კერძო სკოლის დირექტორის ღია წერილი განათლების მინისტრს
რუბრიკის „თავისუფალი ტრიბუნა“ დღევანდელი წერილის ავტორი „თამარ ფაჩულიას საავტორო სკოლა–გიმნაზიის“ დირექტორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი და მენტორი მასწავლებელია. ის კერძო სკოლების, განსაკუთრებით კი რეგიონის კერძო სკოლების პრობლემების შესახებ საუბრობს და პირადად განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს კონკრეტული წინადადებებით მიმართავს:
“ამ წლის განმავლობაში რეგიონის კერძო სკოლების განვითარებისთვის (სახელმწიფოსგან) საკანონმდებლო ან სხვა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ან არ გადაიდგმება, მაგრამ უნდა იყოს საშუალოვადიან პრიორიტეტთა ნუსხაში შეტანილი (გარანტიებით).
წლებია კერძო სკოლების მისამართით არათანაბარი პირობებია. ვაუჩერული დაფინანსება 300 ლარია წლის განმავლობაში. განათლებაში იზრდება დაფინანსება, მხოლოდ კერძო სკოლების გამოკლებით, თითქოს კერძო სკოლები განათლების სფეროში არ შედიოდნენ. ყველას გახსოვთ, ხელისუფლებაში მოსვლის პირველ თვეებშივე, „ოცნების“ დეპუტატები, სამარცხვინოსა და შეურაცხმყოფელს უწოდებდნენ სკოლებში არსებულ მდგომარეობას (დაწყებული სახელმძღვანელოების, მანდატურის დამოკიდებულება მასწავლებლების, დირექციის მიმართ და ნაციონალების შტაბებში დაბარებით დამთავრებული). არ შეიძლება კონკურენცია ხელოვნურად იყოს შეზღუდული.
რეგიონის კერძო სკოლებში ბავშვები მხოლოდ დაწინაურებული სოციალური კლასიდან არ მოდიან. მათ გარკვეული ფორა არ აქვთ – არც შინ აქვთ უფრო მეტი წიგნი და სახელმძღვანელოების ყიდვის საშუალებაც ყველას არ აქვს.
ვფიქრობ, კერძო და საჯარო სკოლის მოსწავლეები არათანაბარ მდგომარეობაში არიან, როცა საჯარო სკოლებში სახელმწიფომ ვაუჩერული დაფინანსების თანხა გაზარდა, კერძო სკოლებში კი იგივე დატოვა. თუ ვაუჩერი ბავშვს ეძლევა, მაშინ კერძო სკოლაში გადასვლის შემთხვევაშიც გაზრდილი ვაუჩერი უნდა გადაჰყვეს და არა – ნაკლები. ბავშვმა უნდა ისარგებლოს თავისი ვაუჩერით ბოლომდე.
მიმაჩნია, რომ სახელმწიფოს მხრიდან მოსწავლეების მიმართ არსებული არათანაბარი დამოკიდებულება არღვევს თანასწორობის პრინციპს ბავშვებს შორის. ამიტომ სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რომ არც ერთი ბავშვი არ განსხვავდებოდეს სკოლაში პირობების მხრივ, მიუხედავად მისი სოციალური მდგომარეობისა. აშშ-ში კერძო სკოლების დაფინანსების მიზანია კერძო სკოლაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა მოწყვლადი კატეგორიებისთვის. ამავე დროს, აშშ-ში ვაუჩერული დაფინანსება კეთდება კერძო ორგანიზაციების ან მშობლების მხრიდან მათთვის საგადასახადო შეღავათების მინიჭების სანაცვლოდ, ხოლო ფინეთში, დამოუკიდებელი სკოლები სახელმწიფოს მიერ ფინანსდება.
მოგეხსენებათ, საქართველოში დღეს პედაგოგების 4 სტატუსი არსებობს. ხომ არ სჯობია, მოქმედი კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებიც კატეგორიებად დაგვეყო და მათ მიმართ ხელშეწყობაც ეტაპობრივად დაგვეწყო. ასე მაგალითად:
პირველ კატეგორიად – ძვირად ღირებული სკოლები (6000$-24000$), რომელთა მთავარი უპირატესობა გაცვლითი პროგრამები და უცხოეთში სწავლის გაგრძელების პერსპექტივაა, რომელთაც ნამდვილად აქვთ უმაღლესი დონის ინფრასტრუქტურა და კომფორტული სასწავლო გარემოც სერვისის საფასურში შედის.
მეორე კატეგორიად – საშუალო ღირებულების მქონენი (3000-9000 ლარი). აღნიშნული სკოლები კარგი ინფრასტრუქტურით, მაღალანაზღაურებადი კომპეტენტური პედაგოგებითა და მრავალფეროვანი, დატვირთული სასწავლო პროგრამებით გამოირჩევიან.
მესამე კატეგორიად – მათ ფონზე უფრო დაბალფასიანი სკოლები, სადაც გადასახადი თვეში 50 ლარიდან იწყება და წელიწადში 2000 ლარამდე ადის. ამ კერძო სკოლების უმრავლესობის პრობლემა გაუმართავი ინფრასტრუქტურა და შეუფერებელი შენობებია (ბუნებრივია, არსებობს გამონაკლისებიც). თუმცა მცირებავშვიანი კლასები და მოსწავლეების მიმართ ინდივიდუალური მიდგომა საჯაროსთან შედარებით მათაც აშკარად უპირატეს მდგომარეობაში აყენებთ. შესაძლოა, იქ უნივერსიტეტებიდან მოწვეული პროფესორები არ ასწავლიან (ბუნებრივია, აქაც არსებობს გამონაკლისებიც), სამაგიეროდ, დამფუძნებელიც, დირექტორიცა და პედაგოგებიც მაქსიმალურად იხარჯებიან, რაც მოსწავლეზე აშკარად კარგად აისახება.
2018 წლის 9 თებერვალს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში შეხვედრისას ქალბატონ მარიამ ჯაშს მოვახსენე კერძო სკოლების ვაუჩერული დაფინანსების შესახებ, რაზედაც მან მითხრა, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართეთო, „ვინაიდან კანონში შევიტანეთ ცვლილება, რომლის მიხედვითაც განათლების სამინისტროს ეძლევა ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღების უფლება კერძო სკოლის ვაუჩერთან დაკავშირებით. ამ ცვლილების მთელი აზრი ის გახლდათ, რომ დაგვეახლოებინა საჯარო და კერძო სკოლის ვაუჩერის ანაზღაურება. ვიცი, რომ ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რაიონებისთვის. ამისთვის არსებობს საკანონმდებლო რეგულაცია და გთხოვთ უკვე კონკრეტულად მიმართოთ სამინისტროს შესაბამისი დახმარებისთვისო“.
აღნიშნულის შესახებ 2018 წლის 21 თებერვალს მოგმართეთ ბატონ მიხეილ, რადგან თქვენ იყავით მაშინაც მინისტრი, თუმცა პასუხად უარი მივიღეთ. მოსწავლეს სახელმწიფო აძლევს ვაუჩერს, თუმცა საჯაროსგან უფრო დაბალს. საჯარო სკოლიდან გადმოსვლის დროსაც იმავეს უტოვებს, რადგან სახელმწიფოს კერძო სკოლისთვის ნაკლები აქვს განსაზღვრული.
2019 წლის 1-ლ ოქტომბერს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ არჩილ თალაკვაძესაც მივწერე წერილი, სადაც ვითხოვდი გაზრდილი ვაუჩერის გამოყოფის მიზნით საკითხის მოგვარებას, თუმცა პასუხი დღემდე არ მიმიღია.
ამდენად, არ არის თანაბარი პირობები ვაუჩერის გაცემის მხრივ. ეს ერთი პრობლემაა, რის გამოც, სამწუხაროდ, პედაგოგებს ვერ ვაძლევთ სტატუსისთვის განკუთვნილ ვერც ხელფასსა და მით უმეტეს დანამატს, შედეგად მასწავლებლები გარბიან საჯარო სკოლებში. ამიტომ, გასათანაბრებელია ვაუჩერული დაფინანსება რეგიონის კერძო სკოლებში.
მე–2 პრობლემა: ავტორიზაციის საფასურის 5500 ლარის (სამივე საფეხურის) გადახდის შემცირებაზე შესაბამის სტრუქტურებში საკითხის დაყენება. აღნიშნული თანხა დედაქალაქის კერძო სკოლებში ერთი მოსწავლის წლიური სწავლის საფასურია (ზოგან გაცილებით მეტიცაა), ხოლო რეგიონებში წელიწადში 500, 1000, მაქსიმუმ 2000 ლარია. დედაქალაქში სწავლის თანხები ასტრონომიულია, რეგიონის კერძო სკოლებისთვის კი ეს არის კოლოსალური თანხა მოსახლეობის დაბალი გადახდისუნარიანობის გამო.
აღნიშნულ საკითხებზე, 2016 წლის 30 ივლისს, ფოთში გამართულ შეხვედრაზე ალექსანდრე ჯეჯელავას ვესაუბრე, თუმცა მან გასაოცარი პასუხი გამცა: „ხაჭაპური იქ გამოაცხვეთ, სადაც იყიდებაო. თუ შემოსავალი არ გაქვთ, დახურეთ სკოლაო”. სამწუხაროდ, ასეთი იყო მინისტრის „კომპეტენტური“ პასუხი.
მე–3 პრობლემა: სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მიტოვებული შენობების გადმოცემა კერძო სკოლებისათვის. ამ დროისათვის გამოუყენებული ფართები გადმოგვეცით გრძელვადიან სარგებლობაში, დამერწმუნეთ, კერძო სკოლის სარგებლობაში გადმოსვლის შემთხვევაში სახელმწიფო ქონება იქნება მოვლილი და შენახული, ამასთან ფართის გადმოცემა ხელს შეუწყობს მოსწავლე–ახალგაზრდების სწავლა–განათლების საქმეს, გარდა ამისა, შენარჩუნებულ იქნება რეგიონის კერძო სკოლების მომავალიც. გაგვიწიეთ შუამდგომლობა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან. ამ კუთხითაც მივმართე შესაბამის სამსახურებს, თუმცა პასუხი უარი იყო.
მე–4 პრობლემა: პირველკლასელებს არ ურიგდებათ ნოუთბუქები. რა დააშავეს პატარებმა, რომ ასე ისჯებიან სახელმწიფოს მხრიდან? ისინი ხომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არიან. ვაგრძნობინოთ, რომ მათზე ვზრუნავთ. დავურიგოთ მათაც ნოუთბუქები.
მე–5 პრობლემა: მოსწავლეებისთვის კერძო სკოლებში უფასო სახელმძღვანელოების დარიგება. ნუთუ ისე იზარალებს სახელმწიფოს ბიუჯეტი, რომ ჩვენი მოსწავლეებისთვის დავარიგოთ წიგნები? რეგიონის კერძო სკოლებში მხოლოდ შეძლებული ოჯახების შვილები არ სწავლობენ.
მე–6 პრობლემა: კერძო სკოლებში ჩემი პირველი კომპიუტერის არარსებობაა. მათაც დავურიგოთ კომპიუტერები.
მე–7 პრობლემა გახლავთ ის, რომ დასაწყებია საჯარო სკოლების ავტორიზაცია. აგერ უკვე დაახლოებით 10 წელია კერძო სკოლები ამ პროცესს გადიან და ამ მხრივ საჯარო სკოლები პრივილეგირებულ მდგომარეობაში არიან, რადგან მუდმივად გადაუვადეს ვადები. არ ვამბობ, რომ პრობლემებით სავსე საჯარო სკოლები დავხუროთ, ვაცხადებ, რომ განმავითარებელი შეფასებებით დავიწყოთ მათთან მიდგომა, თორემ გასაგებია, რომ ავტორიზაციის სტანდარტებით საჯარო სკოლების მეტი წილი დაგვეხურება, თუმცა ამის შემდეგ ანალოგიური მიდგომა უნდა იყოს კერძო სკოლების მიმართაც გატარებული.
ბატონო მიხეილ!
მხოლოდ კი არ უპასუხოთ კითხვებს, არამედ დაიწყეთ მოქმედებები: კერძო სკოლების მასწავლებლებს გაუზარდეთ ხელფასები; გაათანაბრეთ ვაუჩერული დაფინანსება; გამოუყენებული ფართები სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან შუამდგომლობის საშუალებით გადმოგვეცით გრძელვადიან სარგებლობაში; შეამცირეთ რეგიონის კერძო სკოლებისთვის ავტორიზაციის საფასური 5500 ლარი; დაურიგეთ პირველკლასელებს ნოუთბუქები; დაურიგეთ ყველა კლასის მოსწავლეს უფასო სახელმძღვანელოები; გადაეცით პირველი კომპიუტერი საბაზო საფეხურის მოსწავლეებს; დაიწყეთ საჯარო სკოლების ავტორიზაცია.
სახელმწიფოსგან დაწესებული ყველა შეღავათით ასარგებლეთ კერძო სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები.
სკოლაში მასწავლებლები ერთმანეთს „კრიტიკული მეგობრის“ თვალით ვეხმარებით პრობლემების გადალახვაში, ამ წერილის მიზანია სწორედ ასეთივე „კრიტიკული მეგობრის“ თვალით შეგახედოთ ჩვენს პრობლემებზე და ეტაპ–ეტაპ გამოგვიწოდოთ დახმარების ხელი. იმედია, არ დაიწყება ჩემი შევიწროვება და დასჯა (რაც წინა ხელისუფლების დროს გამოვლილი მაქვს). ღრმად ვარ დარწმუნებული, ჯეჯელავას პასუხს თქვენ არ გაიმეორებთ.
ბატონო მიხეილ, დაგვეხმარეთ რეგიონების კერძო სკოლებს, ვინაიდან ეს არ არის მხოლოდ ჩემი პრობლემა. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ პრობლემებით სამომავლო მოლოდინი დახურვაა და ეს დასანანი იქნება.
დავიწყოთ განმავითარებელი მოქმედებები!
თამარ ფაჩულია.
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება