185 წლის იუბილეს მიუძღვნა

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური