GE

აწსუ-ში ქალთა დღესასწაულებთან დაკავშირებით საგაზაფხულო ღონისძიებების კვირეული „გაზაფხული შემოსულა“ ჩატარდა

ქალთა დღესასწაულებთან დაკავშირებით აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საგაზაფხულო ღონისძიებების კვირეული „გაზაფხული შემოსულა“ ჩატარდა.

5 მარტს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა „სტუდენტური გაზაფხული“ გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ფაკულტეტის შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული სტუდენტები.

გამოფენის მიზანი სტუდენტთა შემოქმედებითი ნიჭის წარმოჩენა და პოპულარიზაცია იყო. რექტორმა, პროფესორმა შალვა კირთაძემ სტუდენტებს როგორც სასწავლო პროცესში, ისე შემოქმედებით საქმიანობაში წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ უნივერსიტეტში მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც გაიმართება. გამოფენა უნივერსიტეტის მარკეტინგის, პროექტებისა და ღონისძიებების მართვის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.

5 მარტს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის „საშემსრულებლო ხელოვნების“ მიმართულების სტუდენტთა და პედაგოგთა მონაწილეობით კონცერტი „გაზაფხულის ჰანგები“ გაიმართა. ღონისძიება უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა შალვა კირთაძემ გახსნა. მან თავის მისასალმებელ სიტყვაში განსაკუთრებული სითბო და პატივისცემა გამოხატა უნივერსიტეტის თანამშრომელი ქალბატონების მიმართ და მათ წარმატება, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა უსურვა. კონცერტზე სტუდენტებმა წარმოადგინეს მრავალფეროვანი მუსიკალური ნომრები როგორც ქართული, ისე უცხოური რეპერტუარიდან და დამსწრე საზოგადოებას გაზაფხულის განწყობა შეუქმნეს. კონცერტის დასაწყისში უნივერსიტეტის თანამშრომელ ქალბატონებსა და სტუმრებს ყვავილები გადაეცათ.

კვირეულის ფარგლებში, 6 მარტს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ლიტერატურული საღამო სახელწოდებით „გაზაფხულზე გულმა წყალდიდობა იცის“ (მასპინძელი – მწერალი გია ხოფერია).

ლიტერატურული საღამოს შთაგონება ქალთა დღესასწაულები იყო და ეძღვნებოდა მწერალ გია ხოფერიას შემოქმედებას – მის პოეტურ და პროზაულ ნაწარმოებებსა და მემუარულ ტექსტებს. შეხვედრის ფარგლებში ყურადღება დაეთმო ავტორის შემოქმედებაში ქალის სახეს, მის როლსა და მნიშვნელობას, რაც განსაკუთრებით სიმბოლურად უკავშირდებოდა საგაზაფხულო დღესასწაულებს.

გია ხოფერია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაზეთის რედაქტორი, ასოცირებული პროფესორი და სტუდენტთა სამეცნიერო-ლიტერატურული წრის ხელმძღვანელია. მისი ორგანიზებით მრავალი წლის განმავლობაში უნივერსიტეტში ტარდება საინტერესო და შინაარსიანი ლიტერატურული საღამოები. იგი აქტიურად უწყობს ხელს ახალი ლიტერატურული ნიჭის აღმოჩენასა და განვითარებას და სტუდენტებს ეხმარება სამწერლობო გზაზე დადგომაში. ბატონ გია ხოფერიას დიდი წვლილი მიუძღვის უნივერსიტეტში ლიტერატურული ტრადიციების შენარჩუნებასა და განვითარებაში. იგი ასევე არის არაერთი ლიტერატურული ჯილდოს, სამეცნიერო ნაშრომისა და პოეტური თუ პროზაული კრებულის ავტორი, მათ შორის რომანის, სახელწოდებით „აიმანო“.

აღსანიშნავია, რომ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს მდიდარი ლიტერატურული ტრადიცია აქვს. აქ წლების განმავლობაში მოღვაწეობდნენ და დღესაც მოღვაწეობენ ცნობილი პოეტები და მწერლები, რის გამოც უნივერსიტეტში ლიტერატურული ცხოვრება ყოველთვის აქტიური და მნიშვნელოვანი იყო.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა მარკეტინგის, პროექტებისა და ღონისძიებების სამსახურის უფროსმა, ასოცირებულმა პროფესორმა ნინო ფხაკაძემ. სიტყვით გამოვიდა უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი შალვა კირთაძე. მწერალს თბილი სიტყვებით მიმართეს უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა, რომლებმაც ავტორის შემოქმედებიდან რამდენიმე ლექსიც წაუკითხეს მსმენელს.

ლიტერატურულმა საღამომ დამსწრე საზოგადოებაში დიდი ინტერესი და დადებითი ემოციები გამოიწვია. შეხვედრა თბილ და მეგობრულ გარემოში წარიმართა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს უნივერსიტეტში მსგავსი კულტურული ღონისძიებების მნიშვნელობას. დამსწრეებმა სურვილიც გამოთქვეს, რომ მომავალშიც გაიმართოს მსგავსი ლიტერატურული შეხვედრები.

კვირეული უნივერსიტეტის მარკეტინგის, პროექტებისა და ღონისძიებების მართვის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა. ქალთა დღესასწაულების აღსანიშნავად უნივერსიტეტში მსგავსი ღონისძიებები უკვე ტრადიციად არის ქცეული და განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს. იგი გამოხატავს პატივისცემასა და მადლიერებას უნივერსიტეტში მოღვაწე ქალბატონების მიმართ და ხაზს უსვამს მათ მნიშვნელოვან როლს საუნივერსიტეტო ცხოვრებაში. აღნიშნული ტრადიცია უნივერსიტეტში მომავალშიც გაგრძელდება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური