GE
KIU-ში სტუდენტთა საგაზაფხულო მობილობა იწყება

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტების 2020-2021 სასწავლო წლის საგაზაფხულო მობილობას აცხადებს. სტუდენტებს, რომლებიც დაინტერესებულები არიან სწავლა KIU-ში გააგრძელონ, საშუალება ეძლევათ 2021 წლის 28 იანვრიდან 9 თებერვლამდე რეგისტრაცია გაიარონ მობილობის მსურველ პირთა ელექტრონულ პორტალზე – students.emis.ge. ხოლო უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა დოკუმენტაციის მიღება 11-12 თებერვალს განხორციელდება.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მობილობის ვაკანტური ადგილები შემდეგ პროგრამებზე გამოცხადდა:

  • მათემატიკა – 2 ვაკანტური ადგილი;
  • კომპიუტერული მეცნიერება – 8 ვაკანტური ადგილი;
  • მენეჯმენტი (კონცენტრაციები: ეკონომიკა და პოლიტიკა; ფინანსები და საბუღალტრო აღრიცხვა; ოპერაციების და მიწოდების ჯაჭვის მართვა; მარკეტინგი; სტრატეგია და ლიდერობა; ინოვაცია და მეწარმეობა) – 10 ვაკანტური ადგილი.

დეტალური ინფორმაცია მობილობის შესახებ იხილეთ KIU-ს შემდეგ ბმულზე.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) სტუდენტების პირველი ნაკადი 2020-2021 სასწავლო წელს ბაკალავრიატის სამ ინგლისურენოვან პროგრამაზე (მენეჯმენტი, მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერება) მიიღო. პირველ წელს 1,112 აბიტურიენტმა გამოხატა სურვილი გამხდარიყო KIU-ს სტუდენტი, ხოლო უნივერსიტეტის მიერ დაწესებული საგამოცდო ბარიერი 245-მა ახალგაზრდამ გადალახა.

უნივერსიტეტი თანამშრომლობს ევროპის წამყვან მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM International GmbH-თან და TUM-თან). KIU-ს საოპერაციო მოდელი და პროგრამები შემუშავებულია TUM და TUM International GmbH-თან პარტნიორობით. KIU-ში სწავლა ინგლისურ ენაზე ხორციელდება და სტუდენტებს ქართველი და ევროპელი პროფესორ-მასწავლებლები ასწავლიან. უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტია TUM-ის ყოფილი პრეზიდენტი, პროფესორი ვოლფგანგ ა. ჰერმანი. KIU-ს რექტორია პროფესორი ალექსანდრე თევზაძე.

KIU ქუთაისში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მდებარეობს. კამპუსი 158 ჰექტარ მიწაზეა გაშენებული და მოიცავს ულტრათანამედროვე აკადემიურ კორპუსებს, ბიბლიოთეკებს, კაფეტერიებს, კეთილმოწყობილ სასპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურას, საერთო სამუშაო სივრცეებს, სტუდენტურ საცხოვრებლებს, ასევე საცხოვრებლებს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის. საუნივერსიტეტო ქალაქის განვითარება და მშენებლობა ეტაპობრივად მიმდინარეობს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი